მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-04-16
ორიენტირი ხარისხი და კვალიფიკაცია უნდა იყოს...

13 აპრილს ლელოს დაარსებიდან 75 წელი შეუსრულდა. ნებისმიერ სფეროში ტრადიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ასეა სპორტულ ჟურნალისტიკაშიც. ლელო უძველესი სპორტული გაზეთია საქართველოში. შვიდი ათეული წელი და ცოტა მეტი - ამ ხნის განმავლობაში ლელო ქართულ სპორტსა და გულშემატკივარს ემსახურებოდა და ამ საქმეს ისევ აგრძელებს.

ლელოზე სასაუბრო ბევრს ექნება, ამ გაზეთში არა ერთ ცნობილ ჟურნალისტს უმუშავია, ლელო ბევრისთვის იყო და, ალბათ, დღესაც არის საყვარელი გაზეთი. ჩვენი რესპონდენტი გახლავთ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვინც 1977-1989 წლებში ლელოს ჟურნალისტი იყო.

საბჭოთა პერიოდიდან დღემდე - ბერიშვილთან ინტერვიუ ამ პერიოდს მოიცავს. მოკლედ, რა ხდებოდა მაშინდელ ლელოში და რა პრობლემებია დღეს...

- საბჭოთა პერიოდში ლელო ერთადერთი სპორტული გაზეთი იყო საქართველოში და ახლანდელ თაობაში ზოგს მიაჩნია, რომ მაშინ ამ გაზეთმა პოპულარობა პირველ რიგში ამით შეიქმნა. როგორც ლელოს მაშინდელი ჟურნალისტი, რას იტყოდით ასეთ მოსაზრებაზე?

- ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, თუმვა ვინც კარგად არ იცნობს მაშინდელ ლელოს, საკმარისია გაეცნოს ძველ ნომრებს და მიხვდება, რომ ლელო მართლაც ძალიან სერიოზული გაზეთი იყო საბჭოთა პერიოდში. ასე რომ არ ყოფილიყო, ლელო დახლს ქვემოთ არ გაიყიდებოდა. ჩვენი ტირაჟი მაშინ 250-300 ათასი იყო. თუ გაზეთს საფეხბურთო გუნდს შევადარებთ, ლელოში მაშინ დიდი ვარსკვლავები იყვნენ - მიხეილ კაკაბაძე, ნოდარ გუგუშვილი, ბიჭიკო ქორქია, არჩილ გოგელია - უმაღლესი დონის ჟურნალისტები, რომლებიც უცხოურ პრესაშიც წარმატებით იმუშავებდნენ. სელექციის მხრივ, ლელო საქართველოს ნაკრები იყო ჟურნალისტებში.

- მაშინ იყო საბჭოთა კავშირი, სადაც ჟურნალისტიკაც ძალიან სპეციფიკური, ალბათ, ფრთამოტეხილიც კი იყო - რა წარმოადგენდა ჟურნალისტიკური ეთიკის საფუძვლებს მაშინდელ ლელოში?

- მაშინ ყველაფრის საფუძველი კომუნისტური იდეოლოგია იყო და ამას ჩვენც ვერ ავუვლიდით გვერდს. გაზეთს ჰყავდა თავისი ცენზორი, რომელიც ყველა ბწკარს გულდასმით კითხულობდა და სტამბაში წაღების წინ გაზეთს ცენზორის ბეჭედს არტყამდა. ალბათ, იცით ჯემალ კასრაძის ცნობილი ფოტო, რომელზეც ალექსანდრე ჩივაძე და დავით ყიფიანი არიან გამოსახულნი. ეს ძალიან კარგი ფოტო ლელოში არ დაბეჭდეს, ხულიგნურ მომენტებს შეიცავსო. აი, ასეთი სიტუაცია იყო მაშინ...

- და ასეთ სიტუაციაში ჟურნალისტისთვის შეუძლებელი იყო ნაპრალების გამოძებნა?

- იწერებოდა კრიტიკული წერილები და ამის გამო იქმნებოდა პრობლემები. ერთხელ, ირაკლი ბერიაშვილი და ნუგზარ შატაიძე მივლინებით მესხეთ-ჯავახეთში იყვნენ. სტატიას კი ასეთი სათაური დაარქვეს - ჩემი მესხეთ-ჯავახეთი. სათაური კარგად ესადაგებოდა ტექსტს, მაგრამ პრობლემა შეიქმნა იმის გამო, თუ რატომ დაიწერა სათაურში ჩემი და არა - ჩვენი. საქართველოს ამ კუთხეში იყო საბჭოთა კავშირის სასაზღვრო პუნქტი და ისედაც, ეს რეგიონი მაშინაც სპეციფიკური გახლდათ. ლელოს ჟურნალისტებმა პირველ რიგში სპორტული კუთხით მოამზადეს მასალა, მაგრამ იყო სხვა ელემენტებიც - ქართული სიძველეები... 1979 წელს მე და ბერიაშვილი მოსკოვში, საბჭოთა კავშირის ხალხთა მეშვიდე სპარტაკიადზე გახლდით. ჩვენს მოფარიკავეებზე კრიტიკულ მასალებს ვგზავნიდი ლელოში და ამის გამო სერიოზული პრობლემები შეგვექმნა საქართველოს სპორტკომიტეტთან, რომელიც თბილისში ჩვენი გამომგზავრებითაც კი იმუქრებოდა.

- ალბათ, ბევრს აინტერესებს და მეც გკითხავთ: 70-ან და 80-ან წლებში ვინ იყო საუკეთესო ჟურნალისტი ლელოში?

- არ მინდა, ვინმეს საკუთარი აზრი მოვახვიო, თუმცა მიმაჩნია, რომ ასეთი გახლდათ ირაკლი ბერიაშვილი. ის მეტწილად ფეხბურთზე წერდა და სწორედ ფეხბურთზე წერით გაითქვა სახელი, თუმცა საუკეთესო იმით კი არ იყო, ფეხბურთზე რომ წერდა... ცალკე აღნიშვნის ღირსია ნუგზარ შატაიძეც, როგორც მწერალი და სპორტის სახეობებზე მწერალი ჟურნალისტი. სხვათა შორის, მისი მოთხრობა 9 მარტი ყველა დროის ოც საუკეთესო ქართულ მოთხრობათა კრებულშია შესული.

- როგორც ვიცი, ბერიაშვილი და შატაიძე კომპარტის წევრები არ იყვნენ...

- დიახ და ეს მათი პრინციპული პოზიცია იყო. ბიჭიკო ქორქიაც არ ყოფილა კომპარტიის წევრი. როცა ძველ თაობაზეა ლაპარაკი, გვერდს ვერ ავუვლით ნოდარ გუგუშვილს. ის ქართული სპორტული ჟურნალისტიკის კლასიკოსი იყო.

- რა ჟანრები ჭარბობდა მაშინდელ გაზეთებში და მათ შორის, ლელოში? რა ფორმით იწერებოდა კრიტიკული და ანალიტიკური სტატიები?

- კრიტიკისთვის ყველაზე მისადაგებული ფორმა ფელეტონი იყო. რაც შეეხება ანალიტიკას, იყო სერიოზული განხილვები, რომლებშიც სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ.

- ის ტენდენციები, რაც უკვე მაშინ ახასიათებდა უცხოურ პრესას, რა დოზით იყო ლელოში?

- ირონია, მეტაფორა და იუმორი ნაკლებად იყო ლელოში. ყოველივე ეს მაშინ შემოვიდა ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაში, როცა, ასე ვთქვათ, საზღვრები გაიხსნა.

- როგორი იყო ურთიერთობა ლელოს ჟურნალისტებსა და თბილისის დინამოს საფეხბურთო გუნდს შორის? როგორ ხდებოდა კულუარული ინფორმაციების მოპოვება?

- მე ფეხბურთზე არ ვწერდი, თუმცა ვიცი, რომ მაშინ ეს ურთიერთობა ზედმიწევნით დისტანციური იყო, დინამოს შიდა სამზარეულოსთან ახლოს მისვლას ვერავინ შეძლებდა.

- ლელო სხვა ქართულ გაზეთებსაც ეჯიბრებოდა ტირაჟითა და პოპულარობით. გარდა კადრებისა, თქვენი უპირატესობა ალბათ იმაშიც იყო, რომ სპორტულ გაზეთს ჟურნალისტური შემოქმედებისთვის მეტი საშუალება ჰქონდა...

- რა თქმა უნდა, ეს უპირატესობაც გვქონდა და... მიშა კაკაბაძე რედაქტორობიდან იმიტომ მოხსნეს, რომ ერთ-ერთ ნომერში კომპარტიის რომელიღაც დადგენილება არ დაბეჭდა. წერის კულტურა, ჟურნალისტური ოსტატობა - ლელოში ეს მაღალ დონეზე იყო, რედაქციაში ყველას უხაროდა მოსვლა, ლელოში თავს იყრიდა თბილისის ელიტა - მსახიობები, მწერლები... მოდიოდნენ იმისთვის, რათა ახალი ამბები გაეგოთ. მიუხედავად ცენზურისა, ლელო თავისუფალი აზრის ადგილი იყო. ჩვენ ვახერხებდით საზოგადოების შეკვეთის შესრულებას.

- კარგა ხანია, რაც საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ხართ. ამ დროისთვის რა ფუნქცია აქვს ამ ორგანიზაციას?

- ასოციაცია 1959 წელს დაარსდა, მე კი მისი პრეზიდენტი 1991 წლიდან ვარ. ჩვენი ორგანიზაცია, გარკვეულწილად, ასრულებდა კლუბის ფუნქციას, ტარდებოდა სემინარები, ახლა კი ისევ ვატარებთ ყოველწლიურ გამოკითხვას, საქართველოს 10 საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად, გვაქვს დაწესებული 2 პრემია ჟურნალისტებისთვის - ნოდარ გუგუშვილის და მიხეილ კაკაბაძის სახელობისა. ვართ სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაცია AIPშ-ის წევრი და ჩვენს ჟურნალისტებს დიდ საერთაშორისო ტურნირებზე აკრედიტაციების აღებაში ვეხმარებით.

- თანამედროვე ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაზე რა აზრის ხართ?

- შეიძლება, სუბიექტური ვიყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახლა საგაზეთო სპორტული ჟურნალისტიკა ელექტრონულ მედიაზე მაღლა დგას. ტელევიზიაში მეტი პრობლემებია. რა თქმა უნდა, რთულია, როცა საათნახევრის განმავლობაში ძალიან დიდი აუდიტორიის წინაშე პირდაპირ ეთერში ხარ და ხშირად შესაბამისი პასუხისმგებლობა არ იგრძნობა.

- როგორ ფიქრობთ, მაინც რის მიხედვით უნდა ფასდებოდეს ჟურნალისტის შრომა? რა არის მთავარი მის ნაშრომში?

- ძალიან ცუდია, თუკი ჟურნალისტის შრომა ფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენი ასო-ბგერა და სასვენი ნიშანი დაწერა - ეს არის არასწორი პოლიტიკა შემოქმედებითი და, თუ გნებავთ, მარკეტინგული თვალსაზრისითაც. პირველ რიგში, შრომა უნდა ფასდებოდეს ხარისხით. თუ ჟურნალისტს ასეთი სტიმული არ ექნება, არ იქნება წინსვლაც. ყველამ უნდა დაინახოს, რომ ორიენტირია სწორედ ხარისხი და კვალიფიკაცია.

ავტორი: დავით თავართქილაძე


კალენდარი
აგვისტო  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
12
16
21
22
23
24
27
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი