მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-04-16
მან არ იცოდა, რა იყო შიში და ბედთან შერიგება

თვალშეუდგამი მთების სილამაზე და იდუმალება ოდითგანვე იზიდავდა ქართველ კაცს. მისი მშვენებით აღფრთოვანებული, ლექსებს უძღვნიდა და დღემუდამ ტიელის დამორჩილებაზე ოცნებობდა. მხოლოდ რაინდული სულის ვაჟკაცებს თუ ხელეწიფებოდათ ეს.

რამდენადაც მშვიდი და მიმზიდველი გეჩვენება მთა, იმდენად მაცდური და დაუნდობელია იგი. ვინ იცის, საუკუნეების განმავლობაში რამდენი კაცის სიცოცხლე შეუწირავს ციცაბო კლდეებს, რამდენმა ადამიანმა პოვა საუკუნო სასუფეველი ყინულის საუფლოში.

ქართული ალპინიზმის მატიანეში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი ისტორია დაუდგრომელი სულის ადამიანისა, რომელმაც მთებს შეალია სიჭაბუკე და თითქმის ნახევარი საუკუნის წინ ტიან-შანის ნაპრალებში მეგობრისთვის სიცოცხლე გაწირა. ეს გახლდათ ჯუმბერ მეძმარიაშვილი. დღეს მას 80 წელი შეუსრულდებოდა.

ალპინიზმში კრივის სამყაროდან მოსულა. 21 წლის ჭაბუკი ანდამატივით მიუზიდავს მთას.

გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში მთელი კავკასიონი მოიარა, იგონებს საქართველოს მთამსვლელთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, საბჭოთა კავშირის ორ-ორგზის ჩემპიონი და პრიზიორი, მრავალი ექსპედიციის ხელმძღვანელი გივი ქართველიშვილი 1952 წელს ჯუმბერ მეძმარიაშვილმა, სარგის ცაიშვილმა, თორნიკე ტატიშვილმა და მარინე უთმელიძემ სამხრეთ უშბიდან ტრავერსი გაიარეს, რისთვისაც ოთხივეს სპორტის ოსტატის წოდება მიანიჭეს. ასე მცირე დროში ოსტატობის შესრულება მაშინ იშვიათობა იყო...

პირველ წარმატებას მეორე მოჰყვა, მეორეს, მესამე... ახალ-ახალი სიმაღლეებისაკენ მიუწევდა გული. სამჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სასიმაღლო და ტრავერსების კლასში. 1955 წელს ცენტრალურ პამირში სტალინის პიკი დალაშქრა მიხეილ ხერგიანთან, ლევან ახვლედიანთან და იოსებ კახიანთან ერთად. მომდევნო წელს სასიმაღლო კლასში მოსკოვის პიკის დამორჩილებისას ვერცხლის მედალს დასჯერდა, სამაგიეროდ, ისევ ოქრო ხვდა 1957 წელს პამირში დარვაზის ქედისა და 1960 წელს ზულდუმარტ-იმიერალაის ქედების ტრავერსისას. მასთან ერთად გამარჯვების სიხარული გაიზიარეს გიორგი აბაშიძემ, ზურაბ და ლევან ახვლედიანებმა, ილია გაბლიანმა, თეიმურაზ კუხიანიძემ, ჭიჭიკო ჩართოლანმა, ოთარ და რევაზ ხაზარაძეებმა, ბექნუ ხერგიანმა (1957 წელს); ლევან, ავთანდილ და ზურაბ ახვლედიანებმა, ომარ ბერაძემ, ილია გაბლიანმა, სოზარ და ჯოკია გუგავებმა, დიმიტრი დანგაძემ, გიორგი კობიძემ, თეიმურაზ კუხიანიძემ და ბექნუ ხერგიანმა (1960 წელს).

ჯუმბერ მეძმარიაშვილი იყო იშვიათი ბუნების ადამიანი, მან არ იცოდა, რა იყო შიში და ბედთან შერიგება, მითხრა სპორტის საპატიო ოსტატმა, საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ოთარ ხაზარაძემ, რომელსაც ჯუმბერთან ერთად არაერთ ექსპედიციაში მიუღია მონაწილეობა. აზარტული პიროვნება გახლდათ, თუმცა ძალიან თავმდაბალი. ხშირად თავკაცობდა ჯგუფს, მაგრამ არასდროს გაგრძნობინებდა, რომ ხელმძღვანელი იყო. ამიტომაც უფრო მეტი მორიდებით და პატივისცემით ვიყავით მის მიმართ განმსჭვალული.

თქვენ ბრძანეთ, აზარტული პიროვნება იყოო...

დიახ. ზოგჯერ ცუდი ამინდებისას 5-6 ათას მეტრზე კარვებში ბანქოთი ვირთობდით თავს. სანამ არ მოგიგებდა, არ მოგეშვებოდა. ფეხბურთსაც ისე თამაშობდა, თითქოს საკავშირო ჩემპიონატში მონაწილეობსო. ბორია პაიჭაძეს აღმერთებდა. თევზაობაც უყვარდა ძალიან. პამირისა და ტიან-შანის მდინარეებში კალმახის მეტი რა იყო.

ვისთან მეგობრობდა?

ჯაფარიძეების ოჯახი ჰყავდა კერპად. სიმონ, ალიოშა და ალექსანდრა ჯაფარიძეებზე ვინმე რამეს თუ მოუყვებოდა, საათობით შეეძლო მოესმინა. დიდ პატივს სცემდა სარგის ცაიშვილსა და თორნიკე ტატიშვილს. მათთან ერთად ხომ პირველი ტრავერსი შეასრულა უშბიდან. ერთი მეგობარიც ჰყავდა გაზეთ ლელოს თანამშრომელი უშანგი ჭიჭინაძე. ჭაბუკობისას ერთად დადიოდნენ თურმე კრივზე. მახსოვს, 1959 წელს ტიან-შანშიც წამოიყვანა. ოღონდ უშანგი საბაზო ბანაკს არ გასცილებია, რადგან მაღალ მთებში არასდროს ყოფილა.

ჯუმბერ მეძმარიაშვილი გამოცდილი და წარმატებული ალპინისტი გახლდათ. გამარჯვების პიკზე მისი დაღუპვის მიზეზი რა იყო?

სანამ მისი დაღუპვის ამბავს გეტყოდეთ, ცოტა შორიდან დავიწყებ: გამარჯვების პიკი (7439 მ) ყირგიზეთისა და ჩინეთის საზღვარზე კოკშაალთაუს ქედზე მდებარეობს. პირველად მის ჩრდილო-აღმოსავლეთ თხემზე ავიდნენ მთამსვლელები ტიან-შანის ცნობილი მკვლევარის პროფესორ ავგუსტ ლუტავეტის ხელმძღვანელობით. მაშინ მწვერვალი უსახელო იყო. 1943 წელს უწოდეს გამარჯვების პიკი, რომელიც მუხანათობით არის ცნობილი. 1955 წელს მასზე ასვლისას 11 უზბეკი მთამსვლელი დაიღუპა, 1960 წელს თურქმენეთის ექსპედიციის 10 ალპინისტი შეიწირა, 1961 წელი კი სამი ქართველი ვაჟკაცისთვის აღმოჩნდა საბედისწერო.

ტიან-შანში 1-ელ აგვისტოს საქართველოს 30-მა მთამსვლელმა მოვიყარეთ თავი, ოთარ გიგინეიშვილის ხელმძღვანელობით. მოსკოვიდან ცნობილი სპეციალისტი კირილ კუზმინი მოვიწვიეთ. გადაწყდა, რომ მწვერვალისკენ ორი ჯგუფი გაეშურებოდა ერთი საკავშირო პირველობაზე ტრავერსების კლასში მიიღებდა მონაწილეობას, მეორე კი სასიმაღლო ასვლაში. 26 აგვისტოს მეძმარიაშვილი, კუზმინი, თეიმურაზ კუხიანიძე და ილია გაბლიანი მთავარ ქედზე გავიდნენ, მაგრამ თოვლსა და ქარბუქში ერთმანეთს ასცდნენ. მწვერვალიდან უკან დაბრუნებისას ჯუმბერმა და კუზმინმა კარვამდე მიაღწიეს, ხოლო კუხომ და ილიკომ წერაყინით გამოჭრილ პატარა მღვიმეში საძილეებისა და კარვის გარეშე გაათიეს ღამე. სამწუხაროდ, ორივეს ხელ-ფეხი მოეყინა. ჯუმბერმა მხოლოდ მეორე დილით შეამჩნია ორი მეგობარი, რომელიც ძლივს ეშვებოდა ძირს. ცხადია, კუზმინთან ერთად მათ მიეშველა. ილია ძალიან ცუდად იყო: წყალს ითხოვდა, ღვიძლის ტკივილს უჩიოდა. 28 აგვისტოს ღამე ოთხივემ კარავში გაათია. დილით ილიკო გარდაიცვალა. რადგანაც მისი ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო ციცაბოზე, საძილეში მოათავსეს, კარავში გაახვიეს და კლდეზე მიაბეს. დღესაც ყინულის საუფლოშია. 29 აგვისტოს დაშვებისას ხელფეხმოყინული კუხიანიძე თოკს მოსწყდა და ყინულოვანი ღარით ათასმეტრიან უფსკრულში გადაეშვა. ჯუმბერი შეეცადა, განსაცდელში ჩავარდნილ მეგობარს დახმარებოდა, თოკიდან თავი ჩაიხსნა და ყინულის ღარის გადაჭრა გადაწყვიტა. საუბედუროდ, ფეხი დაუცურდა, წერაყინით თავის შეკავება ვერ შეძლო და ისიც უფსკრულში გადაიჩეხა. ბანაკში მარტო კუზმინი დაბრუნდა, რომელმაც საბედისწერო ამბები გვამცნო.

ის ჯგუფი, რომელშიც მე ვიმყოფებოდი, 6918 მეტრის სიმაღლის მწვერვალზე ავიდა და უამინდობის გამო სამი ღამე კარავში გავათიეთ. უსახელო მწვერვალს ვაჟა-ფშაველა დავარქვით დიდი მწერლის 100 წლისთავთან დაკავშირებით. თოვლისა და ქარბუქის გამო გამარჯვების პიკამდე გზა ვერ განვაგრძეთ და იძულებული გავხდით, საბაზო ბანაკში დავბრუნებლიყავით, სადაც თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ. 30 აგვისტოს მიხეილ ხერგიანთან, ჯოკია გუგავასთან და ჯუმბერ კახიანთან ერთად გავედი ზვიოზდოჩკაზე გმირი ბიჭების გვამების მოსაძებნად. მყინვარზე ჯერ კუხიანიძის ზურგჩანთა ვიპოვეთ, შემდეგ დაღუპულები. ორივე ვაჟკაცის ნეშტი 13 სექტემბერს თბილისში ჩამოვასვენეთ. აეროდრომზე უამრავი ხალხი დაგვხვდა. საშინელი სანახავი იყო ეს ზარი...

მამაცი ბიჭები ვერის ბაღის ალპურ კლუბში დავასვენეთ, განაგრძო საუბარი გივი ქართველიშვილმა. ორივე დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დავკრძალეთ. სამწუხაროდ, მეძმარიაშვილების ოჯახის ტრაგედია ამით არ ამოწურულა. ჯუმბერის ვაჟმა დათომ მამის ღირსეული ტრადიცია განაგრძო ისიც შეება ციცაბო კლდეებს. 1980 წელს მწვერვალ როსიაზე ასვლისას დაიღუპა. არადა, სტალინის პიკზე ასვლამდე ჯუმბერმა ჯერ კიდევ უსახელო ეს მწვერვალი 1954 წელს დალაშქრა...

ავტორი: ვაჟა დანელია


კალენდარი
აგვისტო  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
12
16
21
22
23
24
27
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი