მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-04-21
ხმალაობა წვივსაფრებით

ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი 2-1

1:0 ბერიაშვილი (2. ლიპარტიას პასით), 2:0 დ. ლომაია (64. კლიმიაშვილის პასით), 2:1 გელაშვილი (85-პენ)

ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი - ბეჭვაია, ა. კვახაძე, დ. ლომაია (78. ყველაშვილი), ჯაფარიძე - გ. დათუნაიშვილი, რაზმაძე, გ. მელქაძე (63. ხურცილავა), კლიმიაშვილი - ლიპარტია, ბერიაშვილი (88. კვაღინიძე).

სათადარიგოები: მიქაბერიძე, ი. სვანიძე, მგელაძე, ზაქრაძე

ზესტაფონი: რ. კვასხვაძე - ლობჟანიძე, კვესიეშვილი, ს. თოდუა, გორგიაშვილი (72. მაკარიანი) - ბენაშვილი, გ. ნუგ. ჭელიძე, გრიგალაშვილი, იონანიძე (61. ნ. კვასხვაძე) - ლ. მელქაძე (84. კაკალაძე), გელაშვილი.

სათადარიგოები: მამალაძე, კაჭკაჭიშვილი, გ. ხიდეშელი, ჭანკოტაძე

გაფრთხილება: ბენაშვილი (43), ბერიაშვილი (51), გელაშვილი (52), რაზმაძე (62)

არბიტრი: მ. ურუშაძე

ლიდერმა ზესტაფონის სტუმრობით კი ინერვიულა, მაგრამ მაინც ცხრილის კენწეროში დარჩა, რამეთუ მორიგი 3 ქულა მიითვალა. კარგი ბრძოლა გაჩაღდა გორის ციხის ძირში, წვივსაფართა ჭახანის ხმა ტრიბუნაზეც ისმოდა - ვიტ ჯორჯია ფეხით ხმალაობაში უფრო მარჯვე გამოდგა და გამარჯვებაც ალალად შეირგო.

...ჯაბა ლიპარტია ჩინებულად გაისარჯა საჯარიმოს მისადგომთან, პასიც დიდებული უბოძა გიორგი ბერიაშვილს, რომელმაც ნახევარბრუნში დაარტყა და ძელიდან ასხლეტილი ბურთი ბადეში გაეხვია. ასეთი უეცარი და შედეგიანი დასაწყისი კი ჰქონდა ვიტ ჯორჯიას, მაგრამ ზესტაფონსაც შეეძლო სხარტი პასუხის გაცემა - ალექსი ბენაშვილი პირისპირ აღმოჩნდა გრიგოლ ბედიაშვილთან, მაგრამ ვერც მას აჯობა და ვერც დავით ლომაიას, რომელმაც სტუმარს უკვე დამატებაზე არ დაანება გატანა.

მოსაწყენად ნამდვილად არ ყოფილა საქმე, ორივე გუნდი შლეგად ირჯებოდა. ლიპარტიამ საჯარიმო დარტყმით ძელს გაარტყა ბურთი, გიორგი დათუნაიშვილის ჩაწოდებულს ირაკლი კლიმიაშვილმა მიაყოლა თავური, მაგრამ სიზუსტემ უმტყუნა... მასპინძლები სტუმრებზე უკეთ გამოიყურებოდნენ და პირველ ტაიმში უფრო მწვავე იერიშებიც მათ გამოსდიოდათ.

ზესტაფონმა ვიტ ჯორჯიამდე შინ დინამოსთან 0:4 წააგო და გასაგებია, რომ ფეროელთა თავკაცმა გია გეგუჩაძემ შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა - ზურაბ მამალაძის ნაცვლად კარში როინ კვასხვაძე ჩააყენა, გიორგი ხიდეშელის მაგივრად დაცვაში გიორგი კვესიეშვილი გაამწესა, დაცვის მარცხენა ფლანგზე კი კარენ მაკარიანის ადგილი თორნიკე გორგიაშვილმა დაიკავა. ზესტაფონელებს ვიტ ჯორჯიასთან მატჩისთვის დისკვალიფიცირებული ჰყავდათ ირაკლი ძარია და ბუბა დაუშვილი. ვფიქრობთ, ამ უკანასკნელის არყოფნა ფეროელებს განსაკუთრებით დაეტყოთ - ვიტ ჯორჯია ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა და ასეთ მოწინააღმდეგესთან დაუშვილის დარი შეუპოვარი საყრდენი ნახევარმცველის მოსაკლისება არ გამოდგა პატარა ამბავი ზესტაფონისთვის. უდანაკარგო არც ვიტ ჯორჯია იყო - მთავარმეგოლე ვახტან კვარაცხელიამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ამიტომაც არ იყო განაცხადში...

პირველ ტაიმში მოედნის ცენტრში უპირატესობა ვიტელებს ჰქონდათ და კიდევ მართებდათ გოლის გატანა - კლიმიაშვილმა 15-16 მეტრიდან ააცილა კარს, ლიპარტიამ კი ბერიაშვილის მოხდენილი გადაცემა ვერ შეირგო - დარტყმას სიზუსტე დააკლო. ზესტაფონი კი თავისას ცდილობდა, გეგუჩაძის კოლექტივს მონდომება არ დაეწუნებოდა. ფეროელთა გუნდი თითქოს ხელახლა ყალიბდება, ლამის ყოველი მატჩი ზესტაფონისთვის ერთგვარ ექსპერიმენტს წარმოადგენს. ლოგიკურია, რომ ასეთ ვითარებაში სტუმარ ფეხბურთელებს შეთამაშება აკლიათ. თავდასხმაში ლევან მელქაძე და ნიკა გელაშვილი იყვნენ გამწესებულნი, მათ მარცხნიდან ზურაბ იონანიძეც უნდა დახმარებოდათ - სამი შემტევი, რომელთა კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანა სწორი არ იქნებოდა, მაგრამ მთლიანობაში ამ მოთამაშეებით მძლავრი დამრტყმელი ძალა ვერ ვიხილეთ.

შესვენებამდე ზესტაფონელებმა ერთი მწვავე შეტევა მაინც გაჩარხეს - მარჯვენა ფლანგზე გელაშვილი კარგად გაისარჯა და ჩააწოდა კარის გასწვრივ, სადაც მელქაძემ და შოთა გრიგალაშვილმა ერთმანეთს ხელი შეუშალეს, საბოლოოდ კი კარში დარტყმა გრიგალაშვილს ხვდა წილად, მაგრამ... რაკი თანაგუნდელი ხელს უშლიდა, ძლიერად ვეღარ დასცხო და ბურთი ბედიაშვილის ნადავლი გახდა.

შესვენებისას არასასიამოვნო და, ამავე დროს, საინტერესო ამბავიც მოხდა - გასახდელისკენ მიმავალმა გელაშვილმა მსაჯებს ცოცხალ-მკვდარი ამოუტრიალა, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია. იმის თქმა, რომ მსაჯებმა 4-5 მეტრში მათი მისამართით გინება ვერ გაიგეს, სერიოზული არგუმენტი ვერ იქნება, რადგან ეს ტრიბუნაზეც ისმოდა. სხვათა შორის, ტრიბუნაზე იყო მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ავთანდილ შალამბერიძეც. არა გვგონია, მსაჯების ამგვარი პასიურობა მოსწონებოდა ფედერაციის პრეზიდენტ ნოდარ ახალკაცსაც, რომელიც ასევე ესწრებოდა ამ თამაშს...

სხვა რა გითხრათ, ამ მსაჯებს მართლაც ვერ გაუგებს კაცი. თუ მართლა ასე უნდათ, შეირჩინონ გინება ფეხბურთელებისგან, ერთი მხრივ, ეს მათი საქმეა, მაგრამ საერთო სიტუაციასაც ხომ ადგება ჩრდილი - ეს უმაღლესი ლიგაა და არა რომელიმე სოფლის პირველობა...

მეორე ტაიმიც ჟინიანი გამოდგა. სევასტი თოდუას ბურთი საკუთარი კარისკენ ჩაეჭრა, მაგრამ როინ კვასხვაძემ იყოჩაღა და ვიტ ჯორჯიას ოდენ კუთხური აკმარა. ზესტაფონმა თანდათან გამოაკეთა თამაში და ერთი ძალიან კარგი კომბინაციაც გაითამაშა: გრიგალაშვილი-ბენაშვილი-გელაშვილის სამსვლიანი მელქაძის დარტყმით დასრულდა და ბურთი კარიდან ლომაიამ გამოიტანა.

ვიტ ჯორჯიამ არ აპატია მეტოქეს ასეთი სერიოზული გამოხდომა და იქით გაუტანა გოლი: კლიმიაშვილმა კუთხურიდან ახლო ძელთან ჩააბზრიალა ბურთი, ზესტაფონის დაცვა ჩაფლავდა და ლომაიამ თავურით გადაგზავნა ბურთი ბადეში.

მეორე გოლის გაშვებამ ზესტაფონი როდი დათრგუნა, იმერლებს საკმაო დრო ჰქონდათ თამაშის შემოსაბრუნებლად, მაგრამ ამისთვის საკმარისი ოსტატობა არ აღმოაჩნდათ. მათგან საუკეთესომ, გრიგალაშვილმა, იდეალური პასით ბედიაშვილთან პირისპირ გაიყვანა შეცვლაზე შესული ნიკა კვასხაძე, მაგრამ სტუმართა მარჯვენაფლანგელმა მასპინძელთა მეკარეს ვერ აჯობა.

ფეროელებს მონდომება მაინც დაუფასდათ - გელაშვილმა მის მიერვე მოპოვებული 11-მეტრიანით ერთი გოლი გაქვითა. ზესტაფონი არ ცხრებოდა, კიდევ ცდილობდა რაღაცას, თუმცა კინაღამ იქით გამოიჭირა ვიტ ჯორჯიამ კონტრშეტევაზე - კლიმიაშვილის ჩაწოდებულზე გიორგი დათუნაიშვილმა ბურთს თავი ლამის ფეხის ძალით დააძგერა, კვასხვაძემ გაჭირვებით მოიგერია ბურთი, შეტევა კი გაგრძელდა და გიგა ბეჭვაიამ შორეულ ძელთან გახსნილ ბერიაშვილს უპასა, თუმცა ისევ კვასხვაძემ იყოჩაღა.

ვიტ ჯორჯიამ ერთობ პრინციპული მატჩი მოიგო და მორიგი მძლავრი ნაბიჯი გადადგა საჩემპიონო დავაში, ზესტაფონისგან კი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას უფრო მომავალ სეზონში უნდა ველოდოთ - გეგუჩაძის გუნდს ჯერ არ შესწევს საიმისო ძალა, რომ დინამოსა და ვიტ ჯორჯიას ეჭიდავოს.

ავტორი: დავით თავართქილაძე


კალენდარი
სექტემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
17
18
20
21
22
24
25
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი