ადრე დილიდან გვიან საღამომდე დიდი ფუსფუსია თბილისის სპორტის სასახლეში ძიუდოისტთა მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის ამზადებენ დარბაზს. ეს მნიშვნელოვანი შეჯიბრება 24-25 აპრილს გაიმართება. მასპინძლებთან ერთად დაუღალავად ირჯებიან სტუმრები ევროპის ძიუდოს კავშირის წარმომადგენლები. აქტიურობით ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორი, კავშირის სპორტული დირექტორი ინდრეკ პერტელსონი გამოირჩევა. რამდენიმე დღეა, იგი ჩვენს დედაქალაქში იმყოფება და შინაურულად გრძნობს თავს. ქართული სიტყვებიც უსწავლია და ომახიანად გასძახებს ხოლმე ბიჭებს მოდით აქ, რატომ არ მუშაობთ? რა გინდა, ბიჩო?..
მასმედიის წარმომადგენლებსაც არ ტოვებს უყურადღებოდ. მოცალეობის ჟამს ხალისით იძლევა ინტერვიუებს.
ყველა შეჯიბრება თავისებურია და ინდივიდუალურად უნდა მიუდგე მას, მითხრა გუშინ ბატონმა ინდრეკმა. ყველაფერს ვაკეთებთ დარბაზის კეთილმოსაწყობად, რათა სპორტსმენმა, მწვრთნელმა, გულშემატკივარმა და ტელემაყურებელმაც კომფორტულად იგრძნონ თავი. საქმის უდიდესი ნაწილი უკვე მოგვარებულია, დეტალები დარჩა დასაზუსტებელი. შეჯიბრებამდე კიდევ სამი დღეა და ყველაფერს უპრობლემოდ მოვასწრებთ.
თბილისში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები ხომ არ გაშინებთ?
ეს თქვენი შინაური საქმეა და პრობლემების მოგვარებას თავადვე შეძლებთ. ქართველები სტუმართმოყვარე ხალხია და დარწმუნებული ვართ, თბილისში ჩამოსულ უცხოელებს სირთულეები არ შეექმნებათ. ისე, მართალი გითხრათ, ეს რომ სხვა სახელმწიფო ყოფილიყო, ამგვარ სიტუაციაში ჩემპიონატს აუცილებლად გადავიტანდით. მაგრამ ეს ხომ საქართველოა. მსოფლიოს წინაშე უსაზღვროა ქართული ძიუდოს დამსახურება. ევროპის ძიუდოს კავშირში დიდხანს განვიხილავდით შეჯიბრების თბილისში გამართვის საკითხს. მწვავე დისკუსიებიც იყო. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედით, რომ ქართულ ძიუდოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. თქვენს ქვეყანაში ძალიან უყვართ სპორტის ეს სახეობა და ქართველი ქომაგის გაწბილება არ შეიძლება...
დავით ნამგალაური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე: - თბილისის სპორტის სასახლეს არაერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის უმასპინძლია, მაგრამ ოლიმპიურ სახეობაში ამ დონის ასპარეზობა პირველად ეწყობა. მსოფლიოს თასების გათამაშებისას ასეთი სამზადისი არ დაგვჭირვებია. ახლა კი იძულებული გავხდით, 814 კვადრატული მეტრის სპეციალური პოდიუმი დაგვემზადებინა, პრესცენტრში ადგილები გაგვეზარდა, კეთილმოგვეწყო ორი მოსათელი დარბაზი, კვების ბლოკები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები.
ძიუდოს ეროვნული ფედერაციის, თბილისის მერიის, სპორტის დეპარტამენტისა და სამინისტროს ერთიანი ძალისხმევით ყველა სირთულე გადავლახეთ. ვფიქრობ, რომ მკაცრ გამოცდას ფრიადზე ჩავაბარებთ. გათვალისწინებულია ყველა ნიუანსი, სტუმრების მიღება-გაცილებისა და გულშემატკივართა მომსახურების ჩათვლით. 24-25 აპრილს ძიუდოს ქომაგებს დიდი ზეიმი ელით. მთავარია, ჩვენმა ფალავნებმა გაგვახარონ.
დავით ბერძენიშვილი, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი: - მჯერა, რომ მასპინძლობით თავს არ შევირცხვენთ. ბევრი სტუმარი გვეყოლება არა მარტო ევროპიდან, არამედ ამერიკიდან, იაპონიიდან, კორეიდან, სხვა ქვეყნებიდანაც. ყველას სურს, მსოფლიოს ჩემპიონატამდე თბილისში იხილოს ევროპული ძიუდოს ელიტა და მისი მომზადების დონე.
რაც შეეხებათ ქართველ ფალავნებს, ისინი მზად არიან საბრძოლველად. ყველა ჯანმრთელადაა და ერთი სული აქვთ, როდის გავლენ ტატამზე. ცხადია, ვაჟებზე მოგახსენებთ. გოგონები კი ეცდებიან, თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმუმი აჩვენონ გულშემატკივრებს. ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იგი სტიმულს მისცემს საქართველოში ქალთა ძიუდოს განვითარებას.
ასე რომ, მომავალ შაბათ-კვირას ისეთი ზეიმი იქნება სპორტის სასახლეში, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება.















































































