ტაშკენტში დამთავრდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 18 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საპრიზო ადგილებისთვის 9 ქართველი ფალავანიც იბრძოდა (დელეგაციის ხელმძღვანელი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი ომზარ შოშიტაშვილი, მწვრთნელი დავით ხურცია, მსაჯი ზაზა ჯიბლაძე), ყველაზე უკეთ ევროპის შარშანდელმა ვერცხლის პრიზიორმა კობა კაკალაძემ (66 კგ) იჭიდავა. მან ზედიზედ სძლია სამ უზბეკ მეტოქეს ნოვრუზოვს, ავლაქულოვსა და ტლეგენოვს, ნახევარფინალში თურქი მუსტაფა დაამარცხა, ხოლო გადამწყვეტ პაექრობაში უკრაინელ ლეონიდ ბაზანს დააყრევინა ფარ-ხმალი და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
მიზანთან ახლოს იყო ევროპის ორგზის პრიზიორი ალექსი მოდებაძე (120); პირველ წრეში ყაზახი რიდნიაკი ჩამოიცილა გზიდან, მეორე შეხვედრა თანაგუნდელ დავით ოთიაშვილს მოუგო და ეროვნულ ჩემპიონატში დამარცხებისთვის რევანში აიღო. მერე ირანელ ჩასემს აჯობა, ფინალური ორთაბრძოლა კი რუს მსოფლიოს ჩემპიონ ბილოლ მახოვთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ოთიაშვილმა დამამშვიდებელ ჯგუფში ორი შეხვედრა მოიგო. თუმცა მესამე ადგილისთვის პაექრობისას ჩასემს ვერაფერი მოუხერხა და საბოლოოდ მეხუთე ადგილი ხვდა.
საქართველოს სპორტულ დელეგაციას ბრინჯოს მედალი ბელდუხ გავაშელიშვილმა (96) მოუტანა. რუსი კოლომიეცისა და უზბეკი კალაგოვის ძლევის შემდეგ ქართველი ფალავანი ყაზახ შაბანბეის დანებდა, სამაგიეროდ, ბოლო ორთაბრძოლაში მის თანამემამულე სპატაევზე იყარა ჯავრი. ამავე წონაში გამოდიოდა დავით კერაშვილი, რომელიც პირველსავე წრეში ირანელ თავაქოლისთან დამარცხდა და ტურნირსაც დაემშვიდობა.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი იყო მოსალოდნელი, მაგრამ წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორ მალხაზ ქურდიანს კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურისკენ მიმავალი გზა უზბეკმა მანსუროვმა გადაუკეტა ნახევარფინალში, ხოლო მალხაზ ზარქუამ უკრაინული ბარიერი ვერ დაძლია ხავილოვთან წააგო. დასანანი ის არის, რომ ქართველი ფალავნები მესამე ადგილისთვის პაექრობაშიც დამარცხდნენ: ქურდიანი ყაზახ არაბოვთან, ზარქუა რუს რამონოვთან. ორივე მხოლოდ მეხუთე ადგილს გამორჩა.
ვერ იყოჩაღეს გელა საღირაშვილმა (74) და ნიკოლოზ გაგნიძემ (84). საღირაშვილმა მეორე შეხვედრა დათმო უკრაინის სახელით მოასპარეზე გია ჩიხლაძესთან, ხოლო გაგნიძე მესამე წრეში ტურნირის მომავალ ჩემპიონთან ირანელ ეჰსან ლაშკარისთან დამარცხდა.
ასპარეზობა შესანიშნავად იყო ორგანიზებული, გვითხრა ომზარ შოშიტაშვილმა. მასპინძლებმა შეჯიბრების გასამართავად 430 ათასი დოლარი დახარჯეს. გამარჯვებულები და პრიზიორები, შესაბამისად, 3000, 2000 და 1000 დოლარით დააჯილდოვეს.
ორთაბრძოლების პარალელურად ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა რაფაელ მარტინეტიმ თათბირ-სემინარიც ჩაგვიტარა. გვითხრა, რომ თავისუფალი ჭიდაობის წესები ლონდონის ოლიმპიადის დამთავრებამდე არ შეიცვლება, ხოლო ბერძნულ-რომაულში შესაძლოა ერთი-ორი პუნქტის კორექტირება, რასაც დანიაში მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას გვაუწყებს. ფილას პრეზიდენტი დაინტერესდა წლეულს 29 ივნისიდან 5 ივლისამდე ახალგაზრდებს შორის თბილისში გასამართი ევროპის პირველობისთვის მზადების პროცესით, რაზეც, ცხადია, დადებითი პასუხი გავეცით.
ტაშკენტის ტურნირი წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ერთ-ერთი ეტაპი იყო. უზბეკეთის დედაქალაქში არ უასპარეზიათ სამი წონითი კატეგორიის ლიდერებს პეკინის თამაშების გამარჯვებულ რევაზ მინდორაშვილს, ამავე ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორებს ოთარ თუშიშვილსა და გიორგი გოგშელიძეს, ასევე, წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის მესამეადგილოსან მალხაზ მუზიაშვილს, რომლებიც წლის უპირველესი შეჯიბრებისთვის ჯერჯერობით ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ.















































































