მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-04-22
ნიუ ჯერსისა და დომინიკან კოლეჯის გზაგასაყარზე

2002 წელს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბესიკ ლიპარტელიანმა საუბრისას ყურადღება ახალგაზრდებზე გაამახვილა საქართველოს ნაკრებს კარგი მომავალი ეზრდება, ჭაბუკები - დავით საყვარელიძე და ვიქტორ სანიკიძე ნიუ იორკის კოლეჯში მიდიან, სადაც კიდევ უფრო დაიხვეწებიანო.

მას შემდეგ 7 წელიწადი გავიდა, ვიქტორ სანიკიძე და დათო საყვარელიძე ახლაც მეგობრები არიან, მაგრამ მათ საკალათბურთო კარიერა არათანაბრად აეწყოთ. ვიქტორმა ტრავმები და ოპერაციები გადაიტანა და ახლა ტარტუ როკის ერთ-ერთი ლიდერია.

დათომაც არაერთი ტრავმა გაისტუმრა, ოპერაციებიც გაიკეთა, მაგრამ პირველად სწორედ ჩვენს გაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებს. მან 2008-09 წლების სეზონი ნიუ იორკის დომინიკან კოლეჯში გაატარა და გუნდის ლიდერიც იყო, მაგრამ ტრავმირებული მუხლი ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს, რომლის შემთხვევაშიც ექიმები გარანტიას ვერ აძლევენ, რომ ერთ წელიწადზე მეტს ითამაშებს.

დათო საყვარელიძე საგაზაფხულო არდადეგების დროს საქართველოს სტუმრობდა და მასთან ინტერვიუ ამჟამინდელ გუნდ დომინიკან კოლეჯზე საუბრით დავიწყეთ.

- ჩემი გუნდი NCAA-ს მეორე დივიზიონში თამაშობდა. რეგულარული ჩემპიონატი კარგად ჩავატარეთ და მომდევნო ეტაპზე გავედით, სადაც 2 შეხვედრა მოვიგეთ, მესამეში დავმარცხდით და სეზონიც დავასრულეთ.

- საკუთარ თამაშზე რას იტყვი?

- ნორმალური სეზონი ჩავატარე. მწვრთნელიც არ იყო უკმაყოფილო. თამაშის დალაგება მევალებოდა მიუხედავად იმისა, რომ მეორე-მესამე ნომრების პოზიციებზე მიწევდა თამაში, თითოეული შეტევის განვითარების მითითება მე უნდა მიმეცა. სხვათა შორის, ერთგვარი გაცილებაც მომიწყვეს. ბოლო მატჩისას მსაჯმა თამაში შეაჩერა და მწვრთნელმა 10-წუთიანი სიტყვა წარმოთქვა ისაუბრა ჩემზე, როგორც დამამთავრებელი კურსის სტუდენტზე. ვინც სასწავლებელს ასრულებს, ყველას აცილებენ და მეც რაღაცას ველოდი, მაგრამ არ მეგონა, თუ ჩემი გაცილება ყველასგან გამორჩეული გამოვიდოდა. გულშემატკივრებმა ჩემი გვარით აჭრელებული პლაკატები გამოფინეს, გუნდის ხელმძღვანელობამ სუვენირები, მაისური და ჩემი თამაშის მომენტის ამსახველი დიდი ფოტოსურათი გადმომცა. მოკლედ, ამაღელვებელი საღამო გამოვიდა. საბოლოოდ, მათ არა მხოლოდ სასწავლებლიდან, არამედ კალათბურთიდანაც გამაცილეს.

- ეგ როგორ? ჯერ ხომ 23 წლისა ხარ?

- აქამდე მუხლებზე ორი ოპერაცია მაქვს გადატანილი. ერთი 17 წლის ასაკში, მეორე ცოტა მოგვიანებით. ჯვარედინი იოგები იმდენად იყო დაზიანებული, რომ ექიმებმა მათი ნაწილი ამომაჭრეს. გარკვეულ დრომდე ამ ოპერაციას შედეგი ჰქონდა, კალათბურთს ნორმალურად ვთამაშობდი, მაგრამ სერიოზულმა დატვირთვებმა მუდმივი ტკივილი გამოიწვია, მუხლები დამისუსტდა და კარიერის დასრულება ამიტომაც გადავწყვიტე.

- კიდევ ერთი ოპერაცია რომ გაგეკეთებინა, არ გიშველიდა?

- ამაზეც ვიფიქრე. ქირურგებსაც დავეკითხე, მაგრამ მითხრეს, ოპერაციის შემდეგ თამაშს რომ განაახლებ, შეიძლება ერთ წელიწადზე მეტი ვერც ითამაშოო. გამოდის, ახლა ოპერაცია რომ გავიკეთო ერთი წელიწადი რეაბილიტაციას უნდა მოვანდომო, მომდევნო - ვითამაშო და მერე კარიერის დასრულებამ მომიწიოს...

- რადგან თამაშის შეწყვეტის გადაწყვიტე, სამომავლო გეგმებიც გარკვეული გექნება. მით უმეტეს, ნიუ იორკში სწავლობ.

- კოლეჯში ჩემი სპეციალობა ბიზნეს-მენეჯმენტია. მინდა ისევ კალათბურთში დავრჩე, თანაც ჩემი პროფესიით ვიმუშაო.

- იდეა კარგია, მისი რეალიზება რამდენად რეალურია?

- ამერიკაში დამამთავრებელ კურსზე მყოფთათვის სპეციალურ საღამოებს აწყობენ, სადაც სტუდენტებთან სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები მიდიან. ერთ-ერთ ასეთ საღამოს საკალათბურთო კლუბ ნიუ ჯერსის წარგზავნილი დაესწრო, რომელთანაც თამამად მივედი და გავეცანი. ვფიქრობ, მასზე ურიგო შთაბეჭდილება არ დამიტოვებია. სასწავლებლის დასრულების შემდეგ ნიუ ჯერსიში ჩემი სპეციალობით სამუშაოს გამონახვას დამპირდა. ეს ჩემთვის მეტად საინტერესო ვარიანტია, თუმცა ჯერ დიპლომი მაქვს ასაღები. სასწავლებელს წლეულს ვამთავრებ.

რადგან დავით საყვარელიძისგან ასეთი მოულოდნელი ამბავი შევიტყვეთ, მოდით, მოკლედ მის კარიერასაც გადავხედოთ, რომელიც ხანმოკლეა, მაგრამ საინტერესო. დათოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ნათამაშები.

2002-03 წლების სეზონი დათომ ამერიკის გლობ კოლეჯში დაიწყო და საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დებიუტანტ აკადემიაში დაასრულა.

2003-04 წლებში მან საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებთან ერთად ჯერ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ითამაშა, შემდეგ შესარჩევი, ბოლოს ევროპის პირველობა. იგი სინჯებზე მადრიდის რეალშიც იყო, მაგრამ მძიმე ტრავმის გამო თითქმის ერთი სეზონი გაუცდა. ოპერაციის შემდეგ, 2005 წელს მან საქართველოს პირველობაზე თსუ-ს მაისურით ითამაშა, რის შემდეგაც ფრანგულ შალონში გადავიდა, სადაც სერგო ათუაშვილთან ერთად ირჯებოდა.

შალონელმა საყვარელიძემ 2005 წელს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად B დივიზიონში იასპარეზა. იგი ეროვნულში სწორედ ახალგაზრდული ნაკრებიდან მოხვდა და 2005 წელს გორდონ ჰერბერტის ხელმძღვანელობით ლუქსემბურგთან მატჩში 12 წუთში 3 ქულა და 1 პასი მიითვალა.

მომდევნო ზაფხულს მან 20-წლამდელთა ნაკრების მაისურით B დივიზიონი მოიგო და ელიტაში აღზევდა.

2006 წლიდან დათო საყვარელიძემ ამერიკას მიაშურა და ნაზარინის კოლეჯში ჩაირიცხა, საიდანაც 2007 წელს ნიუ იორკის დომინიკან კოლეჯში გადავიდა და აქტიური სპორტსმენის კარიერა სწორედ იქ დაასრულა.

ავტორი: ვაჟა სიმონიშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
20
21
22
23
24
25
27
28
29
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი