ტარტუს დარბაზში შეკრებილი 4 ათასი ქომაგი (ლიტველების გამოკლებით) და კალათბურთის მოყვარული ქართველები მოუთმენლად ველოდით ბალტიის ლიგის ნახევარფინალში ტარტუ როკის" ჟალგირისთან" დაპირისპირებას. გვეიმედებოდა, რომ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გიორგი ცინცაძისა და ვიქტორ სანიკიძის გუნდი მორიგ სასწაულს ჩაიდენდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა.
შედარებით მცირე ბიუჯეტის გუნდმა ბალტიურ გიგანტთან 74:83 წააგო.
არადა, მატჩი როკერთა" ქომაგების საიმედოდ დაიწყო - საწყისი პერიოდი მასპინძლებმა 28:19 მოიგეს. ანგარიში გიორგი ცინცაძემ გახსნა და მეოთხედი მანვე დახურა. შუალედში ბუმ ორი ზუსტი საჯარიმო შეასრულა. ვიქტორ სანიკიძე მწვრთნელმა პერიოდის დასრულებამდე 18 წამით ადრე შეიყვანა.
მეორე ათწუთეულში ჟალგირისელმა იანკუნასმა სტუმრების იერიშებს სიზუსტე შემატა და მატჩის მე-15 წუთზე ჟალგირისი" დააწინაურა. თუმცა ცინცაძემ სამქულიანით თანაგუნდელები 39:37 კვლავ წინ გაიყვანა. შემდეგ იყო ვიქტორ სანიკიძის ზუსტი საჯარიმოები, მაგრამ დიდ შესვენებაზე გუნდები მაინც საყაიმო შედეგით გავიდნენ - 44:44.
მესამე პერიოდის დასაწყისში როკი" 6 ქულის სხვაობით დაწინაურდა (56:50), მაგრამ გამოცდილმა ჟალგირისელებმა მეოთხედი მაინც თავის სასარგებლოდ დაასრულეს - 63:61.
ყველაფერი ბოლო რაუნდს უნდა გადაეწყვიტა, რომელიც ლიტველებმა 6:0 სპურტით გახსნეს - 69:61. გიორგი ცინცაძემ ზუსტი ორქულიანი მაშინ შეასრულა, როცა ჟალგირისი" 10 ქულით დაწინაურდა (75:65). როკის" ბოლო გაბრძოლება სანიკიძესა და კულმაეს დამსახურება იყო: კულმაემ სამქულიანი ჩააგდო, ვიქტორმა ეფექტურად ჩატენა და სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა - 72:75. მაგრამ დარჩენილ ორ წუთში ისევ და ისევ იანკუნასმა 5 ქულა ჩააგდო და ჟალგირისი" ფინალში გაიყვანა - 83:74.
როკერთაგან 74-ე ქულა ცინცაძემ ჩაიწერა. მან 35 წუთი ითამაშა, 13 ქულა (9-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 4 პასი და თითო ჩაჭრა-მოხსნა მოაგროვა.
ვიქტორ სანიკიძე სათადარიგო იყო, 20 წუთში 6 ქულას და 2 მოხსნას გამორჩა.
ასე და ამგვარად, ბალტიის ლიგის ფინალში ჟალგირისი" ითამაშებს. იგი მეორე ლიტვურ კლუბ რიტასს" დაუპირისპირდება. ტარტუ როკი" ხვალ, მესამე ადგილისთვის მატჩში რიგის ასკ-ს დაეჭიდება.















































































