დღეს, 25 აპრილს, საქართველოს თავისუფალი ჭიდაობის ახალგაზრდული ნაკრები მთავარი მწვრთნელის ნუგზარ სხირელის ხელმძღვანელობით ბაქოში გაემგზავრება საერთაშორისო ტურნირზე. ეს მეორე საერთაშორისო შეჯიბრებაა იმ ოთხიდან, რომელშიც ქართველი ახალგაზრდები ევროპის წლევანდელ ჩემპიონატამდე მიიღებენ მონაწილეობას. პირველად მათ რიგის ტურნირში იჭიდავეს და ტრიუმფალურ წარმატებასაც მიაღწიეს. შეგახსენებთ, რომ რიგაში 12-დან 11-მა ფალავანმა სხვადასხვა საპრიზო ადგილის დაკავება შეძლო. ბაქოს ტურნირზე ერთით მეტი მოჭიდავე გვეყოლება. შემადგენლობა კი ასეთია: 50 კგ ლაშა ლომთაძე, 55 კგ ლადო ხინჩეგაშვილი, 60 კგ მურთაზ კვესაძე, გიორგი მაყიშვილი, 66 კგ გოგა ხუჭუა, ზაურ აბრამიშვილი, 74 კგ დავით ხუციშვილი, 84 კგ დავით მარსაგიშვილი, ბექა ჭელიძე, 96 კგ ელიზბარ ოდიკაძე, თორნიკე ხიდეშელი და 120 კგ გიორგი საკანდელიძე, ლევან ბერიანიძე.
გუნდის მთავარი მწვრთნელი აზერბაიჯანის დედაქალაქში უწინდელთან უფრო მაღალი დონის შეჯიბრებას ელის: ბაქოში რამდენიმე წელიწადია ტარდება ეს ტურნირი, მაგრამ წლეულს პირველად იმართება ფილას ეგიდით. შესაბამისად მას სტატუსიც უფრო მაღალი ექნება და გაცილებით წარმომადგენლობითიც უნდა იყოს. რიგის საერთაშორისო ტურნირზე ძირითადად ევროპული ქვეყნების ნაკრები გუნდები მონაწილეობენ. ბაქოში მათ გარდა შუა აზიის ქვეყნების ნაკრებებიც იქნებიან. უწინ ისეც ხდებოდა ხოლმე, რომ რუსეთის ნაკრებთან ერთად დაღესტნისა და ჩრდილო ოსეთის გუნდებიც ცალკე ასპარეზობდნენ. შესაძლოა ახლაც ასე მოხდეს. მოგეხსენებათ, ჩრდილო კავკასიას ძალიან ძლიერი მოჭიდავეები ჰყავს და საერთო ჯამში ვფიქრობთ, რომ ერთობ სერიოზული შეჯიბრება იქნება. გარდა თავისუფალი სტილის მოჭიდავეებისა, ბაქოს ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილის ფალავნებიც გამოვლენ და იასპარეზებენ ქალებიც თავისუფალ სტილში. ჩვენთვის ეს შეჯიბრება როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ნაკრების შემადგენლობის დასაყენებლად მორიგი მოსამზადებელი ეტაპია. ბაქოში 25 აპრილს ჩავალთ, 27-ში აწონვებია და მეორე დღეს უკვე ფალავნები იჭიდავებენ განაცხადა აზერბაიჯანში გამგზავრების წინ ნუგზარ სხირელმა.















































































