მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2009-09-07
ჰოპლა გვიკლია
B დივიზიონი. პლეი ოფი

5 სექტემბერი. მოგილიოვი. ბელარუსი

1 300 მაყურებელი

ბელარუსი-საქართველო

75:89

17:23, 15:22, 22:19, 21:25

მსაჯები: ო. ლეფვერტი (შვედეთი), მ. მაზიჩი (სერბეთი), ს. ჩაიკოვსკი (უკრაინა)

შვედეთი-ჩერნოგორია 50:70

მომდევნო მატჩები

9 სექტემბერი

19:00 საქართველო-ბელარუსი

23:00 ჩერნოგორია-შვედეთი

მოგილიოვში საქართველოს ნაკრებმა შაბათს ითამაშა. რადგან ჩვენი გაზეთი კვირას არ გამოდის, საშუალება მომეცა, თამაშის დღეს დამესვენა და მიმოხილვა მეორე დღეს დამეწერა. მატჩის შემდეგ სათაურზე ბევრი ვიფიქრე, გონებაში საქართველოს ნაკრები ფაჩულიას BMჭ-ს შევადარე, ბელარუსი - ამავე სახელწოდების ტრაქტორს. თუმცა ეს შედარება სათაურად აღარ გამოდგებოდა, რადგან ერთხელ უკვე გამოვიყენე: ვოლვოს გავასწარით, წინ ბელარუსია. ბევრნაირად ვატრიალე სიტყვა მოგილიოვიც, მაგრამ ეს ტოპონიმი არსებით სახელად რომ გადავაკეთოთ და ქართულად ვთარგმნოთ, არასასიამოვნო რამეს მივიღებთ...

...მეორე დილას სათაურზე ფიქრში ბელარუსები წამომეშველნენ - ერთ-ერთ საიტზე მატჩის მიმოხილვას ასეთი სათაური ჰქონდა: ?პუზმნძ ნთყ ყლეოთომ! ეს გაცილებით უკეთესად მიესადაგებოდა მატჩის სურათს, ვიდრე სხვა ბელარუსული სათაური: ქართული ლეზგინკა სერბული არანჟირებით. ლეზგინკა ცეკვა ლეკურია... ასე უკეთესად ჟღერს: ქართული ხორუმი სერბული არანჟირებით. ნაკრების მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი სერბი რომ არის, ამის შეხსენება არ დაგჭირდებათ.

ნნნ

როგორც ვთქვი, მატჩის შაბათსვე დაწერა აუცილებელი არ იყო. ამიტომ საქართველოს ნაკრების კალათბურთელთა სამშობლოში დაბრუნებას დაველოდე. საინტერესო იყო მათი მოსაზრებების მოსმენა, რაც მიმოხილვისას აუცილებლად გამომადგებოდა.

შაბათს, მატჩის შემდეგ გადავწყვიტე ასეთი რამ დამეწერა: საქართველოს ნაკრებმა ბელარუსში 89:75 გაიმარჯვა. 14-ქულიანი სხვაობა კი ის ფორაა, რომლის თუნდაც ერთ პერიოდში აღმოფხვრა შესაძლებელია. ამიტომ 9 სექტემბრის მატჩის წინ მოდუნება არ შეიძლება. არც გულშემატკივარმა უნდა ჩათვალოს საქმე მოთავებულად, არც - კალათბურთელებმა. მით უმეტეს, რომ ბელარუსთა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პაპკოვმა სიამაყით აღნიშნა ჩემი შეგირდები სტუმრად უფრო კარგად თამაშობენ, ვიდრე საკუთარი გულშემატკივრების წინაშეო.

კვირას, 2 საათზე, აეროპორტის გამოსასვლელიდან მომავალი კალათბურთელების სახეების ხილვის შემდეგ დავრწმუნდი: იმის შეხსენება, რომ 14-ქულიანი სხვაობა საბოლოო გამარჯვებას არ ნიშნავს, აუცილებელი სულაც არ იყო, რადგან წითელ მაისურებში გამოწყობილ სპორტსმენებს სახეზე სერიოზულობა ეტყობოდათ, სულაც არ იყვნენ ეიფორიაში, ხოლო საუბრისას ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ მთავარი ბრძოლა 9 სექტემბერსაა. თუმცა, მეტოქის იმაზე მეტი სხვაობით დამარცხებას აპირებენ, ვიდრე ბელარუსში.

ნნნ

ლოგიკურად, აქვე უნდა შემოგთავაზოთ კალათბურთელთა კომენტარები, მაგრამ ყველაფერი ლოგიკას რომ დავუქვემდებაროთ, ინტერესი გაქრება. ჩვენგან განსხვავებით, კალათბურთელებმა ბელარუსში ყველაფერი ლოგიკურად წარმართეს:

როცა ერთი გუნდი მეორეს თერთმეტი მოხსნით აჯობებს, ლოგიკურად 11-ით მეტ შეტევას ავითარებს და ნახევარი ზუსტად რომ დააგვირგვინოს, მეტოქეს 10-ზე მეტი ქულით უნდა მოუგოს. საქართველომ მოგილიოვში ბურთი 35-ჯერ მოხსნა, ბელარუსმა 24-ჯერ.

ჩვენ მეტი სამქულიანიც გამოვიყენეთ - 19-დან 9, ბელარუსებმა 24-დან 8. მართალია, მეტოქემ ჩვენზე ორით მეტი ორქულიანი ჩააგდო, მაგრამ ამას მატჩის შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. საჯარიმოების მაჩვენებელმა შეხვედრის საინტერესო ანალიზი მოგვცა: 31 საჯარიმოდან 26 ჩავაგდეთ. ბელარუსებმა 14 საჯარიმო სტყორცნეს და 11 გამოიყენეს. როგორც ხედავთ, მეტოქეზე 20-ით მეტი თავისუფალი სროლა შევასრულეთ. ეს ლოგიკურია, რადგან მაღალი კლასის ქართველების შეჩერებას მასპინძლები გუნდური თამაშით რომ ვერ ახერხებდნენ, ყოველგვარ ბინძურ ხერხს მიმართავდნენ, ძალიან უხეშობდნენ, მსაჯები კი სტვენდნენ და სტვენდნენ...

ნნნ

საქართველოს ნაკრების წინა ოთხი მატჩის მიმოხილვისას მოვლენებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არ მივყოლილვარ. ლუქსემბურგთან, ირლანდიასთან და სლოვაკეთთან თანმიმდევრობის დაცვა აუცილებელი არ იყო. შვედეთთან შეიძლებოდა, მაგრამ ემოციებმა თავისი გაიტანა...

ჰოდა, მოვიდა დრო, ბელარუსთან მატჩზე მეოთხედების მიხედვით ვილაპარაკოთ...

პირველ პერიოდში ქართველებმა პერიმეტრზე მტკიცე ზღუდე აღმართეს და მეტოქეს საწყის 20 წუთში ოდენ 2 სამქულიანი ჩააგდებინეს. სამაგიეროდ, ბელარუსებმა ხერხი იხმარეს და სწორედ იქიდან შეგვიტიეს, საიდანაც ნაკლებად მოველოდით ფარქვეშიდან. ისინი სწრაფი გარღვევებით საქართველოს ნაკრების ფარამდე აღწევდნენ და საწყის სამ წუთში 8:3 დაწინაურდნენ. თუმცა ზაზა ფაჩულიამ, ვლადიმერ ბოისამ და ვიქტორ სანიკიძემ დაცვაში თამაში მალე ააწყვეს და მატჩის დანარჩენ 37 წუთში მეტოქისთვის ფარქვეშ იოლად შეღწევის საშუალება არ მიუციათ.

პირველი პერიოდის ბოლოს იგორ კოკოშკოვმა ტაირონ ელისი კოტე ტუღუშით შეცვალა. მწვრთნელის ასეთი მოქმედებით გამოჩნდა, რომ იგი კოტესაც ისევე ენდობა, როგორც ელისს. ნდობის გამართლება ტუღუშს არ ეშლება და აკი დაგვანახვა: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონატის წარმომადგენელია, ბელარუს თანაამპლუელებზე მაღალი კლასის კალათბურთელია. კოტეს მეორე სამქულიანის შემდეგ 26:19 დავწინაურდით. ხოლო მეორე პერიოდის მეოთხე წუთზე ლაშა გამყრელიძემ ფარიდან ასხლეტით სამქულიანი ჩააგდო და თანაგუნდელები ათი ქულით პირველად დააწინაურა. გასულ სეზონში ლაშაც რუსთავის ენერჯის ღირსებას იცავდა... ცხადია, მასზეც იგივეს თქმა შეიძლება, რაც ტუღუშზე: ბელარუსებს აშკარად სჯობდა.

- გუნდის თამაშითაც და საკუთარი გარჯითაც კმაყოფილი ვარ. ოფიციალურ შეხვედრებში ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო, თუმცა საკონტროლი მატჩებში უკეთესადაც გავრჯილვარ. ბელარუსში უფრო დიდი სხვაობით გამარჯვებაც შეგვეძლო, მაგრამ ინციდენტის გამო მეტოქემ 22-ქულიანი უპირატესობა 14-მდე შეამცირა, - ასე შეაფასა თამაში კოტე ტუღუშმა.

მესამე პერიოდს 13-ქულიანი ფორით შევხვდით. მასპინძლები ფარ-ხმალს არ ჰყრიდნენ... გამოთქმაა ასეთი, თორემ მატჩის შემდეგაც კარგად გამოჩნდა, რომ ფარ-ხმალს ბელარუსებზე უკეთ ქართველები ხმარობენ. დავუბრუნდეთ მესამე პერიოდის დასაწყისს, როცა პაპკოვის შეგირდებმა სხვაობა შვიდ ქულამდე შეამცირეს (38:45). ამ დროს იფეთქა ვლადიმერ ბოისამ, რომელიც სამქულიანებს სწორედ პლეი ოფისთვის ინახავდა. მას ლუქსემბურგთან თამაშის შემდეგ რვა სამქულიანი ჰქონდა ნასროლი და ყველა აცილებული. ბელარუსთან კი 5-დან 4 ჩააგდო. 3 შორეული ტყორცნა ვოვამ მესამე პერიოდში გამოიყენა და მეოთხე ათწუთეულის წინ 10-ქულიანი უპირატესობა შეგვინარჩუნა: 64:54.

- იცით, რა არის საინტერესო? ერთმა საკლუბო მწვრთნელმა მითხრა, შენი სამქულიანები საერთოდ არ მაინტერესებსო... ბელარუსში გავიმარჯვეთ, თუმცა ელიტაში ჯერ არ გადავსულვართ. წინ 9 სექტემბრის მატჩია, რომელშიც გამარჯვება ისევე გვჭირდება, როგორც 5 სექტემბერს. ამიტომ მომდევნო მატჩშიც მაქსიმალური მობილიზება გვმართებს, - ეს ვლადიმერ ბოისას სიტყვებია. აი, რა თქვა ანატოლი ბოისამ:

- პროგრამა - მინიმუმი ბელარუსში გამარჯვება იყო. ჩვენ კი პროგრამა მაქსიმუმი შევასრულეთ 14 ქულის სხვაობით გავიმარჯვეთ. მომდევნო შეხვედრას კარგი განწყობით ვხვდებით.

მივადექით მეოთხე პერიოდს, რომლის დასაწყისში ნიკა ცქიტიშვილმა გაიბრწყინა: ზუსტად 46 წამში ორ სამქულიანს ორქულიანი მიაყოლა და ქართველები 76:57 დააწინაურა. მატჩის ბოლოს ქულა ქულას მიაყოლა ვიქტორ სანიკიძემ, რომელმაც 19-დან 11 ქულა ბოლო პერიოდში ჩააგდო. იგი ორი ეფექტური ალეი-უპის შესასრულებლად კალათზე გაცილებით მაღლა ახტა, რითაც კიდევ ერთხელ დაგვანახვა სხვაობა ჩვენსა და ბელარუსს შორის.

- იოლი მატჩი არ იყო. მასპინძლებმა სერიოზული ბრძოლა გაგვიმართეს, თუმცა ჩვენი თამაშის დემონსტრირება მოვახერხეთ და შეგვეძლო დიდი სხვაობით მოგებაც. ასეა თუ ისე, სტუმრად 14-ქულიანი გამარჯვებითაც კმაყოფილნი ვართ.

როგორც ხედავთ, სხვადასხვა ეპიზოდში ტუღუშმა, გამყრელიძემ, ბოისამ, ცქიტიშვილმა და სანიკიძემ გაიბრწყინეს, რაც გუნდურ თამაშზე მიგვითითებს. ცინცაძემ და ელისმა მთელი თამაში დამაჯერებლად ჩაატარეს, თუმცა ქულებით არ გამორჩეულან. ...მაგრამ, ელისმაც ხომ იფეთქა: მატჩის დასრულებამდე 4:22 წუთით ადრე ტაირონს ბელარუსმა უკანახაზელმა მუხლში უკნიდან უხეშად ჩაარტყა. ელისი ჩაიკეცა, მერე გაცხარებული წამოდგა და პროვოკატორს გამოუდგა. იგი თანაგუნდელებმა მოედნის შუაში დაიჭირეს, შესაბამისად, ხელით არავის შეხებია. არა მგონია, მხოლოდ აგრესიის გამოხატვის გამო ელისს ბელარუსთან მეორე მატჩი გამოატოვებინონ. მისი მოქმედების შესახებ ფიბა დღეს-ხვალ იმსჯელებს.

პროვოკაციებზე ვთქვით და, ზაზა ფაჩულიასადმი გამოჩენილი უხეშობაც უნდა გავიხსენოთ. გუნდის კაპიტანზე სათქმელი ბოლოსთვის შემოვინახეთ. არც იგი აფეთქებულა. თუმცა ისედაც შთამბეჭდავად თამაშობდა და მეტად როგორ უნდა აფეთქებულიყო? ზაზა ორი წლის წინათ მსგავს უხეშობებს არავის აპატიებდა, შაბათს კი ტუჩს იკვნეტდა და ითმენდა, რადგან...

- კარგად ვიცი, პროვოკაციაზე წამოგება გუნდისთვის ზიანის მეტს არაფერს მოიტანდა. ამიტომ ვითმენდი. ძალიან გაბრაზებული ვარ და ჯავრს თბილისში ვიყრი, ოღონდ არა უხეში, არამედ კარგი თამაშით. ელისმა ვერ მოითმინა, თუმცა სასიამოვნოა, რომ თბილისში ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გარეშე დავბრუნდით. პლეი ოფის არაერთი მატჩი მითამაშია. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ასეთი ძალისმიერ შეხვედრაში ამერიკაშიც არ მითამაშია. ბელარუსი თამაშით რომ ვერაფერს გახდა, ჭიდაობაზე გადმოვიდა. ჩვენც მტკიცედ დავუდექით, - ეს ზაზამ აეროპორტში თქვა.

...და A დივიზიონში გადასვლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატამდე რა ეტაპია გასავლელი? დღეს ბევრი კითხულობს ამას. ელიტაში თითქმის გადასულები ვართ, ჰოპლას დაძახებაღა გვიკლია. ჰოპლას 9 სექტემბერს ველით. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.



კალენდარი
ნოემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
22
24
25
26
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი