მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-11
არველაძეებმა თურქეთი დატოვეს
როგორც იცით, ჰოლანდიური "ალკმაარის" თავკაც გერტ იან ვეერბეეკის თანაშემწე შოთა არველაძე გასულ უქმეებზე თურქეთში იმყოფებოდა. შოთას თურქეთში ტყუპისცალი არჩილ არველაძე შეუერთდა და ორივემ ერთად ქართველთა ძველ ნასახლარს, კაბადოკიას მიაშურეს. ქაისერი სწორედ კაბადოკიის ძველი სატახტო ქალაქია. ტყუპი არველაძეები თურქული სუპერლიგის ბოლოსწინა ტურის მატჩს დაესწრნენ, რომელშიც ადგილობრივი "ქაისერისფორი" "ისტანბულსფორს" ეთამაშა. შეხვედრა, რომელიც არველაძეებმა ნახეს, ფრედ, 1:1 დასრულდა.
არველაძეების ქაისერში ვოიაჟს თურქულმა ვებგვერდებმა მოწინავე ადგილი დაუთმეს. ჯერ ვნახოთ, რას წერენ თურქული წყაროები, დანარჩენზე კი მერე.
"შოთა "ქაისერისფორს" მიუახლოვდა", "არველაძემ მომავალი გუნდი "ქაისერისპორი" ნახა და კონტრაქტამდე ფორმალობებია", "შოთამ ბარგი ჩაალაგა და ჰოლანდიას მალე დატოვებს"... ამ და სხვა სათაურებით გამოქვეყნებული მასალები სწორედ ზემოთ ნახსენებ მოსალოდნელ ტრანსფერს ეხება.
"შოთა არველაძე ქაისერს ეწვია და მომავალი გუნდის მატჩს დაესწრო, რათა მეტი წარმოდგენა შეჰქმნოდა იმ გუნდზე, რომლის მთავარ მწვრთნელობამდე მცირედი დეტალებია გასარკვევი. შოთამ კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად მიადევნა თვალი "ისტანბულსფორთან" მატჩს. თამაშის შემდეგ აღნიშნა:
"რა თქმა უნდა, მეგობარ თოლუნაი კაფკაზის გუნდის მოგებას ველოდი. მართალი გითხრათ, მატჩის მსვლელობის მიხედვით მასპინძლები მართლაც იმსახურებდნენ მოგებას, მაგრამ ფეხბურთში ხშირად ლოგიკა უძლურია.
რაც შეეხება "ქაისერისფორს", ჩემს მეგობარ თოლუნაის გუნდზე კარგის მეტი რა მეთქმის. მან ამ გუნდის ისტორიაში ახალი ფურცელი შექმნა. იმედი მაქვს, "ქაისერისფორი" მომავალშიც წარმატებით იასპარეზებს და პროგრესს გააგრძელებს. კლუბთან ჩემი მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია, მცირე დეტალებითღა დაგვრჩა გასარკვევი. ვფიქრობ, ეს საკითხი მალე კონტრაქტით დასრულდება და ამ გუნდის წარმატებებისთვის ყველაფერს გავაკეთებ".

შოთა არველაძე მეგობარმა თოლუნაი კაფკაზმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე თბილად მოიხსენია:
"სეზონის დასრულებამდე დასკვნითი ტური დაგვრჩა, მაგრამ "ისტანბულსფორთან" ბოლო საშინაო მატჩი გვქონდა. გუნდს ბოლო შეხვედრაში გავუძღვები და მერე პოსტს დავტოვებ, რომელსაც ჩემი მეგობარი შოთა არველაძე ჩაიბარებს. შოთა ბოლო წლებია ჰოლანდიაშია, ის ჩემპიონ "ალკმაარს" წვრთნიდა და ისეთ ცნობილ მწვრთნელებთან მუშაობდა, როგორებიც ლუის ვან გაალი, დიკ ადვოკაატი და რონალდ კუმანი არიან. მათგან შოთამ ბევრი რამ ისწავლა და მჯერა "ქაისერისფორში" წარმატებები ექნება. ახალ მწვრთნელს გულშემატკივრის, გუნდის მხარში დგომა ესაჭიროება და მჯერა სრული მხარდაჭერა ექნება" - ამ შინაარსის მასალები გუშინ ჰურრიყეტ.ცომ.ტრ-მა, ტურკიყეგაზეტესი.ცომ.ტრ-მა, სტარგაზეტე.ცომ-მა აჯანსსპორ.ცომ-მა და სხვა თურქულმა საიტებმა გამოაქვეყნეს.
შოთასი დიდად ეიმედება დიკ ადვოკაატს, რომელმაც ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"შოთა ახალგაზრდა, მაგრამ დიდად მონდომებული მწვრთნელია. თვეების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით და ბევრჯერ დავრწმუნდი, რომ ის გამუდმებით ცდილობდა ცოდნა-გამოცდილების გამდიდრებას. ის ჰოლანდიაში ჩემამდე ლუის ვან გაალთან, რონალდ კუმანთან მუშაობდა და ვფიქრობ, საკმაო ცოდნა დააგროვა საიმისოდ, რომ დამოუკიდებლად მუშაობა შეძლოს. ვიცი, რომ შოთას თურქული კლუბის ჩაბარება შესთავაზეს და ვფიქრობ, კარგი არჩევანია. შოთა ფორვარდი იყო და მწვრთნელობაშიც წინსწრაფვაზეა ორიენტირებული. წლების წინ ის თურქეთში თამაშობდა და ვიცი ამ ქვეყანაში დღესაც დიდ პატივს სცემენ. არველაძეს წარმატებებს ვუსურვებ, ის დღესაც უყვართ თურქეთში და ვფიქრობ მწვრთნელობაში დამოუკიდებელი პირველი ნაბიჯების გადადგმა არ გაუჭირდება", - უთხრა დიკ ადვოკაატმა ცნნტურკ.ცომ-ს და "სპოქსის" თურქულ ბიუროს.
თურქული საიტების ცნობა გასაგებია, მაგრამ საინტერესოა, რა დეტალები დარჩა გასარკვევი შოთას კონტრაქტის გაფორმებამდე. მისი ტყუპისცალი არჩილი გუშინ საღამოს დაბრუნდა თურქეთიდან და რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- დიახ, შოთასთან ერთად ვიყავი ქაისერში. ლამაზი ქალაქია, ჩინებული ბაზითა და სტადიონით. "ქაისერისფორის" სტადიონი შარშან გაიხსნა, ლამაზი, კოხტა არენაა. თბილად დაგვხვდნენ. მატჩს დავესწარით. კლუბის სპორტულმა დირექტორმა სულეიმან ჰურმამ ჩემს ძმას კლუბის პრეზიდენტი გააცნო. თამაშის შემდეგ მათ ცალკე ისაუბრეს. დღეს კი უკან გამოვბრუნდით. შოთა ამსტერდამში გაფრინდა, მე თბილისში დავბრუნდი.
- რა სტადიაშია მოლაპარაკებები. თურქული საიტები პარასკევს წერდნენ, რომ ორშაბათს შოთა "ქაისერისფორთან" კონტრაქტს გააფორმებდა...
- ამ კვირის ბოლომდე ეს საკითხი ამოიწურება. მცირე დეტალები დარჩა გასარკვევი. მეტს ვერაფერს გეტყვით. ის კი ცხადია, რომ ქაისერში სტუმრობამ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი გააჩინა.
- გუნდის მომავალზე თუ იყო საუბარი, რა თქმა უნდა, შოთა დაინტერესდებოდა, ვინ და საერთოდ რამდენი ფეხბურთელი ტოვებს გუნდს, რამდენს დაიმატებს და ვის...
- ვის დაიმატებს, ეს ჯერ ადრეა, მანამდე კონტრაქტი უნდა გაფორმდეს. უკვე ცნობილია, რომ კლუბს ექვსი ფეხბურთელი დატოვებს, მათ შორის ხუთი უცხოელია, აქედან ოთხი სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი. ბუნებრივია, ახალ მწვრთნელს გუნდის გაძლიერებისთვის 4-5 ფეხბურთელი მაინც დასჭირდება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თურქული ფეხბურთის კანონებით, კლუბს რვა უცხოელის აყვანა შეუძლია, მათგან კი შეუძლია ექვსი ფეხბურთელი ათამაშოს... ერთი სიტყვით, რამდენიმე დღეც მოვიცადოთ და ეს საკითხი, ვფიქრობ დადებითად გადაწყდება.

ჩვენც დავიცადოთ კვირის ბოლომდე. თუმცა, ისიც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შესაძლოა ყველაფერი დღეს-ხვალაც კი გადაწყდეს.








კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი