მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-12
უცნაური და ულამაზო სიტუაცია
ორი ტურიც და საქართველოში საფეხბურთო სეზონი დამთავრდება; თუმცა, გვრჩება კიდევ ერთი მართლაც განსაკუთრებული შინაარსის მატჩი, 1992 წლიდან მოყოლებული მუდამ სეზონის ლამაზად დასასრულთან რომ იყო გაიგივებული. საქართველოს თასის ფინალს ვგულისხმობთ, პირველი გათამაშების (1990 წელი) გარდა, თითქმის ყოველთვის 26 მაისს რომ ტარდებოდა...

ამ ოცი წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ არაერთი გაჭირვება "გამოიარა" და აქედან გამომდინარე, არც ფეხბურთი იყო გამონაკლისი; მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს თასის ფინალს არასდროს მოჰკლებია პრესტიჟულობა თუ გულშემატკივრების მხრიდან ინტერესი. ეგ კი არა, ფინალებს (განსაკუთრებით, ბოლო წლებში ჩატარებულ მატჩებს) იმდენად ლამაზი სანახაობა უძღოდა წინ (თეატრალიზებულ შოუს ვგულისხმობთ) და იმდენად პომპეზური დაჯილდოებით მთავრდებოდა, რომ თასის მოპოვება... ქვეყნის ჩემპიონობაზე მეტად ფასობდა.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მეტ-ნაკლებად სოლიდური საპრიზო ფონდიც (ესეც, განსაკუთრებით - ბოლო წლებში) დამატებით სტიმულს უჩენდა ჩვენს მწვრთნელ-ფეხბურთელებს; ამას გარდა, გულშემატკივრის ფაქტორიც არ უნდა დავივიწყოთ: თბილისში ათი ათასზე მეტი ქომაგი "ადგილობრივი მასშტაბის" მატჩებზე წელიწადში მხოლოდ ერთხელ, სწორედ თასის ფინალზე მოდიოდა!
ახლა კი მართლაც რეალური საშიშროებაა, რომ მოახლოებულ თასის ფინალზე, ამ გათამაშების ისტორიაში დასწრების მხრივ... ანტირეკორდი დამყარდეს! ძალიან გვინდა, ვცდებოდეთ, მაგრამ, ვეჭვობთ, რომ 2010 წლის 26 მაისს, დღის ორ საათზე დანიშნულმა ფინალურმა შეხვედრამ გულშემატკივართა დიდი ინტერესი გამოიწვიოს. ჰო, ინტერესის რა მოგახსენოთ, მაგრამ ასე ადრეულ დროსთან დაკავშირებით კი, ამ ბოლო დღეებში განსაკუთრებული აჟიოტაჟია ატეხილი.
რაღა შორს მივდივართ: ორიოდე დღის წინ, "ლელოში" ფინალის მონაწილეთა კომენტარები დაიბეჭდა. "დინამოს" კაპიტანი გურამ კაშია, "ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელი გელა გომელაური, ამ გუნდის წამყვანი ფეხბურთელები - ირაკლი კლიმიაშვილი, ლაშა ჯაფარიძე, გიორგი დათუნაიშვილი - მოკლედ, ყველანი თანაგუნდელების აზრს "ახმოვანებდნენ" და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ფინალური მატჩის ასე ნაადრევად დაწყების გამო. არანაკლებ უკმაყოფილონი არიან ჯერ კიდევ შემორჩენილი ის ერთეული გულშემატკივრებიც: მათი აზრით, 14 საათზე დანიშნულ შეხვედრას სანახაობრივი ხიბლი მოაკლდება და ჩვენც იმავეს ვფიქრობთ.
მოდი, დავანებოთ თავი იმას, რომ საღამოს, პროჟექტორების შუქზე ჩატარებულ მატჩს ბევრად უფრო მეტი ეფექტი ექნება, ვიდრე დღის ორ საათზე გამართულ შეხვედრას; ნურც ჰაერის ტემპერატურას მივაქცევთ ყურადღებას - ვითომდა, ფეხბურთელებისთვის (გნებავთ, გულშემატკივრებისთვის) სულ ერთი იყოს, მცხუნვარე მზის ქვეშ იქნება თამაში, თუ... სიგრილეში.
მაგრამ აქვე ბუნებრივი კითხვაც იბადება: ნუთუ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ახალ ხელმძღვანელობას არ სურს, რომ მათთვის პირველმა ფინალმა მხოლოდ დადებითი ემოციები გამოიწვიოს? გასაგებია, რომ თასის ფინალის დაწყების დრომ მართლაც საპატიო მიზეზის გამო გადმოიწია: იმავე დღეს (ანუ, 26 მაისს), კონკრეტულად კი საღამოს რვა საათზე ქუთაისის "ტორპედოს" რეკონსტრუირებულ-გალამაზებული სტადიონის გახსნაა.
ისიც კარგი ფაქტია, რომ საზეიმო გახსნის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" ვეტერან ფეხბურთელთა ამხანაგური მატჩი უნდა იყოს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ დიდი ალბათობით, "ტორპედოს" განახლებული სტადიონის გახსნას ჩვენი ქვეყნის პირველი პირებიც დაესწრებიან. ამაში კი, კარგის მეტს ვერაფერს ვხედავთ: ქვეყანაში თუ აღმშენებლობა მიდის, არც ფეხბურთი უნდა იყოს გამონაკლისი.
მაგრამ "ტორპედოს" სტადიონის გახსნამ, რატომ უნდა... "შეიწიროს" საქართველოს თასის ფინალი? მით უფრო, ძალიან მარტივად შეიძლებოდა გამოსავლის მოძებნა და არც ამხელა აჟიოტაჟი ატყდებოდა. გასაგებია, რომ ქუთაისის სტადიონის გახსნა ლამაზ თარიღს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს უნდათ დაამთხვიონ; ჰოდა, 26 მაისს, საღამოს რვა საათზე დაგეგმილი ეს ღონისძიებაც, დარწმუნებული ვართ, ლამაზად ჩატარდება. სამაგიეროდ, საქართველოს თასის ფინალი... სხვა დროს შეიძლება ჩატარდეს! მით უფრო, რომ ამის პრეცედენტი უკვე გვქონდა (თან, რამდენჯერმე) და მაინცდამაინც 26 მაისის "ფაქტორსაც" ნურავინ "გამოეკიდება", იმიტომ, რომ ვისაც საქართველოს თასის ფინალზე მისვლა უნდა, იმისთვის, ალბათ, სულ ერთი იქნება, - მატჩი, მაინცდამაინც 26 მაისს (ანუ, ოფიციალურად დასვენების დღეს) ჩატარდება თუ სხვა დროს.
ამასთან, ჩვენი ფეხბურთის მესვეურთ იმასაც "შევახსენებთ", რომ წლევანდელ თასის ფინალში ერთმანეთს ორი, ყველაზე... უმაყურებლო გუნდი ხვდება! ჰო, სამწუხაროდ, ასეა - "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" საშინაო მატჩებზე რამდენიმე ასეული ქომაგი თუ დადის და ამიტომაც არ გვინდა, რომ 26 მაისს, დღის ორ საათზე დანიშნულ ფინალს მართლაც სარეკორდოდ... ცოტა მაყურებელი დაესწროს; ოღონდ, რა თქმა უნდა, ვერც იმის გარანტად გამოვდგებით, რომ საღამოს საათებში (თანაც შუა კვირის ნაცვლად - ვთქვათ, შაბათ დღეს) ბევრად მეტ გულშემატკივარს ვიხილავთ...

კომპრომისი და პრეცედენტი
...საქართველოს თასის პირველი გათამაშების ფინალური მატჩი 1990 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ მაშინ ჩემპიონატიც "გაზაფხული-შემოდგომის" პრინციპით ჩატარდა და ამან გამოიწვია კიდეც თასის ფინალის ნოემბერში ჩატარება. მერე, უკვე "შემოდგომა-გაზაფხულის" სისტემაზე გადავედით და 1992 წლიდან თასის ფინალი ერთსა და იმავე დღეს, 26 მაისს ტარდებოდა. როგორც წესი, ამ დროისთვის ჩემპიონატი ან დამთავრებული იყო ან, ერთი-ორი ტური რჩებოდა, მაგრამ, ტრადიცია არ ირღვეოდა - ყველა ფინალურ შეხვედრას 15-20000 მაყურებელი ესწრებოდა. ერთადერთი გამონაკლისი 1999 წელს იყო, როცა ქუთაისის "ტორპედოსა" და წყალტუბოს "სამგურალის" ფინალზე მხოლოდ 5000 გულშემატკივარი მოვიდა...
2006 წლამდე ფინალის ჩატარების დღე არ იცვლებოდა და აი, სწორედ მაშინ იყო, 26 მაისის ნაცვლად საქართველოს თასის ფინალი 13 მაისს რომ ჩატარდა. ერთი მხრივ, მთლად ურიგო იდეა არ იყო - ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი ტრიუმფიდან 25 წელი სრულდებოდა და სწორედ ამ თარიღს დაამთხვიეს კიდეც თასის ფინალი. ამის გარდა, კიდევ ორჯერ მოხდა, როცა თასის ფინალი სხვა რიცხვში ჩატარდა: შარშან, "დინამომ" და "ოლიმპმა" გადამწყვეტი შეხვედრა 30 მაისს ჩაატარეს, შარშანწინ კი "ამერის" და "ზესტაფონის" პაექრობა 16 მაისს გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში ფინალური მატჩები მეტ-ნაკლებად სავსე ტრიბუნების წინ ჩატარდა: შარშან, ათი ათასზე მეტი ქომაგი მოვიდა, შარშანწინ - 25000-მდე. ანუ, "კომპრომისზე" წასვლა ნამდვილად შეიძლება: ბოლოს და ბოლოს, თუ ორივე ფინალისტი თანახმა იქნება, 26 მაისის ნაცვლად, წლევანდელი თასის ფინალი თავისუფლად შეიძლება... 29 მაისს, საღამოს საათებში ჩატარდეს, მით უმეტეს, შაბათი დღეა და იმასაც ვერავინ იტყვის: შუა კვირაში ასეთი დონის თამაშს რატომ ნიშნავთო...
მაგრამ აქ უკვე მეორე პრობლემა იქმნება - ჯერ ერთი, 30 მაისს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ოფიციალური მატჩი აქვს და ორივე ფინალისტის რიგებში არაერთი ისეთი ფეხბურთელია, ვინც შვეიცარიელ თანატოლებთან უნდა იასპარეზოს. ამას გარდა, დიდი შანსია, რომ კამერუნთან სპარინგმატჩის შემდეგ, ჩვენმა უპირველესმა გუნდმა კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატაროს მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებთან. ყოველ შემთხვევაში, მექსიკელებთან თამაში თუ იქნება, სავარაუდოდ, 30 მაისს ჩატარდება და თემურ ქეცბაიასაც ამ შეხვედრისათვის თბილისის "დინამოს" ორი ფეხბურთელი (გურამ კაშია, ალექსანდრე კოშკაძე) ჰყავს შეგულებული.
ყოველივე კი იმას ნიშნავს, რომ 26 მაისის მერე, თასის ფინალს ვერ ჩავატარებთ: ისევ და ისევ, სანაკრებო ინტერესების გათვალისწინებით. არადა, მსგავსი პრეცედენტი, რომ საქართველოს თასის ფინალურმა შეხვედრამ ჩვენი ნაკრების მატჩის შედეგზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია, უკვე გვქონდა...

უსიამოვნო პარალელები
საქართველოს თასის მესამე ფინალი, 1993 წლის 26 მაისს რომ ჩატარდა, ამ გათამაშების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო დაპირისპირებად არის მიჩნეული. სამწუხაროდ, იმ დროს პომპეზურობასა თუ თეატრალიზებული სანახაობის ელემენტებზე ვერც ვიოცნებებდით, სამაგიეროდ, თვითონ მატჩი იყო საამოდ საცქერი. სწორედ მაშინ იყო, თასის ფინალში ერთმანეთს პირველად რომ დაუპირისპირდა თბილისისა და ბათუმის "დინამოები"; ჰო, ასეთი ლამაზი ფინალი მეტი აღარც ყოფილა და ამაში ორივე გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელებს უდიდესი დამსახურება მიუძღვოდათ.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის მართლაც ისტორიული მომენტი, რომ მეტოქის კარში ოთხივე გოლი... ძმებმა არველაძეებმა გაიტანეს (რეზომ - ორი, შოთამ და არჩილმა - თითო-თითო). ბარემ, ანგარიშსაც შეგახსენებთ: თბილისის "დინამომ" 4:2 გაიმარჯვა. რატომღაც დარწმუნებული ვართ, რომ 1993 წლის 26 მაისის ფინალური მატჩი დღესაც კარგად ემახსოვრება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე ჩივაძეს (აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და მართლაც ლეგენდარული "დინამოს" ასევე ლეგენდარულ კაპიტანსა და ყველა მაშინდელ დინამოელს 13 მაისს მივულოცავთ)...
ჰო, წესითა და რიგით, არ უნდა დავიწყებოდა, იმიტომ, რომ ზუსტად ერთი დღით ადრე (ანუ, 1993 წლის 25 მაისს), საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ამხანაგური მატჩი ჩაატარა აზერბაიჯანთან. რაც ყველაზე მთავარია, განჯაში ჩატარებული ის შეხვედრა სადებიუტო იყო ალექსანდრე ჩივაძისთვის... მოკლედ, მაშინაც უცნაური სიტუაცია შეიქმნა: მეზობელმა აზერბაიჯანელებმა ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად მიგვიპატიჟეს და თარიღიც შემოგვთავაზეს, 25 მაისი; ამ დროს კი, 26 მაისს საქართველოს თასის ფინალი იყო დანიშნული.
რა თქმა უნდა, მეზობელს უარს ვერ ვეტყოდით: ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სად გვქონდა სპარინგპარტნიორების "ასარჩევად" საქმე; თავად განსაჯეთ: მანამდე საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ხუთი შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული (ეგ კი არა, იმავე 1993 წელს საქართველოს ნაკრებს აზერბაიჯანის გარდა სხვა მატჩი არ გაუმართავს)! ანუ, ნამდვილად უპრიანი იქნებოდა, რომ თასის ფინალი მოგვიანებით ჩატარებულიყო, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ალექსანდრე ჩივაძე თავის სადებიუტო შეხვედრაში, ფაქტობრივად, ოპტიმალურ შემადგენლობას შეკრებდა სინამდვილეში კი, მოხდა ისე, რომ სამი ქართველი ლეგიონერის (თემურ ქეცბაია, კახა ცხადაძე, გია გურული) გარდა, ჩივაძე ვერც თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებს დაიხმარდა!
რა თქმა უნდა, სულაც არ გვინდა 1993 წლის 25 მაისს აზერბაიჯანის წინააღმდეგ მოასპარეზე ჩვენი ფეხბურთელების დაკნინება (ბევრმა მათგანმა მომავალში მაღალ დონეზე ითამაშა), მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვართ, ძმები არველაძეებით, გიორგი ქინქლაძით, გოჩა ჯამარაულით, გელა ინალიშვილით, მურთაზ შელიათი, მიხეილ ყაველაშვილით და ზაზა რევიშვილით გაძლიერებული საქართველოს ნაკრები მასპინძლებთან არ დამარცხდებოდა. არადა, აზერბაიჯანის იმდროინდელ ნაკრებში ერთადერთი მეტ-ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელი თამაშობდა: ნაზიმ სულეიმანოვი. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების ინტერესები 17 წლის წინათ არ (თუ ვერ) გაითვალისწინეს; მაშინაც, უცნაური სიტუაცია შეიქმნა - სანაკრებო მატჩი და თასის ფინალი ერთმანეთზე იყო "გადაჯაჭვული". არადა იმ წელს ჩემპიონატი ძალიან გვიან - ივნისის ბოლოს დამთავრდა, მაგრამ არც არავის უფიქრია, რომ თასის ფინალი მოგვიანებით ჩატარებულიყო...
...ამჟამადაც, ცოტა არ იყოს, უცნაური და, ამასთან, ულამაზო სიტუაციაა; გასაგებია, რომ, შესაძლოა, გარკვეული დირექტივები "ძალიან ზემოდან" მოდიოდეს, მაგრამ, კიდევ ვიმეორებთ, კარგად დაფიქრების შემთხვევაში, კომპრომისის გამოძებნა მაინც მოსახერხებელი იქნებოდა. მით უმეტეს, რომ 26 მაისამდე საკმარისი დროა დარჩენილი.
გია ტუხაშვილი
სხვათა შორის, "საქართველოს 2009-2010 წლების დავით ყიფიანის სახელობის XX თასის გათამაშების" დებულების მეხუთე პუნქტში სიტყვა-სიტყვით ასე სწერია: "თასის ფინალური შეხვედრა გაიმართება 25 მაისს!"
ამას გარდა კვლავაც დებულებით ვიხელმძღვანელებთ, სადაც ჩემპიონატის ჩატარების პირობების ოცდამერვე პუნქტში მითითებულია: "მატჩების დაწყების დროს განსაზღვრავს სპფლ (საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა). თამაშები დაიწყება - მაისში 17:00 საათზე, 15 აგვისტომდე - 17:30 საათზე, 16-დან 31 აგვისტომდე - 17:00 საათზე, აპრილსა და სექტემბერში - 16:00 საათზე, ივნისსა და ივლისში - 18:00 საათზე, მარტსა და ოქტომბერში 15:00 საათზე, თებერვალსა და ნოემბერში 14:00 საათზე. გუნდებს, პფლ-სთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, შეუძლიათ მატჩები ჩაატარონ უფრო გვიან ხელოვნური განათების ქვეშ"


(სტილი დაცულია).









კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი