მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-19
ყველაფერი მაინც მე მბრალდებოდა...

გიორგი ლომაია ეროვნულ ნაკრებში აღარ ითამაშებს. საქართველოს ნაკრებისა და ბაქოს "ინტერის" მეკარემ ეს გადაწყვეტილება გუშინ გაგვიმხილა. გიორგიმ 25 მაისს ავსტრიაში კამერუნთან გასამართ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა არ ისურვა. ბუნებრივია, მიზეზის გარკვევა გვსურდა და ლომაიას ინტერვიუსთვის დავუკავშირდით. მისგან მოულოდნელი პასუხი მივიღეთ...

- ჩემთან ინტერვიუ უკვე აღარ იქნება საინტერესო, ეროვნული ნაკრების მეკარე ხომ აღარ ვარ...
- რატომ? თემურ ქეცბაიამ ხომ მიგიწვიათ?
- მიმიწვია, მაგრამ ჩამოსვლაზე უარი ვთქვი...
- სწორედ ამის გასარკვევად დაგიკავშირდით. ქეცბაიაზე ხართ ნაწყენი თუ სხვა მიზეზია?
- არა, ქეცბაიაზე რატომ უნდა ვიყო ნაწყენი? მადლობის მეტი რა მეთქმის? კაცი მენდო და ამდენი ლანძღვა-გინების შემდეგ ესტონეთთან ისევ მიმიწვია. უბრალოდ, ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა - აჯობებს, ეროვნულ ნაკრებში აღარ ვითამაშო. ჯერ კიდევ ბულგარეთთან მატჩის შემდეგ მინდოდა ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ ვამჯობინე, ნაკრებიდან არა წაგებული, არამედ, მოგებული მატჩის შემდეგ წავსულიყავი. ესტონეთთან მოვიგეთ, ძალიან გამიხარდა და ახლა სათქმელის დამალვას უკვე აზრი აღარ აქვს... გული დამწყდა, ესტონეთთან გაშვებული ბურთიც მე დამბრალდა.
- ასეთი რამ არც მწვრთნელს უთქვამს და არც მედიას...
- მწვრთნელი და ჟურნალისტები არაფერ შუაში ხართ, მაგრამ ასეთი რამ ითქვა და მივხვდი, რაც არ უნდა მომხდარიყო, წაგებაში დამნაშავე ყოველთვის ლომაია იქნებოდა.
- გადაწყვეტილება ნაჩქარევად ხომ არ გეჩვენებათ?
- არა, პირიქით, მე მგონი, წასვლა დავაგვიანე კიდეც... ასე აჯობებს. ალან შირერმა ერთხელ ძალიან მაგარი რამ თქვა - ჯობია გითხრან, დარჩიო, ვიდრე გიყვირონ - წადი, წადიო...
- 30 წელი მეკარისთვის მშვენიერი ასაკია. ქართველი გოლკიპერებიც სწორედ ამ ასაკში აღწევენ საუკეთესო ფორმას - გაბელია, დევაძე, ზოიძე და ჭანტურია ამის მშვენიერი მაგალითებია. მგონი, ამ გადაწყვეტილების გამო ინანებთ...
- ორი აზრი არ არის, ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემი ოცნება იყო. ეს გადაწყვეტილება იოლად არ მიმიღია. გული ჩამწყდა, მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო. გამუდმებული სტრესითა და შეურაცხყოფით დავიღალე. ჩემი კრიტიკით ოჯახს, მეგობრებსა და ნათესავებს გულს ტკენდნენ. ახლა მეც დავისვენებ და - ეს ხალხიც! თანაც, ახალგაზრდები მოდიან, ბევრი ნიჭიერი მეკარე გვეზრდება და ყველას ვთხოვ, მოვზომოთ სიტყვაც და კრიტიკაც, უსამართლო ბრალდებით გული არავის ვატკინოთ და თამაშის სურვილი არ გავუქროთ. ახლა თითოეული მათგანის ყველაზე დიდი გულშემატკივარი გავხდები, გვერდში დავუდგები და თუ შევძლებ, სიამოვნებით დავეხმარები. მათი უმრავლესობა გამოუცდელია, მაგრამ ამხანაგურ შეხვედრებში თუ არ დააყენებენ, გამოცდილებას სად მიიღებენ? სამწუხაროდ, თემურთან დაკავშირება ვეღარ მოვახერხე, მაგრამ ნაკრების მეკარეთა მწვრთნელ მამუკა აბუსერიძეს ჩემს გადაწყვეტილებაზე უკვე ვაუწყე. მძიმე ფსიქოლოგიური ტვირთით ნაკრებში თამაში აღარ მსურს. საქართველოში ყველაფერი ძალიან მარტივად წყდება - წაგებაში დამნაშავე ჯერ მეკარეა და არავის აინტერესებს, მართლა ასეა თუ არა. სამეგობრო, ახლობლები და ნათესავები დამეთანხმნენ, რომ წასვლა აჯობებდა.
- კარგად გვახსოვს, იტალიასთან უთამაშებელი რომ დაგაყენეს, ეს ძალიან დიდი რისკი იყო...
- უთამაშებელი მხოლოდ ტოპმიოლერმა კი არ დამაყენა, ასე მოიქცა ჟირესიც. გაორებული გრძნობა მქონდა. რუსეთში თამაშისას ამ ქვეყნის მოქალაქეობა რამდენჯერმე შემომთავაზეს, მაგრამ ამაზე სერიოზულად არასდროს დავფიქრებულვარ, ქართველი ვარ და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის ეროვნული ნაკრები იყო და იქნება. ეროვნული გუნდი საკლუბო კარიერაზე არ გამიცვლია, ასე ნამდვილად არ არის. თუმცა, მეორე მხრივ, უთამაშებლად იტალიასა და სხვა გრანდების წინააღმდეგ კარში დგომა ძალიან რთული იყო. გამოძახებაზე უარს ვერ გამიგებდნენ, ვთანხმდებოდი და უთამაშებლობის ლოგიკურ შედეგს ვიმკიდი. ჩემზე მეტად ვის სწყინდა, გოლს რომ ვუშვებდი? რა თქმა უნდა, შეცდომები დამიშვია, ყოველთვის ვერ ვახერხებდი საჭირო დონეზე თამაშს და ალბათ, ქომაგებს გულიც ვატკინე. ბოდიშს ვუხდი მათ. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მე რომ მბრალდებოდა, უსამართლობა იყო. ამის ატანას ნამდვილად არ ვაპირებ. აღარ ვითამაშებ და ეს ლაპარაკიც დასრულდება.
- ბაქოს "ინტერში" თუ რჩები?
- ალბათ, დავრჩებით ქართველი ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც, რადგან აზერბაიჯანის ჩემპიონები გავხდით და "ინტერის" პრეზიდენტი ჩვენით კმაყოფილია.
- შეიძლება ითქვას, ჩემპიონობა სასწაულებრივ მოიპოვეთ...
- მართალი ხართ. "ხაზარი" გვისწრებდა, მაგრამ ბოლო ტურში ჩვენ მოვიგეთ, მათ კი წააგეს და პირველი ადგილი დავიკავეთ. ჩვენ ვებრძოდით არა მხოლოდ კონკურენტებს, არამედ, მსაჯებსაც და ჩემპიონობა მართლა ძალიან გვეამაყება. სხვათა შორის, აზერბაიჯანის ჩემპიონატის დონემ მართლა ძალიან მოიმატა. მეტი რაღა გინდათ, "გაბალაში" ტონ ადამსი ჩამოიყვანეს. კაცი ახლახან "პორტსმუთში" მუშაობდა... დაახლოებით ხომ გასაგებია, რა თანხას შესთავაზებდნენ? ლიდერთა ექვსეულის კლუბებს სერიოზული ფინანსები აქვთ და ხომ ხედავთ უკვე რა მწვრთნელები ჩამოჰყავთ?!
- თქვენი აზრით, ვინ უნდა შეცვალოს ლომაია ეროვნულ ნაკრებში?
- ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და ჩემგან ამაზე ლაპარაკი უხერხული იქნება. მხოლოდ ზოგადად ვიტყვი - ჩემი აზრით, ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ ნუკრი რევიშვილს, როინ კვასხვაძეს, გიორგი ლორიას, მაქსიმე ქვილითაიას, გიორგი მაკარიძეს... თითოეული მათგანის წარმატება უზომოდ გამიხარდება, რადგან ქართველი ვარ და ვიცი, რა არის საქართველოს ნაკრების მეკარეობა. მათ სხვაგვარი გამხნევება სჭირდებათ. კარიერის დასრულების შემდეგ კი აუცილებლად დავიწყებ მწვრთნელობას და ვეცდები, ჩვენი ნიჭიერი ბავშვები გავზარდო. ნიჭიერი მეკარეები გვყავს, მაგრამ მათ მოვლა, გაფრთხილება და გამხნევება სჭირდებათ. შეძახილი ხეს ახმობს და მუდმივი ძახილით - მეკარეები არ გვყავსო, - ეშველება საქმეს? კრიტიკაც სჭირდებათ, მაგრამ ლანძღვა-გინებით თამაშის სურვილი არ უნდა დავუკარგოთ. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ მწვრთნელს, რომელიც მენდო და ნაკრებში მათამაშა, თუნდაც თემურ ქეცბაიას, რომლის ხელმძღვანელობითაც მხოლოდ ერთი მატჩი ჩავატარე. ვფიქრობ, ჩემი წასვლის დრო იყო და ამ გადაწყვეტილებას აღარ შევცვლი.




ავტორი:  მერაბ მამულაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი