მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-19
ულეგიონერო ჩემპიონატის მოლოდინში
რაღა დარჩა: ჩემპიონატის დასკვნითი ტური, შემდეგ - თასის ფინალი და 2009-10 წლების ქართული საფეხბურთო სეზონიც დასრულდება. რა თქმა უნდა, ტრადიციისამებრ, სეზონს "ლელოც" შეაჯამებს: საუკეთესო მწვრთნელსა და ფეხბურთელს გამოვავლენთ, ყველა ამპლუაში საუკეთესო მოთამაშეებს დავასახელებთ, "სეზონის აღმოჩენას" და საუკეთესო დებიუტანტსაც ავირჩევთ, ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებს შევადგენთ; და, როგორც ყოველთვის, "საუკეთესო ლეგიონერიც" გვეყოლება...

ჰო, უკვე წლებია, "ლელო" სეზონის ნომინანტებს ავლენს, თუმცა, დიდი შანსია, მომავალი სეზონის შეჯამებისას, ერთი ნომინაციით ნაკლები გვქონდეს. "საუკეთესო ლეგიონერის" ნომინაციას ვგულისხმობთ: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ამას წინათ საჯაროდ განაცხადა, რომ ამიერიდან ქართულ გუნდებს თითო ლეგიონერის დამატება 15 000 ლარი დაუჯდებათო! ანუ, ეს წესი ამ სეზონშივე რომ ამოქმედებულიყო, უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდს ("ოლიმპს", "დინამოს", "გაგრას", "სპარტაკს") საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ანგარიშზე სერიოზული თანხის გადარიცხვა მოუხდებოდა!..
...მსგავსი პრაქტიკა არახალია და ჩვენს მეზობლად, აზერბაიჯანშიც მოქმედებს. თუმცა, იქაური ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ თითქმის ყველა წამყვან კლუბში ("ყარაბაღის" გარდა, თანაც ამ შემთხვევაში პოლიტიკური მომენტებია გათვალისწინებული - გუნდის სახელწოდებიდან გამომდინარე) ფეხბურთელების 70-80 პროცენტს ლეგიონერები წარმოადგენენ. ანუ, აზერბაიჯანული ფეხბურთის მესვეურთა აზრით, იქაური კლუბების ხელმძღვანელები თანხების დაზოგვაზეც დაფიქრდებოდნენ და ამასობაში კი, ადგილობრივ ფეხბურთელებს თავიანთი გუნდების ძირითად შემადგენლობაში გზაც გაეხსნებოდათ. არ გვინდა მეზობლებზე დიდი ხნის საუბარი და მოკლედ ვიტყვით: ამ პროექტმა სასურველი ეფექტი ვერ მოიტანა! ჯერ ერთი, აზერბაიჯანული კლუბების უმრავლესობა ფინანსურადაც ისეთი ძლიერია, გუნდში 15-20 ლეგიონერის ყოლა პრობლემას არ წარმოადგენს (ისე როგორც არ წარმოადგენს პრობლემას, თითოეული ლეგიონერის ჩამოყვანისთვის აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციაში არცთუ მცირე თანხის გადარიცხვა);
ამას გარდა, ადგილობრივი ფეხბურთელების დონე იმდენად დაბალია, რომ მხოლოდ იმათ იმედზე ვერ იქნებიან და ელემენტარულად გულშემატკივრებსაც ვერ მიიზიდავენ სტადიონებზე. რაღა შორს მივდივართ: ბოლო წლებში აზერბაიჯანის ჩემპიონატიდან მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა (ვაგიფ ჯავადოვი, მახიდ შუქიუროვი) შეძლო უცხოურ გუნდებში გადასვლა; სამაგიეროდ, აზერბაიჯანის ჩემპიონატში რომელი ქვეყნის ფეხბურთელს არ ნახავთ - ბრაზილიელებს, ურუგვაელებს, სენეგალელებს, ტუნისელებს, ჩეხებს, ბულგარელებს, რუმინელებს, უკრაინელებს, ლატვიელებს, ლიტველებს, რუსებს და, ქართველებსაც! მიზეზი კი, რაღა თქმა უნდა გუნდების მყარი ფინანსური მდგომარეობაა, რითაც, სამწუხაროდ, ქართული ფეხბურთი დღესდღეობით ვერ დაიკვეხნის. თანაც, იმავე აზერბაიჯანული გუნდებისგან განსხვავებით, ჩვენთან, ერთ კონკრეტულ სეზონში ასამდე ლეგიონერს არასდროს უასპარეზია; ვერც იმ შემთხვევას გავიხსენებთ, ძირითადი შემადგენლობის 11 ფეხბურთელიდან 8 ან 9 უცხოელი ყოფილიყოს...
თუმცა, ოთხი წლის წინათ ქართული ფეხბურთის ისტორიაში მართლაც უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა: "ბორჯომის" შემადგენლობაში ერთდროულად შვიდმა არგენტინელმა (!) ფეხბურთელმა იასპარეზა! ამ "შესანიშნავმა შვიდეულმა" საქართველოს ჩემპიონატში ორ-ორი მატჩი ჩაატარა და როგორი გზააბნეულებიც ჩამოვიდნენ ჩვენთან, ალბათ, იმავე "მარშრუტით" უკან გააბრუნეს. წარმოგვიდგენია, როგორ გუნებაზე დადგებოდა "ბორჯომის" მაშინდელი მწვრთნელი ვლადიმერ ხაჩიძე, გუნდის ერთ-ერთ ვარჯიშზე "არგენტინულ დესანტს" რომ წარუდგენდნენ და ეტყოდნენ: ბატონო ვოვა, გაიცანით - პაკორი, ვომარო, ნინი, ბენინი, ავერსა, ფრანკო, კასტილიო (ამათ გარდა სხვებიც იყვნენ - გ.ტ.), ეს ბიჭები საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე ოცნებობდნენ და უარი არ ვუთხრათო. არადა, ხაჩიძეს უკვე ჰქონდა გარკვეული გამოცდილება... არგენტინელ ფეხბურთელებთან ურთიერთობაში: 2005-06 წლების სეზონში "ბორჯომში" ორი მართლაც ჩინებული მოთამაშე ასპარეზობდა - დე პორასი და სებალე; თუმცა, მომდევნო სეზონში "ბითუმად" ჩამოყვანილ არგენტინელ ფეხბურთელებს იმავე დე პორასთან მხოლოდ ... წარმომავლობა თუ აკავშირებდათ...
...ამ რამდენიმე დღის წინათ ჩვენი გაზეთის ჟურნალისტთან მერაბ მამულაშვილთან ინტერვიუში "ოლიმპის" ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ ჯაფარიძემ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა: როცა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ყოველ ლეგიონერზე 15 000 ლარის გადახდას გვავალდებულებს, სასურველი იქნებოდა, ეს გადაწყვეტილება კლუბებთან კონსულტაციების შემდეგ მიღებულიყოო. ამასთან, ზურაბ ჯაფარიძემ იმავე ინტერვიუში ჩვენი ფეხბურთის ხელმძღვანელებზე "კონტრშეტევაც" წამოიწყო: ჩემპიონობისთვის განკუთვნილ 50 000 ლარს რატომ არ გვაძლევთო? ჩვენი მხრივ კი, იმას დავამატებდით, რომ წესითა და რიგით, ჩემპიონატში მონაწილე ყველა გუნდი სეზონის დასრულების შემდეგ გარკვეულ თანხას უნდა იღებდეს - დაკავებული ადგილის მიხედვით.
რაღა თქმა უნდა, ინგლისურ პრემიერლიგამდე ძალიან ბევრი გვიკლია: იქ ხომ მერვე და მეცხრე ადგილებს შორის "სხვაობა"... ორ მილიონ ფუნტამდეა, ანუ, ყველა გუნდს გარკვეული სტიმული აქვს. კიდევ ვიმეორებთ, წესითა და რიგით, ჩვენთანაც ასე უნდა იყოს: ვთქვათ, იმავე "სამტრედიას" თუ "სპარტაკს" მეხუთე და მეექვსე ადგილებისთვის ბრძოლაში დამატებითი ფინანსური მოტივაცია რომ ექნებათ, ჩემპიონატის ბოლო მატჩებსაც აშკარად "განსხვავებულ ხასიათზე" ჩაატარებენ.
თუმცა, ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდების რომელ ფინანსურ მოტივაციაზეა ლაპარაკი, როცა მოახლოებულ თასის ფინალს, თურმე, საპრიზო ფონდი არ ჰქონია! ჰოდა, მერე კიდევ იტყვიან, აქედან ფეხბურთელები რატომ გარბიანო...
...2010/11 წლების სეზონი, შესაძლოა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევიდეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და უინტერესო ჩემპიონატი. ჯერ ის ვთქვათ, რომ ახალი სეზონის დაწყების წინ ქართველი ფეხბურთელების მასობრივი გადინება მოხდება ახლო თუ შორეული საზღვარგარეთის უმაღლესი თუ პირველი ლიგის გუნდებში. ამასთან, თუ ლეგიონერების დამატებაზე მართლაც დაწესდა გადასახადი, ჩვენს ჩემპიონატში, ყველაზე ბევრი, ხუთი ან ექვსი ლეგიონერიღა შეიძლება ვიხილოთ. ჰო, სამი ან ოთხი გუნდი ("ვიტ ჯორჯია" ახლავე გამოვრიცხოთ - ამ კლუბში უცხოელს ხომ არასდროს უთამაშია) შეძლებს და თავის რიგებში მხოლოდ თითო-თითო უცხოელს ჩარიცხავს. სამაგიეროდ, ქართულ კლუბებს 15 000 ლარი დაეზოგებათ და ამ თანხას "სხვა" მიმართულებით გამოიყენებენ.
ფაქტია, მოვლენების ასეთი განვითარება ჩვენი ჩემპიონატის დონეს ნამდვილად ვერ აამაღლებს; შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოს ჩემპიონატში სხვადასხვა დროს მოასპარეზე მართლაც გამორჩეულ ლეგიონერებს (ფრიდრიკასი, ბალტუშნიკასი, ხაპოვი, დონდტი, კარლოსი, ზელიჩი, კრშკო, კესანი, ვიეირა, პოროშინი, დე პორასი, ტიაგო, ოვონო) ბევრად არც ამ სეზონში მოასპარეზე ზოგიერთი ლეგიონერი ჩამოუვარდებოდა. ისე, ლეგიონერებზე გადასახადი ამ სეზონშივე რომ დაწესებულიყო, ყველაზე მეტად "ოლიმპი", "დინამო" და "გაგრა" დაზარალდებოდნენ. თავად განსაჯეთ: "ოლიმპში" შვიდმა ლეგიონერმა (აკინო, ფრაგა, ჟონატასი, ჟერონიმო, სალესი, ჩოკო, ელოხი) ითამაშა, "დინამოში" - ხუთმა (აკირემი, ჯუისი, ედნილსონი, კრსტესკი, რობერტინიო), "გაგრაში" - ექვსმა (ოვონიკოკო, მოიზესი, ჩენსუ, ომელიანოვი, გრიგოროვიჩი, ნაკონეჩნი). "სპარტაკის" ხელმძღვანელობასაც მოუხდებოდა ჯიბეზე ხელის გაკვრა: ამ ჩემპიონატში ხომ ხუთი ლეგიონერი (კლოვისი, ბოიომო, ზონი, მედ ნალო, ნონოსი) ათამაშეს; შედარებით "იაფად" გამოვიდოდნენ" "ბაია" და "სამტრედია", თითო-თითო ლეგიონერი (შესაბამისად, ჩისამბა ლუნგუ და მბენე) რომ ჰყავდათ...






ავტორი:  გია ტუხაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი