მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-20
უმოტივაციო ტური
...ათთვიანი მარათონი დასასრულს მიუახლოვდა - დღევანდელი ტურით XXI ჩემპიონატი დასრულდება. რა თქმა უნდა, ჩემპიონატის შეჯამების დროც მალე მოვა: რა იყო დასამახსოვრებელი, თავი ვინ გამოიჩინა, იმედი ვინ გაგვიცრუა; ამას გარდა, როგორც გუშინაც აღვნიშნეთ, "ლელო" ამჯერადაც შემოგთავაზებთ "სეზონის ნომინანტებს", ოღონდ, ამისათვის, მცირე ლოდინიღაა საჭირო; უფრო კონკრეტულად კი, ჩემპიონატის დასკვნითი ტური (დღეს რომ უნდა ჩატარდეს) და საქართველოს თასის ფინალი...
...ისე, მართლაც "უცნაური" ტური გველოდება: ხუთიდან არც ერთ შეხვედრას პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს! ეგ კი არა, სატურნირო ცხრილშიც, ყველაზე ბევრი, სამი გადაადგილება შეიძლება მოხდეს, ისიც, სიმბოლური ხასიათი რომ ექნება. არადა, რაღა შორს მივდივართ და წინა სეზონი გავიხსენოთ - საიუბილეო, მეოცე ჩემპიონატში გამარჯვებულიც და მეორე-მესამე პრიზიორებიც ბოლოსწინა ტურში გამოვლინდა.
სამაგიეროდ, "დიდი ამბები" იყო ცხრილის ქვედა ნაწილში - სწორედ ბოლო ტურს უნდა გაერკვია, "ბორჯომთან" ერთად რომელი ორი გუნდი დატოვებდა უმაღლეს ლიგას. თანაც, მთავარი ინტრიგა ის იყო, რომ გავარდნის სამი კანდიდატიდან... ორი ერთმანეთს ხვდებოდა ("მესხეთი" და "სპარტაკი"), ხოლო მესამე ("გაგრა") - იმ ტურში ისვენებდა. შეგახსენებთ, როგორი სიტუაცია იყო: "მესხეთსა" და "სპარტაკს" შორის გამარჯვებული უმაღლეს ლიგაში ადგილს ინარჩუნებდა, აი, ფრეს შემთხვევაში კი "გაგრა" იხეირებდა. მოკლედ, ამ სეზონისგან განსხვავებით გვარიანი ინტრიგა იყო, თუმცა მოგვიანებით მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა...
ახლა კი, ალბათ დროა, რომ XXI ჩემპიონატის დასკვნითი ტურის მატჩებზეც ვისაუბროთ.
ტურის წინათქმა, რაღა თქმა უნდა, საქართველოს ახალი ჩემპიონის მონაწილეობით ჩასატარებელი მატჩით დავიწყოთ. ოღონდ, "ოლიმპის" მწვრთნელ-ფეხბურთელებს გარჯა არ უნდა დავუკარგოთ და თავიანთი საქმისადმი პროფესიული მიდგომაც სათანადოდ დავუფასოთ: გუნდმა მთავარ მიზანს კი მიაღწია, მაგრამ სეზონის დარჩენილ მატჩებს მაინც ღირსეულად ატარებს. ამასთან, ჩემპიონ-გუნდის მთავარ მწვრთნელს თემურ მახარაძეს ამ ბოლო მატჩებში შემადგენლობის როტაციის საშუალებაც მიეცა, თანაც, ზედიზედ ორი შეხვედრაა, "ოლიმპის" რიგებში 17 წლის დებიუტანტები რომ გამოჩნდნენ: ჯერ - ვაკო ყაზაიშვილი, მერე - ლაშა პარუნაშვილი.
აქედან გამომდინარე, "ოლიმპის" შემადგენლობაში დღევანდელ მატჩშიც ნუ გამოვრიცხავთ ახალი სახეების გამოჩენას; მით უფრო, რომ ჩემპიონი გორში ერთობ არაოპტიმალური შემადგენლობით მიემგზავრება. ისე კი, მართლაც საინტერესოა, თუ ვის დაეყრდნობა თავისი გუნდის შეტევის ხაზზე თემურ მახარაძე - აკინო ნაადრევად გავიდა შვებულებაში, რეზო ჯიქია - ტრავმირებულია, გიორგი ჭედია - დისკვალიფიცირებულია, სანდრო იაშვილმა წინა მატჩი გამოტოვა და ასე შემდეგ...
...აკინო ვახსენეთ და ისიც ვთქვათ, რომ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ამ სეზონში "სპარტაკის" მცველ-მეკარეთა რისხვა გახლდათ: "ოლიმპის" ბრაზილიელმა ლეგიონერმა ამ გუნდების წინა სამივე მატჩში შეძლო მეტოქის კარში გოლის გატანა. ოღონდ -"გახსენებაზე" თუ მიდგა საქმე, "სპარტაკი"-"ოლიმპის" პირველი და მეორე წრის მატჩები, ჯობს, რომ ყველამ "დავივიწყოთ", სამაგიეროდ, მესამე წრის შეხვედრაში რუსთაველთა კლუბმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა...
ერთი შეხედვით, არც ერთი გუნდისთვის "არაფრის მომცემი" შეხვედრაა; მაგრამ ზემოთ რომ სატურნირო ცხრილში მოსალოდნელი სამი გადაადგილება ვახსენეთ, დიდი შანსია, იქიდან ორი სწორედ ამ მატჩის შემდეგ მოხდეს. მასპინძელთათვის, ვფიქრობთ, დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ჩემპიონატს რომელ ადგილზე დაასრულებენ: მეექვსეზე, მეშვიდეზე თუ მერვეზე; თუმცა, ბოლო საშინაო შეხვედრაში მაინც შეეცდებიან მართლაც უცნაური "ბალანსის" დარღვევას: "სიონი" ხომ ერთადერთი გუნდია უმაღლეს ლიგაში, სტუმრად რომ უფრო მეტი ქულა აქვს მოპოვებული!
აი, მეტოქეებს რაც შეეხება, "გაგრაც" ერთადერთ გუნდად რჩება, სტუმრად თამაში რომ არ მოუგია. საერთოდაც: ამ გუნდის პირველ ლიგაში დაქვეითების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ გასვლით მატჩებში ნაჩვენები კატასტროფულად ცუდი შედეგია. თავად განსაჯეთ: სტუმრად აქამდე ჩატარებულ ჩვიდმეტ შეხვედრაში "გაგრამ" მხოლოდ ოთხი (!) ქულის მოპოვება შეძლო! მოკლედ, ანატოლი პისკოვეცის გუნდს დიდი შანსი აქვს, ეს უსიამოვნო ტენდენცია ოდნავ გამოასწოროს. ამასთან, სტუმრებს იმის შანსიც აქვთ, გამარჯვების შემთხვევაში ბოლოდან ბოლოსწინა ადგილზე გადაინაცვლონ. ვითომ, რა სხვაობა არისო, მაგრამ, გვერწმუნეთ, "ყველაფერს" მნიშვნელობა აქვს: კაცმა არ იცის, ზაფხულში რომელ გუნდს რა პრობლემები (ფინანსურიო, ლიცენზირებასთან დაკავშირებითო და ასე შემდეგ) შეექმნება; ჰოდა, მართლაც სტრატეგიულ მეცხრე ადგილსაც, ვინ იცის, რა მნიშვნელობა ექნება...
წინა სეზონი "ზესტაფონმა" მეოთხე ადგილზე დაასრულა, ახლა კი ეს შედეგი გააუმჯობესა; თუმცა, ალბათ, ბევრი დაგვეთანხმება, რომ ამ გუნდს უფრო მეტის მიღწევაც შეეძლო. ყოველ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე "ზესტაფონი" მაინც მეტ-ნაკლებ კონკურენციას უწევდა რუსთავის "ოლიმპს", აი, მერე კი თავისზე ბევრად სუსტ მეტოქეებთან მეტად დასანანი ქულები დაკარგა. სულ ბოლოს, კონკრეტულად კი მეოთხე წრეში, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოსდა, ამ გუნდისთვის სულერთი იყო: ჩემპიონატს მეორე ადგილზე დაამთავრებდა, თუ - მესამეზე...
დღევანდელ მატჩს არანაირი სატურნირო მნიშვნელობა არა აქვს, გარდა იმისა, რომ სტუმრებს გამარჯვების შემთხვევაში მეშვიდე ადგილის დაკავება შეეძლებათ (ოღონდ, ამავდროულად, "სიონი" შინ უნდა დამარცხდეს "გაგრასთან"). თუმცა, მასპინძლები თავიანთ ქომაგებთან (საქართველოში, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულად ერთგულებთან და ობიექტურებთან) ბოლო საშინაო შეხვედრაში გამარჯვებით შეეცდებიან დამშვიდობებას.
ამასთან, "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე, ალბათ, თავის გამოჩენის შესაძლებლობას გუნდის რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცემს. მით უფრო, რომ ეს ჭაბუკები (საბა ლომია, ნიკოლოზ ჩიხლაძე, მამუკა კობახიძე, გიორგი ჭანკოტაძე) ნელ-ნელა უშინაურდებიან ძირითად შემადგენლობას და როცა კი იასპარეზეს, ურიგო შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებიათ.
თასის ფინალს "დინამო" მართლაც მშვენიერ ფორმაში ხვდება: კახა კაჭარავას გუნდმა ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო დიდი ანგარიშით, თანაც, "დინამოს" მთავარ მწვრთნელს, ალბათ, ის ფაქტიც გაახარებდა, რომ, ბოლოს და ბოლოს... ფორვარდებმაც მოუხშირეს გოლების გატანას! ჰო, სულ ცოტა ხნის წინ ხომ დინამოელთაგან მეტოქეთა კარში გოლები მხოლოდ... მცველებს (გურამ კაშია, თენგიზ ჩიკვილაძე, ალექსანდრ კრსტესკი) გაჰქონდათ. ახლა კი, ყველაფერი "დალაგდა" და ჯერ, ჯორჯ აკირემიმ გაილაღა, ბოლოს კი - მათე ვაწაძემ.
რა თქმა უნდა, ამ წყვილში უდავო ფავორიტად მასპინძლები უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ "დინამომ", შესაძლოა, ერთობ გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზოს. ყველას კარგად მოეხსენება, რომ 26 მაისს "დინამოს" თასის ფინალური მატჩი ელოდება და სწორედ ამის გამო, კახა კაჭარავამ, შესაძლოა, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დღეს დაასვენოს კიდეც. რაც შეეხება "სამტრედიას", როგორც უნდა დასრულდეს დღევანდელი მატჩი, ამ გუნდის ასპარეზობა ყველანაირად დადებითად უნდა შეფასდეს.
ეს კი არა, უმაღლეს ლიგაში რვაწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ გუნდს იმის შანსიც აქვს, სეზონი თავისთვის მართლაც საპატიო, მეხუთე ადგილზე დაასრულოს! ამისათვის კი, "სულ მცირე", ორი რამ არის საჭირო: "სამტრედიამ" სათასო პაექრობაზე "გადართული" დღევანდელი მეტოქე დაამარცხოს, ხოლო "სპარტაკმა" შინ უნდა წააგოს ჩემპიონ "ოლიმპთან"...
"დინამოს" მსგავსად, თასის მეორე ფინალისტიც ამ ბოლო დროს საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს. ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ და ახლაც გავიმეორებთ, რომ გელა გომელაურის გუნდის ბოლოდროინდელი წარმატებული თამაში, ცოტა არ იყოს, მოულოდნელადაც გვეჩვენებოდა. მიზეზი კი, რაღა თქმა უნდა, ჩემპიონატში მოტივაციის არქონა იყო - "ვიტ ჯორჯია" საპრიზო სამეულში, ფაქტობრივად, ვერანაირად ხვდებოდა, მაგრამ გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელებმა "სამართლიანი თამაშის" პრინციპები ბოლომდე დაიცვეს. ბევრი მტკიცება არ სჭირდება იმ ფაქტს, თუ რას ნიშნავს მოახლოებული თასის ფინალი "ვიტ ჯორჯიასთვის" - ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და წარმატებულ ქართულ კლუბს ხომ პირველად ეძლევა ამ გათამაშებაში გამარჯვების შანსი.
აქედან გამომდინარე, "დინამო"-"სამტრედიას" მატჩის მსგავსად, შესაძლოა ამ შეხვედრაშიც არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი ვიხილოთ მასპინძელთა შემადგენლობაში; თუმცა, ამ ბიჭებისთვის ეს პირველი თუ მეორე მატჩი ნამდვილად არ იქნება: თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში (განსაკუთრებით - მეორე ეტაპიდან) "ვიტ ჯორჯიას" ძირითადში თუ შეცვლაზე ამავე კლუბის აღზრდილ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს ვხედავდით. გიორგი ვასაძე კი სულაც გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და საერთოდაც, სასიხარულოა, რომ "ვიტ ჯორჯია" უკვე წლებია, ამ კურსს არ ღალატობს.
"ლოკომოტივისთვის" კი, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, დღევანდელი მატჩი უკანასკნელი იქნება უმაღლეს ლიგაში (ისევ და ისევ, თუ ზაფხულში რაიმე არ შეიცვალა). არადა, გულწრფელად ვამბობთ: ახალგაზრდა მწვრთნელის გელა სანაიას ასევე ახალგაზრდული გუნდი ნამდვილად არ გვემეტება პირველი ლიგისთვის...





ავტორი:  გია ტუხაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი