მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-01
ქულები შემოდგომაზე დავთვალოთ
საქართველოს ახალგაზრდული (21-წლამდე) ნაკრები არსებობის მეთექვსმეტე წელიწადს ითვლის. ამ დროის განმავლობაში ჩვენმა ახალგაზრდებმა ევროპის ჩემპიონატის რვა შესარჩევი ციკლი ჩაატარეს და მხოლოდ ერთხელ იყო, როცა ქვეჯგუფში მეორე ადგილი დავიკავეთ...

სამწუხაროდ, იმ დროს (1996-98 წლების შესარჩევი ციკლი) ქვეჯგუფში მეორე ადგილზე გასული პლეი ოფში ბრძოლას აღარ აგრძელებდა, ამასთან, პირველ ადგილზე გასულ ინგლისის ნაკრებსაც ექვსი ქულით ჩამოვრჩით, მაგრამ ვლადიმერ გუცაევის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ჩვენს ახალგაზრდებზე აუგი ვის დასცდებოდა. ბოლო-ბოლო, იტალიის ნაკრები უკან ჩამოვიტოვეთ, სადაც ჯან-ლუიჯი ბუფონი, მასიმო ამბროზინი, ალესიო ტაკინარდი და კრისტიანო ლუკარელი თამაშობდნენ; ამას გარდა, მომდევნო ექვსი ციკლის განმავლობაში ქვეჯგუფში მეორე ადგილი ვეღარასდროს დავიკავეთ. ან, რომელ მეორე ადგილსა თუ შემდეგ ეტაპზე გასვლაზეა ლაპარაკი, როცა ოთხჯერ... ბოლო ადგილზე გავედით...
ჩვენთვის ყველაზე წარმატებულ, 1996-98 წლების შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა 12 ქულა მოაგროვა. და აი, ამდენი ხნის შემდეგ, ოთარ გაბელიას გუნდს მშვენიერი შანსი აქვს, რომ ეს შედეგიც გააუმჯობესოს და, რაც მთავარია, პლეი ოფში გასვლის შანსიც კიდევ არსებობს! რა თქმა უნდა, შვეიცარიელ თანატოლებთან გამარჯვება ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების სატურნირო მდგომარეობას მკვეთრად გააუმჯობესებდა; თავად განსაჯეთ: 11 ქულით მეოთხე ადგილზე გადავინაცვლებდით და ჩვენზე წინ მყოფ თურქეთსა და ესტონეთთან სხვაობაც მინიმალური იქნებოდა. თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ თურქებთან შედარებით ჩვენებს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, ესტონელებთან კი სულაც ორი თამაშით ნაკლები. ჰო, ქვეჯგუფის უპირობო ფავორიტთან და, ალბათ, უკვე პლეი ოფის საგზურის მფლობელ შვეიცარიის ნაკრებთან გამარჯვება მართლაც " დაგვხატავდა " , მაგრამ ჩვენც გვინდა ოთარ გაბელიას დავეთანხმოთ, საქართველო-შვეიცარიის მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რომ განაცხადა: ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული - სამივე მატჩს თუ მოვიგებთ, 18 ქულას დავაგროვებთ და პლეი ოფში გასვლის შანსიც დაგვრჩებაო.
დიახ, სამივე დარჩენილი მატჩის (სომხეთთან - შინ და გარეთ, პლუს თურქეთში სტუმრად შეხვედრის) მოგება გვჭირდება, ოთხ საუკეთესო მეორადგილოსნებს შორის რომ მოვხვდეთ. ისე, თეორიულად... პირველი ადგილის დაკავების ვარიანტიც არის; მაგრამ, მოდი, ყველაფერს რეალურად შევხედოთ: შვეიცარიას ერთი მატჩიღა დარჩა ჩასატარებელი და არა გვგონია, ქვეჯგუფის უპირობო აუტსაიდერ ირლანდიასთან რაიმე პრობლემა შეექმნას. მით უმეტეს, პიერლუიჯი ტამის ისედაც სოლიდურ გუნდს 3 სექტემბრისთვის ის ლიდერები დაუბრუნდებიან, ორი დღის წინ თბილისში რომ ვერ ვიხილეთ: ერენ დერდიოკი, მარიო გავრანოვიჩი, ქსერდან შაქირი, ფაბიან ლუშტენბერგერი, ფაბიან ფრეი, ვალენტინ შტოკერი... თუმცა, შვეიცარიას " თავი დავანებოთ " და ჩვენი ნაკრების შანსებზე ვისაუბროთ. ოღონდ, მანამდე ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის რეგლამენტი გვინდა შეგახსენოთ. შესარჩევი ტურნირი ამ წლის შემოდგომაზე სრულდება და პლეი?ოფში 14 გუნდი გადის. ათივე ქვეჯგუფის გამარჯვებული გუნდები ავტომატურად ხვდებიან პლეი ოფში, დანარჩენი ოთხი ადგილი კი ამ ათი ქვეჯგუფიდან ოთხ საუკეთესო მეორეადგილოსნებს ერგებათ. ამ ეტაპისთვის მართლაც ძნელია მეორეადგილოსნებს შორის საუკეთესო ოთხეულის " ამორჩევა " - ჩვენი ქვეჯგუფისა არ იყოს, დანარჩენ ცხრა ქვეჯგუფშიც გუნდებს არათანაბარი რაოდენობის მატჩები აქვთ ჩატარებული.
ეგაც რომ არ იყოს, მეორე ადგილზე ჯერჯერობით ხომ... ჩვენც არა ვართ; თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, ამის შანსი არსებობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოთარ გაბელიას შეგირდებს დარჩენილი სამივე მატჩი უშუალო კონკურენტებთან აქვს ჩასატარებელი. ანუ, სომხეთთან ორივე მატჩში და თურქეთთან სტუმრად ჩასატარებელ შეხვედრაში ქულათა მაქსიმალური რაოდენობა იმის გამოც უნდა ავიღოთ, რომ ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსნის გამოსარკვევად ქულების დათვლის დროს მხედველობაში მიიღება პირველ, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილზე გასულ გუნდებთან ნაჩვენები შედეგები. ანუ, ამ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ ჯგუფის აუტსაიდერ ირლანდიასთან (ალბათ, ბოლო ადგილზე დარჩება) მხოლოდ ორი ქულა ავიღეთ, მხედველობაში არ მიიღება.
თუმცა, მეორე მხრივ, თვითონ ჩვენს კონკურენტებს გაუჩნდათ მეორე ადგილის დაკავების შანსი; განსაკუთრებით კი ეს თურქებს ეხებათ: ოთხ სექტემბერს ჩვენ გვიმასპინძლებენ და სამ დღეში ასევე საკუთარ სტადიონზე აუტსაიდერ ირლანდიას მიიღებენ. თუმცა, ყოველივე ეს ვარაუდებია და ისღა დაგვრჩენია, ჩვენი ნაკრების უახლოეს მატჩებს დაველოდოთ: 11 აგვისტოს სომხეთიდან სამი ქულა უნდა წამოვიღოთ, მერე უკვე თურქეთში გადამწყვეტ შეხვედრას სატურნირო მნიშვნელობა რომ ჰქონდეს.

ახალგაზრდულის ძველი პრობლემები
ახლა კი საქართველოს ნაკრების ბოლო შეხვედრაზეც გვინდა საკუთარი აზრი გამოვთქვათ. ზემოთაც აღვნიშნეთ, ყველას გულით გვინდოდა ჩვენი ახალგაზრდების გამარჯვება; მით უფრო, როცა ამის შანსი გვქონდა. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრის მსაჯთა ბრიგადამ რამდენიმე ეპიზოდში უხეში შეცდომები დაუშვა (მხოლოდ არჩათვლილ გოლს არ ვგულისხმობთ), მაგრამ ვერმოგების მთლად არბიტრებზე გადაბრალებაც მართალი არ იქნება.
მოდი, ჯერ ის ვთქვათ, სტუმრად გვეწვია საკმაოდ ორგანიზებული და ტაქტიკურად განსწავლული გუნდი, თავისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად უკან რომ არაფერზე დაუხევია. ეგ კი არა, ჩვენი ახალგაზრდების თამაშიც, ფაქტობრივად, ბოლომდე " გაშიფრული " ჰქონდათ: მატჩი დაიწყო თუ არა, ჯანო ანანიძეზე ნამდვილი " ნადირობა " გამოაცხადეს. ჩვენს ფეხბურთელებთან შედარებით გვარიანად ჯანიანმა და ათლეტურმა შვეიცარიელმა ახალგაზრდებმა ხისტი და აგრესიული თამაში (ხშირად, დაუფარავ უხეშობაშიც რომ გადადიოდა) მატჩის ბოლომდე გააგრძელეს. ასეთ დროს კი მეტოქეს (მით უფრო, თავს რომ საკმაოდ ორგანიზებულად იცავდა) რაღაც " არაორდინარული " უნდა დაუპირისპირო.
ამ შემთხვევაში კი, უპირველეს ყოვლისა, ცალკეული ფეხბურთელების ინდივიდუალურ გაბრწყინებას ვგულისხმობთ, ჩვენდა სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელების შესრულებით მხოლოდ ერთი-ორჯერ თუ ვნახეთ. თანაც, შვეიცარიელების თამაშზე საერთოდ რომ არ ასახულა ხუთი-ექვსი წამყვანი ფეხბურთელის არყოფნა (!), იმავეს ჩვენებზე ნამდვილად ვერ ვიტყოდით. მით უმეტეს, როცა საუბარია ირაკლი კლიმიაშვილზე - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერსა და საკვანძო ფეხბურთელზე. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სწორედ კლიმიაშვილისა და ჯანო ანანიძის აქტიურობისა და არასტანდარტული აზროვნების იმედად უნდა ვყოფილიყავით შესანიშნავად ორგანიზებული გუნდის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების მარჯვენაფლანგელი მატჩის დასაწყისშივე ისე დაშავდა, შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
არადა, მანამდე ჩვენი ნაკრების განლაგება საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურებოდა: ოთხკაციანი დაცვის წინ დაუღალავი და მუდამ ბრძოლისუნარიანი ბუბა დაუშვილი მოქმედებდა (გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ " ზესტაფონის " საყრდენი ნახევარმცველი ჩვენს გუნდში უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო); ფლანგებზე, როგორც უკვე ვთქვით, კლიმიაშვილი და ანანიძე იყვნენ, აი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ივანიშვილი კი ცენტრალური შუამარბების ფუნქციებს ასრულებდნენ. გამოკვეთილი ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი, როგორც მოსალოდნელი იყო, რეზო ბარაბაძე თამაშობდა. ანუ, ჩვენი ნაკრების ტაქტიკური სქემა თავდაცვისას და შეტევისას ერთდროულად სამ " ვარიანტად " (4-5-1, 4-1-4-1, 4-3-2-1) შეგვეძლო დაგვეხასიათებინა. თუმცა, კლიმიაშვილის იძულებითმა და ნაადრევმა ცვლილებამ ბევრი რამ შეცვალა: მარჯვენა ფლანგზე გიორგი ივანიშვილმა გადაინაცვლა, მისი ადგილი კი მოედნის ცენტრში გიორგი განუგრავამ დაიკავა. ანუ, ისე გამოვიდა, რომ ჩვენი შემტევი პოტენციალი უფრო დასუსტდა: განუგრავა უფრო " ჩამშლელი " სტილის ფეხბურთელია, ივანიშვილიც ბევრად ეფექტური, ეგრეთ წოდებული, მეორე ფორვარდის პოზიციაზეა, ვიდრე ფლანგზე. არადა, ბევრი ფიქრობდა, რომ კლიმიაშვილის ნაცვლად ოთარ გაბელია ან ალექსი ბენაშვილს გამოიყვანდა, ანდა - დებიუტანტ ნიკა ძალამიძეს.
ბენაშვილს " ზესტაფონში " ურიგო სეზონი ნამდვილად არ ჰქონია; თანაც, ამ სწრაფ ფეხბურთელს ერთნაირი წარმატებით შეუძლია დაცვისა და ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე ასპარეზობა (ხანდახან, ცენტრშიც უთამაშია), ამასთან ძლიერი დარტყმაც აქვს. ძალამიძე გამოკვეთილი ფლანგის ფეხბურთელი არ არის, უფრო გამთაშებელია; მაგრამ ასეთ შემთხვევაში მოედანზე ერთნაირი სტილის სამი ფეხბურთელი (ძალამიძე, ოქრიაშვილი, ანანიძე) გვეყოლებოდა, ჰოდა, ათლეტურ და ტანმაღალ შვეიცარიელებთან მოედნის ცენტრი რომ არ დაგვეთმო, ალბათ, ამ მიზანსაც ემსახურებოდა უფრო ჯანიანი და, რაც მთავარია, იმავე ბენაშვილსა და ძალამიძეზე ბევრად გამოცდილი განუგრავას გამოყვანა.
...ზემოთ უკვე რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ შვეიცარიელებს ძირითადი შემადგენლობის ხუთი-ექვსი ფეხბურთელი აკლდათ. მაგრამ, იმათმა შემცვლელებმაც ჩინებულად ითამაშეს, განსაკუთრებით კი სტუმართა მერვე ნომერი გამოირჩეოდა - პაჯტიმ კასანი შვეიცარიის 21-წლამდე ნაკრებში სადებიუტო შეხვედრას ატარებდა, მაგრამ გამოცდილი ფეხბურთელივით ირჯებოდა. არადა, კასანი და მისი თანაგუნდელი ნასიმ ბენ ხალიფა 1992 წელს არიან დაბადებულნი და შარშან შვეიიცარიის ნაკრებთან ერთად 17-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. ამ ორი ფეხბურთელის ასაკი შემთხვევით არ გვიხსენებია: ხშირად გვესმის, მეტოქესთან შედარებით ახალგაზრდული გუნდი გვყავდაო. ოღონდ, ამ შემთხვევაში, მაინცდამაინც, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს არ ვგულისხმობთ...
... დრო გადიოდა და მხოლოდ იმის იმედზეღა ვიყავით, სტუმართა დაცვას რაიმე პოზიტიური შეცდომა დაეშვა; ან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცალკეულ ფეხბურთელს ინდივიდუალური ოსტატობა გამოევლინა, მაგრამ ჯანო ანანიძის ერთი სუპერპასის გარდა (გიორგი ივანიშვილის ჩინებული მომენტი რომ შეექმნა) ჩვენებს, რასაც ორგანიზებული და გააზრებული შეტევა ჰქვია, არც გაუკეთებიათ. ამასთან, ძალიან ბევრი წუნი გვქონდა გადაცემებშიც - თან, არა მხოლოდ შორ მანძილზე: ხშირად, ორ-სამ მეტრში მდგომ პარტნიორამდეც კი ვერ აღწევდა ბურთი. აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ რეზო ბარაბაძის ჩინებული ფიზიკური მონაცემები საკმარისად ვერ გამოვიყენეთ; არადა, როგორ გვჭირდებოდა ამ მატჩში ლევან ყენია - აი, ვის შეეძლო თავისი არასტანდარტული აზროვნებითა და მოქმედებით მეტოქისათვის ხიფათის შექმნა და თანაგუნდელების ხელსაყრელ პოზიციაზე გაყვანა.
სამწუხაროდ, " შალკეს " ქართველი ლეგიონერი უკვე დიდი ხანია ტრავმირებულია; ვერც ლევან მჭედლიძეს ვიყენებთ - იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ნიჭიერი ფეხბურთელი საკლუბო პრობლემებს მალე მოაგვარებს და ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებსაც დაეხმარება. საერთო ჯამში კი რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ: იმავე შვეიცარიელებისგან განსხვავებით, მხოლოდ 21-წლამდელთა შორის კი არა, საერთოდ, ქართულ ფეხბურთშია მეტ-ნაკლებად მაღალი დონის შემსრულებელთა დეფიციტი...


1
ავტორი:  გია ტუხაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი