მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-01
ახალი ისტორია ახალი სტილით
გასული სეზონი " ვიტ ჯორჯიასთვის " ძალიან შინაარსიანი გამოდგა. გუნდში ბევრი რამ შეიცვალა, რაც ხშირად შედეგებზეც ახდენდა გავლენას, მაგრამ კარგია ის, რაც კარგად მთავრდება - ვეტერინარებმა 26 მაისს საქართველოს თასი მოიპოვეს და ეროვნულ ჩემპიონატში მეოთხეობის მიუხედავად, სეზონი წარმატებით დაასრულეს.
უმაღლეს ლიგაში " ვიტ ჯორჯიამ " ქულების დაკარგვა თავიდანვე დაიწყო და მალე ნათელი გახდა, რომ გუნდი ჩემპიონობის შენარჩუნებას ვერ შეძლებდა. სამაგიეროდ, ვეტერინარებმა აქცენტი თასის გათამაშებაზე გადაიტანეს და თუკი წინა წლებში ამ ტურნირში განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევიათ, განვლილ სეზონში დაამტკიცეს, რომ ე. წ. " სათასო გუნდებს " არაფრით ჩამოუვარდებიან.

გზა ახალი ტიტულისკენ
რაკი " ჯორჯიასთვის " წარმატებული თასის გათამაშება აღმოჩნდა, მოკლედ გავიხსენოთ ის გზა, რომელიც მან ამ ჯილდომდე გაიარა. მერვედფინალში " ვიტ ჯორჯიამ " " ლოკომოტივს " უპრობლემოდ სძლია, მეოთხედფინალში კი " ზესტაფონს " გადაეყარა და პირველი მატჩის შემდეგ თითქოს ყველაფერი ნათელი იყო. შეგახსენებთ, ფეროელებმა ზესტაფონში 3:0 გაიმარჯვეს და თითქოს განმეორებითი შეხვედრა სრულ ფორმალობად აქციეს. თუმცა გორში " ვიტ ჯორჯიამ " არნახული ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, ძირითად დროში 3:0 გაიმარჯვა, დამატებითში კიდევ ერთი გაიტანა და ამ გამარჯვებით თასისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.
გელა გომელაურისა და მერაბ კოჭლაშვილის გუნდს ნაკლები დაბრკოლება არც ნახევარფინალში გადაულახავს. პირველლიგელ მარტვილის " მერანთან " " ვიტ ჯორჯია " სტუმრად დამარცხდა და საშინაო არენად ქცეულ რუსთავის " ფოლადზე " შეძლო სასურველი ანგარიშით გამარჯვება. საქართველოს თასის ფინალი კი სულ რამდენიმე დღის წინ ჩატარდა და გულშემატკივარს მისი პერიპეტიები მშვენივრად ახსოვს - " ვიტ ჯორჯიამ " " დინამოს " დამაჯერებლად აჯობა.
აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ " ვიტ ჯორჯიასა " და " დინამოს " დაპირისპირებები წინა სეზონშიც უაღრესად საინტერესო და დაძაბული იყო და ჩვენს არცთუ სანახაობრივ ჩემპიონატს თუ რამე ლაზათს მატებდა, ერთ-ერთი დედაქალაქური დერბიც იყო.
ისტორიაში პირველად, " ვიტ ჯორჯიამ " სეზონი ორი ტიტულით დაასრულა. თასის გარდა ხომ ვეტერინარებმა საქართველოს სუპერთასიც მოიპოვეს, თანაც ისევ და ისევ, უპრინციპულეს მეტოქესთან, " დინამოსთან " ჭიდილში.

ახალი მწვრთნელის მონაგარი
ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნას ბევრი გუნდისთვის მყისიერი შედეგი არ მოაქვს. მით უფრო ძნელია ისეთი თავკაცის სრულფასოვანი შეცვლა, რომელსაც კლუბში არაერთი წელიწადი გაუტარებია და საკმაო წარმატებითაც უმუშავია. ბუნებრივია, რამაზ მუმლაძეზე ვსაუბრობთ. იგი ხომ " ვიტ ჯორჯიას " ოთხ წელიწადზე მეტხანს განმავლობაში წვრთნიდა და იმის გარდა, რომ შარშან გააჩემპიონა, მისი ხელმძღვანელობით გუნდი ყოველთვის ახერხებდა ჩემპიონატის საპრიზო ადგილებზე გასვლას და ევროტურნირებზე ღირსეულად ასპარეზობდა. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მუმლაძე, ფაქტობრივად, ერთადერთი მწვრთნელია " ვიტ ჯორჯიას " ისტორიაში, რომელმაც თანამდებობა დიდხანს შეინარჩუნა.
...ჩემპიონთა ლიგაში სლოვენიურ " მარიბორთან " განცდილ მარცხს ეროვნულ ჩემპიონატში არასახარბიელო სტარტი მოჰყვა და როგორც ჩანს, " ვიტ ჯორჯიას " ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ გუნდის განვითარება უკვე არასასურველი ტემპით მიმდინარეობდა.
გარკვეული ხნის განმავლობაში მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს სტაჟიანი ჯორჯიელი მერაბ კოჭლაშვილი ასრულებდა, პირველი ეტაპის მიწურულს კი გუნდის ფაქტობრივი თავკაცი უკვე გელა გომელაური გახდა, რომელიც მანამდე " ვიტ ჯორჯიას " დუბლშემადგენლობას წვრთნიდა, უმაღლეს ლიგაში კი მისი დებიუტი შედგა.
გომელაურმა გუნდის სათამაშო სტილის შეცვლას მიჰყო ხელი და " ვიტ ჯორჯია " სანახაობრივ და კომბინაციურ ფეხბურთზე გადააწყო. ბუნებრივია, ტაქტიკური სიახლეებისთვის ალღოს აღებას დრო სჭირდება და ალბათ, ახალ სტრატეგიასთან ადაპტაციას უნდა მივაწეროთ ის გაუთვალისწინებელი დანაკარგები, რომელიც ვეტერინარებმა ჩემპიონატში განიცადეს.
სეზონის მიწურულს უკვე ნათელი გახდა, რომ " ვიტ ჯორჯია " ჩემპიონატში საპრიზო სამეულს ვერ შესწვდებოდა და ამიტომაც მის მწვრთნელებს ნამდვილად ვერ დავძრახავთ, უმაღლესი ლიგის ბოლო მატჩები თასის ფინალისთვის მოსამზადებლად რომ გამოიყენეს. სამაგიეროდ, ფინალში " ჯორჯიამ " ნამდვილად დაგვარწმუნა, რომ გუნდში განხორციელებულმა ტაქტიკურმა ცვლილებებმა გაამართლა - თასის ახალმა მფლობელებმა მეტოქე, უპირველესად, სწორედ იმ კომპონენტში დაჯაბნეს, რომელსაც მისი ახალი თავკაცი ასე მონდომებით ნერგავდა.

მეკარეები
გრიგოლ ბედიაშვილი მხოლოდ რამდენიმე მატჩში აღმოჩნდა სათადარიგო სკამზე და ძირითად შემადგენლობაში ადგილი მალევე დაიბრუნა. " ვიტ ჯორჯიას " ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მეკარე ჰყავდა. წარსულ დროში კი იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ ბედიაშვილი კარიერას რუსთავის " ოლიმპში " გააგრძელებს. შესაბამისად, მალე, ალბათ, მის დუბლიორ არდალიონ მიქაბერიძეს მიეცემა პირველი ნომრობის შანსი. " ვიტ ჯორჯიას " საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, ბედიაშვილის შემცვლელს სხვა გუნდიდან უხმონ.

მცველები
წინა სეზონებში " ვიტ ჯორჯია " გაცილებით ნაკლებ გოლს უშვებდა, რაც გუნდის მაშინდელ ტაქტიკას უნდა მივაწეროთ, თორემ გუნდის დაცვის ხაზი უცვლელი დარჩა. დაცვის ცენტრში უმეტესად, ალექსანდრე კვახაძისა და დავით ლომაიას დუეტი მოქმედებდა, თუმცა ძირითადში დროდადრო ახალგაზრდა გურამ ადამაძეც ხვდებოდა. მარცხენა ფლანგზე ლაშა ჯაფარიძის პოზიციები კვლავინდებურად ურყევი იყო, მარჯვნივ კი გიგა ბეჭვაიას, რომელსაც ტრავმის გამო ბევრი გაუცდა, საჭიროების შემთხვევაში, დავით ხურცილავა ცვლიდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურება ამ რგოლშიც აუცილებელი გახდება, რადგან " ოლიმპს " კვახაძემ და ჯაფარიძემ მიაშურეს.

ნახევარმცველები
ნახევარდაცვის ბირთვს იგივე ფეხბურთელები შეადგენდნენ, რომელთა შედეგიანი თამაშითაც გუნდი 2009 წელს გაჩემპიონდა. ცენტრში ურყევი იყო ლუკა რაზმაძის პოზიციები, ფლანგებზე კი გიორგი დათუნაიშვილი და ირაკლი კლიმიაშვილი გამოირჩეოდნენ. მათ გარდა, მოედანზე ხშირად იყო გიორგი ვასაძე, რომლის პროგრესიც გასულ სეზონში აშკარა გახდა. ახალგაზრდებს შორის ძირითად შემადგენლობას ნელ-ნელა უშინაურდებიან ჯანელიძე, გურეშიძე, მაისაშვილი და კორიფაძე. უდავოა, რომ მათ უმეტესობას მომავალ სეზონში კიდევ უფრო მეტი სათამაშო დრო ექნება, რადგან რაზმაძის " ოლიმპში " წასვლა უკვე გადაწვეტილია და კლიმიაშვილი და დათუნაიშვილიც ახალი გუნდის ძიებაში არიან.

თავდამსხმელები

" ვიტ ჯორჯიას " მთავარმა ფორვარდმა ვახტანგ კვარაცხელიამ სეზონის პირველი ნახევარი მაღალ დონეზე ჩაატარა და ჩემპიონატის ბომბარდირთა შორისაც გაერია, მაგრამ მეორე ეტაპზე ტრავმა მიიღო, რამაც საკმაო დრო დააკარგვინა. მის არყოფნაში დამაჯერებლად ითამაშა გიორგი ბერიაშვილმა, რომელმაც გუნდს არანაკლები სარგებელი მოუტანა. კიდევ ერთი ცენტრფორვარდი, " ჯორჯიას " ახალწვეული ბესიკ ჩიმაკაძე სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად თამაშობდა, მაგრამ როცა მოედანზე იყო, ყოველთვის ახერხებდა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას.
ფლანგზე კი ძველებურად ეფექტური იყო ჯაბა ლიპარტია, რომელმაც მთელი სეზონი სტაბილურად ჩაატარა და მეტოქის მცველებს ყოველთვის დიდ თავსატეხს უჩენდა.

ახალი გუნდი ახალი სეზონიდან
როგორც უკვე ვთქვით, " ვიტ ჯორჯიადან " რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის წასვლა უკვე გადაწყვეტილი ამბავია და კიდევ რამდენიმეს ასევე სხვა გუნდებისკენ უჭირავს თვალი. " ვიტ ჯორჯიასთვის " ეს ტრადიციული პროცესია, ვეტერინარები ყოველთვის ახერხებდნენ წასულების საკუთარი აღზრდილებით შეცვლას, მაგრამ ახალი გუნდის ჩამოყალიბებას დრო ყოველთვის სჭირდება.
არადა, დრო არ ითმენს, წინ ევროთასებია, სადაც " ვიტ ჯორჯიასაც " და სხვა ქართულ კლუბებსაც ღირსეული ასპარეზობა მართებთ. ასე რომ, გომელაურის წინაშე მორიგი რთული ამოცანა დგას - მან უმოკლეს დროში უნდა მოასწროს ახალი და რაც მთავარია, ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება. ვნახოთ, როგორ გაართმევს თავს იგი ამ მიზანს.
ვფიქრობთ, გამორიცხული არ არის, ევროთასებისთვის თუ ვერა, მომავალი ქართული სეზონისთვის მაინც მოესწროს ახალი ფორმაციის ანგარიშგასაწევი " ვიტ ჯორჯიას " შექმნა - ამ გუნდის ახალგაზრდებს საფეხბურთო მონაცემები ნამდვილად არ დაეწუნებათ, თანაც ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გომელაურს დუბლშემადგენლობიდან მოყოლებული, მათთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, " ვიტ ჯორჯიაში " რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე მაინც დარჩება და იმედი ვიქონიოთ, რომ ევროასპარეზზე საქართველოს თასის მფლობელი ჩვენი ქვეყნის ღირსებას დამაჯერებლად დაიცავს.



1
ავტორი:  ლევან ჯანეზაშვილი


კალენდარი
ივლისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი