მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-01
ბაქოს საგზურები თბილისში განაწილდება
ახლოვდება კარტოზია-ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი " თავისუფალ " და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობებში, რომელიც წლეულს " ოქროს დიდი პრიზის " რანგისაა და თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანიც. მსოფლიოს პირველობისკენ სავალ გზაზე ის ჩვენი გუნდების უმთავრესი შესარჩევი შეჯიბრებაა და ისინიც გამალებით ემზადებიან. ამჟამად ორივე ნაკრები დუშეთშია შეკრებაზე - " თავისუფლები " სრული შემადგენლობით, ბერძენ-რომაელებს კი ორიოდე კაცი აკლიათ. უმთავრესი დანაკლისი ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველიაა (74) - მან ადრე ვარჯიშზე კოჭი იტკინა, რამაც ტურნირში მისი მონაწილეობა იმთავითვე საეჭვო გახადა, ამ დღეებში კი მამა გარდაეცვალა და სულაც მშობლიურ ოზურგეთშია წასული. ვერც მისი შემცვლელი შმაგი გულიაშვილი იჭიდავებს - მენისკის გართულებული ოპერაციების შემდეგ სახლში კი გაეწერა, მაგრამ კვლავაც სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. არაფერს ვამბობთ მსოფლიოს ჩემპიონ დავით ბედინაძეზე (60) - ეტყობა, მისი სპორტში დაბრუნება ამ ეტაპზე გადაიდო. ყოველ შემთხვევაში, ამ ტურნირზე არ გამოვა. ამათ გარდა, ნაკრების ყველა ლიდერი იჭიდავებს - ლაშა გოგიტაძე (55), რევაზ ლაშხი (60), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მანუჩარ ცხადაია (66), მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონი ბადრია ხასაია (84), ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი რამაზ ნოზაძე (96), გურამ ფერსელიძე (120). იქნებიან მეორე ნომრებიც და სხვა ყველაც, ვისაც კი ნაკრებში მოხვედრის პრეტენზია გააჩნია.
ბერძენ-რომაელთაგან განსხვავებით, დანაკლისი არ უნდა ჰქონდეთ " თავისუფლებს " . ყოველ შემთხვევაში, ნაკრების თავკაცი ზაზა თურმანიძე ჭიდაობასაც ყველასგან მოითხოვს და არც ვინმეს გათავისუფლებას აპირებს. სხვა საქმეა, ვინმეს რამე თუ ასტკივდება ან, ღმერთმა დაიფაროს და, დაშავდება. თუმცა ზედ ტურნირის წინ " უქეიფოდ გახდომა " ჩვენს ფალავნებს ცუდ ჩვევად ექცათ, რაც, ვეჭვობთ, უფრო სიზარმაცითაა განპირობებული. სამწუხაროდ, ბევრისთვის მშობლიური ტურნირი მეორეხარისხოვანია, რასაც ვერ ვიტყვით, ვთქვათ, ჩრდილოკავკასიელ მოჭიდავეებზე, რომლებიც ლამის უკლებლივ გამოდიან მათთან ჩატარებულ შეჯიბრებებში და ამით ქომაგისადმი პატივისცემას გამოხატავენ. თავის მხრივ, ცნობილი ფალავნების მონაწილეობა ჭიდაობისადმი ინტერესსაც ზრდის, რისი შედეგიცაა ჩრდილოეთ კავკასიაში დღეს არსებული საჭიდაო ბუმი. ამას წინათ ინტერნეტში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს პრიზიორის, ევროპის ორგზის და ოლიმპიურ ჩემპიონ ასლანბეკ ხუშტოვზე (96) გადაღებულ ფილმს ვუყურებდი, სადაც ყაბარდოელთა სათაყვანო ფალავანმა საკუთარ დარბაზზე განაცხადა, აქ არასოდეს გავმხდარვარ ჩემპიონი, მედალიც კი არასოდეს მომიპოვებიაო. ესეც საგულისხმო ფაქტია, რადგან, ჯერ ერთი, ასეთ ტიტულოვანთა წინააღმდეგ ყველა განსაკუთრებული მონდომებით იბრძვის და, მით უფრო - საკუთარი ქომაგის თვალწინ. მეორეც - ნაკრების ლიდერობა სულაც არაა მოგების გარანტია. ვის სად დაუცდება ფეხი და ვინ ვისთან წააგებს, წინასწარ არავინ იცის. ვეჭვობთ, სწორედ ამ შემთხვევითობისგან თავის დასაზღვევად არ სურთ ჭიდაობა მათ, ვინც თავს არიდებს ტურნირს. იმედია, ამჯერად ფედერაციაც და ნაკრების ხელმძღვანელობაც ბევრად პრინციპულები იქნებიან, თუმცა არის მეორე გარემოებაც, რაც ლიდერებს მონაწილეობისკენ უბიძგებს - გაცდენა მათ ხელფასებზე აისახება, მაგრამ უმთავრესი ისაა, რომ თურმანიძე ამ შეჯიბრებას მსოფლიოსთვის შესარჩევად იყენებს, ასეთ შემთხვევაში კი, ჩემპიონთა შემადგენლობას, როგორც წესი, არ ცვლის. თუმცა მაინც აჯობებს, მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ ყველას, ვისაც სერიოზული ტრავმა არ აწუხებს.
ბერძენ-რომაელები დუშეთში მარტო ემზადებიან, " თავისუფლებს " კი სტუმრებიც ჰყავთ - კანადელები და ყაზახები ჩამოვიდნენ ერთობლივ ვარჯიშებზე. როგორც იცით, ყაზახებმა ერთი ხანობა თითქოს იუარეს შეკრებაზე ჩამოსვლა, მაგრამ მერე მაინც გვესტუმრნენ. ჯერ მხოლოდ ხუთკაციანი გუნდით, მაგრამ ტურნირზე სხვებიც ჩამოვლენ. მათ არ ჰყავთ უძლიერესი შემადგენლობა - აქცენტი ძირითადად ახლებზე გადაიტანეს, თუმცა მაინც ძლიერები ჩამოვიდნენ. კანადელებს არ ჩამოჰყოლიათ ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი გია სისაური, რომელიც იქაურ ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნის და ახლა შეკრებაზეა.
როგორც ირკვევა, " თავისუფლებში " ბალავაძის ტურნირზე არ იჭიდავებენ ახალგაზრდული ნაკრების წევრები - ისინი ივნის-ივლისში გასამართი ევროპისა და მსოფლიოს პირველობებისთვის ემზადებიან, რომლებიც წლეულსაც ადრინდელივით უცნაური გრაფიკით გაიმართება - მათ შორის ერთთვიანი ინტერვალიც არაა. ამიტომ მათ თავკაც ნუგზარ სხირელს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ შეჯიბრებაში ახალგაზრდების გამოსვლა. შესაძლოა, მწვრთნელმა გამონაკლისი მხოლოდ ვლადიმერ ხინჩეგაშვილისთვის (55) დაუშვას.
ჯერჯერობით სიახლე არც უცხოელ მონაწილეთა სახელობით თუ რაოდენობრივ სიებშია - სადღეისოდ კვლავაც 14-მდე გუნდს ელოდებიან. კანადა, ყაზახეთი, რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, უკრაინა, ინდოეთი, იაპონია, ირანი, მონაკო - ამათ უკვე დაადასტურეს ჩამოსვლა და, იმედია, ტურნირამდე არ გადაიფიქრებენ. დიდი შანსია, საბერძნეთიც დაგვემატოს აქედან წასულების ხარჯზე - ევროპის ჩემპიონი ემზარ ბედინეიშვილი (74), მიხეილ ჩიქოვანი (84) და სხვანი... ტიტულოვან უცხოელთაგან დავასახელებთ ირანელ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ ჰამიდ სორიანს, რომელიც ამჯერად 60-ში იჭიდავებს და მსოფლიოს შარშანდელ მესამე პრიზიორ ჰაბიბოლაჰ აკლაგის (84); რუსთა მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონს, ევროპის ხუთგზის ჩემპიონ ალექსეი მიშინს (84) და ევროპის პრიზიორ ევგენი პოპოვს (74). ეს ბერძნულ-რომაულში, " თავისუფალში " კი ირანელებს გამოვარჩევთ, მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის მედალოსნებს - ჩემპიონ მეჰდი კერმან ტაგავის (66), ვიცე-ჩემპიონ ფარდინ მასოუმი ვალადის (120) და მესამე პრიზიორ სადეგ გოუდარზის (74). წინასწარ განაცხადშია 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი საიედ მურად მოჰამადიც (60) და ახალგაზრდებში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჰასან რაჰიმიც (55). არის ლაპარაკი სხვა ცნობილ ფალავნებზეც, მაგრამ ვნახოთ, ვინ გვესტუმრება - ჯერ სხვებზე გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით. ისე ეტყობა, რუსეთიდან " თავისუფლები " არ ჩამოვლენ, თუ ჩამოვლენ და - შესუსტებული შემადგენლობით. მათ ახლახან მახაჩყალაში ალი ალიევის მემორიალი ჩაატარეს, მალე კი რუსეთის ჩემპიონატი ექნებათ. იქაურ ბერძენ-რომაელთა თავკაცმა გოგი კოღუაშვილმა გუნდი ორად გაყო - მეორე ნაწილს იმავე რიცხვებში დორტმუნდში აგზავნის. გერმანულ შემადგენლობაში რამდენიმე ცნობილი ფალავანია - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ასლანბეკ ალბიევი (66), ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი ვიაჩესლავ ჯასტე (60) და ევროპის პრიზიორი რუსლან ბელხოროევი (74).
ჩვენი ტურნირი 5-7 ივნისს თბილისის გივი კარტოზიას სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართება. 5 ივნისს საჭიდაოდ " თავისუფალთაგან " 60 და 120 კილოგრამი წონითი კატეგორიების ფალავნები გავლენ, ბერძენ-რომაელთაგან " 55-ის, 66-ის და 96-ის. მეორე დღეს ბერძენ-რომაელთაგან 74-ის და 120-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ, " თავისუფალთაგან " - 55, 66 და 96-ის. ტურნირის ყველაზე ხანმოკლე დღე 7 ივნისი იქნება, როცა ლეიბზე ორივე სტილის მოჭიდავეთა ორ-ორი წონითი კატეგორია წარსდგება - " თავისუფალთაგან " 74 და 84, ბერძენ-რომაელთაგან - 60 და 84. 16-18 ივლისს ბაქოში გასამართი " ოქროს დიდი პრიზის " ფინალური ტურნირის საგზურს რვა საუკეთესოს შორის მოხვედრილები მიიღებენ, მაგრამ აქაც ერთი შეზღუდვაა - ფინალში ყოველ ქვეყანაზე თითო წონაში სამ-სამი კვოტაა დაშვებული. ამდენად, თუ ფინალის საგზურს რომელიმე წონაში ქვეყნიდან სამზე მეტი ფალავანი მიიღებს, ბაქოში მათგან სამი საუკეთესო იჭიდავებს. ტრადიციულია ჩვენი ტურნირის საპრიზო ფონდიც - ჩემპიონი 1500 დოლარს მიიღებს, ვიცე-ჩემპიონი - 800-ს, ბრინჯაოს პრიზიორები - 500-500-ს.
ტურნირზე დასწრება თავისუფალია.




1
ავტორი:  ირაკლი თავაძე


კალენდარი
სექტემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი