მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-15
წახკაძორიდან ბაქომდე
ჩვენი ეროვნული საჭიდაო ნაკრებები მსოფლიოს პირველობისთვის მზადების გეგმიურ ეტაპს იწყებენ. მას შემდეგ, რაც მოილიეს სეზონის პირველი ნახევარი, ანუ ევროპის ჩემპიონატისთვის განკუთვნილი ეტაპი, მათ წინაშე ახალი ამოცანა დადგა - მსოფლიოს ჩემპიონატი და იქ ღირსეული გამოსვლა. არადა, ეს ძალზე ძნელი იქნება - პლანეტის პირველობას 6-12 სექტემბერს რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი უმასპინძლებს, იქ ბრძოლა კი ყველასთვის სახათაბალოა, არა მხოლოდ ჩვენების. რუსები სხვაგან რა დღეში არიან და შინ რას იკადრებენ, წინასწარ ხვდება ყველა.
ჩვენმა ნაკრებებმა მსოფლიოსთვის მზადების პირველი ნაბიჯი უკვე გადადგეს - კარტოზია-ბალავაძის სახელობის `ოქროს დიდი პრიზის~ ტურნირზე წასვლის უმთავრესი კანდიდატები გამოავლინეს, ახლა კი შეკრებებს იწყებენ. პირველ საწვრთნელ შეკრებას ორივე ნაკრები უცხოეთში - სომხურ წახკაძორში გამართავს, სადაც `თავისუფლები~ ხვალ, ბერძენ-რომაელები კი 18 ივნისს გაემგზავრებიან. ეს შეკრება მთლიანად ფიზმომზადებას დაეთმობა, ანუ საბაზო იქნება. იგი ორ კვირას გასტანს, თვის ბოლოს კი ჩვენები თბილისში დაბრუნდებიან და აქ გააგრძელებენ ვარჯიშს.
მსოფლიოს პირველობამდე მათი უახლოესი სამიზნე 16-18 ივლისს ბაქოში გასამართი `ოქროს დიდი პრიზის~ ფინალური ტურნირია, სადაც ორივე სახეობაში დაახლოებით 40-კაციანი გუნდით გამოვალთ. იქ მოსახვედრი ლიცენზია ამდენმა ქართველმა მოიპოვა, ამ ტურნირში გამოსვლა კი სავალდებულოა - თავის არიდება ფინანსური ჯარიმით ისჯება. თუმცა მონაწილეობაზეც სოლიდური გადასახადია და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია (FILA) იმაზეც კი მიდის, დაშავებული ლიცენზირებული მოჭიდავე შეიცვალოს, ოღონდ კი რაოდენობაში არ დააკლდეთ - გამოკლება ხომ გადასახადსაც შეამცირებს. ეს ტურნირიც მსოფლიოსთვის მზადების ერთ-ერთი ეტაპია. პირობითად ის ბოლო სასტარტო შეჯიბრებადაა მიჩნეული, მაგრამ, თუ ვინმეს დამატებით კიდევ დასჭირდება ტურნირში გამოსვლა, სადმე გაუშვებენ. თუმცა არჩევანი არც ისე დიდია - `თავისუფლებს~ ასეთად მადრიდის და პოლონეთის ტურნირი რჩებათ, ბერძენ-რომაელებს - მხოლოდ პოლონეთისა.
აქვე ბაქოში მოასპარეზეთა სიაზეც ვთქვათ, რომელიც ადრე კი შემოგთავაზეთ, მაგრამ ამჯერად FILA-მაც გამოაქვეყნა თავისი ვერსია, რომელიც ცოტათი განსხვავდება ქართულისგან. კერძოდ, მასში შეყვანილნი არ არიან ის ტიტულოვანი ქართველი ფალავნები, რომლებსაც საკვალიფიკაციო ტურნირებში არ უჭიდავიათ და, შესაბამისად, ჯერ არც საგზურები გააჩნიათ - ოთარ თუშიშვილი (66) თავისუფალ ჭიდაობაში, მანუჩარ ცხადაია (66), მანუჩარ კვირკველია (74), რამაზ ნოზაძე (96) ბერძნულ-რომაულში... ჩვენმა ფედერაციამ FILA-ს თხოვნით მიმართა, პერსონალურად მიიწვიოს ისინი ტურნირზე, როგორც ტიტულოვანი სპორტსმენები. იმ შეჯიბრების რეგლამენტი ოლიმპიური ჩემპიონების, წინა წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მედალოსანთა მიწვევას ისედაც ითვალისწინებს (ოღონდ ამათთვის მონაწილეობა სავალდებულო არაა, ანუ უარის თქმა შეუძლიათ), თუმცა ამათგან ზოგიერთი ვერც ამ კატეგორიაში ხვდება. მაგრამ არის კიდევ ერთი გზა, რომლითაც ამათი მონაწილეობა ბაქოში შესაძლებელია - შეიძლება, მათ რომელიმე ლიცენზირებული მოჭიდავე ჩაანაცვლონ. მაგალითად, ახლავე ცნობილია, რომ ბერძნულ-რომაულში ვერ იჭიდავებს შმაგი გულიაშვილი (74), რომელსაც აპენდიციტი გაუსკდა და ორი ოპერაცია გაიკეთა, მის ნაცვლად კი კვირკველია იასპარეზებს. არ არის გამორიცხული, მწვრთნელებმა ასეთივე როქი სხვებთანაც გააკეთონ და ლიდერებს სატურნირო პრაქტიკა მისცენ. ალბათ, ეს უფროა მოსალოდნელი, ვინაიდან უსაგზუროდ დარჩენილთა უმეტესობა მოსკოვში წასვლის კანდიდატად მოიაზრება, როგორც წონის ლიდერი და კონკურენტზე უკეთესი. სავარაუდოდ, მწვრთნელები მათ მისცემენ სატურნირო პრაქტიკას, თუმცა ჯერ კიდევაა შანსი, FILA-მ ისინი პერსონალურად მიიწვიოს ბაქოში და სხვებს გზაზე არ გადაეღობონ.
გთავაზობთ FILA-სეულ სიას თავისუფალ ჭიდაობაში: ბესარიონ გოჩაშვილი, ლაშა ლომთაძე, ამირან ელბაქიძე (55), მალხაზ ქურდიანი, მალხაზ ზარქუა, გიორგი ბალიაშვილი (60), შალვა მუზიაშვილი, პაატა ნოზაძე, გოგა ხუჭუა (66), გელა საღირაშვილი, ოთარ ურატაძე, მარადი ზოიძე (74), დავით მარსაგიშვილი, არჩილ ქიტიაშვილი, თორნიკე სვანიძე (84), გიორგი გოგშელიძე, ბელდუხ გავაშელიშვილი, დაჩი ქერაშვილი (96), ლევან ბერიანიძე, დავით მოძმანაშვილი, კობა კერესელიძე (120).
შეგახსენებთ, რომ სეზონში `ოქროს დიდი პრიზის~ ფინალური ტურნირისთვის ორი შესარჩევი შეჯიბრება იმართება, მაგრამ ჩვენმა `თავისუფლებმა~ მხოლოდ ერთში იჭიდავეს - ბალავაძის ტურნირზე თბილისში, სეზონის დასაწყისში კრასნოიარსკში გამართული ივან იარიგინის მემორიალი კი გამოტოვეს. მოგეხსენებათ, გამწვავებული პოლიტიკური ვითარების გამო ქართული გუნდები რუსეთის ტერიტორიაზე გამართულ ტურნირებში ნაკლებად მონაწილეობენ. ეს საგზურებიც მხოლოდ თბილისშია მოპოვებული, თუმცა ამათგან ერთი - დავით მარსაგიშვილი ბაქოში არ იჭიდავებს. ძალზე პერსპექტიული ყაზბეგელი ფალავანი ჯერ კიდევ ახალგაზრდული ნაკრების წევრია და ივნისის ბოლოს ბულგარულ სამოკოვოში თანატოლთა ევროპირველობაზე უნდა გამოვიდეს, სულ რაღაც სამ კვირაში კი ბუდაპეშტში მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობაც ელოდება. ცხადია, ასეთი დატვირთული კალენდრის პირობებში ეროვნულ ნაკრებში გამოსვლა მისთვის გაუმართლებელი და უგუნური დატვირთვაა. ამიტომაც არ აძალებენ ბაქოში ჭიდაობას. სავარაუდოდ, მას იქ სხვა შეცვლის.
`თავისუფალთაგან~ განსხვავებით, ბერძენ-რომაელებმა ორივე შესარჩევ ტურნირში იჭიდავეს - უნგრულ სომბათჰეისა და თბილისში, თუმცა საგზურების უმეტესობა მაინც საკუთარ კედლებში მოიპოვეს. FILA-ს მიერ გამოქვეყნებულ სიებში ფინალურ ტურნირზე მოჭიდავე ეს ქართველები მოხვდნენ: ლაშა გოგიტაძე, ზურაბ კეკელიძე, მინდია წულუკიძე (55), რევაზ ლაშხი, გოგა გოგიბერაშვილი (60), ანტონ მამაგეიშვილი, მუხრან მაჭუტაძე, საჩინო დავითაია (66), გიორგი ცირეკიძე, გენადი გოგიშვილი, შმაგი გულიაშვილი (74), ვლადიმერ გეგეშიძე, აკაკი ჯოხაძე (84), ვასილ იმერლიშვილი, იოსებ ჯაბიძე, სერგო ნინუა (96), ოთარ ბოლქვაძე, გურამ ფერსელიძე, სერგო გოგისვანიძე (120) მოხვდნენ.
რამდენიმე მოსალოდნელი ცვლილება აქაც გარდაუვალია. კერძოდ, წულუკიძეს, დავითაიას და კიდევ რამდენიმე მონაწილეს ახალგაზრდული ნაკრები ელოდებათ. იმ გუნდის თავკაც ვლადიმერ ადეიშვილს ჯერ არ დაუსახელებია ევროპის პირველობაზე წასაყვანი შემადგენლობა, მაგრამ ვინაიდან მსოფლიოს პირველობაც მეტად შეზღუდულ ვადებში იმართება, ახალგაზრდულების მწვრთნელები ორ-ორ შემადგენლობას ამზადებენ და, სავარაუდოდ, ადეიშვილი ეროვნულში არავის გაუშვებს. ყოველ შემთხვევაში, ეროვნულის თავკაცმა ბეგი დარჩიამ წულუკიძის შემცვლელად უკვე დაასახელა გიორგი გვენეტაძე, დავითაიასი - ცხადაია. გულიაშვილს რომ კვირკველია შეცვლის, უკვე გითხარით, ტრავმის გამო კი ჯერ ისევ გაურკვეველია ჯოხაძის საკითხი. შესაძლოა, მას მხარზე ოპერაციაც დასჭირდეს და ამ შემთხვევაში ვერც ბაქოში იასპარეზებს, მწვრთნელმა კი მის ნაცვლად დავით ხეთაგური შეიგულა.
წერილი შეკრებებზე საუბრით დავიწყეთ და ბარემ ასაკობრივ გუნდებზეც ვთქვათ. ახალგაზრდები უკვე დასკვნით შეკრებაზე არიან დუშეთში, ჭაბუკები კი სულ მალე გაემგზავრებიან ბათუმში, ოღონდ ისინი მზადების დასკვნით ეტაპს ახლა იწყებენ, ვინაიდან მათი ევროპირველობა 3-8 აგვისტოს ტარდება ბოსნიურ სარაევოში.






ავტორი:  ირაკლი თავაძე


კალენდარი
სექტემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი