მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-21
იუბილარი. გოჩა მაჩაიძე 60 - ...ახლოს არ მიკარებენ
70-იანი წლების თბილისის "დინამო" ძმები მაჩაიძეების გარეშე ცოტა წარმოუდგენელიც იყო; უფროსი, მანუჩარი წლების განმავლობაში "დინამოს" კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი იყო; არც გოჩა მაჩაიძე გახლდათ ურიგო ფეხბურთელი, მართლაც განსაკუთრებული უნივერსალიზმით რომ გამოირჩეოდა: ბავშვობაში ფორვარდი იყო, შემდეგ ნახევარდაცვაში თამაშობდა, კარიერის ბოლო წლებში კი უკვე განაპირა მცველად მოგვევლინა. "დინამოსთან" ერთად გოჩა მაჩაიძე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა და თასს დაეუფლა, ამას გარდა არაერთი წარმატებული მატჩი ჩაატარა საერთაშორისო არენაზეც: "ლივერპულის", "ინტერის", "რეალის" წინააღმდეგ.
ქართული ფეხბურთის დამსახურებულ ვეტერანს დღეს იუბილე აქვს - 60 წელი შეუსრულდა! თუმცა, წინდაწინ ვიტყვით, რომ მთლად "საიუბილეო ინტერვიუ" ნამდვილად არ გამოგვივიდა...

- ბატონო გოჩა, ამჟამად რას საქმიანობთ?
- არაფერს. საერთოდ, ფეხბურთთან ახლოს არ გამაკარეს, უფროს ნოდარ ახალკაცთან, ცხადია, არც ვიმუშავებდი, მაგრამ სიტუაცია არც მერე შეიცვალა.
- ფეხბურთში დაბრუნების მცდელობა არ გქონიათ?
- მერაბ ჟორდანიას დროს მივედი ფედერაციაში და ვთხოვე, სადმე მწვრთნელად რომ მემუშავა; ამხელა დონეზე მაქვს ფეხბურთი ნათამაშები, უზარმაზარი გამოცდილება დამიგროვდა და გამომიყენეთ-მეთქი, იმათ კი, ლიცენზია უნდა აიღო, სხვაგვარად ვერ იმუშავებო...
- ისე, ლიცენზია ნებისმიერი მწვრთნელისათვის აუცილებელია...
- გასაგებია, მაგრამ იმასაც ხომ მნიშვნელობა აქვს, სამწვრთნელო კურსებზე ლექციას ვინ წაგიკითხავს! ამხელა კაცი, დილის 9 საათიდან საღამომდე ბეჯითად ვიჯექი და დარსაძის ლექციებს ვისმენდი; მერე, ვიღაც უცხოელი მოგვიყვანეს, წარმოიდგინეთ, ავთანდილ ღოღობერიძესთან ერთად ვთამაშობდიო, ათასგვარ სისულელეებს გვიკითხავდა; მაგრამ, სამაგიეროდ, 10000 დოლარს უხდიდნენ ვითომ-ლექციების წაკითხვაში...
- ლიცენზია თუ აიღეთ, მუშაობა რატომ აღარ დაიწყეთ?
- აღარ მინდა იმ კაცის სახელი და გვარი ვახსენო, ვისთანაც დამხმარედ გამიშვეს; ფაქტობრივად ისეთი სიტუაცია შეიქმნა, უნდა წამოვსულიყავი და დღემდე ასე უმუშევარი ვარ. ამპარტავნობაში არავინ ჩამითვალოს, მაგრამ 12 წელი მაღალ დონეზე ვთამაშობდი, ვერცხლის მედალიც მაქვს მოგებული და ოქროსიც, თასიც აღებული მაქვს და მსოფლიოს რომ აზანზარებდნენ, ისეთი გუნდების წინააღმდეგაც მითამაშია, მაგრამ ახლოს არ მიკარებენ; მხოლოდ... სუფრასთან სურთ ჩემთან ურთიერთობა, აი, "შიდა სამზარეულოში" არავინ მახედებს.
- როგორ ფიქრობთ, ასე რატომ იქცევიან?
- იმიტომ, რომ სიმართლის მოსმენა არავის სიამოვნებს, ჰოდა ახლოს არ მიკარებენ; საშა ჩივაძე ჩემი მეგობარია, ერთ უბანში გავიზარდეთ და პიროვნულადაც უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ, რა ქნას, ვერაფერს წყვეტს. ჩემ გამო პროტესტი რომ გამოთქვას, შესაძლოა, უმუშევარი დარჩეს.
- ფედერაციის ახალ პრეზიდენტზე რას იტყოდით?
- მეტ-ნაკლებად მაინც იმედით შევხედე მის დანიშვნას; თუმცა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ კაცს ჩვენი ფეხბურთი ნანახი საერთოდ არა აქვს. გასაგებია, რომ კარგი ბიზნესმენია, მაგრამ ისიც უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებით ჩვენ ფეხბურთს არაფერი ეშველება.
- აბა, ახალი სტადიონები არ უნდა ავაშენოთ? ან, ძველი არ უნდა შეკეთდეს?
- ეს ყველაფერი, რაღა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ქართული ფეხბურთის პრობლემებს ბევრად უფრო "ღრმა ფესვები" აქვს. გენიალური ნათქვამია - ერი მაშინ კვდება, ისტორიას რომ ივიწყებსო; მე კიდევ დავამატებდი, რომ ერი მაშინ იღუპება, ამ ერის ისტორია არასწორად რომ დაიწერება. ჰო, ფეხბურთში თუ წარსული მოკალი, აღორძინებაზე არც უნდა იფიქრო. 30 წელია, ფეხბურთიდან წავედი და ამ ხნის განმავლობაში ტყუილის მეტი არაფერი მომისმენია; არის ჯგუფი, ვინც ხელში ჩაიგდო ქართული ფეხბურთი და ეს "მაფია" მართავს კიდეც ყველაფერს...
- ქართული ფეხბურთის პრობლემებს მოგვიანებით დავუბრუნდეთ; ახლა კი თქვენი საფეხბურთო კარიერის შესახებ ვისაუბროთ.
- "დინამოში" 1970 წელს ჩავირიცხე; მაგრამ, სხვა რამ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ახლა მაქვს ამის უფლება: საქართველოში სპეციალისტებიც და გულშემატკივრებიც ფეხბურთში ვერ ერკვევიან! თან, ჩვენი ფეხბურთის უბედურება დიდი ხანია დაიწყო: აბა, ტრიბუნაზე ხალხის მოსაზიდად ლატარეას რომ გაათამაშებ, სხვა რა უნდა იფიქრო; არადა, მე რომ ვთამაშობდი, იმ დროს, ბილეთის საშოვნელად გულშემატკივარი ძვირფას საათს მოიხსნიდა ხელიდან ან პიჯაკს გაიხდიდა; ახლა კი, ჩვენს სტადიონებზე სიარული და იმის ნახვა, ფეხბურთს რომ უწოდებენ, სასჯელია და სხვა - არაფერი!..
- ძალიან მკაცრი შეფასება ხომ არ არის?
- როგორ გგონიათ, ქართული ფეხბურთის ნგრევა ახალი დაწყებულია? როცა ვთამაშობდი, ჩემზე ამბობდნენ, - ძმაზე უარესიაო, ბურთს ათრევსო; წარმოიდგინეთ: ბურთის ტარებას გვიკრძალავდნენ! მწვრთნელი რომ ამას გეტყვის: ბურთი მიიღე და მაშინათვე პასი გადააწოდეო, აბა, რომელ ფეხბურთზეა ლაპარკი? ეს იგივეა, მესის რომ ბურთის ტარება აუკრძალო...
- "დინამოში" თამაშისას არაერთ მწვრთნელთან გიმუშავიათ და იმათგან რომელს გამოარჩევდით?ძ
- ალბათ, მიხეილ იაკუშინს; სხვათა შორის, "დინამომ" 1981-ში რომ თასების თასი აიღო, ამ კაცის დიდი დამსახურებაც არის: საფუძველი ჩაუყარა, გუნდი შეკრა, ვახტანგ ქორიძე და ვიტალი დარასელია მოიყვანა გუნდში; იცოდა, რომელი ფეხბურთელი რომელ ამპლუაში გამოეყენებინა. კი, ალკოჰოლის მიმართ მიდრეკილება ჰქონდა, მაგრამ ისეთი შემთხვევებიც იყო, რომ ხანდახან უბიძგებდნენ კიდეც ამისკენ.
- ეს როგორ გავიგოთ?
- როგორ, და სპეციალურად ვინმეს "შეუგზავნიდნენ" ხოლმე და მერე, უცბად, ბაზაზე ცეკას წარმომადგენელი გამოჩნდებოდა-ხოლმე; მისი გაშვებით ვიღაცები დაინტერესებულნი იყვნენ. თუმცა, რატომ გიკვირთ: არავის გვინახავს, მაგრამ გადმოცემით ხომ ვიცით, რომ ბორის პაიჭაძე ქართული ფეხბურთის ლეგენდა იყო; ჰოდა, ეს კაცი "დინამოს" სტადიონის დირექტორობიდან მოხსნეს და მის ნაცვლად ვიღაც კომბინატორი დანიშნეს. მერე, პაიჭაძე რომ გარდაიცვალა, "დინამოს" სტადიონს მისი სახელი უწოდეს - ამაზე მეტი უზნეობა რაღა უნდა იყოს?
- ნახევარდაცვაში ყველა პოზიციაზე გითამაშიათ, დაცვაშიც ორივე ფლანგზე ასპარეზობდით; სად უფრო გერჩივნათ თამაში?
- მაინც, ნახევარდაცვაში; აი, მილანში "ინტერს" რომ მოვუგეთ, ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშეთ. სამწუხაროდ, იტალიურ პრესაში რაც დაიწერა, ჩვენთან "გადაკეთებული" ვარიანტი გავიდა; პირადად, უშეცდომოდ ჩავატარე ის მატჩი - ჩემი ზონა გადაკეტილი მქონდა. დაცვაშიც არ მქონია პრობლემები - "ლივეპულთან" ორივე მატჩი მარჯვენა მცველად ვითამაშე და ჩემი ფლანგიდან მეტოქეს შეტევა არც გაუკეთებია. ეგ კი არა, "ჰამბურგთან" რომ მეთამაშა, დარწმუნებული ვარ, არც ერთ მატჩს არ წავაგებდით - კალტცისა თუ კიგანის წინააღმდეგ სულ სხვა თამაში იყო საჭირო.
- "ჰამბურგთან" შეხვედრები რა მიზეზით გამოტოვეთ?
- შესაძლოა, არც დამიჯეროთ, მაგრამ ერთ-ერთ ვარჯიშზე "დინამოს" ორმა ფეხბურთელმა, ვითომ სათამაშო ეპიზოდის დროს, დამამტვრია. ეტყობა, იფიქრეს: მე თუ ტრავმას მივიღებდი, ძირითადში თუ არა, 16-კაციან განაცხადში მოხვედრის შანსი გაუჩნდებოდათ.
- რამდენადაც გვახსოვს, ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე ყველაზე კარგად მაშინ წარმოჩინდა, ნოდარ ახალკაცმა ამპულა რომ შეგიცვალათ და მარცხენა მცველად დაგაყენათ.
- სიმართლე გითხრათ, დაცვაში თამაში არ მინდოდა - ძალიან დიდი კონკურენცია იყო; თუმცა, მარცხენა მცველად თამაში რომ დავიწყე, პრობლემა არასდროს მქონია. ყველაფერი შედარებითია და ჩემი აზრით, "დინამოში" ჩემზე უკეთესი მარცხენა მცველი არასდროს ყოფილა..
- ბატონო გოჩა, რა მოხდა 1980 წელს? ანუ, თქვენი და მანუჩარის "დინამოდან" წასვლის მიზეზზე გეკითხებით.
- მანამდე, მინდა გკითხოთ: იქნებ, მოიძიოთ და გაარკვიოთ, თუ რამდენი თამაში წააგო "დინამომ" 1976-დან 1980 წლამდე; ანუ, იმ პერიოდს ვგულისხმობ, მე და მანუჩარი რომ გუნდში ვთამაშობდით; ყოველ შემთხვევაში, წაგებებს საერთოდ ვერ ვიხსენებ. აი, დავასახელებ შემადგენლობას და, მართლაც, იქნებ მოიძიოთ, თუ როგორი წაუგებელი სერია გვქონდა; ოღონდ, კიდევ ვიმეორებ, როცა ამ შემადგენლობით ვთამაშობდით: გოგია (ან - გაბელია) - კოსტავა, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი (ან - კანთელაძე), გ. მაჩაიძე - დარასელია, მ. მაჩაიძე, ქორიძე - გუცაევი, ყიფიანი, შენგელია (ან - ჩელებაძე). აი, რომ ნახავთ, აღმოაჩენთ, რომ დაახლოებით 150-მატჩიანი წაუგებელი სერია იქნება. დამიჯერეთ: სანამ მე და მანუჩარი ვთამაშობდით, ვერც ვიხსენებ "დინამოს" თამაში წაეგოს.
- საკამათო თემაა; თუმცა, ის კი ნამდვილად გვახსოვს, "დინამოს" ოთხწლიანი წაუგებელი სერია რომ ჰქონდა, ოღონდ საკუთარ მოედანზე, - ვიდრე, 1980 წელს თბილისში "ნეფთჩიმ" არ მოგვიგო.
- რა, თუნდაც, საკუთარ სტადიონზე ოთხწლიანი წაუგებელი სერია პატარა ამბავია? მაგრამ, ამის გახსენება არავის უნდა; იმის არ იყოს, 1976-80 წლებში ჩატარებული მატჩების ფირები შეგნებულად რომ გააქრეს; ჰო - თითქოს, ამ პერიოდში არ გვითამაშია "ინტერთან", "ნაპოლისთან" თუ "ლივეპულთან".
- "ლივერპულთან" აქაური მატჩი ლაშა დვალიშვილის სტუდიამ არაერთხელ აჩვენა...
- მხოლოდ მეორე ტაიმი! სხვა მატჩები სად არის? ანუ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს, ვიღაცას არ აწყობდეს ძმები მაჩაიძეების მონაწილეობით ჩატარებული მატჩების ჩანაწერები ტელევიზიით რომ გადიოდეს. მაგრამ, რა უნდა გვიკვირდეს: ხანდახან ისეთი ხალხი გამოდის ტელევიზიით და ჭკუას გვარიგებენ, "დინამოს" მაისურით ერთი მატჩიც რომ არ ჩაუტარებიათ, სავსე ტრიბუნების წინ რომ არ უთამაშიათ; სამწუხაროდ, "დინამოს" მაისურის ჩაცმა ძალიან "გაადვილდა", ადრე კი პირიქით იყო. თუმცა, ეს არახალი პროცესია და ქართული ფეხბურთის ნგრევაც 1980 წლიდან დაიწყო.
- რას გულისხმობთ?
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში "დინამო" 1936 Oწლიდან მონაწილეობს და 1980 წლამდე რამდენმა ფეხბურთელმაც ითამაშა, აი, იმდენივე იყო მომდევნო სამი წლის განმავლობაში! ხვდებით, ალბათ, რას ვგულისხმობ: "დინამოდან" ჩემი და მანუჩარის გაშვების შემდეგ გუნდში გაურკვეველი კვალიფიკაციის ფეხბურთელები მოჰყავდათ და ისევ უკან უშვებდნენ, მერე სხვებს მოიყვანდნენ და ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად.
- ძმები მაჩაიძეები, "დინამოდან" რა მიზეზით დაითხოვეს?
- დავაზუსტებ: ჩვენ წასვლა გვაიძულეს! მოგეხსენებათ, მაშინდელ "დინამოში" როგორი კონკურენცია იყო, ჰოდა, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩვენი წასვლით ძირითადში ხომ... ორი ადგილი თავისუფლდებოდა! დასამალი რა არის - გუნდში "ქვედა დინებებიც" იყო, ვიღაცას თავისი ძმაკაცი ერჩივნა გვერდით ჰყოლოდა. კონკრეტული მიზეზი არავის უთქვამს: ნოდარ ახალკაცმა სამწვრთნელო შტაბის წევრების თანდასწრებით გვამცნო მე და მანუჩარს ეს გადაწყვეტილება.
- როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ახალკაცის "დონეზე" გადაწყდა ყველაფერი?
- არა მგონია, ალბათ უფრო "ზემოდან" იყო წამოსული დირექტივა; მით უმეტეს, რომ ედუარდ შევარდნაძეს ერის კაცად არც მაშინ ვაღიარებდი. სხვათა შორის, ახალკაცმა მე და მანუჩარი მარტო დაგვტოვა და გვითხრა, რომ გუნდში ისეთი სიტუაცია შექმნილი, უნდა წახვიდეთო. თან, დაამატა: ვიცი, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემზე რა უარყოფითი წარმოდგენა გექნებათო, მაგრამ დრო გავა და გაიგებთ, ეს ყველაფერი ვინ მოგიწყოთო...
- მერე, გაიგეთ?
- ამას, რა გაგება სჭირდებოდა? მანუჩარი გუნდის კაპიტანი იყო და ეტყობოდა, სწორედ ეს ფაქტი აღიზიანებდა ზოგიერთს. არადა, "დინამო" ჩემპიონატში მეორე ადგილზე მიდიოდა, და თასის ფინალშიც გასული იყო, მაგრამ მოგვიშორეს. ნოდარ ახალკაცმაც ამის შემდეგ დაიწყო ქართული ფეხბურთის ნგრევა: "დინამოში" ვინ აღარ მოჰყავდა...
- თუმცა, 1981 წელს "დინამომ" ხომ თასების თასი აიღო?
- იცით, რა სიტუაცია იყო? ბილიარდის ბურთულა ლუზაში რომ უნდა ჩავარდეს, ზუსტად იმას წააგავდა - გუნდი უკვე გამზადებული იყო სერიოზული წარმატებებისთვის. თანაც, ხომ გითხარით, ეს იაკუშინის მომზადებული გუნდი იყო; ამასთან, ნუ დაგავიწყდებათ, თუ რა დონის გუნდებს მოუგო "დინამომ": "კასტორია", "უტერფორდი", აღარაფერს ვამბობ "კარლ ცაისზე", - "ქარხნის გუნდი" უფრო ეთქმოდა; ან, "ლეგიას" რომ მოუგეს და ერთი ამბავი ატყდა, ის რატომ ავიწყდებათ, რომ პოლონეთში მაშინ რევოლუცია იყო და არავის ეფეხბურთებოდა.
- "ვესტ ჰემი" და "ფეინოორდიც" სუსტი გუნდები იყვნენ?
- იმავე "ფეიენოორდს" თუნდაც ერთი ნორმალური ფეხბურთელი ჰყავდა? არ შეიძლება 1981 წლის 13 მაისის მუდამ ასეთი განდიდება, ვეღარ "გამოვედით" მაგ თარიღიდან. იმაზე აღარაფერს ვამბობ, ფინალში "დინამოს" შემადგენლობაში ოთხი ისეთი ფეხბურთელი იყო, ჩვენ დროს 16-კაცში მოხვედრაზეც რომ ვერ იოცნებებდნენ - იმდენად დაბალი დონის მოთამაშეებად მიიჩნეოდნენ. მაგრამ, ქართველებს ხომ ვინმეს გაფეტიშება გჩვევია; აი, როგორც 1977 წელს "ზარიასთან" სკანდალური მატჩის შემდეგ ედუარდ შევარდნაძე რომ გმირად გამოაცხადეს. არადა, ჩემი წაქცევის გამო მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და ტრიბუნებიდან ხალხი რომ გადმოვიდა, "მხსნელად" შევარდნაძე მოევლინათ! არადა, ხალხის აგრესია მსაჯისკენ იყო მიმართული...
- "დინამოდან" წასვლის მერე ძმების გზები გაიყო - თქვენ ცოტა ხანი "გურიაში" ითამაშეთ, მანუჩარი კი ტაშკენტის "ფახტაქორში" გადავიდა.
- "დინამოდან" რომ გაგვიშვეს, იმასაც ცდილობდნენ სხვა გუნდებში არ გადავსულიყავით. ვინ აღარ გვიწვევდა, მაგრამ ცეკაში ჟიული შარტავამ დაგვიბარა და გვითხრა: - მიუღებელი არაფერი გააკეთოთო! "გურიაში" ექვსი თვე ვითამაშე, ჩემთვის ძვირფას ადამიანებს, ალიოშა და სერგო კოტრიკაძეებს უარი ვერ ვუთხარი. "გურიას" მაშინდელი მამა-მარჩენალ ევგრაფი შევარდნაძეც უნდა ვახსენო - კარგი ქართველი და ფეხბურთის ფანატიკოსი.
- მოსკოვის "სპარტაკში" ძმები მაჩაიძეების გადასვლას იმ დროს ბევრი არაერთგვაროვნად შეხვდა...
- "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელს კონსტანტინ ბესკოვს საკავშირო ცეკაში სერიოზული ლობი ჰყავდა მოსკოვის პირველი პირის გრიშინის სახით და ამ შემთხვევაში დაბრკოლება არ შეგვქმნია. არადა, მოსკოვში რომ ჩავედით, გვითხრეს: პოლიტბიუროშიც ბევრი მტრები გყავთო! ამასობაში "სპარტაკს" ევროტურნირებზე თამაში მადრიდის "რეალთან" უწევდა და ბესკოვმაც ეს შეხვედრა ჩემი და მანუჩარის ფაქტორის გათვალისწინებით თბილისში დანიშნა.
- "სპარტაკში" დიდხანს არ გაჩერებულხართ.
- ბესკოვი სანაკრებოდ მამზადებდა, მაგრამ "რეალთან" განმეორებითი მატჩის წინ ჯერ ალექსანდრ მირზოიანმა დამამტვრია ვარჯიშზე, მერე - ოლეგ რომანცევმა.
- თანაგუნდელები არ იყვნენ?
- დაინახეს, რომ დაცვის ორივე ფლანგზე ვთამაშობდი, თანაც, იფიქრეს, "სპარტაკის" ძირითადშიც დაგვაკარგვინებს ადგილს და საბჭოთა კავშირის ნაკრებშიცო და, როცა კონკურენტი, ასეთი მეთოდით ჩამომიცილეს...
- კარიერა მაინც საქართველოში, - ქუთაისის "ტორპედოში" დაამთავრეთ.
- ჩვენი შევიწროვება კვლავაც გრძელდებოდა: თბილისიდან ვიღაცეებს "სპარტაკის" ფეხბურთელებისთვის ფული ჩაჰქონდათ და ისინიც იმას ცდილობდნენ, ვარჯიშებზე ჩემთვის ან მანუჩარისთვის ტრავმა რომ მოეყენებინათ. ქუთაისის "ტორპედოში" რომ ჩავირიცხეთ, ამის მერე გუნდმა ზედიზედ ხუთი თამაში წააგო! თურმე, უმაღღეს ლიგაში გადმოსვლა არ უნდოდათ და მაიმუნობდნენ. თანაც, "საბაბი" ჰქონდათ - ძმები მაჩაიძეების მოსვლის მერე შედეგი აღარ არისო.
- "ტორპედომ" იმ სეზონში (1981 წელს) მაინც შესძლო უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვება.
- მერე, ვისი დამსახურებით? თანაგუნდელებს ვუთხარით - თქვენ, რაც გინდათ, ის აკეთეთ, ოღონდ ჩვენ ხელს ნუ შეგვიშლით-თქო. თუმცა, ახალი სეზონის დაწყების წინ ახალი მწვრთნელი დაგვინიშნეს - გივი ნოდია, წესიერი კაცი იყო, მაგრამ ზეწოლა მასზეც იყო. ბოლოს, პირველი წრე რომ დასრულდა, მეც და მანუჩარიც იძულებული გავხდით "ტორპედოდან" წამოვსულიყავით...





ავტორი:  გია ტუხაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი