მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-25
ლევან კობიაშვილის ახალი გამოწვევა
საქართველოს ნაკრების ყველაზე სტაჟიანი წევრისა და ჩატარებული მატჩების მიხედვით აბსოლუტური რეკორდსმენის ლევან კობიაშვილის ისედაც შთამბეჭდავ კარიერაში მალე ახალი ეტაპი დაიწყება; პირველი ქართველი ფეხბურთელი, ევროპის ტოპ-ლიგების ხუთეულიდან (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ერთ-ერთში 300 მატჩი რომ ჩაატარა, მეორე ბუნდესლიგაში ბრუნდება; თანაც, ბრუნდება შვიდწლიანი პაუზის შემდეგ და ბრუნდება ახალი გამოწვევით: "ჰერტასთან" ერთად უმოკლეს დროში აღზევდეს პირველ ბუნდესლიგაში!
ლევან კობიაშვილი ამჟამად თბილისში იმყოფება და მსოფლიოს ჩემპიონატის "დამსახურებით" ხანგრძლივი შვებულებაც გამოუვიდა. როგორც ყოველთვის, ინტერვიუზე უარი არც ახლა უთქვამს; თანაც, ბოლოს მაშინ ვისაუბრეთ, "შალკედან" "ჰერტაში" რომ გადადიოდა, - ამ ექვს თვეში კი ლევან კობიაშვილის საკლუბო თუ სანაკრებო კარიერაში არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა...

- უკანასკნელად ასეთი ხანგრძლივი შვებულება როდის მქონდა, ვეღარც ვიხსენებ. მსოფლიოს ჩემპიონატის გამო ბუნდესლიგაში სეზონი ადრე მორჩა და ბერლინში ხუთ ივლისს ვბრუნდები. სამაგიეროდ, ადრინდელისგან განსხვავებით მოსამზადებელი პერიოდი უფრო დიდხანს გასტანს. მოგეხსენებათ, როგორც წესი, გერმანიაში სეზონი შვიდ-რვა აგვისტოს იწყებოდა, წელს კი, სავარაუდოდ ოცი აგვისტოს მერე დაიწყება.
- "ჰერტაში" ახალ სეზონს ახალ ამპლუაში შეხვდებით - სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში დაიწერა, რომ ბერლინური კლუბის კაპიტანი ლევან კობიაშვილი იქნებაო...
- ეგ ყველაფერი მეც გუშინ გავიგე, თან... ქართული პრესიდან! შვებულებაში გასვლამდე კლუბის მენეჯერს მიხაელ პრეეტცს შევხვდი და მისგან გავიგე, რომ "ჰერტას" ხელმძღვანელებს გუნდის კაპიტნად ჩემი დანიშვნა სურდათ. თუმცა, დამეთანხმებით, რომ ასეთ გადაწყვეტილებას კლუბის ხელმძღვანელები მთავარ მწვრთნელთან ერთად იღებენ. ამ საკითხზე კი მწვრთნელთან საუბარი, ფაქტობრივად, არც მქონია. უფრო ზუსტად, თბილისში გამომგზავრების წინ მხოლოდ ერთხელ, ისიც შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს, როცა კლუბის ოფისში ვიყავი მისული.
- ახალ მწვრთნელზეც გვინდა გკითხოთ: ფეხბურთელობისას მარკუს ბაბელს მართლაც ჩინებული კარიერა ჰქონა; თუმცა, სამწვრთნელო ასპარეზზე ჯერჯერობით წარმატებებით ვერ დაიკვეხნის.
- ბაბელის წინააღმდეგ ბუნდესლიგაში არაერთხელ მითამაშია; რაც შეეხება მწვრთნელობას, "შტუტგარტში" საკმაოდ კარგად დაიწყო, მაგრამ მერე ჩავარდნა ჰქონდა და იქაურმა გულშემატკივრებმაც ოქსტრუქცია მოუწყვეს. ახალგაზრდა, ამბიციური მწვრთნელია და, ალბათ, თვითონაც კარგად იცის, თუ რამხელა პასუხისმგებლობის წინაშეა: "ჰერტამ" პირველი ბუნდესლიგის საგზური ამ სეზონშივე უნდა მოიპოვოს! საერთოდ კი, ვფიქრობ, კარგი ტენდენციაა, ახალგაზრდა მწვრთნელებს დიდ ნდობას რომ უცხადებენ.
- მეორე ბუნდესლიგაში შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდებით. სულაც არ გვინდა ამ ლიგის დონის დაკნინება, მაგრამ, როგორ დავიჯეროთ, რომ სხვა შემოთავაზებები არ გქონოდათ.
- რა თქმა უნდა, ჩემს ინტერესებშიც შედიოდა უფრო მაღალ დონეზე ასპარეზობა. მგრამ, სეზონის დასრულებისთანავე სამი კონკრეტული ვარიანტიდან მაინც ბერლინში დარჩენა გადავწყვიტე. მაგალითად, ფრანკფურტის "აინტრახტი" ორწლიან კონტრაქტს მთავაზობდა, თანაც, იგივე პირობებით, რაც "ჰერტაში" მქონდა; ამას გარდა, ფაქტობრივად, მხოლოდ ჩემი ხელმოწერა აკლდა მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტს, მაგრამ ამ ვარიანტზეც უარი ვთქვი.
- მიზეზებს ვერ დააკონკრეტებთ?
- მოსკოვში ოთხჯერ თუ ხუთჯერ მეტ ანაზღაურებას მთავაზობდნენ, მაგრამ ოჯახის ფაქტორის და კიდევ სხვა მიზეზის გამო მაინც ბერლინში დარჩენა ვამჯობინე. დასამალი რა არის - როცა იქნება, კარიერის დასრულებაზეც უნდა დავფიქრდე და ასეთ დროს, ნებისმიერი ფეხბურთელისათვის ფინანსური ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ, ჩემთვის ფული მთავარი არ ყოფილა - ერთ კვირაში 33 წელი შემისრულდება და ასეთ ასაკში კლუბი სამწლიან კონტრაქტს რომ შემოგთავაზებს, თანაც, კარიერის დასრულების შემდეგ ამ კლუბის სტრუქტურაში დარჩენას, ვფიქრობ, აქ დარჩენით სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
- ალბათ, დამატებითი მოტივაცია პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნებაც იქნება.
- "ბენფიკასთან" ევროპის ლიგის მატჩზე 30000 კაცი მოვიდა და სტადიონს რომ ვუცქერდი, სანახევროდ ცარიელი მეგონა - ისეთი დიდია; ამას გარდა, ბერლინი ფეხბურთით ცხოვრობს: იმავე ფრაიბურგსა თუ გელზენკირპენში ერთი-ორი სპორტული გამოცემა თუ იყო, აქ კი, ლამის ორი ათეული მხოლოდ საფეხბურთო გაზეთია, ტელევიზიითაც 24 საათი "ჰერტას" პრობლემებზეა საუბარი. მთელი ეს პერიოდი ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობდა და მინდა, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო იმ საქმეში, პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნება რომ ჰქვია. თანაც, გუნდში ნახევარი წლის მისული ვარ და კაპიტნობაზეა საუბარი, - ესეც, რა თქმა უნდა, ჩემთვის დამატებითი სტიმული იქნება.
- ისევ წინა სეზონს დავუბრუნდეთ: "ჰერტამ" მეორე წრეში... ვერც ერთი საშინაო მატჩი ვერ მოიგო.
- პირველი წრის მერე ეს გუნდი, ფაქტობრივად, განწირული იყო. მაგრამ მეორე წრეში იმდენი შევძელით, ბუნდესლიგაში IX-X შედეგი გვქონდა. მაგრამ, თქვენი თქმის არ იყოს, სახლში მოგებას ვერაფრით ვახერხებდით; არადა, სტუმრად რამდენიმე ძლიერი მეტოქეც დავამარცხეთ, მაგრამ, საშინაო მატჩებზე რაღაცნაირად დათრგუნულები გამოვდიოდით, ალბათ, უფრო ფსიქოლოგიური ტვირთი გვაწვებოდა. ნებისმიერი თამაშს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და ზედმეტი ნერვიულობის გამოც ვერ შევძელით სეზონის უმთავრესი ამოცანის შესრულება.
- და მაინც: დღევანდელი გადასახედიდან, ხომ არ ნანობთ, ამ ზამთარს "ჰერტაში" რომ გადახვედით?
- ამ წლის დასაწყისში რომ ვისაუბრეთ, მაშინაც აღვნიშნე: "ჰერტაში" გადავედი, რათა თავი კვლავაც მეგრძნო ფეხბურთელად; ამ ექვსი თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი მატჩი გამიცდა (დისკვალიფიკაციის გამო) და, ეტყობა, კლუბის ხელმძღვანელებსაც აკმაყოფილებდათ ჩემი მომზადების დონე, თორემ, არც სამწლიან კონტრაქტს შემომთავაზებდნენ და არც კაპიტნობაზე იქნებოდა საუბარი. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, ბუნდესლიგაში ადგილი რომ შეგვენარჩუნებინა, მაგრამ ამჟამად მართლაც ახალი გამოწვევის წინაშე ვართ.
- გასულ სეზონში "დორტმუნდთან" მატჩი ლევან კობიაშვილისთვის ბუნდესლიგაში მესამასე იყო! რაიმე განსაკუთრებული საჩუქარი ხომ არ მიგიღიათ კლუბის ხელმძღვანელთაგან?
- ყველა კლუბს არ აქვს ერთნაირი მიდგომა მსგავსი საიუბილეო მატჩებისადმი. აი, "შალკეში" ასპარეზობისას მეასე, ასორმოცდამეათე, მეორასე და ორასორმოცდამეათე მატჩების ჩატარების შემდეგ საიუბილეო მაისურებსა და სხვადასხვა საჩუქრებს მჩუქნიდნენ. თანაც, გულახდილად რომ ვთქვა, "ჰერტაში" ყოფნის დროს არავის ეზეიმებოდა, - უბრალოდ, თანაგუნდელებმა და მეტოქე ფეხბურთელებმა მომილოცეს და, სულ ეს იყო.
- 1994 წლის ზაფხულში რუსთავის "გორდაში" სადებიუტო მატჩის ჩამტარებელი 17 წლის ლევან კობიაშვილი თუ იფიქრებდა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ლიგაში მესამასე მატჩს ჩაატარებდა?..
- ამას ნამდვილად ვერაფრით გავიფიქრებდი; თუმცა, ყოველთვის სიამაყით ვიმეორებ, რომ ფეხბურთში თუკი რაიმეს მივაღწიე, ყველაფერი, ჩემი შრომით იყო; მუდამ უკეთესობისკენ მივისწრაფოდი და ასევე, ყოველთვის გარკვეული მიზანი მქონდა დასახული; ამას გარდა, მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდებოდი და საღ კრიტიკასაც ყოველთვის ვითვალისწინებდი. ახლაც მაქვს მიზანი: რაც შეიძლება მალე დავბრუნდე ბუნდესლიგაში, აღარაფერს ვამბობ საქართველოს ნაკრებთან ერთად წარმატებულ ასპარეზობაზე.
- "ჰერტას" შემადგენლობაში ერთი "განსაკუთრებული" მატჩიც გქონდათ: ყოფილი კლუბის, "შალკეს" წინაააღმდეგ...
- ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო წლები სწორედ "შალკეში" გავატარე და მართლაც სასიამოვნო იყო ძველი ნაცნობ-მეგობრების მონახულება. მატჩის მერე იმათ გასახდელშიც შევედი და გამარჯვება მივულოცე, - ფეხბურთელებთან თუ სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებთან, ყველასთან ჩინებული ურთიერთობა მაკავშირებს და არანაირი წყენა არ დამრჩენია. თუმცა, ყველაზე სასიამოვნო მაინც ბერლინში ჩამოსული "შალკეს" ქომაგების საქციელი იყო: ტრიბუნებზე გამოფენილ ტრანსპარანტებზე... "კობი, გმადლობთ!" რომ ეწერა...
- გერმანიაში, არ ვიცით, მაგრამ, საქართველოში, ბევრი მიიჩნევდა, რომ "ჰერტას" წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი მთავარი მწვრთნელის ფუნკელის შედარებით დაბალი კვალიფიკაცია იყო.
- კვალიფიკაციას ასეთ მკაცრ შეფასებას ვერ მივცემდი, როგორც პიროვნება, უაღრესად დადებითი ადამიანია, მაგრამ, ალბათ, უფრო მეტი სიმკაცრე მოეთხოვებოდა. მით უმეტეს, გუნდს როცა არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობა აქვს, ბევრად უფრო მომთხოვნი და დისციპლინის მოყვარული მწვრთნელი ესაჭიროებოდა. თუმცა, ყველა მწვრთნელს აქვს დადებითი თუ უარყოფითი თვისებები და ამ მხრივ, არც ფუნკელი იყო გამონაკლისი.
- საქართველოს ნაკრებზეც ვისაუბროთ. მით უფრო, რომ როგორც იქნა, ის მართლაც კოშმარული მოუგებელი სერია დამთავრდა. თანაც, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა ზედიზედ ორი წაუგებელი მატჩი ჩაატარა.
- გეთანხმებით: მართლაც არ არის ადვილი, ამდენი ხნის განმავლობაში თამაშს რომ ვერ იგებ. აი, იმავე ესტონეთთან საშინაო შეხვედრაში, გადასარევად ნამდვილად არ გვითამაშია, მაგრამ მთავარი იყო, რომ იმ გამარჯვებით ფსიქოლოგიური წნეხი მოგვხსნოდა. კამერუნთან ბევრად უკეთ ვითამაშეთ, თანაც, ბოლო-ბოლო მუნდიალის მონაწილე გუნდი იყო; დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტსაც, რომ ამ მატჩამდე ბიჭები ერთი კვირის განმავლობაში ერთად ვიყავით. კიდევ ვიმეორებ, საქართველოს ნაკრებს იდეალურად არ უთამაშია, მაგრამ, ორი მატჩიც წაუგებლად ჩავატარეთ და მთელ რიგ ეპიზოდებში კომბინაციური ფეხბურთის ელემენტებიც ვაჩვენეთ.
- გულახდილად გვითხარით: ყოველივე ამას ახლა მწვრთნელის ფაქტორმაც ხომ არ შეუწყო ხელი?
- წლების წინ, ხმამაღლა ვაფიქსირებდი საკუთარ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ნაკრებს მხოლოდ და მხოლოდ უცხოელი მწვრთნელი სჭირდებოდა. არადა, დრომ და... ჩვენი ნაკრების შედეგებმა საპირისპირო დაამტკიცა: ჩვენ მხოლოდ ქართველი სპეციალისტი გვჭირდება! კაცი, ვინც შენ ენაზე გელაპარაკება და შექება იქნება, თუ - გაბრაზება, ყველაფერ ამას... ქართულად გააკეთებს! თემურ ქეცბაიას ჩემგან წარდგენა არ სჭირდება: მოსაფერებელს მოეფერება, გასაკრიტიკებელს გააკრიტიკებს; თანაც, ყველამ ვიცით, რომ მონდომებას არავის დაუკარგავს...
- ბოლოს და ბოლოს, ქეცბაიამ ნაკრებში ის ფეხბურთელები დააბრუნა, რომლებსაც მისი უცხოელი წინამორბედები, რატომღაც, რომ ვერ თუ არ "ამჩნევდნენ".
- სწორედ ამაშიც გამოიხატება თემურის პროფესიონალიზმი. აღარაფერს ვამბობ მარტივ ჭეშმარიტებაზე: საქართველოს ნაკრებში მხოლოდ იმ ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ, კონკრეტული მომენტისათვის მზად ვინც იქნებიან. მიიჩნევს ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომ კობიაშვილი ნაკრებისთვის საჭიროა, ერთი წამითაც არ დავფიქრდები და მთელ ჩემ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოვამჟღავნებ.
- დაბოლოს, მიმდინარე მუნდიალზეც გვაინტერესებს თქვენი აზრი.
- ჯერჯერობით ყველაზე კარგ შთაბეჭდილებას სამხრეთ ამერიკის გუნდები ტოვებენ. ბრაზიალისა და არგენტინაზე ახალი რა უნდა ვთქვა, მაგრამ, აი, ურუგვაიმ და განსაკუთრებით ჩილემ მართლაც ჩინებული სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენა. სამხრეთ ამერიკული გუნდები მაქსიმალურად ცდილობენ სწრაფად თამაშს და ძირითად აქცენტსაც შეტევაზე აკეთებენ.
- 12 წელიწადია, გერმანიაში ასპარეზობით და ამ ქვეყნის ნაკრებზე რას იტყოდით?
- მწვრთნელის ფაქტორით დავიწყებ: ბევრს არ ეგონა, იოახიმ ლიოვი ასეთ გუნდს თუ დააყენებდა. არადა, ევროპის ჩემპიონატზე ფინალში გავიდნენ და ახლაც ერთ-ერთ ფავორიტები არიან. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ, ცოტა არ იყოს, "არაგერმანული" ფეხბურთს თამაშობენ, თანაც ლიოვმა უდიდესი ნდობა გამოუცხადა ახალგაზრდების მთელ ჯგუფს.
- "არაგერმანულში", ალბათ, უფრო სანახაობრივი ფეხბურთი იგულისხმეთ.
- რა თქმა უნდა; ჩინებულ შთაბეჭდილებას ტოვებს ახალგაზრდა ტონი მიულერი, ერთ წელიწადში არნახული პროგრესი რომ განიცადა; რაც მთავარია, თომას ჰესლერისა და ანდრეას მიოლერის შემდეგ კარგა ხანი გავიდა და ძლივს გამოჩნდნენ ტიპური გამთამაშებლები: იოზილი, მარინი, კროოსი; პოდოლსკი და კლოზე კი, ტრადიციულად, ნაკრებში ყოველთვის განსაკუთრებულად მოტივირებულად თამაშობენ. თუმცა, ვერავინ დამაჯერებს, რომ იგივე კლოზე ან გომესი რაიმეთი სჯობიან კევინ კურანის, ვინც ლიოვმა მუნდიალზე არ წაიყვანა. მაგრამ, ეს ხომ ფეხბურთია, სადაც ყველა მწვრთნელს საკუთარი შეხედულება აქვს...




ავტორი:  გია ტუხაშვილი


კალენდარი
სექტემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი