მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-25
მოსკოვური გუნდიც ცნობილია: ძირითადად ტოკიოსიც
სექტემბერში ტოკიოში გასამართ ძიუდოისტთა მსოფლიოს პირველობამდე საერთაშორისო კალენდარში დიდი შეჯიბრებები კანტი-კუნტად თუღა დარჩა, მაგრამ უფულობის გამო ჩვენები უმრავლეს მათგანში ვერ გამოდიან. ასეთ გამორჩეულ შეჯიბრებათაგან ქართველთა კალენდარში მხოლოდ 3-4 ივლისს მოსკოვში გასამართი "დიდი მუზარადის" ტურნირია, სადაც ნაკრების თავკაც ამირან ტოტიკაშვილის გადაწყვეტილებით დავით ასუმბანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა, პაატა მერებაშვილი (66), ზაზა კედელაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73), ლევან წიკლაური, დავით ქევხიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი, მინდია ბოდაველი (90), ირაკლი ცირეკიძე, ლომერ ჟორჟოლიანი (100), ლაშა გუჯეჯიანი, ადამ ოქრუაშვილი (+100) იჭიდავებენ.
ჩვენი ნაკრებისთვის ეს სასტარტო ტურნირია და გასაგებია, მწვრთნელებს იქ ისინი მიჰყავთ, რომლებსაც ლამის განაღდებული აქვთ ტოკიოში მსოფლიოს პირველობაზე წასვლა. მოგეხსენებათ, წლეულს ძიუდოში ისევ ძველი წესი ამოქმედდა - წონაში ერთი ქვეყნიდან ორი კაცის გამოყვანა შეიძლება. მოცემული შემადგენლობიდან ჩანს, რომ ტოტიკაშვილი ამ წესის გამოყენებას ყველა წონაში აპირებს, თუმცა ჯერ მაინც არ შეიძლება იმის თქმა, რომ მსოფლიოზე ეს გუნდი უცვლელად იჭიდავებს. იაპონიამდე კიდევ სამი შეკრებაა დაგეგმილი და ცვლილებები სულაც არაა გამორიცხული, თუმცა ვინმეს შეცვლაზე მეტად რომელიმეს ამოვარდნაა მოსალოდნელი. რეალისტები რომ ვიყოთ, წონებში ამათზე უკეთესნი დღეს მართლაც თითქმის არავინ გვყავს, მწვრთნელმა რომელიმე რომ შეცვალოს. აი, ვინმემ რომ იმედები ვერ გაუმართლოს, მსოფლიოსთვის არ იყოს სასურველ ფორმაში და საერთოდ დატოვოს სახლში, ეს კი სავსებით შესაძლებელია. ამიტომ ამბობს ტოტიკაშვილი, რომ ტოკიოში იჭიდავებს ის, ვინც თავს იმ შეკრებებზეც გამოიჩენს მუყაითი ვარჯიშითო. უბრალოდ, მან ამ ეტაპზე უმთავრესი კანდიდატები შეარჩია და სასტარტო ტურნირზე ჭიდაობის შანსი არ დაუკარგა, დანარჩენი კი მართლაც მათზეა დამოკიდებული.
ტოკიოსთვის შეგულებულ ამ შემადგენლობას თუ გადავხედავთ, გაახალგაზრდავების პროცესი აშკარაა - ძველი გუნდიდან სულ რამდენიმე კაცი დარჩა, მაგრამ ჯერ ასაკის გამო ვეტერანები არც მათ ეთქმით. გუნდის უმრავლესობისთვის მსოფლიოს პირველობა სადებიუტო იქნება - ამ რანგის ტურნირზე ჭიდაობის გამოცდილება მხოლოდ კედელაშვილს, ქევხიშვილს, ლიპარტელიანს, ცირეკიძეს და გუჯეჯიანს აქვთ, თუმცა, ვიმეორებთ - მათი ტოკიოში ჭიდაობა ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. თან ამათგან ლიპარტელიანი თვითონაც ახალი თაობის წარმომადგენელია, თუმცა გუნდში უკვე მისი მომდევნო თაობაც გამოჩნდა - ტატალაშვილი, რომელიც შარშან ახალგაზრდებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. წლეულს მან საკმაოდ დამაიმედებლად იჭიდავა რამდენიმე უცხოურ ტურნირში. მაგალითად, პარიზში "დიდ მუზარადზე" კორეელმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა და ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა კი ჩუნ ვანგმა მხოლოდ გაფრთხილებით აჯობა. შარშანვე ახალგაზრდულ ნაკრებში ჭიდაობდა მერებაშვილიც, რომელმაც 20 და 23-წლიანებში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. სამწუხაროდ, მას ფრიად გაუჭირდა უფროსებში ადაპტაცია, თუმცა წლეულს წონითი კატეგორია შეიცვალა, იმედია, მისი წარუმატებლობა დასრულდება და სრულად გაამართლებს ჯერ კიდევ წლების წინ, ჭაბუკთა ტურნირებში გამოჩენისას გაცემულ ავანსებს.
მოსკოვის ტურნირს, როგორც სასტარტოს, სულ სხვა დატვირთვა ეძლევა - იქ შედეგზე უფრო მნიშვნელოვანი ტექნიკური, ტაქტიკური, ფიზიკური თუ სხვა სახის ასპექტებია მთავარი. თუ ვინმეს ზედმეტი წონა აწუხებს, აქედანვე უნდა შეუდგეს მის დაკლებას და გეგმურად "დადგეს" საკუთარ წონაზე, რათა ბოლოს ერთბაშად არ მოუწიოს დაკლებამ და შეჯიბრებას გამოფიტული არ შეხვდეს; თუ ვინმეს ახალი ილეთების გამოცდა სურს, ახლა უნდა გამოცადოს და მსოფლიომდე კიდევ დახვეწოს; თუ ვინმეს ჭიდაობაში ხარვეზები აქვს, მწვრთნელები ახლავე გამოავლენენ და მსოფლიომდე დარჩენილ დროში მის გამოსწორებაზე იზრუნებენ... ერთი სიტყვით, ამგვარი შეჯიბრებების როლი დიდი ტურნირებისთვის მზადებაში ძალიან დიდია, ოღონდ ის უფრო შავი სამუშაოებით შემოიფარგლება და არა მედლებით.
ნაკრები გუშინწინ დაბრუნდა ბათუმიდან, სადაც განტვირთვა-მოთელვისთვის გამიზნული შეკრება გაიარა. იქ აქცენტი დასვენებაზე იყო გადატანილი და არა ვარჯიშზე, თუმცა არც უამისოდ ყოფილან. უბრალოდ, ეს არ იყო ჩვეული დატვირთვები. თუნდაც აქედან გამომდინარე, ჩვენები მოსკოვის ტურნირზე ვერ იქნებიან ფორმაში და მათგან დიდ შედეგებს ნუ ველოდებით, მაგრამ თავისი ახსნა ამასაც აქვს - ჯერ არც უნდა იყვნენ ფორმაში, რადგან პიკს მსოფლიოსთვის უნდა მიაღწიონ. ამასთან, ახლა რომ დაეკლოთ წონა, იგივეს გაკეთება მსოფლიოსთვისაც მოუწევდათ, ეს კი ორმაგი დატვირთვა და გამოფიტვის წინაპირობაა.
სავარაუდოდ, მოსკოვის ტურნირი ძალიან ძლიერი უნდა გამოვიდეს - წამყვანი ქვეყნების უმეტესობა იქ აპირებს ჩასვლას და ბოლო სტარტის გავლას. ორგანიზატორთა წინასწარი მონაცემებით, ვაჟთა ტურნირში სამი ოლიმპიური ჩემპიონი გამოვა - ჩვენი ირაკლი ცირეკიძე, გერმანელი ოლე ბიშოფი (81) და მონღოლი ნაიდინ ტუვშინბაიარი (100), ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები - ავსტრიელი ლუდვიგ პაიშერი (60) და ფრანგი ბენჟამინ დარბელე (73), ბრაზილიელი ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანი ფლავიო კანტო (81), მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი ცაგანბაატარ ხაშბაატარი (66). ამასთან, უძლიერესი გუნდით გამოვლენ თვით რუსები, მონაწილეთა შორის კი უკლებლივ ყველა წამყვანი ქვეყანაა დასახელებული - იაპონია, კორეა, ჰოლანდია, გერმანია, მონღოლეთი, ბრაზილია, კუბა... ოღონდ ჯერ ყველას წინასწარი შემადგენლობები არაა ცნობილი.
ჩვენები მსოფლიოს პირველობისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე 16 ივლისიდან გადავლენ, როცა ბაკურიანში გაემგზავრებიან 16-დღიან შეკრებაზე. მანამდე მოსკოვიდან დაბრუნებული სპორტსმენები თავიანთ დარბაზებში ივარჯიშებენ, ბაკურიანში კი ძირითადი აქცენტი ფიზიკურ მომზადებას, სუნთქვის პრობლემის მოგვარებას დაეთმობა. დილაობით ლეიბზეც ივარჯიშებენ, მაგრამ ყურადღების ძირითადი საგანი მაინც შტანგები, სირბილი, კროსები და ამგვარი ძალისმიერი ვარჯიშები იქნება.
მეორე შეკრების ჩატარების ადგილი ჯერ უცნობია - ძირითადად კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული, ასარჩევი კი დუშეთსა და ბორჯომს შორისაა. თუ აგვისტოს დასაწყისშიც ახლანდელივით გაუსაძლისი სიცხეები არ იქნება, ბორჯომში წავლენ, თუ არადა - დუშეთში. დასკვნითი შეკრება თბილისშია დანიშნული - 22 აგვისტოდან, 2 სექტემბერს კი ტოკიოში გაფრინდებიან და ჩემპიონატის დაწყებამდე ადაპტაციისთვის იქ გაივლიან ერთკვირიან შეკრებას.






ავტორი:  ირაკლი თავაძე


კალენდარი
ოქტომბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი