მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-23
ქართველის რუსულ-ბერძნული თავსატეხი
მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების გზაზე ჩვენმა კიდევ ერთმა მთავარმა კონკურენტმა გადადგა პირველი ნაბიჯი - ამ დღეებში რუსეთის პირველობა გაიმართა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატი სექტემბრის დასაწყისში მოსკოვში ტარდება და იქაურები აქედანვე საგანგებოდ ემზადებიან მომავალი ტრიუმფისთვის.
ამ ტურნირისთვის რუსთა ქართველმა თავკაცმა გოგი კოღუაშვილმა რამდენიმე ტიტულოვანი ფალავანი გაათავისუფლა - ოლიმპიური ჩემპიონი და წლევანდელი ევროპირველობის გამარჯვებული ასლანბეკ ხუშტოვი (96), ასევე ოლიმპიური ჩემპიონები, მაგრამ წლევანდელ კონტინენტის პირველობაზე ფინალში დამარცხებულები ნაზირ მანკიევი (55) და ალექსეი მიშინი (84) და ევროპის ზედიზედ ორგზის ჩემპიონი ქართველი ამბაკო ვაჩაძე (66). მათ არყოფნაში რუსეთის ჩემპიონები პირველად გახდნენ ვალერი ბორგოიაკოვი (55), რუსტამ ხაჩბაროვი (60), ემილ შარაფეტდინოვი (74), ევგენი ბოგომოლოვი (84) და ნიკიტა მელნიკოვი (96). 66 კილოგრამში პირველად იჭიდავა და კიდეც გაიმარჯვა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ისლამ-ბეკ ალბიევმა, მძიმე წონაში კი სპორტში დიდი ხნის შემდეგ დაბრუნებულმა ასევე ყველა ტიტულის მფლობელმა ხასან ბაროევმა იყოჩაღა. თუმცა იქნებ ამ ტურნირით ბევრი არც არაფერი გარკვეულა, რადგან ნაკრებში ადგილი დაჯავშნული არავის აქვს, ხოლო კოღუაშვილი უცხოეთშიც აპირებს უკლებლივ ყველა პრეტენდენტის გამოცდას - ივლისში ბაქოში გასამართ "ოქროს დიდი პრიზის" ფინალურ ტურნირზე და აგვისტოში ჩასატარებელ პეტლიასინსკის საერთაშორისო ტურნირზე პოლონეთში. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კოღუაშვილმა საინტერესოდ მიმოიხილა ყოველ წონაში შექმნილი მდგომარეობა.
55-ში თუ ნაზირ მანკიევი მწვრთნელმა გაათავისუფლა, მისმა უმცროსმა ძმამ - ბეკხან მანკიევმა ტრავმის გამო ვერ იჭიდავა. არადა, კოღუაშვილი მიიჩნევს, რომ ის ნაზირზე უფრო ნიჭიერია და სინანულით შენიშნავს, რომ ამ ნიჭის გამოვლენაში ტრავმების კასკადმა შეუშალა ხელი. მწვრთნელმა ბორგოიაკოვის გამარჯვებას დამსახურებული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს დიდად მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ბოლო წლებში ის მუდმივად შედიოდა ნაკრების უახლოეს რეზერვში, შარშან კი ფინალშიც გავიდა, მაგრამ ნაზირ მანკიევთან დამარცხდა. შარშანვე ის მშობლიურ ხაკასიის რესპუბლიკის საუკეთესო სპორტსმენადაც დაასახელეს, მერე კი ჯარში გაიწვიეს და სპორტსაც ნაწილობრივ ჩამოშორდა, თუმცა ახლა ხმაურიანად დაბრუნდა. არადა, სულ რაღაც ორი კვირის წინ ჩემპიონატში მისი მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა! "ვფიქრობ, ამ წონაში განვითარებული მოვლენები კანონზომიერია. ვალერი ბორგოიაკოვი, ივან ბლატცევი და სერგეი პოპრუშკო სხვებისგან გამოირჩეოდნენ და გახდნენ კიდეც მედალოსნები. "ბორგოიაკოვს ვულოცავ ამ დამსახურებულ გამარჯვებას, ის განსაკუთრებით აქტიური იყო გადამწყვეტ შეხვედრაში ბლატცევთან" - ასე შეაფასა ამ წონაში შექმნილი ვითარება ნაზირ მანკიევმა.
ალბიევის ზედა წონაში გადანაცვლების შემდეგ 60-ში ფავორიტებად მსოფლიოს პრიზიორი ვიაჩესლავ ჯასტე და ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი ზაურ კურამაგომედოვი მიიჩნეოდნენ, მაგრამ ბევრისთვის მოულოდნელად მანკიევების ბიძაშვილმა რუსტამ ხაჩბაროვმა გაიმარჯვა. თან ნახევარფინალში კურამაგომედოვს მოუგო, ფინალში კი ჯასტე წმინდად დაამარცხა. "ეს ჩემი პირველი სერიოზული გამარჯვებაა, მამა გახარებული იქნება. აქამდე ყოველთვის კვარცხლბეკის ახლოს ვტრიალებდი - რუსეთის ჩემპიონატზეც და პოდუბნის მემორიალზეც მეხუთე ვიყავი. ახლა გადავწყვიტე, მომეგო ეს ტურნირი. მეტოქეები არ იყვნენ სუსტნი. განსაკუთრებით - ნახევარფინალსა და ფინალში. ისინი ჩემთვის პრინციპული მოწინააღმდეგეები არიან და ღირსეული რევანშიც ავიღე - კურამაგომედოვმა 2008-ში მომიგო, როცა ჯერ კიდევ 55-ში გამოვდიოდი, ჯასტემ კი შარშან რუსეთის ჩემპიონატის ფინალში არ გამიშვა. ამიტომ ფინალურ ახლანდელ ფინალსაც ცოტა შიშით ვიწყებდი, წაგების მეშინოდა. ჯასტე ძალიან გამოცდილი მეტოქეა, მაგრამ რწმენის დაბრუნებაში დიდად დამეხმარა ჩემი ბიძაშვილი ნაზირ მანკიევი, რომელიც სულ მიმეორებდა, რომ მე ძლიერი ვარ. მეორე ბიძაშვილი - ბეკხანი სპეციალურად ჩემთვის ჩამოვიდა ტურნირზე და მთელი ეს დრო მხარში მედგა. 2006 წელს ინგუშეთიდან ძმების რჩევით გადავედი სავარჯიშოდ კრასნოიარსკში. როცა ნაზირი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ეს ჩემთვისაც დიდი სტიმული იყო - მივხვდი, რომ შეუძლებელი არაფერია და ამის გაკეთება მეც შემეძლო" - განაცხადა ხაჩბაროვმა. კოღუაშვილმა მისი დადებითი თვისებები აღნიშნა: "მის გამარჯვებას მთლად მოულოდნელსაც ვერ ვუწოდებ, რადგან ყოველთვის შედიოდა სარეზერვოებში. ამ ჩემპიონატში მან გვიჩვენა არა მარტო ხარისხიანი ჭიდაობა, არამედ მებრძოლი ხასიათი და სპორტული ჟინი. თუმცა მას არ გააჩნია საერთაშორისო ტურნირების გამოცდილება და ამიტომ აუცილებლად გამოვცდით უცხოეთში. შანსს ჯასტესა და კურამაგომედოვსაც მივცემთ - მათ ისევ რჩებათ მსოფლიოს პირველობაზე მოხვედრის იმედი".
ეროვნებით ჩეჩენმა ალბიევმა, რომელიც წლებია, ინგუშეთში ემზადება, წარმატებით ჩააბარა მორიგი გამოცდა 66-ში - თვის დასაწყისში დორტმუნდის ტურნირიც მოიგო. კოღუაშვილი მიიჩნევს, რომ ახლა ამ წონაში ორი ისეთი დონის ფალავანი ჰყავს, რომლებსაც ყველანაირი ამოცანის წარმატებით გადაჭრა შეუძლიათ - ალბიევი და ვაჩაძე. ახლა მისი უმთავრესი ამოცანა ამათ შორის უკეთესის ამორჩევაა მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანად. თვით ალბიევი მიიჩნევს, რომ ახალ წონაში გადასვლის პერიოდი დაამთავრა და 60-ში აღარ დაბრუნდება: "ვფიქრობ, 66-ში გადასვლის პერიოდი ჯერ კიდევ შარშანდელი სეზონის ბოლოს დაიწყო, როცა მივხვდი, რომ წონის დაკლება თანდათან სულ უფრო მიძნელდებოდა. ალალად ვამბობ, ახლა არ მაინტერესებს, რატომ არ უნდა იჭიდაოს მოსკოვში მსოფლიოს პირველობაზე ვაჩაძემ - ჩემთვის მთავარია, ვიმუშაო და გავიმარჯვო, როგორც ეს გავაკეთე რუსეთის ჩემპიონატში. მიმაჩნია, რომ მსოფლიოს პირველობამდე ტურნირი აღარ მჭირდება, მაგრამ თუ მწვრთნელები გადაწყვეტენ ჩემს შემოწმებას, ნებისმიერ წუთს მზად ვარ ამისთვის".
ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ვარტარეს სამურგაშევის გარდა, 74-ში რუსებს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავთ და შარშან ისიც საშინლად დაუშავდათ - ყბის ძვალი გაიტეხა და გონებაც კი დაკარგა. მას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა ძალზე ბევრი გაუცდა, ახლა კი დაბრუნდა და ფინალშიც გავიდა, სადაც ორ სეტში დამარცხდა შარაფეტდინოვთან. ის თავისი გამოსვლით, ჭიდაობის ხარისხით კმაყოფილია, მაგრამ არა შედეგით, თუმცა დარწმუნებულია, მსოფლიოს პირველობაზე მოხვედრის შანსი ისევ მიეცემა და სულ მალე რომელიმე საერთაშორისო ტურნირშიც გამოვა. ვეტერანმა ხაზი იმასაც გაუსვა, რომ პირველიდან ბოლო შეხვედრამდე ყველა ორთაბრძოლა უაღრესად დატვირთული იყო და ამოსუნთქვის საშუალება არ ჰქონია. მას რომ მსოფლიოზე მოხვედრის შანსი ისევ მიეცემა, ეს კოღუაშვილმაც დაადასტურა და დასძინა, რომ სამურგაშევი ინდივიდუალურად იმუშავებს, შარაფეტდინოვზე კი თქვა, მას კიდევ ერთხელ შევამოწმებ უცხოეთშიო. თან კმაყოფილმა დაამატა, რომ ის საზღვარგარეთ კარგად ჭიდაობს - ნოემბერში ფინეთში მოიგო საერთაშორისო ტურნირი, მარტში კი უნგრეთში "ოქროს დიდ პრიზზე" გაიმარჯვა.
84-ზე მსჯელობისას კოღუაშვილმა ლამის პირდაპირ განაცხადა, რომ ისევ მიშინის იმედად რჩება. ყოველ შემთხვევაში, ღიად განაცხადა, რომ კონკურენტები მას კლასით ბევრად ჩამორჩებიან და როცა მიშინი ჭიდაობს, აუცილებლად იგებს.
96-ში სრულიად ახალგაზრდა მელნიკოვმა გაიმარჯვა. ის ქალაქ შახტიდანაა, თუმცა ორი წელიწადია, კრასნოიარსკში ვარჯიშობს ხუშტოვის გვერდით და ორივეს ერთი მწვრთნელი - მიხეილ გამზინოვი ამზადებს. მისი გადაბირება თურმე თავად ხუშტოვის იდეა ყოფილა - ადრე თუ გვიან სპორტიდან წავალ, ამ დარბაზში კი ჩემი ღირსეული შემცვლელი არ ჩანსო. აღმზრდელმაც დაუჯერა და გადაიბირა შეგირდი, რომელმაც სკოლაც წარჩინებით დაამთავრა და ახლა უნივერსიტეტშიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა. მეგობრები და ერთმანეთის სპარინგ-პარტნიორები ტურნირზე ერთმანეთს ერთადერთხელ შეხვედრიან და, ცხადია, ხუშტოვმა მოიგო. ისინი მუდმივად ერთად ვარჯიშობენ, რაც არა მარტო ხუშტოვს, მელნიკოვსაც წაადგა " ფინალში მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი ვასილ ტეპლოუხოვი დაამარცხა, პოდუბნის წლევანდელი ტურნირის ჩემპიონი რუსტამ ტოტროვი კი საერთოდ უმედლოდ დარჩა.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა ბაროევმა თავის გამარჯვებას საინტერესო კომენტარი გაუკეთა - ამ ჩემპიონატისთვის მთებში ვემზადებოდი, სადაც სუფთა ჰაერი და გემრიელი რძეაო. მას ხელს აძლევს არა მარტო შედეგი, არამედ - ჭიდაობის ხარისხიც. განსაკუთრებით იმხელა პაუზის ფონზე. ის დარწმუნებულია, რომ თუ მომავალშიც ასე ივარჯიშებს, წარმატებებსაც მიაღწევს, მაგრამ უკმაყოფილოა იმით, რომ ამ წონაში რეზერვი არ ჩანს, ახალი სახეები არ გამოჩენილან. შეგირდის ჭიდაობით კოღუაშვილიც კმაყოფილია და მიესალმება მის წარმატებულ დაბრუნებას, რეზერვთან დაკავშირებით კი მანაც თითქმის იგივე გაიმეორა, რაც ბაროევმა თქვა და გულისტკივილი გამოხატა იმის გამო, რომ მთელი ორი წელიწადია, ამ წონაში ახალი არავინ უხილავს.





ავტორი:  ირაკლი თავაძე


კალენდარი
აგვისტო  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი