მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-04-03
მეცხრე გადაადგილება

საქართველოს ჩემპიონატში მორიგი სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა: კახა კარანაძის ნაცვლად გაგრას მთავარ მწვრთნელად უკრაინელი სპეციალისტი ანატოლი პისკოვეცი დაინიშნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა: უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ჩვენს ჩემპიონატში ხომ, სულ მცირე, ერთი უცხოელი მწვრთნელი მაინც მუშაობდა...

ქართული სინამდვილე

მწვრთნელების გაუთავებელი ცვლა ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთ საფირმო ნიშნად უკვე დიდი ხანია იქცა. გრძელვადიან კონტრაქტებს ვინ ჩივის, უკვე ის გვიკვირს, როცა ესა თუ ის მწვრთნელი ერთსა და იმავე გუნდში გადაბმულად... ერთ სეზონს ჩაატარებს! თუნდაც, მიმდინარე ჩემპიონატი ავიღოთ, უკვე 9 (!) სამწვრთნელო გადაადგილება რომ მოხდა; თან, ნუ დაგვავიწყდება, რომ საუბარია ათგუნდიან ჩემპიონატზე; ეგ კი არა, ზოგ გუნდში ფეხბურთელებმა სეზონი ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით დაიწყეს, შემდეგ, გარკვეული პერიოდის შემდეგ სხვასთან გააგრძელეს ურთიერთობა და მოგვიანებით კვლავაც ახალი დამრიგებლის გაცნობა მოუხდათ...

...სეზონის პირველი სამწვრთნელო ცვლილება (დღემდე ყველაზე ხმაურიან და, რბილად რომ ვთქვათ, მოულოდნელად რომ მიგვაჩნია) ჩემპიონატის სტარტზევე მოხდა. მხოლოდ სამი ტური იყო გასული, როცა მოქმედი ჩემპიონის თავკაცობაზე საკუთარი სურვილით უარი თქვა (ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური ვერსია ასეთია) რამაზ მუმლაძემ. მართალია, მუმლაძე მოგებული მატჩის (სიონთან) მერე წავიდა, მაგრამ ყველას კარგად მოეხსენებოდა, რომ საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელის გადადგომის (გნებავთ, გათავისუფლების) უმთავრესი მიზეზი წინა ტურში გაგრასთან დიდი ანგარიშით (0:4) მარცხი იყო. მუმლაძის ნაცვლად ვიტ ჯორჯიაში მერაბ კოჭლაშვილი დაინიშნა, ვინც მანამდე წლების განმავლობაში ამავე გუნდის ფარმკლუბის თავკაცი იყო და საკმაოდ ნაყოფიერადაც მუშაობდა.

მეორე გადადგომა მერვე ტურის შემდეგ მოხდა: რვაწლიანი პაუზის შემდეგ სამტრედიას უმაღლეს ლიგაში აღზევების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ქართული სამწვრთნელო სკოლის დამსახურებული ვეტერანი ვალერიან ჩხარტიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (ამ შემთხვევაშიც ოფიციალურ ვერსიას ვასახელებთ) იძულებული იყო, პოსტი დაეტოვებინა. ყველაფერი ეს ისევ და ისევ სიონთან მატჩის შემდეგ მოხდა - უმაღლესი ლიგის მწვრთნელებში ყველაზე ხანდაზმული სპეციალისტის ადგილი კი მისმა ახალგაზრდა თანაშემწეებმა, მამუკა მესიაჩენკომ და ლევან ანჯაფარიძემ დაიკავეს.

მესამე სამწვრთნელო გადაადგილება კი, ასე ვთქვათ, კომპლექსური იყო: ოქტომბრის დასაწყისში ოლიმპმა საქართველოს თასის მერვედფინალში სენსაციური მარცხი განიცადა საჩხერის ჩიხურასთან და რუსთავული კლუბის ამბიციურმა ხელმძღვანელებმა მწვრთნელის შეცვლა გადაწყვიტეს. ოთარ კორღალიძის ნაცვლად ოლიმპის მთავარ მწვრთნელად თემურ მახარაძე დაინიშნა, ვინც მხოლოდ სეზონის დაწყების წინ იყო ბოლნისის სიონში მისული. მახარაძის ადგილი სიონის თავკაცის პოსტზე კი მანამდე მის თანაშემწედ მომუშავე გიორგი ყიფშიძემ დაიკავა. ამის შემდეგ სამწვრთნელო გადაადგილებების თემა დროებით დაიხურა, მაგრამ პირველი ეტაპის მიწურულს ზედიზედ ორი ცვლილება მაინც მოხდა. XVI ტურის შემდეგ, როდესაც ვიტ ჯორჯია სკანდალურ საშინაო შეხვედრაში დამარცხდა ოლიმპთან, მერაბ კოჭლაშვილის ნაცვლად მოქმედი ჩემპიონის მთავარ მწვრთნელად გელა გომელაური მოგვევლინა. თანაც ვეტერინართა ხელმძღვანელებს ამ შემთხვევაშიც გარეთ არ დაუწყიათ მწვრთნელის მოძებნა: გომელაური მანამდე საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობდა ვიტ ჯორჯიას დუბლშემადგენლობასთან; ამასთან, კოჭლაშვილიც კვლავაც გუნდის სამწვრთნელო შტაბში დარჩა...

...კიდევ ერთი ტურის შემდეგ კი ისტორიული მოვლენის მომსწრენი გავხდით: ჩემპიონატში მოღვაწე ერთადერთმა უცხოელმა მწვრთნელმა, უკრაინელმა ვიქტორ კაშჩეიმაც დაგვტოვა! ჰო, აქაც, რაღა თქმა უნდა, ყველაფერი საკუთარი სურვილით მომხდარა და გაგრას ხელმძღვანელებმაც გუნდის გაძღოლა კახა კარანაძეს დაავალეს, ვინც მანამდე კაშჩეის ასისტენტი გახლდათ. ისტორიული მოვლენა კი შემთხვევით არ გვიხსენებია: 1998/99 წლების სეზონიდან მოყოლებული, ჩემპიონატი არ ყოფილა, ჩვენთან უცხოელ მწვრთნელს არ ემუშავა. და აი, კაშჩეის წასვლიდან ოთხი თვის განმავლობაში ასე გრძელდებოდა, ვიდრე იმავე გაგრაში, ორი დღის წინ ანატოლი პისკოვეცი დაინიშნებოდა. თუმცა, ამ ოთხ თვეში კიდევ მოხდა ორი სამწვრთნელო ცვლილება; პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ბოლნისის სიონის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი ყიფშიძე ხვიჩა ქასრაშვილმა შეცვალა, ხოლო ბესიკ შეროზიას ნაცვლად ბაიაში ელგუჯა ქომეთიანი დაინიშნა.

მოკლედ, პისკოვეცის მოსვლით ჩემპიონატში მეცხრე სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა. საერთოდ კი, სეზონის დაწყებიდან დღემდე მხოლოდ ოთხი მწვრთნელია, რომელთაც კლუბის ხელმძღვანელთა მხრიდან სრული ნდობა აქვთ გამოცხადებული და აგვისტოდან მოყოლებული თავიანთ პოსტზე რჩებიან: გია გეგუჩაძე (ზესტაფონი), კახა კაჭარავა (დინამო), ვლადიმერ ხაჩიძე (სპარტაკი) და გელა სანაია (ლოკომოტივი). სხვათა შორის, წინა სეზონში ბევრად უფრო მეტი ნდობა ჰქონდათ მწვრთნელებს: რამაზ მუმლაძემ (ვიტ ჯორჯია), ოთარ კორღალიძემ (სიონი), გიორგი კიკნაძემ და ზაზა ზამთარაძემ (ლოკომოტივი), ბესიკ შეროზიამ (მგლები) და კობა თედიაშვილმა (მესხეთი) ჩემპიონატი დაიწყეს და დაამთავრეს კიდეც. ანუ, წინა სეზონში უფრო მეტმა მწვრთნელმა გაუძლო ჩვენი ჩემპიონატის შუქ-ჩრდილებს, ოღონდ, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ მაშინ ერთი გუნდით მეტი მონაწილეობდა...

უცხოური დესანტი

ზემოთ 1998-99 წლების სეზონი ვახსენეთ და სწორედ იმ საიუბილეო, მეათე ჩემპიონატში გამოჩნდა ჩვენთან პირველი უცხოელი მწვრთნელიც - ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპი. ბოსკამპი, ასე ვთქვათ, გამზადებულზე მოვიდა: მურთაზ ხურცილავას დინამო ისედაც ჩემპიონი გახდებოდა, მაგრამ ბოლო ტურებში ჩვენმა ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა მორიგ ტრიუმფს უკვე ჰოლანდიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მიაღწია.

მომდევნო სეზონში უკვე ახალი უცხოელი მწვრთნელი გვყავდა - იტალიელი ჯანი კარნევალე ბათუმში დაინიშნა და სადებიუტო სეზონში გუნდი მეოთხე ადგილზე გაიყვანა. კარნევალე დიდხანს დარჩა საქართველოში და ბათუმის გარდა ვიტ ჯორჯიაშიც ნაყოფიერი მუშაობით დაგვამახსოვრა თავი. აი, მომდევნო უცხოელ სპეციალისტს კი საქართველოში ყველაზე დიდი წარმატება ელოდა: ხორვატი ივო შუშაკის ხელმძღვანელობით თბილისის დინამომ ჩემპიონობაც მოიპოვა და თასიც; ამას მოგვიანებით მოსკოვში მიღწეული წარმატებაც მოჰყვა - დინამომ დსთ-ს თასი მოიპოვა!

2002/03 წლების სეზონი კი მართლაც განსაკუთრებული იყო - საქართველოს ჩემპიონატში ოთხი უცხოელი სპეციალისტი მოღვაწეობდა: უკვე ნახსენები ჯანი კარნევალესა და ივო შუშაკის გარდა ესენი იყვნენ უკრაინელი ალექსანდრ შტელინი (ქუთაისის ტორპედო) და პერუელი ლუის ცაკარიასი (ლოკომოტივი). ამის შემდეგ, სეზონი არ გავიდოდა, ჩვენს ჩემპიონატში ახალი უცხოელი მწვრთნელი არ გამოჩენილიყო; ოღონდ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ბრაზილიელი ჟოაო დე კამპუში (ტორპედო, ) უკრაინელი ვლადიმერ ზემლიანოი (ზესტაფონი) და რუსი ანდრეი ჩერნიშოვი (დინამო) ქართველ კოლეგებს არათუ ვერაფრით აღემატებოდნენ, საერთოდ, მათი სამწვრთნელო კვალიფიკაციაც დიდ ეჭვს იწვევდა მაშინაც და დღესაც იმავე აზრზე ვართ...

სამაგიეროდ, აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია იყო მომდევნო უცხოელ მწვრთნელთან მიმართებაში: 2006/07 წლების სეზონში თბილისის დინამოში ჩეხი დუშან უჰრინი დაინიშნა; ყველაზე ტიტულოვანი უცხოელი მწვრთნელი, ვისაც ოდესმე საქართველოს ჩემპიონატში უმუშავია. უჰრინი საქართველოდან ისე წავიდა, თავის მდიდარ სამწვრთნელო კარიერას მორიგი ტიტული მიუმატა. უჰრინის შემდეგ მოსულმა კიდევ ერთმა უცხოელმა, გერმანელმა რაინერ ცობელმაც შეძლო ერთი ქართული ტიტულის (სუპერთასი) მოგება, მაგრამ სეზონის ჩამთავრება არ დასცალდა და, ალბათ ლოგიკურიც იყო - მისი ხელმძღვანელობით დინამო საჩემპიონო გუნდს ნამდვილად არ ჰგავდა. ცობელის წასვლას დაემთხვა ზუსტად ჩვენს ჩემპიონატში კიდევ ერთი უცხოელი მწვრთნელის დებიუტიც: 2009 წლის 21 მარტს გაგრას თავკაცად უკრაინელი ვიქტორ კაშჩეი მოგვევლინა. თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ სპეციალისტმა საქართველოში მხოლოდ წლის ბოლომდე გაძლო და კეთილი სურვილებით დაგვემშვიდობა. და აი, იმავე გაგრაში მისი თანამემამულე ანატოლი პისკოვეცს დღეს ხელმეორე დებიუტი ელოდება საქართველოს ჩემპიონატში!

პისკოვეცი საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელია - სამშობლოშიც არაერთ გუნდს ხელმძღვანელობდა და შემდეგ უკვე აზერბაიჯანში მუშაობდა წლების განმავლობაში. ეგ კი არა, ერთი პერიოდი, ჩვენს სამეზობლოში ქალთა გუნდებსაც ავარჯიშებდა...

პისკოვეცი საქართველოში პირველად 2007 წლის აგვისტოს ჩამოვიდა და მეორე ტურიდან რუსთავის ოლიმპის მთავარი მწვრთნელი გახდა. ოლიმპი იმ დროს მოქმედი ჩემპიონი იყო და რა გასაკვირია, რომ მომდევნო სეზონშიც კლუბის ხელმძღვანელებს მხოლოდ მაღალი მიზნები ექნებოდათ. პისკოვეცს ურიგო შემადგენლობა არ დახვედრია (მირზა მერლანი, სერგი ორბელაძე, მიხეილ მახვილაძე, გიორგი ნავალოვსკი, ლევან სილაგაძე, რეზო ჯიქია, ალექსანდრე კოშკაძე, გიორგი კახელიშვილი, ლადო დვალიშვილი, რევაზ გეწაძე), თუმცა, ლეგიონერებზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით, რადგან ერთადერთი მხოლოდ ერნესტ აკუასაგა თუ აკმაყოფილებდა საქართველოს ჩემპიონატის მოთხოვნებს (?!).

პისკოვეცის დებიუტი წარმატებული გამოდგა - ოლიმპმა ზედიზედ ორი მატჩი მოიგო, მაგრამ ამის შემდეგ სამ შეხვედრაში გუნდმა მხოლოდ ერთი ქულა აიღო (ისიც საშინაო შეხვედრაში მესხეთთან) და უკრაინელმა მწვრთნელმა ნელ-ნელა გუნდის გადახალისება დაიწყო. პისკოვეცმა რამდენიმე სრულიად უცნობ ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, მაგრამ იმათგან მხოლოდ ერთმა გაუმართლა მწვრთნელს ნდობა. ახალგაზრდა ნახევარმცველს დავით დევდარიანს მანამდე ფაქტობრივად, არავინ იცნობდა, აი, პისკოვეცის ხელმძღვანელობით კი ეს ბიჭი მართლაც ჩინებულად ათამაშდა. ამასობაში ოლიმპმაც მეტ-ნაკლებად გამოასწორა სატურნირო მდგომარეობა და ზამთრის პაუზამდე თამაში აღარ წაუგია. ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კი გუნდი, ფაქტობრივად, მთლიანად გადახალისდა: ოლიმპიდან თითქმის ყველა წამყვანი ფეხბურთელი წავიდა და მხოლოდ ორბელაძე, მახვილაძე, სილაგაძე, გეწაძე და ჯიქია დარჩნენ. რაც მთავარია, ახალგაზრდა დავით დევდარიანის სახით გუნდს ახალი ლიდერი ჰყავდა და მთავარი იყო, ოლიმპის უამრავი ახალწვეული (ვლადიმერ ჯოჯუა, ნიკოლოზ სტეფანიშვილი, ბექა შეყრილაძე, გიორგი გაბედავა, გელა ხუბუა, გიორგი იმედაძე) რამდენად მალე დაამტკიცებდნენ მწვრთნელის სასელექციო შესაძლებლობებს. სხვათა შორის, ოლიმპს დსთ-ს თასზე ასპარეზობაც ელოდებოდა და პისკოვეცმა რუსთავულ გუნდში ორი თანამემამულე ფეხბურთელიც (ომელიანოვი, კოვალევსკი) აიყვანა. უფრო ზუსტად, ჯერ შეკრებაზე, მერე კი უშუალოდ დსთ-ს თასზე, ოლიმპში უფრო მეტი უკრაინელი ფეხბურთელი ისინჯებოდა თუ ასპარეზობდა, მაგრამ საქართველოში მხოლოდ ომელიანოვი და კოვალევსკი ჩამოვიდნენ.

ოლიმპმა დსთ-ს თასზე მართლაც ღირსეულად იასპარეზა და რუსთაველი ქომაგებიც დიდი იმედით ელოდნენ მეორე ეტაპის დაწყებას. ოლიმპმა კი მეორე ეტაპი მართლაც რიხით დაიწყო: დავით დევდარიანისა და ალექსანდრ ომელიანოვის გოლების წყალობით რუსთავულმა კლუბმა სტუმრად თბილისის დინამოს მოუგო, შემდეგ იმავე დევდარიანის ერთადერთი გოლით ბათუმის დინამო დაამარცხა. ჰოდა, ყველა რომ გუნდის დაღმასვლის გაგრძელებას ელოდა, სწორედ ამ დროს იყო ის ზედიზედ ორი საბედისწერო წაგება ამერთან და ვიტ ჯორჯიასთან. აი, ამ ორი მარცხის მერე, ფაქტობრივად, საბოლოოდ გაირკვა, რომ ოლიმპი ჩემპიონის ტიტულს ვეღარ შეინარჩუნებდა და პისკოვეციც გუნდიდან წავიდა. ეს ამბავი ორი წლის წინათ, 2008 წლის მარტში მოხდა და ამ ხნის განმავლობაში პისკოვეცს კონტაქტი არ გაუწყვეტია აქ შეძენილ მეგობრებთან. მუდამ ინტერესდებოდა საქართველოს ჩემპიონატით, ნაცნობ-მეგობრებსაც ხშირად მოიკითხავდა-ხოლმე და აი, ორწლიანი განშორების შემდეგ კვლავაც გვესტუმრა. ოღონდ, ამჯერად ოლიმპისგან აშკარად განსხვავებული გუნდის გაწვრთნას დათანხმდა...

ავტორი: გია ტუხაშვილი


კალენდარი
აგვისტო  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი