"სოხუმში აფხაზეთსა და საქართველოს შორის არსებული პოლიტიკური მდგომარეობის განსახილველად ჩამოვედით," - განუცხადა აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბელგიის ელჩმა, ბერტრან დე კრომბერგმა და იქვე დასძინა, რომ აფხაზეთი ვალდებულია, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
როგორც კრომბურგმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, "ეუთო-ს მიაჩნია, რომ აფხაზური მხარე ვალდებულია, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას".
რაც შეეხება კონკრეტულ წინადადებებს, გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმში სტუმრად მყოფი ელჩების დელეგაციის ხელმძღვანელმა სოხუმის მთავრობას გალის რაიონში გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნა და იქ გაერო-ს სამოქალაქო პოლიციის კომპონენტის განლაგება შესთავაზა. თუმცა, კრომბურგის ინიციატივა დე-ფაქტო ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო. სერგეი ბაგაფშმა განაცხადა, რომ გაერო-ს პოლიციისა და ოფისის გახსნის აუცილებლობა კონფლიქტის ზონაში არ არის.
გუშინ ეუთო-ს ელჩებთან შეხვედრაში ბაგაფშის გარდა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი, უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენლის, კრისტიან ბჟანიას, განცხადებით, ეუთო ცდილობს, დაარწმუნოს სეპარატისტული რესპუბლიკები საქართველოს შემაგდენლობაში ყოფნის მნიშვნელობასა და აუცილებლობაში. "აფხაზეთს საერთოდ არ აინტერესებს კარგი ვირტუალური ურთიერთობები ქართული ხელისუფლების ფარგლებში," - განაცხადა ბჟანიამ.
24 საათი















































































