მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
24 საათი
2006-07-27
"თავის თავის უფლები"

ცისფერი სახლები მოხატული ფანჯრებით, ენით აუწერელი სისუფთავე, ტრადიციულ რუსულ სამოსში გამოწყობილი მოხუცები, განსხვავებული აზროვნებით და განსხვავებული რწმენით. ერთადერთი კოლმეურნეობის კოლმეურნეები, ხალხი, რომელიც წეროებთან ერთად ცხოვრობს. ერთი სიტყვით, რეალობად ქცეული რუსული ზღაპარი - სოფელი გორლოვკა, სადაც 400-მდე დუხობორი ცხოვრობს.

"თავის თავის უფლები", - ასე აფასებენ დუხობორები თავიანთ ყოფას. რუსეთიდან საქართველოში გადმოსახლებულები ჯავახეთში, ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორლოვკაში ცხოვრობენ. ისინი სამშობლოდან მეფის რუსეთს 1841 წელს გამოუსახლებია, რადგან არატრადიციულ ქრისტიანულ მიმდინარეობას მეტი და მეტი თანამოაზრე უერთდებოდა.

ნაწილი თურქეთში დასახლდა, ნაწილიც აზერბაიჯანში. 12 ათასმა მათგანმა კი გორლოვკაში დაიდო ბინა. როგორც მათი შთამომავლები იხსენებენ, საკუთარი ხალხისგან უარყოფილებს ჯავახეთში დარჩენა იმიტომ გადაუწყვეტიათ, რომ გორლოვკასა და მის შემოგარენში არავინ ცხოვრობდა. ამდენად, განსხვავებული რელიგიური შეხედულების მქონე ადამიანების ჯგუფს, მათი აზრით, აღარავინ შეავიწროებდა. საქართველოში შემოდგომის მიწურულს ჩამოსახლებულან. ჯავახეთის მძიმე კლიმატისთვის 4 ათას დუხობორს ვერ გაუძლია, ისინი სიცივისა და შიმშილისგან პირველივე ზამთარს გარდაცვლილან. დანარჩენს, მათი ლიდერი ლარიონ კალმიკოვი ჯავახეთიდან წასვლას სთხოვდა, თუმცა... დღეს, მათი მცირე ნაწილი საქართველოს სხვადასხვა მხარეებშია დასახლებული, ყველაზე მეტი მათგანი კი დღემდე გორლოვკაში ცხოვრობს.

დუხობორებს სწამთ ერთი ღმერთის, მაგრამ არ სწამთ საეკლესიო პირების. ამბობენ, რომ "ღმერთსა და ადამიანს შორის შუამავალი არ უნდა იყოს". ეკლესიაში არ დადიან, საეკლესიო რიტუალს მათ მიერ აშენებულ სახლში ატარებენ. პირჯვარს არ იწერენ და ფსალმუნებს თავად კითხულობენ. ზეიმობენ ყველა ქრისტიანულ დღესასწაულს. ბავშვებს პატარა ასაკში ნათლავენ, რომელთაც თავად ოჯახის წევრები ლოცავენ და უტარებენ ნათლობის რიტუალს. ადრე მარხულობდნენ, ახლა ნაკლებად. სააღდგომო კვერცხებსაც ღებავენ, ოღონდ სხვადასხვა ფრად და პასკასაც აცხობენ. როგორც დუხობორების წარმომადგენელი ტატიანა ჩუჩმაევა ამბობს, დუხობორების მიმდინარეობა არსებობას მე-14 საუკუნიდან ითვლის.

დუხობორები სიყვარულით ქორწინდებიან. ნიშნობას ეძახიან - "დობრიი ჩას"-ს. დიდ ქორწილს მართავენ, რომელიც პატარძლის სახლში იწყება, მეორე დღეს "პახმელიაზე" სიძის სახლში გამოდიან, სადაც მოგვიანებით კოცონს ანთებენ და ზედ ხტებიან. კოცონის ჩაქრობა - "ტუშიტ აგონ" ქორწილის დასრულებას ნიშნავს. დუხობორებს საშუალოდ ხუთი შვილი ჰყავდათ, დღეს ეს რიცხვი სამამდე შემცირდა.

დუხობორების სალოცავი ერთ პატარა ეზოში აქვთ აშენებული, იქვე მეორე სახლიცაა, რომელსაც "სიროტსკიი დომ"-ს ეძახიან. აქ ცხოვრობდნენ მარტოხელა მოხუცები და ობოლი ბავშვები. "ჩვენ არავის ვაგდებთ, ერთმანეთს ვუვლით," - გვითხრა ტატიანა ჩუჩმაევამ. ობოლთა თავშესაფარი 1883 წელს აუშენებიათ, პირველი რესტავრაცია 1926 წელს ჩაუტარდა, მეორე -1969 წელს. ეს არის კოხტა, ცისფერი სახლი, რომელსაც, სალოცავთან ერთად, საგადასახადო ინსპექციამ ყადაღა დაადო, დუხობორებს კი 3 მილიონი ლარის ოდენობის ვალი დააკისრა.

"არადა, ეს ჩვენი საკუთრებაა, ეს მიწები ნაყიდი გვაქვს. ჩვენმა წინაპრებმა საქართველოში ჩამოსვლისთანავე ერთი ფაეტონი ოქრო გადაუხადეს მაშინდელ ხელისუფლებას, რომელიც მათ რუსეთიდან წამოუღიათ", - აცხადებენ დუხობორები. როგორც თავად ამბობენ, არქივში ინახებოდა საბუთი, რომელიც მოწმობდა, რომ დუხაბორებმა მიწის საფასური გადაიხადეს. თუმცა, ტატიანა ჩუჩმაევა ამბობს, რომ საბუთი კანადაში წაუღიათ. ცნობისთვის, დუხობორები კანადაშიც ცხოვრობენ. მეორე ეგზემპლარი, სანკტ-პეტერბურგის არქივშია, რომლის მოპოვებაც ჯერ ვერ შეძლეს. "მარტო ქონება კი არა, ჩვენც რომ გაგვყიდონ 3 მილიონ ლარს ვერ შეაგროვებენ. პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ხალხისთვის ძველი ვალები ჩამოეწერათ, ჩვენ რატომ არ გავახსენდით? " -კითხულობენ აქაურები.

პრეზიდენტის რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში გოგა ხაჩიძე ამბობს, რომ "დუხობორებისთვის დაკისრებული ვალის თაობაზე რამდენიმე მინისტრთან მქონდა საუბარი. ვალი, 3 მილიონი ლარი, წარმოიქმნა იმით, რომ საგადასახადომ რაღაც-რაღაცეები კანონის ფარგლებში მოაქცია. დავაყენე წინადადება, ამ ვალის ჩამოწერის შესახებ".

ასზე მეტი დუხობორი დღემდე კოლმეურნეობაში კოლექტიურად მუშაობს. როგორც თავად ამბობენ, "საბჭოური წესი" დღემდე იმიტომ შეინარჩუნეს, რომ განცალკევების ეშინოდათ.

ახალგაზრდები კოლმეურნეობაში არ შედიან, რუსეთში მიდიან სასწავლებლად და უკან აღარ ბრუნდებიან. სოფელში ძირითადად მოხუცები და უფროსი ასაკის მოსახლეობაა. მოხუცები ჩივიან, რომ ახალგაზრდები რუსეთში მართლმადიდებლობას იღებენ.

შვილების მოლოდინში, რუსეთში წასვლა მშობლებმაც გადაწყვიტეს. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც თანამემამულეთა რეპატრიაციაც ეხება, 300 დუხაბორი უკვე გამოეხმაურა. "თუ ყველა წავა, მეც წავალ, მაგრამ არ მინდა... დედის და მამის საფლავი როგორ დავტოვო?" - გვითხრა ტატიანა ჩუჩმაევამ.

დუხობორების საქართველოდან წასვლის მიზეზად რამდენიმე პრობლემას - სოციალური საკითხების გარდა, არაკანონიერად გადანაწილებული მიწებს და მთავრობისა და რაიონის გამგებლის უყურადღებობას ასახელებენ.

სოფლის საკრებულოს აპარატის უფროსი ზინაიდა ბდოიანი ამბობს, რომ თავის დროზე ადმინისტრაციამ არასამართლიანად გადაანაწილა მიწები.

ნინოწმინდის რაიონის გამგებელი მელს ბდოიანი კი აცხადებს, რომ დუხაბორები 170 წელია აქ ცხოვრობენ და მათთან ურთიერთობაში არანაირ გაუგებრობას არ ჰქონია ადგილი.

კიდევ ერთი პრობლემა სოფლის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობაა. დღეს გორლოვკაში უკვე ცხოვრობენ დუხობორები, სომხები და ქართველები, თუმცა ქართული მხოლოდ შვიდი ოჯახია. "სხვადასხვა გაგება გვაქვს, ცხოვრება სხვადასხვანაირად გვესმის," - ამბობს ზინაიდა ბდოიანი, თუმცა იმასაც ამატებს, რომ მისი შვილები რუსეთში წასვლას ფიქრობენ. საკრებულოს აპარატის უფროსი სომხურ ენაზე თავისუფლად საუბრობს, ქართული მხოლოდ 12 სიტყვა იცის. ამბობს, რომ საქმის წარმოება ქართულ ენაზე ძალიან უჭირს. "ერთი შაბლონი მაქვს და იმით ვმუშაობ. ყველას ესმის, რომ ქართულის ცოდნა აუცილებელია, მაგრამ შეუძლიათ თუ არა, მეორე საკითხია," - ამბობს იგი.

გორლოვკაში სამი სკოლაა, ერთი სომხური, სადაც 150 მოსწავლე სწავლობს და ერთიც რუსულ-ქართული, სადაც რუსულ სექტორში 80 მოსწავლეა, ქართულში კი - 9. ეს სკოლა ტოლსტოის დახმარებით აუშენებიათ და სკოლაც მის სახელს ატარებს.

სოფლის სკოლის ქართული ენის მასწავლებელი ია ზედგენიძე ამბობს, რომ სომხურ სკოლის მოსწავლეები, რუს მოსწავლეებზე მეტად ცდილობენ ქართული ენის შესწავლას. "რუსები ჩემოდნებზე სხედან. რეგიონში საქმის წარმოებაც და სამსახურში მიღებაც ქართულ ენაზე უნდა ხდებოდეს. მშობელი რომ მიხვდება ქართული ენის ცოდნის აუცილებლობას, ასწავლის თავის შვილს," - აღნიშნა მან.

სომეხი ეროვნების მოსახლეობა გორლოვკაში 1990-91 წლებში, მას მერე დასახლდა, რაც დუხობორებმა მასობრივად დატოვეს სოფელი. სახლებს დღემდე იძენენ. როგორც გორლოვკის მცხოვრებმა ანა სუხორუხოვამ გვითხრა, ხშირად გაყიდულ სახლებს სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებიც ყიდულობენ. ზოგი საკუთარი შემოსავლით, ზოგსაც ფონდი "ფარვანა" ყიდულობს.

სოფელ სპასოვკის მკვიდრი ჯონი ბერიძე ამბობს, რომ დუხობორები სახლებს 2-3 ათას დოლარად ყიდიან. გორლოვკაში მცხოვრები ია ზედგენიძე კი ფიქრობს, რომ რუსები მაინც მიდიან და საქართველოს მთავრობას თუ უნდა ჯავახეთის შენარჩუნება, აქ ქართველები უნდა ჩამოასახლოს.

დუხობორები ძველ ლეგენდას იხსენებენ, რომლის თანახმადაც ისინი თურქებისგან შეშინებულ სომხებს თავიანთ ნაციონალურ ტანსაცმელს აცმევდნენ, თურქებს სომხები რუსები ეგონათ და მათ აღარაფერს უშავებდნენ.

ავტორი: თამარ ქადაგიძე


კალენდარი
აგვისტო  2006
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი