მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
24 საათი
2006-07-27
პარლამენტარები კოდორის ხეობის მოვლენების შესახებ

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ფიფია ერთადერთი პარლამენტარია, რომელიც კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა და ბოლო პერიოდში უშუალო კონტაქტი ჰქონდა ემზარ კვიციანთან. როგორც ფიფია აცხადებს, კოდორის ხეობაში თავისი ყოფნა მან კამერით გადაიღო, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ჭუბერში ვიდეოკასეტა ჩამოართვეს. დეპუტატის თქმით, შეიარაღებულმა პირებმა იგი დააკავეს, სხვა მანქანაში გადასვეს და გუშინ, დილის 7 საათზე, თბილისში, ე.წ "მოდულის შენობაში" მიიყვანეს.

გოჩა ფიფიას მტკიცებით, წართმეულ ფირზე აღბეჭდილი იყო, თუ რა განწყობა და პოზიცია აქვთ ხეობის წარმომადგენლებსა და პირადად ემზარ კვიციანს, რა მოხდა უხუცესთა საბჭოს კრებაზე, რატომ დაუდგა ახალგაზრდობის ნაწილი გვერდში ემზარ კვიციანს და სხვა.

"მთელი კოდორის ხეობის მოსახლეობის დამოკიდებულება არის ასეთი: ნაცვლად იარაღისა, ტყვია-წამლისა და შეიარაღებული ხალხისა, ხელისუფლებას ხეობაში უნდა შეეტანა ფქვილი, შაქარი და სხვა სურსათ-სანოვაგე, რომლის დეფიციტიც კოდორში აშკარად იგრძნობა," - აღნიშნა პარლამენტში გუშინ გამართულ ბრიფინგზე ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა. იგი ხაზგასმით საუბრობს იმ მძიმე სოციალურ ფონზე, რომელიც კოდორის ხეობაშია.

"მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხალხის ნაწილი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ პროტესტი რაღაცით უნდა გამოეხატა. ვინ აიტაცა მათი უკმაყოფილება და როგორ გამოიყენა ის, სხვა თემაა. თუმცა, ვერავის დავძრახავ იმაში, რომ თავისი კუთხის ინტერესები წინა პლანზე წამოსწია," - ჩვეულ სტილს არ ღალატობს "კუთხურობის" აპოლოგეტი პარლამენტარი.

იგი მასმედიას აცნობს ემზარ კვიციანის მოთხოვნას, რომ შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისთვის ხელისუფლებამ მის წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს, რაშიც თავად ფიფიასაც ეპარება ეჭვი. დეპუტატის თქმით, ხელისუფლებამ ემზარ კვიციანთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა თავისი წარმომადგენელი (მის ვინაობას ფიფია ვერ ასახელებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ამ პიროვნებას თენგო ერქვა), მაგრამ ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ამასთან, პარლამენტარი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კოდორის ხეობაში აფხაზური ან რუსული მხარის წარმომადგენლები იმყოფებიან.

"კოდორში მე ველოდები ხანგრძლივ საომარ მდგომარეობას, რომელიც პარტიზანული ომის მსგავსი იქნება," - საკმაოდ პესიმისტურ პროგნოზს აკეთებს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც იქვე იმასაც დასძენს, რომ კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენები საქართველოსთვის დიდი ზიანის მომტანი იქნება.

გოჩა ფიფიასგან განსხვავებით, მომავალს ოპტიმისტურად უყურებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა. იგი კოდორის ხეობაში პარტიზანული მოძრაობის შესაძლო დაწყების შესახებ გამოთქმულ ვარაუდს "ბოდვას" უწოდებს და შენიშნავს, რომ ფიფიას მსგავსი შეურაცხადი ადამიანების სურვილია, მოვლენები სწორედ ასეთი სცენარით განვითარდეს.

"მათი ოცნება ვერ განხორციელდება. პოლიციური ოპერაციის პარტიზანულ მოძრაობაში გადაზრდის მცირეოდენი შანსიც კი არ არსებობს. პოლიციური ოპერაცია ძალიან მალე დასრულდება," - ამტკიცებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

ნიკა რურუა ასევე მკაცრად აკრიტიკებს გოჩა ფიფიას იმ ვარაუდს, რომ, თითქოს, იმ ახალგაზრდებს, ვინც ემზარ კვიციანს გვერდში დაუდგა, ასეთი ნაბიჯი სოციალურმა გაჭირვებამ გადადგმევინა.

"საქართველოში ბევრია სოციალურად გაჭირვებული, მაგრამ ისინი შრომობენ, სწავლობენ და ამ გზით ცდილობენ სოციალური სიდუხჭირის დაძლევას. ყაჩაღობას არანაირი გამართლება არა აქვს," - აცხადებს ნიკა რურუა. მისივე თქმით, კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიო თანამეგობრობა ადეკვატურად აფასებს და საქართველოს ხელისუფლებას მხარდაჭერას უცხადებს.

კოდორის ხეობის ამბებს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი - ნიკა გვარამია ეხმაურება. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ხეობაში ანტიკრიმინალურ ოპერაციას ახორციელებს და აღნიშნული ქმედება კრიმინალებთან ბრძოლის გამოხატულებაა. გვარამიასთვის სამწუხაროა ის გარემოება, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიები აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც გარკვეულწილად ჯდება რუსეთის სცენარში. დეპუტატი შეშფოთებულია ოპოზიციური პარტიების ქმედებებით და აცხადებს, რომ თუკი მათ რეალობის შეგრძნება დარჩენიათ, ხელისუფლების პოზიციას უნდა შეუერთდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი ემზარ კვიციანის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მომხრეა. შედარებით რბილი პოზიცია აქვს მესტიის მაჟორიტარ დეპუტატს ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელიც ყოველნაირად ცდილობს სისხლისღვრის თავიდან აცილებას. პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ, მან კოდორელებს წინაარმდეგობის შეწყვეტისკენ, ხოლო ძალოვნებს ხეობის დატოვებისკენ მოუწოდა.

კოდორის ხეობის მოვლენებზე გამოძიება დაიწყო

"ხელისუფლებას ჩემი დაპატიმრებისთვის რაიმე საბაბის მოძებნა სურს. რაც შეეხება საუბრებს. სატელეფონო საუბარი მქონდა კვიციანთან და სხვებთანაც, მეტიც, წესით იქ უნდა ვიყო, რომ წვლილი შევიტანო წესრიგის დამყარებაში. თუკი გენერალური პროკურატურა ჩემს წინააღმდეგ საქმეს აღძრავს, ადვოკატს აუცილებლად ავიყვან, დღეს კი საკუთარი თავის ადვოკატი თავად ვარ," - ეს განცხადება დაკითხვაზე დაბარებულმა უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ბათიაშვილმა გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე გააკეთა. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღებამდე, ბათიაშვილი არ გამორიცხავდა, რომ დაკითხვის შემდეგ მას ორთაჭალის იზოლატორში გადაიყვანდნენ. ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ ირაკლი ბათიაშვილმა გენერალური პროკურატურა დატოვა. იგი გუშინ მოწმის სტატუსით იძლეოდა ჩვენებას.

კოდორის ხეობის ყოფილ რწმუნებულთან შემდგარი სატელეფონო საუბრის გამოქვეყნების შემდეგ, არავისთვის ყოფილა მოულოდნელი, რომ ირაკლი ბათიაშვილს პროკურატურაში დაიბარებდნენ, მით უმეტეს, რომ ემზარ კვიციანთან მისი სატელეფონო დიალოგი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საკმაოდ უარყოფითად შეფასდა.

"ნებისმიერ შემთხვევაში ბათიაშვილის მოქმედებებით საგამოძიებო სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ. ამ საუბრიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად სარწმუნოა, რომ უშიშროების ყოფილი მინისტრი ამ სიტუაციაში ნეგატიურ როლს ასრულებს. იმის მიხედვით, თუ რა ხარისხით ასრულებს ის ამ როლს და რა კონკრეტული ქმედებები აქვს დღემდე განხორციელებული, მისი ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების მოღალატე ადამიანის საქმიანობად," - ამ შინაარსის შეფასებები მოჰყვა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან შსს-ს მიერ გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერს.

უშიშროების ყოფილი მინისტრი კი ირწმუნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ფარული სატელეფონო ჩანაწერი დამონტაჟებული ფირია და მისი და კვიციანის დიალოგის მთავარი აზრი შეგნებულად არის ამოჭრილი.

რაც შეეხება აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს - კუპალბას, რომელიც კვიციანმა სატელეფონო საუბრის დროს ახსენა, ირაკლი ბათიაშვილის თქმით, ემზარ კვიციანი კუპალბას იცნობს იმ დროიდან, როცა ომის შემდეგ მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები იმართებოდა.

"ჩანაწერი საგანგებოდ დამონტაჟებული სახით არის გავრცელებული, რადგან როდესაც ემზარ კვიციანი კუპალბაზე საუბრობს, ამბობს, რომ მისი მხრიდან გარკვეულ შეთავაზებას ჰქონდა ადგილი, თუმცა სატელეფონო საუბრიდან სპეციალურად ამოჭრეს ის მონაკვეთი, სადაც კვიციანი კუპალბას ეუბნება, რომ მას დახმარება არაფერში სჭირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უხეშად დამახინჯებული ფირის გავრცელების გამო სასამართლოში სარჩელი მე უნდა შემეტანა. წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს ხელისუფლება ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებს თავს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩემი მიზანია კოდორის ხეობაში დამკვიდრდეს მშვიდობა. კოდორში მიმდინარე მოვლენები საქართველოს ისტორიაში სამარცხვინო ლაქა იქნება," - აცხადებდა გუშინ ირაკლი ბათიაშვილი.

უშიშროების ყოფილი მინისტრის დაკითხვის დასრულებისთანავე, გენერალურ პროკურატურაში სპეციალური ბრიფინგი მოეწყო. გენერალური პროკურორის მოადგილის კახა კობერიძის ინფორმაციით, კოდორში განვითარებული მოვლენების გამოძიება უკვე დაწყებულია, ემზარ კვიციანი კი დაუსწრებლად ბრალდებულია უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში და იარაღის, ფეთქებადი და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-გამოყენებაში. კახა კობერიძის ინფორმაციით, ემზარ კვიციანს კიდევ ერთ ბრალდებას - სამშობლოს ღალატის ბრალდებას წაუყენებენ.

"სასამართლომ მისი დაპატიმრების ბრძანება დაუსწრებლად უკვე გასცა. ემზარ კვიციანზე ძებნა გამოცხადდა," - ასეთი გახლდათ გენერალური პროკურორის მოადგილის ინფორმაცია. კახა კობერიძის განმარტებითვე, კოდორში განვითარებულ მოვლენებში გამოძიება ყველა დამნაშავის ბრალეულობას გამოავლენს და მათ მიმართ შესაბამისი ზომები გატარდება. 24 საათი

ავტორი: გიორგი ასანიშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2006
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი