მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
დილის გაზეთი
2001-07-01
ნიჭი + სპონსორი: სხვანაირად ჩოგბურთში სასწაულები არ ხდება

თბილისში ახლახან დამთავრდა იუნიორთა საჩოგბურთო ტურნირი, რომელიც ETA-ს (ანუ ჩოგბურთის ევროპული ასოციაციის) ეგიდით ტარდებოდა და მონაწილეთათვის გარკვეული სარეიტინგო დაინტერესებასაც შეიცავდა. ისეთ პირობებში, როცა, უსახსრობის გამო, ქართველი სპორტსმენები ვერ ახერხებენ ტურნირიდან ტურნირზე მოგზაურობას

(ეს აუცილებელი მომენტია კლასის ასამაღლებლად), ადგილზე მესამე რანგის ტურნირის გამართვა მათთვის, დამეთანხმებით, პირდაპირ მისწრებაა.

უკვე დასრულებული შეჯიბრის 110 მონაწილეს შორის ქართველების სიმრავლე განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო. საბოლოოდ, ამ ტურნირის წყალობით, ოთხმოცდახუთივე ქართველი ჩოგბურთელი უკვე ირიცხება საერთაშორისო რეიტინგში, მანამდე კი...

ლალი ზერეკიძე, საქართველოს ქალთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი:

- მანამდე რა უნდა ყოფილიყო - ყველა ასაკში თითო-ოროლა ბავშვია, ვინც, ასე თუ ისე, ანალოგიური რანგის ტურნირებში ახერხებდა მონაწილეობას, რადგან ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული; ბავშვებს კი დიდი საშუალება არ გააჩნიათ. არადა, საამისო კონტინგენტი ნამდვილად გვყავს. ამიტომ, რასაკვირველია, მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარ დედაქალაქში გამართულ ასეთ შეჯიბრს, რომელმაც, შეიძლება, იმდენი ქულა შეგმატოს რეიტინგში, რის მოგროვებასაც, ალბათ, წელიწადში სამი-ოთხი ტურნირი სჭირდება. სამწუხაროდ, ამ მხრივ ეს ერთადერთი შეჯიბრია საქართველოში. წინსვლა კი აშკარად შეიმჩნევა: პირველ წელს ტურნირი მე-4 კატეგორიისა იყო, მეორე და მესამე კი - რანგი ავიმაღლეთ და მე-3 კატეგორიაც დავიმსაურეთ. მოგეხსენებათ, ეს რასაც ნიშნავს: თუ პირველ შემთხვევაში გამარჯვებული 40 ქულას ღებულობდა, ახლა უკვე - 60-ს ღებულობს.

- ეს, ალბათ, იმასაც ნიშნავს, რომ, კატეგორიასთან ერთად, ტურნირის სოლიდურ მონაწილეთა რიცხვიც იზრდება...

- აუცილებლად, რადგან, ყველა უფრო მაღალი კატეგორიის ტურნირს ირჩევს, რათა მეტი შენაძენი ჰქონდეს რეიტინგში. მართალია, მაღალ კატეგორიებზე განაცხადს ჯერჯერობით ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ამ ეტაპზე არც მესამე გახლავთ ცუდი - ეს არის საშუალოზე მაღალი დონე და, რაც მთავარია, ტენდენცია მატებისკენ მიდის. ჩვენს შემთხვევაში, მატება პირველი ტურნირის შედეგების მიხედვით დაფიქსირდა, ასე რომ, ეს ეტაპები აუცილებლად უნდა გაიარო.

- გამოდის, რომ უმაღლესი კატეგორიის მიღწევა პერსპექტივაში აუცილებლად იგულისხმება!

- რასაკვირველია, ჩვენ ყველას ამის იმედი გვაქვს, და მარტო ამ ერთ ტურნირზე როდია ლაპარაკი - შევეცდებით, მათი რიცხვი გავზარდოთ.

- ასპარეზობა 14-16-წლიანებს შორის ჩატარდა. ეს ის ასაკია, როცა ცნობილი ვარსკვლავები (სელეში, კაპრიატი, კურნიკოვა, ჰინგისი...) უკვე სერიოზულ განაცხადს აკეთებენ დიდ ჩოგბურთში...

- მონიკა სელეში და ჯენიფერ კაპრიატი მსოფლიო ჩოგბურთში მოვლენად მიიჩნევა. ამიტომ, მოდით, აქცენტს მათზე ნუ ავიღებთ. ჩვენი ტურნირი ხომ ის არენაა, სადაც ყველა ჩოგბურთელს შეუძლია საკუთარი ძალების გამოცდა და გამოცდილების მიღება! ყველა პროფესიონალს სწორედ საფეხურები აქვს გავლილი.

- ქართველ ჩოგბურთელთა ახალი თაობის გვარები, მართალია, ევროპულ რეიტინგებში აქა-იქ გაიელვებს ხოლმე, მაგრამ, საერთო ჯამში, ალბათ, დამეთანხმებით, ელიტარულ ათეულში ნამდვილად არ შევდივართ. ტურნირის მონაწილეთა შერჩევისას რამდენად დიდ როლს თამაშობს ეს გარემოება?

- მართალია, ელიტარულ ჯგუფში არ შევდივართ, მაგრამ ისეთ ძლიერ ქვეყნებს, როგორიცაა ბელგია, ჰოლანდია, ვუსწრებთ. ამ ტურნირზე, ვერ გეტყვით, რომ ათეულის მოთამაშეები გამოვიდნენ, მაგრამ საშუალოზე მაღალი დონის ჩოგბურთელები კი ნამდვილად მონაწილეობდნენ რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან.

- ქართველებმა როგორ აჩვენეს თავი?

- პრინციპში, ისინი ყველა ასაკში ლიდერები იყვნენ, გარდა ვაჟთა შორის 16 წლამდე ასაკისა. აქ არაქართული ფინალი შედგა, რუსისა და სომეხის მონაწილეობით, ქართველები კი, საერთოდ, ნახევარფინალს მიღმა დარჩნენ. დანარჩენ კატეგორიებში, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთიდან ძალიან ძლიერი გოგონები მონაწილეობდნენ, ლიდერებად ქართველები მოგვევლინნენ, ფინალები სულ "ჩვენი" გამოდგა: 14 წლამდე ასაკში თიკა ყავლაშვილმა ანა ლიპარტიას სძლია, უფროს ასაკში სოფიკო მელიქიშვილმა ნანა უროტაძე დაამარცხა, 14 წლამდე ასაკის ვაჟებს შორის კი, გიორგი ნავროზაშვილმა ნოდარ ლითონიშვილს მოუგო. ძალიან პერსპექტიული ბავშვები არიან და, რომ გაიზარდონ, სწორედ ასეთი ტურნირები სჭირდებათ და, რაც შეიძლება, ბევრი.

- როგორც ვიცი, ძალიან იმედისმომცემი უმცროსი თაობაც გიმაგრებთ ზურგს...

- დიახ, განსაკუთრებით გოგონებში. როგორც ფედერაციის თასის გუნდის კაპიტანს, ძალიან მიხარია, რომ მომავალში ძალიან დიდი არჩევანის საშუალება მექნება.

- მაინც, ვინმეს ხომ არ გამოყოფდით, როგორც განსაკუთრებული ნიჭის პატრონს?

- ყველა ბავშვი ნიჭიერია, მაგრამ განსაკუთრებით, ალბათ, მაინც ფინალისტებს გამოვყოფდი, ასევე მანანა შაფაქიძეს, ჯიქიას, ანა ტატიშვილს... თუმცა, ვერც სხვა ბავშვებზე ვიტყვი, რომ კარგები არ არიან. პრინციპში, ყველას აქვს ძალიან დიდი შანსი, მომავალში კარგი ჩოგბურთი ითამაშონ.

- საკუთარმა კედლებმა რა როლი შეასრულეს ჩვენებურების წარმატებაში?

- როგორც სხვა სახეობებში, აქაც დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტორს, თუმცა, ეს ჩოგბურთელები უკვე გაემგზავრნენ ერევანში ანალოგიური რანგის ტურნირში მონაწილეობის მისაღებად და, ვფიქრობ, თბილისში ნაჩვენებ შედეგებს გაიმეორებენ, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებს ძალიან სერიოზული ნაკრები ჰყავთ.

- დაახლოებით, ათი წლის წინათ ქართული ჩოგბურთის ერთადერთი იმედი ლელა მესხი იყო. მას შემდეგ ასეთი ვარსკვლავი არ გვყოლია. გაჭირვების წლებში ისეთი ტენდენციაც გამოიკვეთა, თითქოს ამ პირობებში შეუძლებელი იყო უმაღლესი კლასის სპორტსმენის გაზრდა, თუმცა, დღემდე ჩოგბურთში ბევრი რამ გაკეთდა საიმისოდ, რომ პირობები გაუმჯობესებულიყო. დღესდღეობით თუ გვაქვს იმის შანსი, რომ ლელა მესხის დონის თუნდაც ერთი სპორტსმენი გავზარდოთ?

- ლელას შედეგი რომ უნიკალური იყო ქართული ჩოგბურთისთვის, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ახლა კი, ამ შედეგის გამეორება ძალიან რთულია, სანამ არ ჩამოყალიბდება სპონსორების ინსტიტუტი. ჩოგბურთელს აუცილებლად სჭირდება სპონსორი, რათა არანაირი შეფერხება არ შეექმნას. სხვანაირად გამორიცხულია მაღალ შედეგზე ლაპარაკი. მაგალითად, რუსეთში, ფულიანი ხალხი უკვე "ნადირობს" ნიჭიერ ბავშვებზე. 12-13-14 წლის პერსპექტიული ბავშვები, ამის წყალობით, უკვე სასწაულებს ახდენენ: ათეულში - კურნიკოვა ჰყავთ, ოცეულში - დმიტრიევა-ლიხოვცევა, ორმოც საუკეთესოს შორის - კრასნარუცკაია, ტალმოვა... ნახეთ, რა ხდება! პატარები კი, უკვე 14 წლამდე ასაკში ყველა ტურნირს იგებენ! სპონსორი არა ნიჭიერ, არამედ ძალიან ნიჭიერს ბავშვებს ეძებს, რადგან ჩოგბურთი ძალიან რთული სახეობაა, აქ კომპლექსში უნდა იყოს ყველაფერი "ძალიან", სხვანაირად არაფერი გამოვა. არის ბავშვი, რომელსაც, შეიძლება, საამისოდ ყველაფერი აქვს, მაგრამ იქაც საეჭვოა, დადგება თუ არა მისგან დიდი ჩოგბურთელი.

- ასეთების დეფიციტი თუ არის ჩვენში?

- ალბათ, არა, მაგრამ ნიჭსაც ხომ უნდა ფართო გზა! მაშინ, როცა შეჯიბრების გამოტოვება გიწევს, მომზადებაში შეფერხებები გაქვს, ძალიან რთულია მაღალ მიზნებზე ფიქრი. არა, ჩვენში მართლა არიან ძალიან ნიჭიერი ბავშვები. მათ რომ ისეთივე მომზადება გაიარონ, როგორსაც მათი უცხოელი თანატოლები გადიან, მაღალ შედეგებზე თავისუფლად შეიძლება ლაპარაკი. მაგალითად თუნდაც სალომე დევიძე შეგვიძლია ავიღოთ: იგი ჯერ 15 წლისაა, ამერიკაში ცხოვრობს, ჰყავს სპონსორი, ემზადება თანამედროვე პირობებში, ტურნირებში მონაწილეობის საშუალებაც აქვს და დღეს უკვე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს მასზე! 14 წლისა ევროპაში პირველი ნომერი იყო თანატოლებს შორის და 2 წლით უფროსებსაც სჯობნიდა საერთაშორისო ტურნირებში. სხვათა შორის, ლეგენდარულმა შტეფი გრაფმაც იგივე გზა გაიარა. დღესდღეობით კი, სალომე უკვე 18 წლამდე ასაკში გამოდის "როლან-გაროზე", "უიმბლდონზე", გასულ კვირას იტალიის ღია პირველობაზეც მიიღო მონაწილეობა... მოკლედ, უკვე ნამდვილი, ჩამოყალიბებული სპორტსმენია!

- ამერიკის მოქალაქეობაზე ხომ არ ფიქრობს, როგორც თავის დროზე სელეში?

- ჯერჯერობით არა და, შემდეგ რა იქნება, ვერ გეტყვით.

- შემდეგ, ანუ, როცა უკვე სახელმოხვეჭილი სპორტსმენი გახდება, არა?

- ალბათ...

ავტორი: ნათია ფარულავა


კალენდარი
აგვისტო  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი