მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
დილის გაზეთი
2001-07-01
მოქალაქეთა დიდი საჭადრაკო დაფა: შიდაპარტიული ომი პრეზიდენტის გუნდში

გამარჯვება სრულია და ყოვლისმომცველი, მოწინააღმდეგენი დამარცხდნენ, განადგურდნენ ან სატელიტებად იქცნენ, საკუთარი რიგები კი ისეთი მრავალრიცხოვანია და მტკიცე, როგორც არასდროს. ასეთია სურათი, რომელიც მძიმე 5-7 წლიანი ომის შემდეგ შეიქმნა საქართველოში და რომლითაც მოქკავშირს შეუძლია იამაყოს.

ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ

ამ ძლევამოსილი მარშის გვირგვინად პარტიამ ბოლო ერთ წელიწადში პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობა და პრეზიდენტის სკამი მიიღო ალაფად, რითაც უზრუნველყო მომავალი ხუთი წლის განმავლობაში უღრუბლო ზეობა, მაგრამ როგორც ბოლო პერიოდის მოვლენები ცხადყოფს, "ყველაფერი რიგზე არ არის დანიის სამეფოში". აშკარაა, რომ გარეპარტიულ ტრიუმფს შიდაპარტიული ომი ჩაენაცვლა და პოლიტიკური პროცესები უკვე მოქკავშირის რიგებში იწყებს დუღილს. მინისტრთა კაბინეტის შემოღება ამის უტყუარი საბუთია და ადასტურებს, რომ მოქკავშირულმა რევოლუციამ პიკს მიაღწია და გამარჯვების შემდეგ, როგორც ყველა რევოლუციაში ყოფილა, იგი საკუთარი თავის წინააღმდეგ იწყებს მუშაობას. აქსიომაა ისიც, რომ რევოლუცია ითხოვს მსხვერპლსა და ტრიუმფატორს.

რას მოუტანს ძლევამოსილ პარტიას შიდაპარტიული ბრძოლა? აი კითხვა, რომელსაც დღეს უნდა გაეცეს პასუხი, ვინაიდან ქვეყნისთვის ნამდვილად არ არის სულერთი, თუ ამ ომში ვინ იქნება მსხვერპლი და ვინ გამარჯვებული.

შიდაპარტიული კონიუნქტურა - "ბელადები"

მოქკავშირი, მიუხედავად ოპონენტების მხრიდან მისი ნეობოლშევიზმში დადანაშაულებისა, არ არის და არც შეიძლება იყოს კომპარტიასავით მონოლითური და დარაზმული ძალა. მეტიც, ის უფრო საფრანგეთის რევოლუციის კონვენტს მოგაგონებთ, რომელსაც საკუთარი "მთა", ცენტრისტი "ჟირონდისტები" და მობუყბუყე "ჭაობი" ჰქონდა, შესაბამისი "ბელადებითა" და ლიდერებით. არის განსხვავებაც, ედუარდ შევარდნაძის ავტორიტეტი და გავლენა იმდენად შეუვალია, რომ, ცნობილ თეზას თუ მოვიშველიებთ, როცა ვამბობთ მოქკავშირს, ვგულისხმობთ შევარდნაძეს, მაგრამ ნამდვილად არ ვგულისხმობთ მოქკავშირს. ეს სხვადასხვა წონის, პერსპექტივისა და ხარისხის კატეგორიებია და არ გვმართებს მათი აღრევა. შევარდნაძე უდავოდ ზევსია საკუთარი პარტიისთვის და მიმდინარე თუ მომავალი ბატალიების პროგნოზირებისათვის აუცილებელია თითოეული ჯგუფისა თუ მათი ლიდერის მასთან მიმართების დადგენა.

მოქკავშირი ზვიადისტური რევანშისა და მათი "დრანგ ნახტ თბილისის" პერიოდში შეიქმნა, როცა ღია ბალანსირების იმედად მყოფი შევარდნაძე კუთხეში მიამწყვდიეს და იძულებული გახდა, სასწრაფოდ საკუთარი დასაყრდენი ძალა შეექმნა. ერთობის ერთადერთი საფუძველი, როგორც ზვიადის ერთადერთი ალტერნატივა, მაშინ შევარდნაძის ფიგურა იყო. სხვა საფუძველი, იქნებოდა იგი სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური, არ არსებობდა. ამდენად, პარტიაში, ძირითადად, თავი მოიყარა ყველა იმან, ვინც ზვიადისტებთან კონფრონტაციაში იყო. ეკლექტური ხასიათი პარტიას დღესაც არ დაუკარგავს. ერთი მხრივ, პარტია "შოკური თერაპიის" უკიდურესად მემარჯვენე რეფორმებს ახორციელებს და იმავე დროს, თავს მემარცხენედ მიიჩნევს და სოცინტერნში მონაწილეობით იწონებს თავს, მაგრამ ეს არ არის არსებითი. ყველა მზარდი ორგანიზმისთვის გარდამავალი ნიშნები ჩვეულია. მთავარია, რას მივიღებთ ფინალში, რომელიც, როგორც ჩანს, მოახლოვდა და რომლის შედეგებიც პარტიის ლიდერებზე, ანუ ძველებური განმარტებით, "ბელადებზეა" დამოკიდებული. განვიხილოთ, თუ ვინ არიან ისინი და რას უქადიან საქართველოს.

ზურაბ ჟვანია

თავისი მდგომარეობითა და პოზიციებით იგი "მთის" წინამძღოლი ჩანს, აქვს უზარმაზარი გავლენა პროცესებზე და, რაც მთავარია - ამბიცია, იყოს შევარდნაძის მემკვიდრე. უფრო მეტიც, მის მიერ დღემდე გადადგმული ყველა ნაბიჯი ამ მემკვიდრეობის მოახლოებისკენ იყო მიმართული. შიდაპარტიული ბრძოლაც, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მისი დირიჟორობით მიმდინარეობს, თანაც არცთუ ისე უშედეგოდ. ბოლო დრომდე მისი ძალაუფლება უსაზღვროდ იყო გაზრდილი და ზოგიერთი ექსპერტის შეფასებას თუ ვერწმუნებით, ზევსსაც კი ედრება მანევრებით.

მას ადამიანების დარაზმვისა და გადმობირების დიდი ნიჭი აქვს, თანაც ახერხებს სხვისი ხელით გლიჯოს ნარი და მისივე გეგმით მოხსნილი თუ შერისხული პიროვნებები და კლანები არ გადაიმტეროს. ღირსებად უთვლიან ასევე აშშ-ის დემოკრატიულ ძალებთან კონტაქტებს, მათ მიერ გუშინ და გუშინწინ მოქკავშირის "მთის", ანუ ახალგაზრდული ფრთის დასაყრდენ ძალად განხილვას, კარგ კონტაქტებს ევროპაში, ქართული მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლს, ოპოზიციასა და ნახევრადპოზიციაზე დიდ გავლენას, ორატორულ და ორგანიზატორულ ნიჭს, პოლიტიკური დინებების კარგ ცოდნას და ინტრიგებში დაოსტატებას.

ექსპერტების ნაწილი ნაკლად ანტირუსულ განწყობებს უთვლის, რაც წონადი მართლაც შეიძლება გახდეს რუსეთის გავლენის გაძლიერების პირობებში. გაურკვეველი ჩანს აშშ-ის რესპუბლიკებთან ურთიერთობების მომავალიც, რადგან გამარჯვებული ბუშის ადმინისტრაცია გამოკვეთილად შევარდნაძისტული ორიენტაციისა. ასევე ნაკლად არის მიჩნეული აჭარის ლიდერთან მტერმოყვრული ურთიერთობა, რის გამოც ჟვანიას პირველკაცობას, შესაძლოა აჭარის სეპარატიზაცია მოჰყვეს. კარიერისათვის სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს "მთის" მიერ საქართველოს მწერალთა კავშირისათვის გამოცხადებული ომი და ამ უკანასკნელთა მიერ ჟვანიას გუნდის ანტიეროვნულ საქმიანობაში დადანაშაულება. "მონტანიარებისათვის" ("მთა" - რადიკალების ჯგუფი საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროინდელ კონვენტში) სიტუაციის მთელი ტრაგიზმი ისაა, რომ სხვების მიმართ გამოყენებული ყველა ნაცადი გზა აქ უძლური აღმოჩნდა და, რაც უფრო იზრდება დაწოლა, მით უფრო ძლიერდება "მესამე ფენის" ძალა და წონა. არც გაჩუმებაა გამოსავალი, არც მისი გათიშვის მცდელობა. საკმაოდ მოხერხებული და კარგად მორგებული ანტიკორუფციული რიტორიკის ფონზე, ჟვანიამ ვერც ბიზნესისა და საფინანსო-სამრეწველო წრეებში დასაყრდენის შექმნა შეძლო, რაც მისი დიდი ნაკლია. ქვეყნის წამყვანი ბიზნესმენების აბსოლუტური უმრავლესობა მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდა. "გადამხდელთა კავშირთან" ალიანსი კრახით დამთავრდა. ჟვანიამ (და შევარდნაძემ) ჯერ თოფაძის მრეწველთა ფრაქცია მიიღეს პარლამენტში, ხოლო შემდეგ ახალი მოძრაობა (ლ. გაჩეჩილაძე, დ. გამყრელიძე და სხვები). მრავალრიცხოვანი და ძლიერი გადამხდელთა კავშირიდან მოკავშირეებად ნიკო ლეკიშვილი და თემურ ჭყონიაღა შემორჩნენ. ასეთ პირობებში მდგომარეობა შეიძლება ეხსნა, ეგრეთ წოდებულ, "გქბ"-ის ჯგუფთან მეგობრობას, მაგრამ ეს მეგობრობაც კრახით დამთავრდა. ჯერ განაწყენებული სიორიძე ტოვებს მოქალაქეთა ფრაქციას, შემდეგ კი ვანო ჩხარტიშვილი იქცა ჟვანიას ყოფილი თუ ახლანდელი გარემოცვის მუდმივ სამიზნედ. ეს, ბუნებრივია, ამ ჯგუფის განწყობას ჟვანიასადმი კარდინალურად შეცვლის. ამ დროს ჟვანიას შეეძლო თავისივე გუნდში გაჩენილი ბზარები ჩხარტიშვილ-სიორიძესთან დამეგობრებით დაებალანსებინა, მაგრამ ეს ხომ უკვე დიდი პოლიტიკაა და ასეთი რამ საქართველოში მხოლოდ ედუარდ შევარდნაძეს შეუძლია.

პრემიერად გახდომა მას ამ სანუკვარ ოცნებასთან აახლოებს, თუმცა, აშორებს კიდეც, რადგან ამის შემდეგ ყოველივე ათას შემთხვევითობაზე ხდება დამოკიდებული. პარალელურ ბიოგრაფიებს თუ მოვიშველიებთ, ჟვანია ჰგავს მარატსაც, რობესპიერსაც და დანტონსაც, მაგრამ იმედია, იგი არ გაიზიარებს მათ ბედს. ერთი, რომ დროა სხვა და მეორეც, აბა რა იქნებოდა დღეს ქართული პოლიტიკა მის გარეშე.

მიხეილ სააკაშვილი

იგი ყველაზე რევოლუციური და ყველაზე თავშეუკავებელია, აშკარად რობესპიერისა და სენ ჟიუსტის პარალელურ სიბრტყეში მოძრაობს, უდავოდ, არის პერსპექტიული რევოლუციონერ-პოლიტიკოსის ყველა თვისებით შემკული ფიგურა. იყო დრო, როცა მას სერიოზულად არავინ აღიქვამდა, მაგრამ გავიდა ხანი და ძალიან ბევრი კრთება მისი ხმის გაგონებაზე. ბოროტი ხმები ქართული მასმედიისა და მესამე სექტორის კურატორობას აბრალებენ და თუ ეს მართლაც ასეა, ან მთლიანად ჟვანიასგუნდელია, ან ცალკე თამაშობს საკუთარ თამაშს. ყველა შემთხვევაში, მის გავლენაში ეჭვის შეტანა არასწორია. თავი დავანებოთ დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბარს, რადგანაც ისინი ტყუპისცალებივით ჰგვანან ჟვანიასას და განმეორება, ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ არის ცოდნის დედა. დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი, "მთის" უდავო ლიდერთაგანია და აშკარაა, რომ მომავალში თავის სიტყვას იტყვის, ცხადია, თუ მიეცა ამის საშუალება. ძნელი სათქმელია, მინისტრთა კაბინეტში რა სტატუსი დააკმაყოფილებს მას, თუმცა, სურვილი, გახდეს ძალისმიერების კურატორი, ნაკლებ სავარაუდოა ახდეს, რადგან შევარდნაძე ამას ალბათ არ დაუშვებს.

ნიკო ლეკიშვილი

იგი მოქალაქეთა კავშირის ვეტერანია. საკუთარი არც პრესა გააჩნია, არც არასამთავრობო ორგანიზაციები, გარდა გადამხდელთა კავშირისა, მაგრამ მისი დიდი გავლენის არსებობაში ეჭვის შეტანა სიბეცეა. საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ მას პარლამენტის თავმჯდომარედ კონკურენტი არ ეყოლება და ეს კიდევ უფრო გაზრდის მის წონასა და გავლენას.

ვაჟა ლორთქიფანიძე

დღეს იგი შერისხულია, დამარცხებულია და მისი ხვედრი ჟირონდისტების ბელადის ბრისოსას უდავოდ ჰგავს, იმ განსხვავებით, რომ შესაძლოა, მან მოქკავშირი დატოვოს და ახალი მემარჯვენე ძალის შექმნით სცადოს რევანში. ლორთქიფანიძის მომხრეები ჟვანიას ტრიუმფს "პიროსის გამარჯვებას" ადარებენ და ამ მტკიცებას მართლაც აქვს არსებობის უფლება, რადგანაც არავის მიუყენებია ჟვანიასთვის ისეთი სასტიკი დარტყმები, როგორიც ლორთქიფანიძემ გააკეთა. ეჭვგარეშეა, რომ ვაჟა ლორთქიფანიძე წავიდა, რათა მოვიდეს და ამ მოსვლაში მას დაეხმარება მისი ქარიზმა, მისი კავშირები, ბალანსი რუსებთან და ამერიკელებთან, კავშირი ინტელიგენციასთან და ქართულ ბურჟუაზიასთან. ვაჟა ლორთქიფანიძე თავისი ნაკლოვანებებით და ღირსებებით, ნიკო ლეკიშვილივით ძალიან ბევრისთვისაა მისაღები, მაგრამ საკითხავია, მოქკავშირის შიგნით იქნება იგი თუ გარეთ. ალბათ, უფრო გარეთ.

სხვა ლიდერების მოთხოვნა, მარჯვნიდან იქნება იგი, მარცხნიდან თუ ცენტრიდან, უდავოდ არის, მაგრამ ვინაიდან ისინი დღეს არენაზე არ ჩანან, ჩვენ მათ შესახებ ვერაფერს ვიტყვით.

მხოლოდ თანამგზავრებზე შევჩერდებით, რომელთაც მოქალაქურ დიდ საჭადრაკო დაფაზე გარკვეული კორექტივების შეტანა ძალუძთ.

მოქალაქეთა თანამგზავრები

აქ მხედველობაში გვყავს ის ძალები, რომლებიც პრეზიდენტის გუნდში მოიაზრებიან, მონაწილეობენ მართვაში, მაგრამ ბოლომდე არ განიხილებიან მოქალაქეთა რიგებში. ესენი არიან საქმიანი სამყაროს გავლენიანი წარმომადგენლები, რომლებიც ბოლო წლებში პოლიტიკაში აქტიურობით გამოირჩევიან. მოქალაქეთა კავშირი ძლიერი იყო მათი თანადგომით, მაგრამ ჯერ მრეწველთა კავშირის ცალკე ორბიტაზე გასვლით, შემდეგ შევარდნაძის ნათესაობის საქმოსნებთან დაპირისპირებით, ბოლოს კი ახალი ფრაქციის შექმნითა და ახალი მოძრაობის დაფუძნებით, შეიქმნა საშიშროება, მოქალაქეთა კავშირი საქმიანი სამყაროს გარეშე აღმოჩნდეს, თუ არ ჩავთვლით, ეგრეთ წოდებულ, გაერთიანებული ქართული ბანკის საფინანსო ჯგუფს. ბოლო პერიოდში მოქალაქეთა ურთიერთობა ამ ჯგუფთანაც დაიძაბა და ამაში გადამწყვეტი როლი სააკაშვილ-ჩხარტიშვილის დაპირისპირებამ ითამაშა. თუ ზემოთ მოყვანილი მაგალითებით ვიმსჯელებთ, ალბათ, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რათა მოქალაქეებს ეს უკანასკნელი დასაყრდენი ძალაც ჩამოაცილონ და იგი რამდენიმე უმნიშვნელო კერძო ბიზნეს-სტრუქტურის იმედად დატოვონ.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დისკუსია ფანდია ჟვანიას წინააღმდეგ, რათა იგი რეალური დასაყრდენის გარეშე დარჩეს, რადგანაც, ეგრეთ წოდებული, გქბ-ის ჯგუფის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურის - ზაზა სიორიძის ახლო ურთიერთობა ზურაბ ჟვანიასთან ცნობილია. ასევე საჩინოა ვანო ჩხარტიშვილის ახლო ურთიერთობა კახა თარგამაძესთან, ორივესი კი - პარტნიორობა ზურაბ ჟვანიასთან. ასეთი კავშირები შესაძლოა, მართლაც არ აწყობდეს სააკაშვილს და მან ყველაფერი გააკეთოს ამ კავშირების მოსაშლელად, მაგრამ რეალისტები თუ ვიქნებით და საზოგადოების ერთ ნაწილში მოარულ ზემოაღნიშნულ ხმებსაც თუ დავუჯერებთ, საეჭვოა, გქბ-თან დაპირისპირება გაგრძელდეს. ეს მთლიანად ავნებს ჟვანია-სააკაშვილის დუეტს, რადგან გქბ მოძრაობისა და ურთიერთობების პროდუქტია და არა ფინანსური ჯგუფი თუ ოლიგარქიული წარმონაქმნი. გქბ-ის წილი ქვეყნის ფინანსებში და ევრობანკის წილი გქბ-ში დღეს იმ დონეზეა, რომ შეუძლებელია, გქბ-ის გაუმართლებელმა დისკრედიტაციამ ბუმერანგის როლი არ ითამაშოს მისი მოწინააღმდეგისათვის.

დღეს ძნელია თქმა, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ერთი რამ ცხადია: თუ გქბ-მაც მიატოვა მოქალაქეთა კავშირი, 18 თერმიდორი და ჟვანია-სააკაშვილის მთის მარცხი გარდაუვალია. გაიმარჯვებს ის, ვისაც საქმიანი სამყარო დაუჭერს მხარს. ასე იყო საფრანგეთში და ასე იქნება ჩვენთანაც.

ტრიუმვირატიდან მემკვიდრემდე ერთი ნაბიჯია

მოქკავშირში შიდა ომის ერთი ეტაპი დასრულდა. ვაჟა ლორთქიფანიძე თამაშგარე მდგომარეობაშია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ომი შეწყდა. პირიქით, იგი ბოლო, დამაგვირგვინებელ სტადიაში შედის. ვაჟა ლორთქიფანიძე გაეცალა შიდაპარტიულ ბრძოლას და იგი ზევსთან კავშირის საკუთარ გზას მოძებნის. რაც შეეხებათ დარჩენილებს, მათ საბოლოო შეტაკებისათვის სამზადისი მოუწევთ. ძნელი სათქმელია, ვინ გაიმარჯვებს ამ ომში, მაგრამ ისიც ცხადია, რომ გარკვეული პროგნოზების გაკეთება დღესვე შეიძლება.

მთავარი დღეს იმის გარკვევაა, ვინ შეიძლება იყოს მემკვიდრე. ცხადია ის, ვისაც აქვს ამის სურვილი. ასეთი კი მოქკავშირში, ჯერჯერობით, ორია - ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი. სურვილთან ერთად, მათ ამის შეძლებაც აქვთ. რაც შეეხება მოქკავშირის ტრიადის მესამე წევრს - ნიკო ლეკიშვილს, მას არასდროს გამოუთქვამს მსგავსი სურვილი. უფრო მეტიც, იგი ყოველთვის წინააღმდეგი იყო მისი პიროვნების ასეთ კონტექსტში მოაზრებისა და, ამდენად, მემკვიდრეობისათვის ომში მისი მონაწილეობა გამოსარიცხია. იგი ყოველთვის იქნება ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ხელისუფლებაში, მაგრამ არასდროს - პირველი, თუ გარემოებებმა არ აქციეს იგი ასეთად. აქედან გამომდინარე, რჩება ორი ლიდერი, რომელთა გარშემო უნდა მოხდეს უმრავლესობის აქტიური წევრების გადანაწილება, ზომიერები კი, ალბათ, ნიკო ლეკიშვილთან დარჩებიან და მიემხრობიან იმას, ვინც მემკვიდრეობისათვის ომში შეძლებს გამარჯვებას.

რამდენ ხანს გასტანს ორხელისუფლებიანობა

დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია, მით უფრო ზევსის სრული ზეობის ხანაში, მაგრამ ისიც ცხადია, რომ შევარდნაძე სამემკვიდრეო გვირგვინს ღირსეულს მიაგებს. ასეთი კი მისთვის ყოველთვის გამარჯვებულია. ვინ იქნება იგი - ჟვანია, სააკაშვილი, ვინმე დღემდე უცნობი პარტიელი, თუ სხვა პოლიტიკოსი.

თავდაპირველად, გასარკვევია, მოსალოდნელია თუ არა პირველობისათვის ომი ჟვანიასა და სააკაშვილს შორის. თითოეული მათგანი დღეს ამტკიცებს, რომ ასეთი რამ არ მოხდება და აბსურდია, მაგრამ, რაც უფრო მტკიცე იქნება ასეთი განცხადებები, მით მეტი იქნება მსგავსი შესაძლებლობის რეალობად ქცევის შანსი, რადგანაც სცენაზე არც ჟვანია და ლორთქიფანიძე "იყვნენ" ერთმანეთს დაპირისპირებულნი. ამასთან, პოლიტიკურ პროცესს თავისი ლოგიკა აქვს და იგი დიდხანს ვერ გუობს დუმვირატს. ან ერთი უნდა იყოს, ან მეორე. მით უფრო, რომ არავინ იცის, რა იქნება 5 წლის შემდეგ, თანაც მოსალოდნელი უმძიმესი საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მეორეც, ამბიცია ორივე ლიდერს საკმაოზე მეტი აქვს, რათა არ შეეგუოს საკუთარი პოზიციების დათმობას.

პრემიერის პოსტის შემოღებამდე ზოგიერთი ანალიტიკოსი არ გამორიცხავდა სააკაშვილის გაპრეზიდენტებითა და ჟვანიას პარლამენტში დარჩენით დუალიზმის დაკანონებას, მაგრამ ერთი, რომ სხვა ძალები არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდნენ ერთი ძალის აბსოლუტურ გაბატონებას პარლამენტზეც და მთავრობაზეც, მეორეც, თავის როლს ითამაშებდა აბაშიძის ფაქტორიც და მესამე, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ასეთი შესაძლებლობების ალტერნატივა მოისპო. ასე რომ, პოლიტიკური მიზანშეწონილობა იქნება ჟვანია-სააკაშვილის მომავალი ურთიერთობის განმსაზღვრელი და არა მათი პირადი მეგობრობა.

თუ მოარულ ხმებს და ახალგაზრდა მოქალაქეთა ოპონენტებს დავუჯერებთ, დღეს შიდაპარტიულმა დაპირისპირებამ აშკარად შევარდნაძის საწინააღმდეგო ვექტორის სახე მიიღო. ასეთი რამ ოლიმპოზეც მომხდარა და ცოდვილ მიწაზე რა გასაკვირია, თუმცა, საზოგადოებაში არსებობს ვერსიაც, რომ ეს ყოველივე მოჩვენებითია, შევარდნაძე "მთის" ხელით აკეთებს საკეთებელს და ნელ-ნელა ამზადებს ნიადაგს ძალაუფლების მათთვის გადასაცემად. ძნელია, ეს ვერსია გაიზიარო იმდენად, რამდენადაც არა გვგონია ვინმეს, მით უფრო ზევსს, სიამოვნებდეს, როცა მასთან ერთად მთელ ოჯახს ლაფს ასხამენ, თანაც საერთაშორისო მასშტაბით, პრეზიდენტის ბოლო განცხადებები აშკარას ხდის, რომ ამგვარი ვერსიები მოკლებულია რეალობას, მაგრამ, რომ წარმოვიდგინოთ ყველა წარმოუდგენელი შესაძლებლობაც კი, იგი მაინც არ ხსნის მემკვიდრის საკითხს, ვინ იქნება იგი - ჟვანია, სააკაშვილი თუ ვინმე სხვა. საკითხის სიმწვავეს ვერც ჟვანია-სააკაშვილის გაერთიანება წყვეტს, რადგან დაბალანსებას მიჩვეული ზევსისთვის ეს, ალბათ, მიუღებელია. ამ მიმართულებით პარლამენტში ლეკიშვილის შესაძლო თავმჯდომარეობით მან ნაბიჯი უკვე გადადგა. მომავალი, ალბათ, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, დამოკიდებულია იმაზეც, თუ რას აპირებს პრეზიდენტი - დარჩეს პარტიაში და იქ აბალანსოს სიტუაცია, თუ ახალი დასაყრდენის შექმნით თვით პარტია დააბალანსოს.

ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტს ნამდვილად ძალუძს, როგორც მოქკავშირის დანაწევრება-გაძლიერება, ისე ჟვანია-სააკაშვილის აღზევება-დამხობა, ან არენაზე სრულიად ახალი ძალისა და ლიდერების წამოწევა. საკითხავი ის არის, აქვს თუ არა მას ამის სურვილი და მოასწრებს თუ არა იგი ამის გაკეთებას. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტის საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა მეტყველებს, რომ ის საჭადრაკო დაფაზე მორიგ თამაშს იწყებს და, შესაბამისად, ქართულ პოლიტიკაში დიდ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. ვნახოთ, ნათქვამია, აღდგომა და ხვალეო.

ავტორი: გიორგი ჟორჟიკაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი