მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
დილის გაზეთი
2001-01-19
დრო ერთხელ მოცემული
20 იანვარს პოეტი ზურაბ ნარმანია 46 წლის გახდებოდა. ამ დღეს პოეტის გულშემატკივრები შეხვდებიან მისი ახალი წიგნით "მფრინავი ჭიანჭველა" . ამ პოემის დასრულებით ზურაბ ნარმანია თავს ვალმოხდილად მიიჩნევდა. გულდასაწყვეტი ის არის, რომ პოემის წიგნად გამოცემა მის ახლობელ-მეგობრებს მოუხდათ.

ვახტანგ ღლონტი

"ჯვარი მწვერვალთ მწვერვალია... კლდის

ქიმიდან არწივი

აგდებს მართვეს, რომ საფრთხის წინ თოთო

ფრთები გაშალოს,

რომ მის გულში ცის ხელმწიფის

საღერღელი აშალოს

და ცასა და მიწას შორის ფრენით ზღვარი წაშალოს".

მშვენიერი სტრიქონებია, რომელთა მსგავსიც არაერთი შეგვხვდება ზურაბ ნარმანიას პოემაში.

იგი ღრუბელს ადევნებული კაცი იყო, რომელიც მალე თავადვე იქცა ღრუბლად. ასეა, ადამიანი თანდათან ან იმსგავსებს, ან ემსგავსება საკუთარ მიზანს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რასაც გზადაგზა პოულობ კაცი, ვიდრე სანუკვარ მიზანს მიაღწევდე.

დასაწყისი მართლაც წარმატებული ჰქონდა - კინოროლი, პოპულარობა. თითქოს ნაპოვნი იყო მიზანიც და საშუალებაც, მაგრამ... მას სიტყვა ეძახდა! სიტყვა, რომელშიც უფლის ხმაა შენახული, რომელიც ხშირად გვავიწყებს ყველას და ყველაფერს, საკუთარ თავსაც კი! მიუხედავად ამისა, იგი არაფრით ჰგავდა იმ ქაღალდის კაცებს, ასე რომ მომრავლდნენ ჩვენს ლიტერატურულ საძმოში, დაეჭვებით რომ შემოგცქერიან და გამოწმებენ: "მცნობს?! - არ მცნობს?!" და, შესაბამისად, ეგრევე რომ მოირგებენ ან გენიალური ხელოვანის, ან მისი გენიალური მკვლელის ნიღაბს. ზურა ღია, უნიღბო კაცი იყო, ნაღდი კაცური საზომებით. ის, როგორც მისი "მფრინავი ჭიანჭველა" (პოემის სათაურია), ორ ფრთას შორის იყო გამოკიდული: ერთი - საუფლო, ზევით ეწეოდა, მეორე - ამსოფლიური კი ქვევით. სწორედ ამ ადამიანურ გაორებაშია მისი პიროვნების ხიბლი. ამ აღმაფრენა-დაცემაში სრულყოფენ ციდან მიწაზე გადმოსროლილნი საკუთარ თავს, ვიდრე არ დადგება ის გადამწყვეტი დღე, რომელიც მორწმუნე კაცისთვის არასოდეს თავდება.

პოემას წინ უძღვის ამონარიდი "დავითიანიდან". დავით გურამიშვილი ხომ ის განსაკუთრებული ბედის პოეტია, რომელმაც ჯოჯოხეთის თითქმის ყველა სკნელი აქვე, მიწაზე გაიარა და იობივით ერთხელაც არ დასცდენია ღვთის საყვედური. ზურაბ ნარმანიას პოემა რელიგიურ-მისტიკური ხასიათის ნაწარმოებადაა ჩაფიქრებული, რომელიც, ძველ ავტორთა დარად, ერთარსება სამებისა და ღვისმშობლისადმი მიმართვით იწყება. არაერთხელ გაიელვებს ბიბლიური ფრაგმენტები - შესაქმიდან დაწყებული, აპოკალიფსამდე. ძველ წინასწარმეტყველთა გვერდით ჩანან თანამედროვე ისტორიის მესაძირკვლენიც. და მაინც, - "ღმერთი, სამყარო, ადამიანი" - აი ტრიადა, რომელსაც დასტრიალებს ავტორის ფიქრი. ღვთის მიერ შექმნილ უზარმაზარ სამყაროში ღვთისმშობლის წილხვედრი პატარა ქვეყანაც მოიაზრება - თავისი დიდი და სევდიანი ისტორიით, განუმეორებელი კულტურით, წმინდანებითა და ჰედონისტებით, გმირებითა და მოღალატეებით დასახლებული. ბოლო რვა საუკუნეა, იგი უკეთესი მერმისის მოლოდინით ცხოვრობს, არადა, არც მხოლოდ მომავლის იმედად შეიძლება ყოფნა, არც ოდენ წარსული დიდებით, რადგან აწმყოში იჭედება ერისა და ადამიანის ბედი. დასანანია დრო, ერთხელ მოცემული, ჩვენი უმოქმედობით დაუხარჯავად რომ იქცეს წარსულად. ან კიდევ, მეტისმეტი სიჩქარით და მონდომებით მომავლის იმედიც გავინახევროთ. ზურა ჩვენი უბედურების მიზეზს, ძირითადად, ჩვენს ზერელე ღვთისმოსაობაში ან სრულ უღმერთობაში ხედავს. ბევრ რამეში ეთანხმები ავტორს, მაგრამ ხანდახან კამათის სურვილიც გიჩნდება... თუმცა როგორ?.. - "სიკვდილს შეგუებული რაინდი" (პოემის ქვესათაურია) უკვე აღარაა ჩვენს შორის... ეს პოემა აღსარების პოემაა, უპირველესად, აღსარებაში კი, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, მთავარი მომნანიეს სულიერი მდგომარეობაა და არა ის, რასაც მღვდელი (ან მსმენელი) ეუბნება მას. ავტორის აზრი, ამ შემთხვევაში, გაცილებით საინტერესოა ჩვენსაზე. ასე ფიქრობდა იგი, ასე სტკიოდა, ამ რწმენით იცხოვრა და აღესრულა.

აქვე, ამ წიგნში წარმოდგენილია ზურაბ ნარმანიას თარგმანი. ეს გახლავთ რუსული პოეზიის, ეგრეთ წოდებული, "ვერცხლის საუკუნე" - მისი საუკეთესო წარმომადგენელი მაქსიმილიან ვოლოშინი. "კაენის გზით" - ასე ეწოდება ამ იშვიათ პოემას, რომელშიც "მატერიალური კულტურის" ფონზე დახატულია კაცობრიობის ტრაგედია. უკვე ითქვა, რომ ეს თარგმანი შენაძენია ჩვენი ლიტერატურის. დიდი შრომა გასწია მთარგმნელმა, დიდი მადლობა მას - სამწუხაროდ, ამჯერადაც დაგვიანებით!

პირადად მე ვერც ბოლო გზაზე გავაცილე - თბილისში არ გახლდით. გვიან გავიგე მისი უბედურების ამბავი. ეს სტრიქონებიც ამიტომ დაიწერა, ნაწილობრივ მაინც რომ გამოვისყიდო დანაშაული:

შენივ ნებით, აი ზურა -

მზეც დაქანდა, დაიწურა.

ახლა მარტოოდენ საფლავს

და ლამაზი ბიჭის სურათს

დახედავენ ახლობლები,

შენ კი ციურ ზღვებში ცურავ;

მანდაც არ დარჩები მარტო,

ბევრი მიგიხუტებს ძმურად.

ვინც ამქვეყნად სხვაზე მეტი

ღვინო სვა და ცრემლი წერა,

მამამაღლის სიახლოვეს

თავს არ იგრძნობს უსუსურად.

ვინ დაცალა ყველა სურა,

წადილი ვინ აისრულა?!

განშორებით - შეხვედრამდე

ნახვამდის და "პრივეტ" ზურა!

იანვარი, 2001 წელი

თბილისი

* * *

გვალვა არ არის მოსავლისთვის ისე საშიში,

როგორც სულისთვის ცრემლგამშრალი კაცის ჟინია,

საკუთარ თავზე წარმოდგენის ბოლავს ჰაშიში

და მთვრალს მოყვასის შეწუხების არ ეშინია.

არ ეშინია, რომ სინდისის დიდი თვალებით

ზურგს უკან ფიქრის ყველა ჩრდილი დანახულია,

ივსება მისი მახსოვრობა სხვისი ვალებით

და ეკარგება გულს სიკეთის ნიჭი სრულიად.

ჩვენ კი ამ ნიჭში, ვით სარკეში, ციდან გვხედავენ,

ციდან, რომლისაც მხედველობა უჩინარია...

ბავშვებს, უმამოდ დარჩენილებს, გაგვიბედავენ

წაგვართვან შენი შუქის სითბო, მზეო-მარიამ.

P.S. 2001 წლის 17 იანვარს საქართველოს ზურაბ ნარმანია (ზურაბ ნარმანიას ძმისშვილი) მოევლინა.



კალენდარი
ივნისი  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
17
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი