მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2002-08-18
გამსახურდია მე დავამხე: მის თვითმფრინავებს გამანადგურებლები დავადევნე, მაგრამ გროზნოში მაინც დასვეს

არმიის გენერალ-ლეიტენანტი ლევან ლევანის ძე შარაშენიძე 1979-90 წლებში საქართველოს სამხედრო კომისრის თანამდებობაზე მუშაობდა. მას დამთავრებული აქვს რიაზანის საჰაერო-სადესანტო სასწავლებელი. 28 წელიწადი იმსახურა საპარაშუტო ნაწილებში. ლევან შარაშენიძემ სკოლა უზბეკეთში დაამთავრა, რადგან მამამისი ტაშკენტის რკინიგზაში მუშაობდა. საქართველოს მომავალი სამხედრო კომისრის დედის სურვილი იყო, მისი ვაჟი ექიმი გამოსულიყო. ერთი პერიოდი ლევან შარაშენიძემ უზბეკეთის სამედიცინო ინსტიტუტში ერთი სემესტრი ისწავლა, მაგრამ გულმა მაინც საჰაერო-სადესანტო სასწავლებლისკენ გაუწია, რომელიც 1953 წელს დაამთავრა. ამის შემდეგ იგი ამთავრებს სამხედრო აკადემიას, მსახურობს უკრაინაში, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში, რუსეთში, აზერბაიჯანში... შარაშენიძე ამიერკავკასიის ოლქში გადმოჰყავთ, ხოლო 1979 წელს საქართველოს სამხედრო კომისრად ინიშნება. ეს იყო ის წლები, როცა საქართველოს კომისარიატები ჯარში ყოველ წელიწადს 40 ათას ქართველ ჯარისკაცს აგზავნიდნენ.

ლევან შარაშენიძე მდიდარი ბიოგრაფიის პიროვნებაა. თბილისის ომის დროს თავისი სამხედრო ცოდნით ოპოზიციას გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში ეხმარებოდა, ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა სამოქალაქო ომის და აფხაზეთის ომის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაცაა. ეს რაც შეეხება ლევან შარაშენიძის მოკლე ბიოგრაფიას. ახლა კი მისი ცხოვრების ეტაპებს თანამიმდევრობით მივყვეთ.

- ბატონო ლევან, საბჭოთა არმიის რიგებში მოხვედრილ ქართველ ჯარისკაცებს რუსი ოფიცრები სამხედრო სამსახურის დაწყების წინ ასეთ რამეს ეუბნებოდნენ: "თქვენი რესპუბლიკის ლიდერის ედუარდ ამბროსევიჩის მითითებაა, რომ ქართველებმა ყველაზე მოქმედ და დისციპლინირებულ ნაწილებში იმსახურონ, ასე რომ, არავითარი "რაბოჩი ბატალიონ"...

- კი, ასეთი რამ იყო. ბატონი ედუარდი, ცენტრალური კომიტეტი ყველანაირად გვეხმარებოდა იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდები ყველაზე პროფესიონალურ სამხედრო ნაწილებში გაგვეგზავნა. ამის გამო სამხედრო სასწავლებლებში სწავლის მსურველთა რიცხვი 6-ჯერ გაიზარდა. დღეს თუ ეროვნულ ჯარს კარგად გაწვრთნილი ოფიცრები ჰყავს, ეს იმ პერიოდიდან მომდინარეობს. ბევრი კარგი ოფიცერი გავზარდეთ.

- მაგრამ ნურც იმას უარვყოფთ, რომ მაშინდელ პრივილეგირებულ პირთა შვილები სამხედრო სამსახურს თავს არიდებდნენ.

- ასეთი ფაქტების აღსაკვეთად ზომებს ვიღებდით და შედეგებიც იყო. მე ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით. ჭაბუა ამირეჯიბი ჩემთან პირადად მოვიდა და მთხოვა, ბატონო ლევან, ჩემი ბიჭი იმ ნაწილში გააგზავნეთ, სადაც შენ მსახურობდიო. ვუთხარი, ბატონო ჭაბუა, საჰაერო-სადესანტო ნაწილში ვმსახურობდი, იქ სიცოცხლე რისკთან არის დაკავშირებული, თქვენს ვაჟს გაუჭირდება-მეთქი. სწორედ იქ გააგზავნეო- მიპასუხა ბატონმა ჭაბუამ და მეც ირაკლი ამირეჯიბი პარაშუტისტთა ნაწილში გავაგზავნე. მან კარგი საბრძოლო სკოლა გაიარა და აფხაზეთშიც ვაჟკაცურად იბრძოდა. იქ დაიღუპა. ქალაქის მილიციის უფრომა გრიშა შონიამაც მთხოვა, რომ მისი ვაჟი საპარაშუტო ნაწილში გამეგზავნა. ერთხელ ბატონმა ედუარდმა პასუხი მომთხოვა მაშინდელი კულტურის მინისტრის თემურ ბადურაშვილის შვილის ჯარში გაწვევის გადადებასთან დაკავშირებით. ასე რომ, ისეც ხდებოდა, როცა საყვედურებს ვიღებდი... სხვათა შორის, ბატონი ჯუმბერ პატიაშვილი დიდი ყურადღებით გამოირჩეოდა კომისარიატების მიმართ, რადგან იგი მიიჩნევდა, რომ სამხედრო სამსახური ახალგაზრდობისთვის ვაჟკაცობის კარგი სკოლა იყო. 1985-87 წლებში უკვე რეზერვისტთა სახით კარგი რესურსი გვყავდა.

- ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგეთა შორის რა მოტივით აღმოჩნდით?

- 1990 წელს საქართველოში არეულ-დარეულობა დაიწყო, სახალხო ფრონტი ძალიან აქტიურობდა ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩემთან ცხონებული მერაბ კოსტავა, ირაკლი ბათიაშვილი, ზვიად გამსახურდია მოდიოდნენ და მსაყვედურობდნენ, ქართველ ახალგაზრდებს რუსეთის ცივ მხარეებში რატომ აგზავნიო, მაგრამ მე რა უნდა მექნა? მე ხომ ბრძანებას ვასრულებდი. იაზოვი კვირაში ერთხელ მირეკავდა და რა მექნა? თუმცა რაღაცას მაინც ვახერხებდი იმისათვის, რომ საზოგადოება უკმაყოფილო არ ყოფილიყო. როცა ცკ-ს პირველ მდივნად გივი გუმბარიძე დანიშნეს, მე თადარიგში წასვლა მოვითხოვე, რადგან მაშინდელ დაპირისპირებებში არ მსურდა გავრეულიყავი. 1990 წელს თადარიგში გავედი. მაშინ 58 წლის გახლდით. ზვიად გამსახურდია პოპულარული ხდებოდა, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, დამღუპველ პოლიტიკას ატარებდა რუსეთთან მიმართებაში და საერთოდ... რის გამოც მას ოპოზიცია დაუპირისპირდა. 1992 წლის 3 იანვარს თენგიზ სიგუამ, რომელსაც უაღრესად დიდ პატივს ვცემ, დროებითი მთავრობა ჩამოაყალიბა. ოპოზიციის სამართავი პუნქტი სასტუმრო "თბილისი" იყო. როცა ჯაბა იოსელიანი ციხიდან გამოვუშვით, მხედრიონელებმა ძალიან გააძლიერეს ის პატარა სამხედრო დაჯგუფებები, რომლებიც გამსახურდიას ებრძოდნენ. ბრძოლები ქუჩებში გრძელდებოდა. ბესიკ ქუთათელაძე და ნოდარ გიორგაძე, რომლებიც მაშინ გამსახურდიას ხელისუფლებაში იყვნენ, ჩვენთან მოვიდნენ და შევთანხმდით, რომ სროლაზე ოთხსაათიანი მორატორიუმი გამოგვეცხადებინა, თუმცა მთავრობის სასახლემდე მისულებიც კი არ იყვნენ, სროლა განახლდა. პროცესები უფრო და უფრო უმართავი ხდებოდა. თენგიზ კიტოვანი თბილისის ზღვიდან ჩამოსული 140 კაცით იბრძოდა. ჯაბამ კი იგი 400 მებრძოლით გააძლიერა. სხვათა შორის, ჯაბა კარგი მეომარია, გმირული სულის. როგორც რაინდს და ვაჟკაცს, დიდ პატივს ვცემ.

- სიგუას დროებით მთავრობაში დაინიშნეთ თავდაცვის მინისტრად?

- დიახ, მაგრამ ვუთხარი, რომ მათთან თანამშრომლობა გამიჭირდებოდა. მხედრიონს ჯაბა მართავდა, გვარდიას კიტოვანი, მე კი სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბების საშუალება არ მეძლეოდა, რითაც სტრუქტურის გაძლიერება უნდა დამეწყო რუსი ინსტრუქტორების დახმარებით. შაპოშნიკოვი რომ ოც ერთეულ ტექნიკას მომცემდა, ნახევარი ჯაბას მიჰქონდა, ნახევარი კიტოვანს და თავიანთ რაზმებს აძლიერებდნენ. მე კი თავდაცვის მინისტრი მერქვა. ამიტომ 1992 წლის 4 მაისს დროებით მთავრობაში დავსვი საკითხი, რომ თანამდებობიდან წავსულიყავი.

- მანამდე კი გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის და მისი თბილისიდან განდევნის უშუალო მონაწილე გახდით.

- ეს ასე მოხდა. 1991 წლის 31 იანვარს ჩვენ მას "ვეჩე" კავშირი გადავუჭერით. ამისათვის სუკ-ში სპეციალისტი მოვძებნე ოთარ ხატიაშვილის დახმარებით. ვერაფრით მივაგენით იმ ჭას, სადაც ის კაბელი იყო გაყვანილი, რომლითაც გამსახურდია კონტაქტს ამყარებდა თავის მებრძოლებთან. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ჭა ჯორჯიაშვილის ქუჩაზე საქართველოს კომისარიატის პირდაპირ ყოფილა. როგორც გითხარით, უთენია სპეციალისტი ჩემი მანქანით გავიყვანე და ეს კაბელი გადავაჭრევინე. ჯერ ინაურის შეწუხება გადავწყვიტე ამ საქმისთვის, მაგრამ პანტელეიმონ გიორგაძემ მითხრა- შეუძლოდ არის ბატონი ალექსი და ნუ შევაწუხებთო. კაბელი გადავჭერით და გამსახურდიას პოზიციებიც შესუსტდა. ბატონ ზვიადთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით. გადაწყდა, რომ დროებით თურქეთში უნდა გადასულიყო. ბათუმამდე თენგიზ სიგუა გააცილებდა. შემდეგ გამსახურდიამ ეს გეგმა უარყო და სომხეთში, იჯევანში წასვლა დააპირა. იქ უნდა დაბანაკებულიყო 110 კაცით. ამიტომ სომხეთის თავდაცვის მინისტრს დავურეკე და ვთხოვე, ბატონი ზვიადი იქ ყველაფრით უზრუნველეყოთ. 6 იანვარს ზვიად გამსახურდიას თბილისიდან გასასვლელად დერეფანი მივეცით. წითელ ხიდამდე იგი გივი კვანტალიანს უნდა გაეცილებინა. მან დააგვიანა და არ მივიდა მთავრობის სახლში თავის დროზე. გამსახურდია თავისი რაზმით გზას გაუდგა, ოღონდ აზერბაიჯანისკენ. გივი კვანტალიანს ძალიან მკაცრად დაველაპარაკე, მახსოვს, "სტეჩკინიც" კი ამოვიღე. ვუთხარი, შუბლს გაგიხვრეტ-მეთქი.

- იეჭვეთ, რომ კვანტალიანს გეგმის ჩაშლა სურდა?

- დიახ, ვიეჭვე. ამასობაში ბატონ ზვიადს მუთალიბოვთან დაკავშირება სურდა, რათა თვითმფრინავი ეთხოვა გროზნოში გასაფრენად. მუთალიბოვი მასთან კავშირზე არ გავიდა. კიროვაბადიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, გამსახურდია ჩვენთან არის, ვასადილებთ, დავისვენებთ და უკან დავაბრუნებთო. ჩვენ მას წითელ ხიდთან დავხვდით და იჯევანში მივაცილეთ. გამსახურდია იქ 13 იანვრამდე იყო. მე, სიგუა, კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი ერთად ვიყავით, როცა ინფორმაცია მივიღეთ იმის თაობაზე, რომ გამსახურდია ერევნის ზვარტნოცის აეროპორტშია და გროზნოში გადასაფრენად ემზადება. მისი პილოტი ზაურ ბედია იყო, კარგი კაცი და კარგი მფრინავი. ამ დროს სომხეთის თავდაცვის მინისტრს ვუკავშირდები, მემალება. სიგუა ტერ-პეტროსიანთან ვერ გადის კავშირზე. მაშინ მარშალ შაპოშნიკოვს ვუკავშირდები, რომელიც მეუბნება, გამსახურდიას გროზნოში გადაფრენის საშუალება არავითარ შემთხვევაში არ მისცეთო. მან ისიც მითხრა, რომ საჭიროებისთვის გუდაუთაში ჩემს განკარგულებაში გამანადგურებლების ესკადრილია იქნებოდა. გამსახურდია უნდა გვეიძულებინა, ვაზიანში დამჯდარიყო, მაგრამ ზვარტნოციდან გამსახურდია აფრინდა, მე კი ორი გამანადგურებელი ავაფრინე. ჰაერსაწინააღმდეგო ჯარების სარდალი პრუდნიკოვი მირეკავს და გვთხოვს, გამსახურდიას თვითმფრინავი ისე დასვით ვაზიანში, ცეცხლს ნუ გაუხსნითო.

- აპირებდით, ცეცხლი გაგეხსნათ?

- იდიოტები კი არ ვიყავით, ცეცხლი გაგვეხსნა. ბედიამ კურსი გროზნოსკენ აიღო და გამსახურდია გროზნოში დასვა, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, იგი ისევ უკან დაბრუნდებოდა ოჯახის წასაყვანად. 14 იანვარს ზუგდიდში დიდი მიტინგი უნდა ჩატარებულიყო და გავრცელებული ხმების თანახმად, გამსახურდია ამ დღეს ზუგდიდში უნდა ჩამოფრენილიყო. მაშინ აფხაზეთის სუკ-ს თავმჯდომარეობდა ავთო იოსელიანი. მასთან მუდმივ კავშირში ვიყავი. ერთად ველოდებოდით გამსახურდიას ჩამოფრენას. გროზნოდან თვითმფრინავი კი ჩამოფრინდა, მაგრამ გამსახურდია ტრაპიდან არ ჩამოსულა. ავთო იოსელიანი კი მარწმუნებდა, გამსახურდია ტრაპიდან ჩამოვიდა, მანქანაში გადაჯდა და კურსი ზუგდიდისკენ აიღოო.

- რატომ იყო დარწმუნებული ავთო იოსელიანი, რომ თვითმფრინავიდან სწორედ გამსახურდია ჩამოვიდა?

- თვითმფრინავიდან ჩამოსული პიროვნება გამსახურდიას ჰგავდა, ეტყობა, მისი ორეული იყო. ამიტომ ეგონა იოსელიანს, რომ გამსახურდია ჩამოფრინდა. სინამდვილეში კასეტა ჩამოიტანეს, რომელზეც გამსახურდიას სიტყვა იყო ჩაწერილი და მიტინგზე აჩვენეს ხალხს.

- გამსახურდიას ზუგდიდში დაბრუნების შემთხვევაში მისი ლიკვიდაცია გქონდათ დაგეგმილი?

- რაღაცას მოვიფიქრებდით, ოღონდ არავითარ შემთხვევაში მის განადგურებას. ერთი კი ვიცოდით, რომ დუდაევთან გადაფრენის საშუალებას არ მივცემდით. ყოველ შემთხვევაში, არ მახსოვს, მისი დაბრუნების შემთხვევაში რა იგეგმებოდა.

- ბატონო ლევან, დღესაც მუსირებს აზრი, რომ ოპოზიციას გამსახურდიასთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში რუსი სამხედროები ეხმარებოდნენ, რომ თენგიზ კიტოვანი რუსული მძიმე ტექნიკით ძლიერდებოდა. თქვენ ამას დაადასტურებთ?

- მე, როგორც საბჭოთა არმიის გენერალი, ზომებს ვიღებდი იმისათვის, რომ გამსახურდიასთან დაპირისპირებული შეიარაღებული ფორმირებები მაქსიმალურად მომემარაგებინა იარაღით. ამისთვის რუსი გენერლები ჩემს ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდნენ, ვითხოვდი და მაძლევდნენ. ამას მე არ ვმალავ. ბეპაევი და გენერალი გრეკოვი უშუალოდ ამით იყვნენ დაკავებული. ამ ყველაფერს კი სოხუმიდან პატრიკეევი აკონტროლებდა. ეს უკვე ის პერიოდი იყო, როცა რუსეთი ჩვენზე იყო ორიენტირებული და არა გამსახურდიაზე. რუსეთი იარაღსაც გვაძლევდა და ტექნიკასაც. რუსების მიერ მოცემული ორი "ჰაუბიცა" მთავრობის სახლის წინ მუშაობდა, თუმცა იქიდანაც გვირტყამდნენ.

- ედუარდ შევარდნაძე მოსკოვიდან მართავდა ოპოზიციას?

- მე ამას ვერ ვიტყვი. მაშინ ძალიან ბევრი თვლიდა, რომ შევარდნაძის ავტორიტეტი და გამოცდილება საქართველოს სჭირდება და მისი ჩამოსვლა იყო საჭირო. ამას გვეუბნებოდნენ მოსკოვშიც, ზურაბ წერეთლის სახლში შეკრებილი ქართველები.

- ზურაბ წერეთლის ხშირი სტუმრები ვინ იყვნენ?

- ნუგზარ ფოფხაძე, ნიკოლსკი, კაბზონი, სხვანი და სხვანი. სხვათა შორის, სიგუა და კიტოვანი შევარდნაძის ჩამოსვლის წინააღმდეგები იყვნენ.

- შევარდნაძე პერიოდულად საუბრობს იმის შესახებ, რომ საქართველოდან ჩასული ინტელიგენციის წარმომადგენლები მასთან მიდიოდნენ და საქართველოში დაბრუნებას სთხოვდნენ. არა მგონია თქვენ გამონაკლისი ყოფილიყავით.

- ასეც იყო. 1992 წლის 14 თებერვლის სამიტამდე ბატონ ედუარდს მოსკოვში ვესტუმრე. ვისაუბრეთ მისი საქართველოში დაბრუნებაზე. იგი ამისათვის მზად იყო. მინსკის სამიტის დღეს ჟურნალისტების წინაშე სიტყვით გამოსვლას ვაპირებდი, მაინტერესებდა ბატონ ედუარდს როგორ მოეწონებოდა. მომისმინა და მომიწონა. ბრიფინგზე ეს ტექსტი წავიკითხე: "ამხანაგებო, პატივცემულო ლეონიდ მაკარევიჩ (კრავჩუკი, რომელიც სხდომას თავმჯდომარეობდა), ნება მომეცით საქართველოს დროებითი მთავრობის დავალებით შემდეგი განცხადება გავაკეთო, საქართველოში განხორციელდა დემოკრატიული რევოლუცია. დაემხო ზვიად გამსახურდიას დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმი მისი ყველაზე უარესი ოჯახური დიქტატის მოვლენით. ჩვენ ვებრძოდით არა პრეზიდენტის ინსტიტუტს, არა პარლამენტს, ჩვენ ვებრძოდით ადამიანს, რომელიც დამღუპველ პოლიტიკას ატარებდა საქართველოში. მან ზარალი არა მარტო ქართველ, არამედ სხვა ხალხებსაც მიაყენა. საქართველოს დროებითი მთავრობა, სამხრეთ ოსეთის გარდა, ყველა რეგიონს აკონტროლებს. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ რეგიონშიც დამყარდება მშვიდობა, რადგან მიმდინარეობს სტაბილიზაციის პროცესი, ყალიბდება დემოკრატიული ინსტიტუტები, ვემზადებით არჩევნებისთვის. საქართველოში დაიწყება სხვა ერებთან თანაცხოვრების პროცესი. ყველას მადლობას ვუხდით, ვინც ჩვენ მხარს გვიჭერდა გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლაში და ისინი ამაში არ შემცდარან. ამას დრო დაგვიმტკიცებს. საქართველოს დსთ-ში გაწევრიანებას გადაწყვეტს ახლად არჩეული პარლამენტი. აღსანიშნავია, რომ მზად ვართ, კარგი ურთიერთობა გვქონდეს ამიერკავკასიის სამხედრო ჯარებთან, რომლებსაც საოკუპაციო სტატუსი მოვუხსენით. გთხოვთ, ამიერიდან დსთ-ს სხდომებზე მოიწვიოთ საქართველოს ხელისუფალნი დამკვირვებლის სტატუსით".

- თქვენს გამოსვლას როგორი რეზონანსი ჰქონდა, გითანაგრძნეს?

- ბელორუსიის პრეზიდენტმა შუშკევიჩმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში არავითარი დემოკრატიული რევოლუცია არ მომხდარა და რომ მე ვარ ქართული ხუნტის წარმომადგენელი, რომ საქართველოში დავამხეთ კანონიერი ხელისუფლება. სამაგიეროდ, ელცინმა დამიჭირა მხარი, რომელმაც ბრძანა, რომ საქართველოში ხელისუფლება ხელში იმ ძალამ აიღო, რომელიც ხალხის ნებას გამოხატავს. ნაზარბაევმა, კარიმოვმა, მუთალიბოვმა. ტერ-პეტროსიანმა, ტალიმოვმა ჩვენ დაგვიჭირეს მხარი. იქაც გაისმა, რომ ამის შემდეგ შევარდნაძის საქართველოში დაბრუნება იყო საჭირო. მართლაც, ორ მარტს მე და კიტოვანი მოსკოვში ჩავფრინდით და მას ვესაუბრეთ ერთ-ერთ კაბინეტში. შევარდნაძის დაბრუნებაზე ვესაუბრეთ აგრეთვე მარშალ შაპოშნიკოვს, რუსეთის ელჩს ამერიკაში ლუკინს. კიტოვანმა მათთან საუბრისას თქვა, რომ საქართველო ავტონომიებს გააუქმებდა, რაც შაპოშნიკოვს არ ესიამოვნა, რადგან ოსი ცოლი ჰყავს. მე და კიტოვანი რუსეთის დაზვერვის სამმართველოს უფროსს პრიმაკოვსაც შევხვდით თავის რეზიდენციაში- იასენევოში.

- რუსეთის პოლიტიკურ წრეებში თუ იყვნენ ისეთი პირები, რომლებიც შევარდნაძეს ვერ იტანდნენ?

- რა თქმა უნდა, ესენი იყვნენ ის რუსი გენერლები, რომლებიც შევარდნაძეს ახლაც აკრიტიკებენ დასავლეთ ევროპიდან ჯარების გამოყვანის იდეის გამო. შევარდნაძე რუსეთში იმჟამად ძალიან ცუდ სიტუაციაში იმყოფებოდა.

- ერთი სული ჰქონდა, როდის გამოასწრებდა იქიდან?

- მას იქ ყოფნა აღარ აწყობდა. არ არის გამორიცხული, რომ მას იქ სერიოზული საფრთხე შექმნოდა, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც დემოკრატების გუნდში აღმოჩნდა.

- შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ მინისტრად კიდევ რამდენი ხანი იმუშავეთ?

- ორი თვე. როგორც საუბრის დასაწყისში გითხარით, ძალოვან სტრუქტურებს ფაქტობრივად ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანი მართავდნენ. ბატონ ედუარდს თუ შევხვდებოდი, კიტოვანი მეტყოდა, შევარდნაძესთან რას დარბიხარო. ფაქტობრივად მითვალთვალებდნენ, რადგან საბჭოთა არმიის გენერალი ვიყავი. მე ახლაც რუსეთის ორიენტაციის ვარ და ამას არც ვმალავ.

- ბატონო ლევან, დღესაც მსჯელობენ პოლიტიკოსები იმაზე, იყო თუ არა საჭირო აფხაზეთში ჩვენი შესვლა და საომარი მოქმედებების დაწყება. თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით.

- აფხაზეთში შესვლა როგორ შეიძლებოდა, როდესაც სამეგრელოს ტერიტორიაზე ომი იყო გაჩაღებული. სახმელეთო კომუნიკაციები ფაქტობრივად ლოთი ქობალიას ხელში იყო. ამის გამო აფხაზეთში მებრძოლ ჩვენს მეომრებს ტექნიკურ რესურსებს თვითმფრინავებით ვაწვდიდით. 12 აგვისტოს ჩემი ქალიშვილი ირინა და შვილიშვილი სოხუმში დასასვენებლად წავიყვანე და დავაბინავე. თურმე 14 აგვისტოს სოხუმში შევდივართ ბრძოლით და ამის შესახებ არავინ იცოდა, შტაბის უფროსმა ცქიტიშვილმაც კი. რამხელა კურიოზია, რომ შტაბის უფროსს არ ჰქონდა აფხაზეთში შესვლის თაობაზე ინფორმაცია. მე ამ დროს მინისტრობიდან გადაყენებული მრჩევლად ვმუშაობდი, რადგან რუსეთთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ომი მოუმზადებლად დავიწყეთ. მართალია, სოხუმში შევედით, მაგრამ ეს წინსვლა ვიღაცის ბრძანებით გაჩერდა. ეს იყო უპერსპექტივო გეგმა.

- იმის ინფორმაცია არ გაქვთ, ჯარების აფხაზეთის სიღრმეში გადაადგილება ვისი ბრძანებით შეჩერდა?

- არ ვიცი.

- მაშინ ყველაზე ძალიან აფხაზეთში შესვლის იდეას მხარს კიტოვანი უჭერდა. როგორ შეაფასებდით მის საბრძოლო მონაცემებს?

- კიტოვანს უყვარს სამხედრო სფერო, ალღო აქვს, მამაციცაა და ღიმილიანი, მაგრამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. პროფესიონალ სამხედროს ვერ ვუწოდებ, ისე კი ბრძოლა შეუძლია. ჩვენც ვიყავით აფხაზეთში, პროფესიონალი სამხედროები, მერე რა გავაკეთეთ?! ვერაფერი. როცა არძინბამ სოჭის ხელშეკრულება დაარღვია, თავდაცვის მინისტრი ყარყარაშვილი, მე, მისი მოადგილე, ნიკუშა კეკელიძე და თამაზ დუმბაძე მოსკოვში გრაჩოვს შევხვდით. 16 სექტემბერს ყარყარაშვილმა მოსკოვში დამტოვმა, რათა მოგვემზადებინა რუსეთის ჯარების დისლოკაციის სტატუსი. ამ საბუთს მე და გენერალი გალკინი ვამზადებდით. ამ საბუთის საფუძველზე ბალტინი არ დაუშვებდა ქობალიას ჯარების თბილისისკენ წასვლას. 16 სექტემბერს ჩვენი ელჩი რუსეთში ადვაძე მირეკავს და მეუბნება, ახლავე დაუკავშირდი შევარდნაძეს, რაც გავაკეთე. შევარდნაძემ მითხრა, სასწრაფოდ გრაჩოვს შეხვდი და სთხოვე, არძინბას სოჭის ხელშეკრულების გარანტიები განახორციელებინოსო. ამ დროს გრაჩოვი კლინიკაში იწვა, კენჭის გავლა ჰქონდა. მასთან მაინც მივედი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ჩვენ საერთოდ დაგვავიწყდა, რომ აფხაზებს კი არა, რუსებს ვებრძოდით. რუსეთმა ათი წლის წინ აფხაზეთის კარტი გაითამაშა. ამის შემდეგ მოვლენები ასე ვითარდება, 19 სექტემბერს მოსკოვიდან თბილისში დავბრუნდი და იმ საღამოსვე სოხუმში გადავფრინდი. ბატონი ედუარდი მინისტრთა საბჭოს კაბინეტიდან განკარგულებას იძლეოდა, მხედრიონელები დამოუკიდებლად იბრძოდნენ, ყარყარაშვილი ქაოტურად მოძრაობდა, ერთი სიტყვით, ერთიანი მართვა არ იყო. ბატონ ედუარდს კიდევ ერთხელ ვთხოვე, რომ რუსის ჯარებით ომი შეგვეჩერებინა, რაზეც უარი თქვა, თუმცა ამას მნიშვნელობა აღარც ჰქონდა.

- ჟიული შარტავას დაღუპვის დეტალების შესახებ რა იცით?

- ბატონ ედუარდს ჟიულის ბედი ძალიან აწუხებდა. 27 სექტემბერს მე და ჩერქეზია საღამოს უკვე მოსკოვში ვიყავით პასტუხოვთან. პასტუხოვის კაბინეტში სოხუმიდან არძინბამ დარეკა და გვითხრა, რომ ანქვაბი იქნებოდა პასუხისმგებელი ჟიულის უსაფრთხოებაზე და მას ადლერში ქართველებს გადასცემდნენ, მაგრამ ჟიული შარტავა გზაში მოკლეს. მე ბატონ ჟიულის ვაფრთხილებდი, მამაცობა კარგი თვისებაა, მაგრამ უნდა გაეთვალისწინებინა, რომ პირველად შეხვედრა ბოევიკებთან ექნებოდა, რომლებიც მას არ დაინდობდნენ. ჯერ კიდევ 23 სექტემბერს მოსკოვიდან მას შევთავაზე, სოხუმიდან წამოსულიყო. რუსებს უკვე ნათქვამი ჰქონდათ ჩვენთვის- ახლა დროა, აფხაზეთის კი არა, საკუთარი თავის გადარჩენაზე იფიქროთო. ახლა მე წაგიკითხავთ წერილს, რომელიც მოსკოვში ყოფნის დროს გრაჩოვს მივწერე:

"გუდაუთის მხარემ მზაკვრულად დაარღვია სოჭის შეთანხმება, რის გამოც შეფერხდა სამშვიდობო პროცესი. გუშინ გადამწვარი ქალაქიდან ვბრუნდებოდი და მინდა გითხრათ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მოხერხდეს. ბაბუშერას აეროპორტს კი სისტემატურად უშენენ ტყვიებს. ორი სამოქალაქო თვითმფრინავი უკვე ჩამოგდებულია. სოხუმიდან დევნილები ვერ გადიან, აეროპორტში უკვე რამდენიე ათასი პანიკაში ჩავარდნილი ბავშვი და მშობელი იმყოფება. სოხუმში მიიწევენ ძალები, რომლებიც წინააღმდეგნი არიან პრეზიდენტ ელცინისა და დემოკრატიული ძალების. საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელის ედუარდ შევარდნაძისა და თავდაცვის მინისტრ ყურაშვილის დავალებით გთხოვთ, მშვიდობიანი მოსახლეობა აურაცხელ მსხვერპლს აარიდოთ. ამისთვის საჭიროა, თქვენი დახმარებით სოხუმში შემოვიდნენ რუსეთის შესაბამისი ნაწილები, რომლებიც შეადგენენ რუსეთის ბაზებს ამ რეგიონში. ეს ჯარები შესაბამისად განლაგდებიან ქუთაისში, ფოთსა და გუდაუთაში, რასაც სტატუსი მიენიჭება და ხელი მოეწერება. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ამ ნაწილების განლაგებისთვის".

ავტორი: ზაზა ბაკაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
28
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი