მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2011-05-04
ქართულ პარტიას "მაესტროსთან" არაფერი აკავშირებს: ვისია "იმედი" და "რუსთავი 2"?
ინტერვიუ ქართული პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბართან

- ბატონო სოზარ, თქვენთვისაც ცნობილია, რომ გუშინ სახალხო კრებამ თავისი სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა. რას ფიქრობს ქართული პარტია ამასთან დაკავშირებით?
- მე რასაც ვუსმინე, სამოქმედო გეგმაზე იქ არ ყოფილა ლაპარაკი. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ 21-ში იქნება შეკრება და ამის შეფასება ძალიან რთულია.
- სახალხო კრების ლიდერები აცხადებენ, რომ სააკაშვილისთვის ეს პრეზიდენტობის ბოლო წელი იქნება, ანალოგიური განცხადებები ქართული პარტიის ლიდერებისგანაც მოვისმინე...
- კი ბატონო, ძალიან კარგია, რომ ამას აცხადებენ. თარიღები ბევრჯერ დასახელებულა, მაგრამ ამ თარიღებს სჭირდება მართლა გეგმის არსებობა და განხორციელება. ჩვენ როდესაც არ ვაცხადებთ რაიმე კონკრეტულ თარიღს, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ვიყოთ რაღაც თარიღებზე დამოკიდებულები. ჩვენ ადრეც გვქონდა ნათქვამი, რომ აპრილის ბოლომდე ჩვენ ვმუშაობთ და ვიბრძვით პარტიის მშენებლობის დასრულებისთვის, რაც გავაკეთეთ და ახლა ჩვენც ვიწყებთ მოქმედებებს. თუმცა, ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს მოქმედებები ერთ კონკრეტულ დღესა და კონკრეტულ აქციაზე უნდა იყოს დამოკიდებული. თუ ეს მოხდება, თავისთავად, ცუდი არ არის, მაგრამ, ისევ ვიმეორებ, ამას სჭირდება ძალიან ზუსტი დათვლა და მენეჯმენტი, რაც ახლა, ნამდვილად არ ვიცი, აქვს თუ არა ვინმეს.
- ითქვა, რომ თარიღების დასახელებამ ბევრჯერ გაუცრუა საზოგადოებას იმედები...
- მე არ მინდა ახლა რაღაცის პროგნოზირება, არ მინდა, რომ ანალოგიური მოხდეს და, გარდა ამისა, ქართული პარტია ძალიან ფრთხილად ეკიდება მსგავს თარიღებს. ეს სწორედ იმით არის გამოწვეული, რომ არ გვინდა, იმედგაცრუება გამოვიწვიოთ მანამ, სანამ სიტუაცია არ იქნება მზად. არაერთხელ დასახელებულა რაღაც თარიღები, რომლებიც დაუკავშირეს ჩვენს სახელს და არც ერთი თარიღი ჩვენგან არ მომდინარეობდა. როცა ლაპარაკი იყო 20 აპრილზე, თითქოს ქართული პარტია რაღაცას აპირებს, საიდან მოდიოდა ეს 20 აპრილი, მე არ ვიცი. ჩვენ ვაცხადებდით ყოველთვის, რომ გაზაფხულზე დავასრულებდით პარტიის მშენებლობას და დღემდე მივდივართ დასახული გზით. ჩვენი მზადყოფნა დღეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მზად ვიქნებით რევოლუციისთვისაც, ძლიერი საპროტესტო აქციებისთვისაც, თუ სიტუაცია იქნება და არჩევნები იქნება, არჩევნებისთვისაც. არჩევნებს ძალიან პირობითად ვამბობ, იმიტომ რომ ნამდვილად არა ვარ დარწმუნებული, თუ ამ ხელისუფლების პირობებში შესაძლებელია სამართლიანი არჩევნები, მაგრამ პარტია მზად უნდა იყოს ყველანაირი გამოწვევისთვის. ქართული პარტია მზად არის ყველანაირი გამოწვევისთვის, რომლებიც შეიძლება დადგეს ხელისუფლებაში მოსასვლელად.
- ითქვა, თითქოს რაღაც მოლაპარაკებების მსგავსი მიდიოდა სახალხო კრებასა და ქართულ პარტიას შორის. რა ეტაპზეა ახლა ეს პროცესი?
- იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც დასაწყისში, ანუ ის არ დაწყებულა. მე არ ვიცი, სად მიმდინარეობდა ეს საუბარი. მსგავსი მოლაპარაკებები არ ყოფილა.
- საუბრობენ ირაკლი ოქრუაშვილსა და კოკა გუნცაძეს შორის არსებულ დაპირისპირებაზე. თქვენ, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, იქნებ განგვიმარტოთ, რა ხდება?
- არ ვიცი, რას გულისხმობთ, თუმცა, თავისთავად იმაში, რომ აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება არსებობდეს, გასაკვირი არაფერია. კოკა გუნცაძემ, მაგალითად, რამდენჯერმე გამოაცხადა საჯაროდ, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გააუქმებს სოდს, კუდსა და მანდატურებს. იმაში ვეთანხმები, რომ კუდსა და სოდს ნამდვილად გავაუქმებთ, მაგრამ მანდატურების მიმართ ჩემი დამოკიდებულება ცოტა განსხვავებულია. მანდატურებმა, რა თქმა უნდა, იმ სახით, როგორითაც ახლა არიან, არ უნდა იარსებონ, მაგრამ, თავისთავად, არის თუ არა საჭირო მანდატურის ინსტიტუტი, ამაზე შეიძლება დიდხანს ფიქრმა მოგვიწიოს და სპეციალისტების აზრი გავითვალისწინოთ, ვიდრე გამოვაცხადოთ, რომ გავაუქმებთ. მიუხედავად იმისა, რომ კოკა გუნცაძემ ეს რამდენჯერმე გამოაცხადა, არც ერთხელ არ ჩამითვლია საჭიროდ ამ თემაზე შიდა დისკუსია. მე ვუთხარი ჩემი აზრი, ასე არ ვფიქრობ, თუმცა, შენ შეგიძლია, შენს აზრზე დარჩე-მეთქი. მე არ მიმაჩნია, რომ ეს ის საკითხია, რომელსაც რაღაცა განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ. პარტიის შიგნით აზრთა სხვადასხვაობის არსებობა ძალიან ნორმალური მოვლენაა და, ღმერთმა არ ქნას, ასე არ იყოს, რადგან მაშინ ვიქნებით მიხეილ სააკაშვილის პარტია.
- ბატონო სოზარ, ასევე დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი ტელეკომპანია "მაესტროსთან" დაკავშირებით. ამბობენ, რომ ქართული პარტია ცდილობს, "მაესტროს" დაეპატრონოს...
- ეს რა ბოდვაა. ჯერ ერთი, ტელევიზიის 50% არის ძველი მფლობელების ხელში და, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ეს არ არის კიდევ საბოლოო გადაწყვეტილება, კიდევ დანაწილდება და ძალიან ბევრი მფლობელი ეყოლება, ძალიან ბევრი მფლობელი კი ნიშნავს იმას, რომ ეს ტელევიზია არ იქნება ერთი კაცის ხელში. ერთი კაცის ხელში ტელევიზია შეიძლება იყოს ისეთივე ანგაჟირებული, როგორიც ერთი პარტიის ან სხვა ვიღაცის ხელში. ქართულ პარტიას არა აქვს არაფერი საერთო ტელეკომპანია "მაესტროსთან". მაკა ასათიანი არ არის ქართული პარტიის წევრი და ის, რომ ჩვენ მის მეუღლესთან ვთანამშრომლობთ, არაფერ შუაში არ არის აქ. პრობლემა სხვა რამეშია.
- რაში, ბატონო სოზარ?
- პრობლემა არის "იმედში", რომელიც წაართვეს მის მფლობელს და დღემდე არ ვიცით, ვის ხელშია. პრობლემა არის "რუსთავი 2"-ში, რომელიც ასევე არ ვიცით, ვის ხელშია. არაოფიციალურად ვიცით, რომ ორივე ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ხელშია, მაგრამ ოფიციალურად არ ვიცით და დამალულია მფლობელის ვინაობა. პრობლემა არის პირველ არხში, რომელსაც, პრაქტიკულად, ნაციონალი გია ჭანტურია მართავს, ადამიანი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ არის მიხეილ სააკაშვილის ფანი და მიმდევარი. პრობლემა არის "რეალტივიში", რომელიც გურამ დონაძის დაფუძნებულია და გურამ დონაძე მართავს, გირგვლიანის მკვლელი. აი, ვინ არის მისი მფლობელი. პრობლემა არის "აიტივიში", პრობლემა არის "პრესა ჯი"-ში, პრობლემა არის "დრონი ჯი"-ში, რომელსაც ასევე გურამ დონაძე მართავს და მაკა ასათიანის მიმართ ვის რა პრეტენზია აქვს, ჯერ ეს გამაგებინონ და მეორეც, იმ თავისი წილით რა გავლენა უნდა მოახდინოს მაკა ასათიანმა მამუკა ღლონტზე ან რომელიმე სხვა მფლობელზე?! ნამდვილად არა ვარ ამ საქმეში ჩახედული, მაგრამ გამიგია მათი მფლობელებისგან, რომ თვითონ ეს 50% რომ გაიყო ორად, ერთგვარად ესეც იმ სტრატეგიის ნაწილია, რომ არ შეექმნას საზოგადოებას იმის განცდა, რომ ვინმე ერთი ადამიანი მართავს. ეს პროცესი, ალბათ, კიდევ უფრო გაღრმავდება და კარგია, რომ ძალიან ბევრი მფლობელი ჰყავდეს, რომლებიც ერთმანეთს გააკონტროლებენ და არ მისცემენ საშუალებას ერთმანეთს, საზოგადოებისთვის გაუგებრად მოიქცნენ.
- ბატონო სოზარ, თქვენი ოპონენტები "რვიანიდან" აცხადებენ, რომ დღეს აქციები, საპროტესტო გამოსვლები მიხეილ სააკაშვილს აწყობს და მის წისქვილზე დაასხამს წყალს, ეს ოპოზიციური პარტიები სააკაშვილის გეგმას უწყობენ ხელსო...
- კი, რა თქმა უნდა, სააკაშვილს აწყობს, რომ ის დაამხონ. ერთადერთი, რაც არ აწყობს, არის, რომ ისეთივე ვირტუალური გამარჯვება მოიპოვოს ოპოზიციამ მის წინააღმდეგ, როგორიც - 2010 წლის 30 მაისს. კარგად გვახსოვს, ბატონმა ალასანიამ როგორ მიულოცა ქართველ ხალხს ოპოზიციის გამარჯვება თვითმმართველობის არჩევნებზე და როგორი გამარჯვებულიც არის ოპოზიცია, კარგად ვხედავთ. კარგად ვხედავთ, ვინ არის ქალაქის მერი, კარგად ვხედავთ, ვინ არის საკრებულოში უმრავლესობა და კარგად ვხედავთ, რა გავლენას ახდენს თბილისისა თუ ნებისმიერი რაიონის საკრებულოში დღეს ოპოზიცია. ასეთივე ტიპის ვირტუალური გამარჯვების მილოცვა თუ უნდათ სააკაშვილისთვის, მე ამაში ვერ გავხდები მათი თანამოზიარე და თანამოაზრე. ასევე მეორე - ჩვენ კარგად ვნახეთ, რეალურად რას აკეთებს "რვიანი". კარგად გამოჩნდა გუშინ გორში "რვიანის" სახე, სადაც "რვიანი" და ხელისუფლება ერთ ხმაში ედუდუნებოდნენ მოსახლეობას იმ საკითხებზე, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, საერთოდ არ აინტერესებდა იმ ხალხს. იმ ხალხის ინტერესი არის სულ სხვა. მათ თქვეს, რომ არ სჯერათ, თუ სააკაშვილის ხელისუფლება შეცვლის საარჩევნო გარემოს და მათ უნდათ აქტიური მოქმედებები.
- როგორც ბევრ სხვას, თქვენც მიგაჩნიათ, რომ მარცხი განიცადა "რვიანმა" ხელისუფლებასთან დიალოგში?
- "რვიანი" რომ განწირული თამაში იყო, ყოველთვის ვიცოდით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ მაინც ვფიქრობდით, რომ იქნებ "რვიანმა" შეძლოს ხელისუფლების გაშიშვლება იმ კუთხით, რომ ხელისუფლება არ წამოვა არანაირ დიალოგზე, მაგრამ ამისთვის არსებობდა გარკვეული ვადები. ამ ვადებმა მილიონჯერ გადაიწია. ბოლო ვადა, სხვათა შორის, რაც მოვისმინე, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ იყო, რომ ირაკლი ალასანია ლაპარაკობდა მაისის ბოლოზე და ახლა რატომღაც მოულოდნელად ეს ყველა თარიღი სასწრაფოდ გადაიტანეს შემოდგომაზე. შემოდგომას გაზაფხული მოჰყვება, მერე - 2019 წლის შემოდგომა, მერე - 2022 წლის მაისი და ასე თარიღების გადატანაში აზრს ნამდვილად ვერ ვხედავ. ეს რომ ყოფილიყო მიმართული ხელისუფლების გაშიშვლებაზე, რომ ხელისუფლება არ მოდის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, მე კიდევ გავიგებდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საბოლოოდ ნაბიჯები ოპოზიციურ "რვიანში" შემავალი პარტიებისა არის გადადგმული არა ხელისუფლების გაშიშვლებაზე, არამედ ხელისუფლების შეფუთვაზე, რომ როგორმე დამალონ ის ნაკლოვანებები, რომლებიც ხელისუფლებას აქვს და როგორმე დამალონ ის ფაქტი, რომ ხელისუფლებას არ სურს არანაირად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ლაპარაკი. ძალიან მარტივ ტესტებს დავსვამ და "რვიანში" შემავალ პარტიებსაც მოვუწოდებ, რომ ეს ტესტები დასვან. რამდენიმე კვირის წინ "მაესტრომ" მოამზადა გადაცემა, როგორ მიდიოდნენ ყალბი პირადობის მოწმობებით ადამიანები არჩევნებზე ხმის მისაცემად ფოთში, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. ამ ადამიანთა გვარები და სახელები ცნობილია. სასწრაფოდ მოითხოვოს "რვიანმა", რომ ის ადამიანები, რომლებიც სხვისი პასპორტებით მიდიოდნენ, დაიჭირონ და ჩასვან ციხეში, იმიტომ რომ ეს არის არჩევნების გაყალბება, და ყალბი დოკუმენტების დამზადება და გამოყენება. დაიჭირონ ის ადამიანები, რომლებმაც ეს დოკუმენტები დაამზადა და მათი ხელმძღვანელები, რომელთა გარეშეც ისინი ვერ დაამზადებდნენ ამ დოკუმენტებს. აი, ეს იქნება ერთი ტესტი. მეორე ტესტი იქნება, რომ არჩევნების თარიღი ჩაჯდეს კონსტიტუციურ ვადაში, როდესაც, დღევანდელი კონსტიტუციის მიხედვით, მიმდინარე წლის ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ვერ გადასცდება. როგორც კი გადასცდება ერთი დღე, ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუცია დარღვეულია. თუკი არჩევნები წელს უნდა ჩატარდეს, ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ ივლისში პარლამენტმა უნდა გამოაცხადოს იმის შესახებ, რომ არჩევნები იქნება ოქტომბერში. როდესაც "რვიანი" ამბობს, რომ საარჩევნო გარემო უნდა გაუმჯობესდეს შემოდგომაზე და ამის შემდეგ მომავალი წლის შემოდგომაზე შეიძლება ჩატარდეს არჩევნები, რომელშიც თვითონ მიიღებენ მონაწილეობას, ეს ნიშნავს, რომ "რვიანი" ხელისუფლებას, მაპატიეთ ამ სლენგისთვის, მაგრამ უნდა გამოვიყენო, "უპრავებს" მოპარულ ერთ წელიწადს, რომელიც მოპარეს ხალხს. ეს ერთი წელიწადი უზურპირებულია პარლამენტის მიერ. რადგან ის არის უზურპირებული, შესაბამისად, ჩვენ უფლება გვაქვს, წავართვათ ძალით ან ნებისმიერი გზით, რომელსაც ჩავთვლით საჭიროდ, ხოლო "რვიანი", იმის ნაცვლად, რომ ამაზე ილაპარაკოს, ლაპარაკობს იმაზე, რომ შემოდგომამდე უნდა მოხდეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და მომდევნო წელს დაინიშნოს არჩევნები. თუმცა, ეს არ მიკვირს, იმიტომ რომ ამ "რვიანში" შემავალ პარტიებში არის მინიმუმ ერთი პარტია, რომელმაც თვითონ მისცა ხმა ამ კონსტიტუციასა და სააკაშვილის მიერ ხელისუფლების უზურპირებას.
- ვის გულისხმობთ?
- ეს არის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და როდესაც "რვიანში" შემავალი პარტიები ერთხმად აცხადებენ, რომ ისინი არიან ერთიანები, მათ შორის არ არის არანაირი განხეთქილება, არანაირი ბზარი, მაშინ გამოდის, რომ ისინიც იღებენ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც გააკეთა ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ, როდესაც მათ თავიანთი ხმის მიცემით ხელი შეუწყვეს სააკაშვილის ხელისუფლების უზურპაციასა და სააკაშვილისა და მისი პარლამენტისთვის თითო-თითო წლით ხელისუფლების გაგრძელებას, რასაც ჩვენ არ შევეგუებით.
- თქვენ ისაუბრეთ ქართული პარტიის შესახებ, მაგრამ მაინც კონკრეტულად არ გითქვამთ, როდის გადახვალთ რეალურ ქმედებებზე...
- უახლოეს დღეებში.














ავტორი:  ნონა ცაბაძე


კალენდარი
ოქტომბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი