მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2011-05-14
ხეთაგურს ოპერაციის გასაკეთებლად ფული რუსებმა გადაურიცხეს: სააკაშვილის დიდ ბაბუას სტალინი ლობირებდა

ხელისუფლების შეცვლის სურვილს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია გამოთქვამს. ადრე ისინი სულ ხელისუფლების ლანძღვაში იყვნენ, ახლა კი ერთმანეთს დაერივნენ. გასული წლის ოქტომბერში "თეთრმა მოძრაობამ" და თემურ შაშიაშვილმა ოპოზიციას ერთმანეთის ლანძღვისგან თავის შეკავება სთხოვეს.
ერთი პერიოდი ყველაფერი თითქოს ნორმალურად იყო, მაგრამ ახლა ოპოზიცია ერთმანეთის წინააღმდეგ განცხადებას განცხადებაზე აკეთებს. თემურ შაშიაშვილის თქმით, ხელისუფლებამ მოახერხა, პარტიები ერთმანეთისთვის გადაემტერებინა.
ნიშნავს თუ არა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის სურვილი ამ ქვეყნის აგენტობას, ვინ და რატომ ლანძღავს რუსეთს ასე გამწარებით, რა კავშირი აქვს ვაშაძეს კაგებესთან, რატომ დაერივნენ ოპოზიციონერები ასე მწარედ ერთმანეთს, ამ საკითხებზე თემურ შაშიაშვილი "ახალ თაობას" ესაუბრება.
თემურ შაშიაშვილი:
- თავის დროზე "თეთრი მოძრაობა" გამოვიდა ინიციატივით, რომ ოპოზიციას ერთმანეთი არ გველანძღა. ეს იყო სწორი პოზიცია. ჩვენ გვინდოდა ხალხის ერთობა და ხალხის შერიგება. ეს გადაწყვეტილება შარშან ოქტომბერში მივიღეთ. ჩვენი გადაწყვეტილება ყველა ოპოზიციურ პარტიას გავაცანით. თითქოს ყველა თანახმა იყო ამაზე. მე, პირადად, ყოველთვის თავს ვიკავებდი ოპოზიციის მიმართ მწვავე განცხადებებისაგან. ასეთი ტენდენცია სხვების გამოსვლებშიც შეიმჩნეოდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა. ლანძღვის არნახული ნიაღვარი წამოვიდა. მე უკვე დიდი ხანია, რაც პოლიტიკაში ვარ და ამდენი ხნის განმავლობაში იმდენი ლანძღვა არ ყოფილა ჩემი მისამართით, რამდენიც - ბოლო თვეებში.
- როგორ გგონიათ, ეს რისი ბრალია? რატომ დაერივნენ ერთმანეთს ასე ოპოზიციური პარტიები?
- ეს ლანძღვა-გინება პარტიებისგან არ მოდის. ამ განცხადებებს კონკრეტული პიროვნებები აკეთებენ, მათ უკან კი პარტიები დგანან. მე ვერ ვიტყვი, რომ დღეს ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს დაერივნენ. უბრალოდ, ხელისუფლებამ შეძლო მათი ერთმანეთთან გადაკიდება. თუნდაც მარტო იმიტომ უნდა დამთავრდეს ეს ხელისუფლება, რომ ის პარტიების ერთმანეთის დაპირისპირებაზეა გადასული. ისინი ქვეყანაში ჩაშვებისა და არაკაცობის ინსტიტუტს ამკვიდრებენ. ამათი წყალობით უკვე გაზეთის წაკითხვაც კი შეუძლებელი გახდა.
- გაზეთის წაკითხვა რატომ გახდა შეუძლებელი?
- ინტელიგენტური წყობის გაზეთებიც კი შემაძრწუნებელ რამეებს წერენ. ისეთ რამეს წაიკითხავ, შეიძლება, გული გაგისკდეს. ეს აწყობს ხელისუფლებას და პირადად სააკაშვილს. ხელისუფლებას აწყობს ჩემი ლანძღვა. იმიტომ აწყობს, რომ მე ისინი ბევრ რამეში ვამხილე. "თეთრმა მოძრაობამ" შექმნა მხილების მუზეუმი. ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენეთ, რა ქონება ჩაიგდეს ხელში ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ჩვენ ვაჩვენეთ ხალხს, რა ფუფუნებაში ცხოვრობს ღარიბი ქვეყნის მთავრობა. გასულ წელს მე თქვენს გაზეთთან საუბარში ვთქვი, რომ სააკაშვილი რუსული ფულით ფინანსდება. მაშინვე დამაბრალეს, რომ რუსულ ფულს მე ვიღებ. როგორც კი მათ სასახლეებზე ვთქვი რაღაცა, დამაბრალეს, რომ სახლები მაქვს. ეს არის ხელისუფლების მაკვარანცხი, რომელზეც წამოგებული ჰყავს ბევრი პიროვნება და მათ, რასაც უნდა, იმას ათქმევინებს. დღეს საქართველოს ტრაგედია იმაშია, რომ წესიერ ადამიანებს აძულებენ წესიერებას. თუ ძალიან ძლიერი არა ხარ, წესიერი ვერ იქნები. მუდმივად მიდის ლანძღვა წესიერებისა.
- რატომ გგონიათ, რომ ხელისუფლება წესიერებას ებრძვის?
- კი არ მგონია, ასეა! წესიერებას ებრძვიან იმიტომ, რომ თავად არიან უწესოები. სამწუხაროდ, დღევანდელი ოპოზიციის 80 პროცენტიც არის უწესო. ამიტომ არ აწყობთ მათ პატიოსანი ადამიანების ყოფნა პოლიტიკაში. ილია ჭავჭავაძე ჯერ კიდევ როდის ამბობდა, ჩამშვები და ენის მიმტანი მატლივით უნდა გაისრისოსო. არადა, მაშინ ჩაშვება ასეთ დონეზე არ იყო. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა გენიოსი ილია, დღევანდელ სიტუაციას რომ მოსწრებოდა. დღეს ქვეყანაში საშინელება ტრიალებს. ხელისუფლებამ მთელი ხალხი ერთმანეთს გადაჰკიდა. აღარ არის კოლეგიალობა. ამას ვინ ჩივის, უკვე ოჯახის წევრები მტრობენ ერთმანეთს. ტელევიზორს შიშით ვერ ჩართავ, ისეთი რაღაცები ისმის - დედა მოკლა, მამა მოკლა, ძმა მოკლა, და მოკლა... გამუდმებით ასეთი ცნობები გვესმის.
- თქვენ თვლით, რომ ასეთი რამეებიც ხელისუფლების ბრალია?
- აბა, ვისი ბრალია? მათი არაქართული ცნობიერების გამო მთელი ქვეყანა გადაბრუნდა და შეიცვალა. ისეთ რამეებს ამბობს პრეზიდენტი, გადაირევა ნებისმიერი.
- რა თქვა ამისთანა?
- მის ერთ-ერთ ბოლო განცხადებას გაგახსენებთ. ცოტა ხნის წინ გორში ინციდენტი მოხდა. როცა ხელისუფლება აპირებდა ერთ-ერთი სოფლის საძოვრის გადახვნას, მათ მოსახლეობამ გაუწია წინააღმდეგობა. სააკაშვილმა ამაზე რამდენიმე დღის წინ გააკეთა კომენტარი და საშინელებები თქვა, განაცხადა, მიკვირს, როგორ გააჩერა ტრაქტორისტმა ტრაქტორი და არ გადაუარა, წინ რომ გადაუდგნენო. ამ განცხადების შემდეგ, როგორ შეიძლება, ის კიდევ ქვეყნის პრეზიდენტი იყოს. ის ამბობს, 7 წელიწადში მენტალიტეტის გამოცვლა შეუძლებელიაო. საქართველო ქართული მენტალიტეტით არის ძლიერი. თუ ქართულ მენტალიტეტს გამოუცვლი ამ ხალხს, რა იქნება საქართველო ტერიტორია, ქვა თუ რა? მე არ ვიცი, რა აზროვნება გაძლიერდა, ან რა მოუვიდათ ამ ადამიანებს. ქვეყანა ფეხქვეშ გაეგო ამერიკას. პოლიტიკოსები ხმამაღლა ამერიკის მიმართ საყვედურის თქმასაც კი ვერ ბედავენ, პირად საუბრებში სხვა რამეს ამბობენ. თუ პატივს სცემ ქვეყანას, მისთვის სიმართლის თქმის რატომ გეშინია? ჩვენთან ბევრია პოლიტიკოსი, რომლებიც რუსეთის ლანძღვით ამერიკას აწონებენ თავს. ასევე მრავლად არიან ისეთებიც, რომლებიც ამერიკის ლანძღვით რუსეთის გულის მოგებას ცდილობენ.
- ამბობენ, რომ სახალხო კრება და ქართული პარტია პრორუსული ძალა ხართ, რუსეთისგან მეტი მხარდაჭერის მისაღებად ლანძღავთ ამერიკას. ეს სიმართლეა?
- ეს ტყუილია. ეს არის რვიანის ბრალდება. ხელისუფლება თვლის, რომ რვიანი დაიყენა გვერდით და, ვინც მის გვერდით არ არის, უნდა ლანძღოს ის. გამარკვიეთ, ადამიანები არა ხართ, ვინ არის ამ ქვეყანაში პრორუსული ძალა? რაც კი სტრატეგიული გვქონდა, ყველაფერი ხელისუფლებამ მიჰყიდა რუსეთს. რუსეთში ვერ იოცნებებდა ვერასდროს, საქართველოსგან მიეღო ის, რაც მიიღეს სააკაშვილის პრეზიდენტობის ჟამს. რუსეთის შოვინისტურ პოლიტიკას უკეთესი შემსრულებელი არ ჰყოლია საქართველოში. დარწმუნებული ვარ, არც მომავალში ეყოლება. საცოდავი ხალხი. უსმენენ ხელისუფლებას და ჰგონიათ, რომ მართლა ემტერებიან მოსკოვი და თბილისი ერთმანეთს. ჩვენი ხელისუფლება რუსეთის საქმეს აკეთებს რუსეთის ლანძღვით. სხვანაირად რა ახსნა უნდა მოვუძებნო ხელისუფლების პოლიტიკას, რომელმაც ყველა სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდა რუსეთს. მე თქვენი გაზეთის საშუალებით ამ თემებზე ბევრი მისაუბრია. ესენი მზად არიან, ნებისმიერი რამ დაუთმონ რუსეთს. მთავარი მათთვის სკამის შენარჩუნებაა. "ინტერ-რაომ" შექმნა თურქეთში კომპანია "ტიჯიერი", რომელიც ანკარაშია რეგისტრებული. ის თურქეთში რუსეთის ინტერესებს ლობირებს. მას ხელმძღვანელობს კაგებეს წარმომადგენელი ზავრაჟნი. ის ჩვენს ხელისუფლებასთან ახლოს არის და ხშირად ჩამოდის საქართველოში. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ხეთაგურის ძმა მუშაობს მასთან.
- რომელი ხეთაგურის, ენერგეტიკის მინისტრის?
- დიახ, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ძმა. მას დაუნიშნეს ხელფასი, თანაც - ძალიან მაღალი.
- მაინც რამდენი?
- 15-20 ათას დოლარზეა საუბარი თვეში. თურქეთში გვითხრეს, ხეთაგურმა ოპერაცია რომ გაიკეთა ევროპაში, რუსეთმა გადაუხადა ფულიო.
- რუსეთმა რატომ?
- მისი ძმა მუშაობს რუსულ კომპანიაში და დაეხმარა. ასეთი მაგალითების მოყვანა დაუსრულებლად შეიძლება. ამათი ოჯახის წევრები რუსულ კომპანიებში მუშაობენ. მერე ესენი გამოდიან და ვინმეს იმის გამო უსაყვედურებენ, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა. მე ხმამაღლა ვიტყვი, რუსეთთან კარგი ურთიერთობები თუ არ ჩამოყალიბდა, ეს იქნება საქართველოს ტრაგედია. ნამდვილ ქართველს დემოკრატიული და ძლიერი რუსეთი უნდა უნდოდეს. მეფის რუსეთი ჩამორჩენილი იყო და გვანადგურებდა. იმას, ვინც ამას ღიად ამბობს, რუსეთის აგენტს ეძახიან. ვინც რუსეთს ლანძღავს და აგინებს, ისინი არიან აგენტები! აგენტები რომ არ იყვნენ, ამ ცოტა ხნის წინ ხრამი-1-სა და ხრამი-2-ს მიჰყიდდნენ? ამათ იმაზე ატეხეს ამბავი, რუსეთის პრეზიდენტმა სააკაშვილს რატომ არ მოულოცა 9 მაისიო. მე მის ადგილზე, იცით, რა ვიზამდი? - იქით მივულოცავდი რუსეთის პრეზიდენტს.
- რა შედეგი ექნებოდა მერე ამას?
- ამით მთელი მსოფლიოს თვალში ამაღლდებოდა. მოდით, დააკვირდით, ვინ ლანძღავს რუსეთს ყველაზე მეტად. ეს გახლავთ რუსეთის კაგებეს ყოფილი წევრი.
- ვისზე საუბრობთ?
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრზე, რომელიც მთელი ოჯახით იყო დაკავშირებული რუსეთთან. რუსეთი არ კითხულობდა, ვინ იყო საქართველოს ცეკას მდივანი. სამაგიეროდ, აინტერესებდა, ვინ იყო ჭიათურის პარტ-რაიქალაქკომის პირველი მდივანი, იმიტომ რომ იქ მანგანუმი მოიპოვებოდა. ეს თანამდებობა ეკავა დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მამას, თავად კი საბჭოთა უშიშროებას წარმოადგენდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ეს ის კაცი იყო, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. წლების წინ რუსეთთან დაკავშირებით ერთმა იტალიელმა მითხრა, ყველაზე მეტად იმ ხალხის გეშინოდეს, რომელიც რუსეთს ლანძღავსო. ეს კაცი ლაციოს პრეზიდენტი გახლდათ.
- საფეხბურთო კლუბ "ლაციოს" პრეზიდენტი იყო?
- არა, არა, ლაციოს მხარის, ჩვენებურად რომ ვთქვათ, გუბერნატორი. ეს მაშინ იყო, როცა იმერეთი ევროპის რეგიონების ასამბლეაში შედიოდა. მე ევროპის რეგიონის ასამბლეის ბიუროს წევრად ამირჩიეს 2002 წელს ვენეციაში. ბუნებრივია, სიტყვითაც გამოვედი, ვიფიქრე, რუსეთს თუ მაგრად გავაკრიტიკებდი, ტაშს დამიკრავდნენ. უკანასკნელი სიტყვებით ვლანძღავ რუსეთს. ვუყურებ ამ ევროპელებს და ვხვდები, რომ დარბაზი ნელ-ნელა კვდება. არავინ აღარ მისმენს. სახეზე ეტყობათ, რომ ძალიან ვეცოდები. კარგად მივალანძღე რუსეთი, მაგრამ ვინ გაღირსა ტაში. ადგა ლაციოს პრეზიდენტი და მითხრა, აღარ დაიღალეთ თქვენი ქვეყნის წინაღმდეგ ბრძოლითო? გავშრი კაცი. ის აგრძელებდა: ჩვენ დიდი ხანია მივხვდით, რომ იტალიაში ვინც რუსეთის ლანძღვით იყო დაკავებული, მოსკოვის საქმეს აკეთებდაო, მკითხა, ვინ არის რუსეთთან კარგად ბებერ ევროპაშიო. ვუთხარი, წაგებული ვარ და თავად უპასუხეთ-მეთქი. თქვა: ყველაზე კარგად რუსეთთან ვართ იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი და გერმანია. ოთხივეს გერმანიასთან წაგებული გვაქვს ომი. თქვენ გვასწავლით, რუსეთი ვინ არისო? ამ კაცმა ამ სიტყვებით დიდი გაკვეთილი მომცა. ამის მერე პოლიტიკოსების მხრიდან რუსეთის ლანძღვას სერიოზულად ვაპირები. ქართველ ხალხს თქვენი გაზეთის საშუალებით ვეუბნები: ყველაზე მეტად გეშინოდეს იმის, ვინც რუსეთს ლანძღავს. ისინი რუსეთის საქმეს აკეთებენ! დღეს ყველა სტრატეგიული ობიექტი ეკუთვნის რუსეთს. ეს ობიექტები მათ ხელისუფლებამ გადასცა. ამის შემდეგ ამ ხელისუფლებას კიდევ ენა უბრუნდება და ვინმეს რუსეთის აგენტს უწოდებს. მართლა როგორ დაბნელებულა საქართველოში. როგორ გარყვნეს ადამიანები ასე, ვიღაცას სჯერა, რომ ისინი არიან რუსეთის წინააღმდეგი. რეზო ესაძე, გია ბურჯანაძე, გოგო ქავთარაძე, ნონა გაფრინდაშვილი, ლუკა კურტანიძე თურმე რუსეთის აგენტები არიან. აგენტები თქვენკენ მოიკითხეთ, ბატონებო. ჯერ იმას რა ვუთხრა, ვინც ვინმეს აგენტია. კაგებეს აგენტობა ტრაგედიაა. კაგებეთი დაიწყო სააკაშვილმა თავისი მოღვაწეობა. მერე რა ვუთხრა იმათ, ვინც სოროსისა და ამერიკის სპეცსამსახურების აგენტი იყო. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, ვინც მერაბიშვილისა და სააკაშვილის აგენტია. ამათ აგენტობას ისევ რომელიმე ქვეყნის აგენტობა სჯობია.
- ვითომ სჯობია?
- ეს ისე ვთქვი. მიმაჩნია, რომ ყველანაირი აგენტობა სიბინძურეა. მადლობა ღმერთს, რომ მე ამ ყველაფრისგან თავისუფალი ვარ. ამით ნამდვილად განვსხვავდები სააკაშვილისაგან. რომლის წინაპრები კაგებეში იყვნენ. 1937 წელს უამრავი ადამიანი დახვრიტეს, ჩვენი პრეზიდენტის დიდი ბაბუის წინსვლა კი იმ წლებში დაიწყო. უფროსი მიხეილ სააკაშვილი მიდიოდა და მიდიოდა წინ. მას სტალინი უჭერდა მხარს. სტალინის სიკვდილის შემდეგ პოზიციები შეერყა.
- ეს დადასტურებული ინფორმაციაა?
- რა თქმა უნდა. გადაშალეთ დიდი საბჭოთა ენციკლოპედია. იქ ყველაფერი წერია. მე ბევრი რამე ვიცი. ამიტომაც არ მიშვებენ არც ერთ ტელევიზიაში.
- თუ ასეთი რამეების თქმას აპირებთ, მართლა არ ყოფილხართ მისაშვები...
- მე მხოლოდ სიმართლეს ვამბობ. სიმართლე კი ბევრს აშინებს. ამიტომ არის დახურული ჩემთვის ყველა ტელევიზიის კარი. სამაგიეროდ, ვინც აწყობთ, ისინი გამოჰყავთ. ზევით რვიანზე მწარედ ვთქვი რაღაცები. მაგრამ ისინი მე არასდროს გამილანძღავს. მე არ მითქვამს, რომ მოლაპარაკება დაუშვებელია, ვამბობ, რომ ყველას თავისი გზა აქვს. აირჩია რვიანმა ეს გზა? ამ გზით გაუმარჯოთ. მე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ არჩეულ გზას პატივს ვცემ, თუმცა, რვიანში ზოგიერთი ისეთია, ვინც თავიდან ბოლომდე ხელისუფლებისაა.
- რომელი ძალაა თავიდან ბოლომდე ხელისუფლების?
- ქრისტიან-დემოკრატები. ყველას არ ვეხები. მათ ხელმძღვანელობაზე ყველამ ყველაფერი კარგად იცის. ერთმა პიროვნებამ კარგად მითხრა. რუსეთს აღარავისი ნდობა აღარ აქვს საქართველოში.
- რატომ აღარ აქვთ რუსებს ქართველი პოლიტიკოსების ნდობა?
- სააკაშვილიც რუსეთით მოვიდა და რუსეთის ლანძღვა დაიწყო. ხელისუფლებაში კიდევ ბევრია ასეთი, რომელიც რუსეთმა მოიყვანა. ახლა ეს ადამიანები რუსეთს ლანძღავენ. 6 წლის წინ ავსტრიაში ვიყავი კონფერენციაზე. იქ ერთმა რუსმა მითხრა, 15 აგვისტოს თბილისში, პარლამენტის წინ მიტინგი ტარდება და სიტყვით ხომ არ გამოხვალო. მე გამიკვირდა, ვკითხე, შენ საიდან იცი, რა ტარდება თბილისში-მეთქი. თავიდან არაფერი მითხრა, მერე მომიყვა, რომ კაცი, რომელიც მიტინგს უკეთებდა ორგანიზებას, რუსეთთან იყო კავშირში.
- ვინ არის ეს ადამიანი?
- ვინაობას არ დაგისახელებთ, გეტყვით იმას, რომ ის დღეს პარლამენტში ზის და ოპოზიციას წარმოადგენს. ეს რუსეთი სიბინძურითაა სავსე, იმიტომ რომ ამ ხალხს არ ამხელს. ვეუბნები, ამხილე ის, ვინც თქვენთან თანამშრომლობდა-მეთქი. ცუდია, როცა ქართველი პოლიტიკოსები რომელიმე ქვეყანასთან ნდობას დაკარგავენ. ზოგი რუსეთთან ჩუმი მოლაპარაკებითა და ხმამაღალი ლანძღვით მოხვდა პარლამენტში. ახლა რუსეთის წინააღმდეგ გამოდის ვითომ. პოლიტიკოსების დიდი ნაწილი სულ გარიგებაში შედის, იქნება ეს რუსეთი თუ ჩვენი ხელისუფლება. ოპოზიციის ნაწილი სააკაშვილთან გარიგებაშია შესული.
- არის ვარაუდი, რომ სახალხო კრებაც გაურიგდება ხელისუფლებას...
- არ ვიცი, ვინ გამოთქვამს ამ ვარაუდს. მე ერთი რამე ვიცი, რომ არ გავურიგდებით ხელდისუფლებას. ჩვენ ქვეყანასა და ერთმანეთს არ ვუღალატებთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი პარტია ვართ. მე ხშირად მეკითხებიან, თქვენ და ბურჯანაძე ერთად როგორ ხართო.
- თქვენ ადრე პარლამენტის ყოფილ სპიკერს აკრიტიკებდით. ამდენად, ჩვენთვისაც საინტერესოა, როგორ დგახართ ბურჯანაძის გვერდით?
- მე კი გეუბნებით, რომ ჩემი პოზიცია არ შემიცვლია. მე ვამბობ, რომ კრება არ არის ხელისუფლებაში მოსვლის მექანიზმი. სახალხო კრება არის ხალხის სისხლისმწოველი ხელისუფლების გაშვების მექანიზმი. საქართველოში ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი მექანიზმი არსებობს.
- რა მექანიზმი?
- ეს არის არჩევნები. თუ მე და ბურჯანაძე ერთი პარტიით ვიყრით კენჭს, მაშინ დასვით ეს კითხვა. დღეს ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი და ერთად ვდგავართ.
- ეს ინტერესი ხელისუფლების შეცვლაა, არა?
- 18 მაისს ჩვენ წარმოვადგენთ პროგრამას. მას სახელად ჰქვია საქართველოს მოსახლეობის გენოციდი. ეს მასალები 2 ტომად არის შედგენილი. აქ საშინელი ციფრებია. დღეს პირდაპირ და დაუფარავად ხდება საქართველოს მოსახლეობის გენოციდი. პოლიტიკოსები თუ ხედავენ, რომ გენოციდი ხდება, ხმას რატომ არ იღებენ? რატომ არაფერს აკეთებენ ხელისუფლების შესაცვლელად? მათ, როგორც ჩანს, პარლამენტში ჯდომა ურჩევნიათ. ზოგიერთს სხვა მიზეზები მოაქვს, ამბობენ, ჩვენ შაშიაშვილისა და ბურჯანაძის გვერდით ვერ დავდგებითო.
- ეს არგუმენტი ძალიან ხშირად ისმის.
- მერე, ვინ სთხოვს ჩვენ გვეროდით დადგომას? დღეს გვერდით დგომა სჭირდება საქართველოსა და ხალხს. ასეთ განცხადებებს ის ხალხი აკეთებს, რომელიც თავის დროზე სააკაშვილს გვერდით ედგა. მე 1997 წლიდან ვამბობ, რომ სააკაშვილი გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიშია. 1997 წლიდან ვამბობ, რომ ფაშისტი და ფაშიზმი მოდის. ახლა ამას ამბობს ოქრუაშვილი და რვიანი. სააკაშვილს რომ აძლიერებდით და ღმერთი გეგონათ, დაგავიწყდათ? ახლა ჩემს ნალაპარაკევს რომ იმეორებთ და კიდევ მე მლანძღავთ, ნამუსი აღარ გაქვთ?!









ავტორი:  თეა მარხვაიძე


კალენდარი
ოქტომბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი