მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2011-05-14
რატომ იწყებენ ადვოკატები შიმშილობის აქციას: ხელისუფლება თუ გონს არ მოეგო, ოპოზიციას შევუერთდებით!

17 მაისს ადვოკატები პარლამენტთან შიმშილობის აქციას იწყებენ. ეს იქნება გამაფრთხილებელი აქცია მოთხოვნით, მოგვეცით კანონი და სამართლიანობა. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ადვოკატებზე ზეწოლა და მუქარა უკვე დაიწყო.
- ადვოკატებს უკვე დაურეკეს პროკურატურიდან და უთხრეს, თუ ამ აქციაზე წახვალთ, საპროცესოებს აღარ გაგიკეთებთო, ანუ ადვოკატებზე ზეწოლები წავიდა. ვისაც ვაჟკაცობა ეყოფა, გამოვიდეს, ვისაც არა და, იმ ადვოკატებს შევასხენებ: ამერიკულმა გემმა 2008 წელს ძალიან ბევრი "პამპერსი" ჩამოიტანა. ამ "პამპერსებს" შეშინებულ ადვოკატებს საადვოკატო ბიუროებში დავუგზავნით და წყალსაც მივაყოლებთ, იქნებ დასჭირდეთ. ყველა ადვოკატმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
რა გეგმა აქვთ ადვოკატებს, რა შანსს აძლევენ ისინი პოლიტიკურ რვიანს და რას უნდა ელოდნენ ე.წ. ოპოზიციური პარტიები, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიცია? - ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესთან.
- ბატონო შალვა, რატომ გადაწყვიტეთ ადვოკატებმა პროტესტის უკიდურესი ფორმის - შიმშილობისთვის მიგემართათ? რატომ ამთხვევთ შიმშილობის აქციას იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელსაც სახალხო კრება იწყებს?
- ჩვენ, ადვოკატები, ბუნებრივია, ჩართული ვართ იმ პროცესებში, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარებს და ალბათ ყველაზე მეტადაც. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც გარკვეულწილად ადვოკატთან არ ჰქონდეს ურთიერთობა. დღეს ციხეები გადატენილია ექიმებით, ინჟინრებით, პროფესორებით და ნებისმიერი პროფესიის ადამიანებით. ციხეებში რომ შეხვალთ, იმ კატეგორიის ადამიანებს ნახავთ, შესაძლოა თავი აკადემიაში გეგონოთ. დადის ეს ხალხი წიგნებით, გაზეთებით. ციხის ისტორიას არ ახსოვს, ამდენი ინტელექტუალი ციხეებში იყოს გამოკეტილი. პირველებმა ამ რეჟიმის წინააღმდეგ ხმა სწორედ ადვოკატებმა ამოვიღეთ. სწორედ ადვოკატებმა ვიგრძენით სასამართლო დარბაზებიდან, რა ტიპის მმართველობა მყარდებოდა ქვეყანაში. ეს 7 წელი გაგრძელდა და ჩვენც არ გავჩერებულვართ. ბოლოს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დადო გამაოგნებელი დასკვნა. სტრასბურგის სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება. ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ობსერვატორიამ პირდაპირ მიუთითა, რომ სახელმწიფოში მიმდინარეობს ადვოკატების დევნა-შევიწროება. ყველა ეს ფაქტორი იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში ტოტალიტარული სისტემაა. ამ პრეტენზიების მიუხედავად, რასაც ცივილიზებული მსოფლიო უყენებს საქართველოს ხელისუფლებას, მათ სირაქლემის პოზიცია მიიღეს. ხელისუფლებამ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა იმისათვის, რომ ეს რეკომენდაციები იქნეს გათვალისწინებული. შესაბამისად, იმ ადვოკატებმა, რომლებსაც ღირსება და პროფესიონალიზმი შემოგვრჩა, გადავწყვიტეთ, დავიწყოთ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია. ჩვენ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვაძლევთ შანსს ჩვენი აქციებით, რომ გონს მოეგოს და დაუყოვნებლივ დაიწყოს რეფორმების გატარება ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დასამყარებლად ანუ სამართლებრივ სივრცეში ქვეყნის ცხოვრების გადაყვანისთვის გადადგას ნაბიჯები. თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, მაშინ ადვოკატები ვიქნებით იმ საპროტესტო აქციების წინა რიგებში, იმიტომ რომ ასე ცხოვრება და მუშაობა წარმოუდგენელია. რა მდგომარეობაშიც დღეს სამართალი იმყოფება, ეს არის სიგიჟე. სააკაშვილმა კი 7 წლის განმავლობაში 111 ადვოკატი დააპატიმრა. ეს იმ ფონზე, როცა ოფიციალური სტატისტიკითაც 001%-ია გამამართლებელი განაჩენები. ქვეყანაში იურიდიული აზროვნება ჩამკვდარია.
- ამ ფონზე შესაძლებლად მიგაჩნიათ ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევა?
- შესაძლებელია. თუ ხელისუფლება პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, წინა პლანზე წამოსწევს განათლებულ ადამიანებს და რეალურად გაატარებს სამართლებრივ პოლიტიკას. სააკაშვილმა ბათუმში თქვა, რომ მისი ხელისუფლების ყველაზე დიდი რეფორმა არის პოლიციის რეფორმა. ამას, როგორც წესი, დიქტატორები აკეთებენ. სააკაშვილმა სასამართლო გააუქმა, რადგანაც ქვეყანას მართავს მაკკიაველის პრინციპით - დიქტატორული რეჟიმით. აქ საუბარია უკანონო პატიმრებზე, ადამიანების ქუჩაში ჩაცხრილვაზე, საუბარია ებრაელი ბიზნესმენების უკანონოდ დაპატიმრებაზე. არავის ეგონოს, მხოლოდ იმიტომ ვიღებთ ხმას ებრაელი ბიზნესმენების დაპატიმრებაზე, რომ ებრაელებს პატივს ვცემთ. არა. სამართლებრივად ვიცნობთ ამ საქმეს. ეს ბიზნესმენები უდანაშაულოები არიან. საუბარია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობაზე. საუბარია იგივე გამოუძიებელ საქმეებზე, როგორიც არის ჟვანიას მკვლელობა, სანაიას მკვლელობა და ა.შ. ეს საქმეები ხელახლა უნდა იქნეს გამოძიებული. ავიღოთ იგივე გურამ შარაძის მკვლელობა, რომელიც დღესაც ბურისით არის მოცული. არავინ იცის, სად იხდის სასჯელს შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებული. ეს საქმე გასაიდუმლოებულია. პირდაპირ წერს სახელმწიფო დეპარტამენტი, რომ ქვეყანაში არიან უკანონო პატიმრები, პოლიტპატიმრები. ადგილი აქვს ციხეებში ადამიანების წამებას. უამრავი საქმეა გასაპროტესტებელი და ხელახლა გამოსაძიებელი. სტრასბურგმა დადო გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება და ამის შემდეგ მოსამართლე ჩემია კვლავ მოსამართლეა. მას ამ უკანონო განაჩენისთვის არანაირი დისკომფორტი არ შექმნია. აღარ ვსაუბრობ სხვა იმ საქმეში მონაწილე პირებზე. როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს?! მინდა გითხრათ, რომ ეს აქცია უპრეცედენტოა. მსგავსი აქცია არსად ჩატარებულა.
- სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიან ხელისუფლებას ადვოკატები?
- რა თქმა უნდა. შეიძლება, სააკაშვილისთვის არაფერს წარმოადგენდეს ადვოკატების გამოსვლა და შიმშილობა, მაგრამ მსოფლიოს თვალში ეს არის კატასტროფა, როდესაც ადვოკატები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენი ადგილი სასამართლო დარბაზებშია. რა უნდა ადვოკატს საპროტესტო აქციაზე. მაგრამ, იძულებული ვართ, ჩვენი კლიენტისა და საკუთარი უფლებების დასაცავად ქუჩაში გამოვიდეთ. დღეს ადვოკატებს რჩებათ ერთადერთი გზა - იდგნენ ბარიკადებზე და დაიწყონ ბრძოლა უკვე საპროტესტო აქციებით და არა სამართლებრივი ფორმებით.
- იზიარებს თუ არა აქციის ორგანიზატორთა პოზიციას ადვოკატების უმრავლესობა?
- როგორც კი მერიაში განაცხადი შევიტანეთ და ინფორმაცია გავრცელდა, რომ 17 მაისს, 3 საათზე ვიწყებთ პარლამენტთან შიმშილობის აქციას, იმ მომენტიდან უამრავი ადვოკატი მოდის, გვიკავშირდება. დილის 5 საათამდე მოდიოდნენ ადვოკატები და თანადგომას გამოხატავენ. მაგრამ, არიან ადვოკატები, რომლებსაც მე ადვოკატებს კი არა, პროკურატურის საქვეუწყებო დაწესებულების თანამშრომლებს ვუწოდებ. ისინი, ბუნებრივია, ჩვენ გვერდით არ დადგებიან. მეტსაც გეტყვით: თუ ისინი ჩვენ გვერდით დადგომას გადაწყვეტენ, ამას ავუკრძალავთ. ვფიქრობ, როცა სააკაშვილის რეჟიმი გასამართლდება, ეს ადვოკატებიც უნდა გასამართლდნენ, ისევე, როგორც ბევრი ჟურნალისტი უნდა გასამართლდეს, ბევრი ექიმი და განსაკუთრებით - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები. ესენი ისეთივე თანამონაწილეები არიან დანაშაულებრივი რეჟიმისა, როგორებიც - გირგვლიანის მკვლელები და ა.შ. ასე რომ, მათი თანადგომა ნაკლებად მაინტერესებს, უფრო მეტიც, არც მინდა. ამ აქციისთვის შეურაცხმყოფელი იქნება, ეს ადვოკატები რომ მოვიდნენ და ჩვენ გვერდით დადგნენ. შეურაცხყოფა იქნება იგივე იმ პოლიტპატიმრებისთვის, პატიმრებისთვის. რომლებსაც სურვილი აქვთ, ვგულისმობ მოქალაქეებს, პატიმრების მშობლებს, პენსიონერებს, ვეტერანებს, ყველას შეუძლია შემოგვიერთდეს, იმიტომ რომ ჩვენ თითქმის ყველა პრობლემას შევეხებით პარლამენტის წინ ყოფნის პერიოდში. უფრო მეტიც, ადვოკატები ბევრნი ვიქნებით და სურვილის შემთხვევაში ადგილზე კონსულტაციებს გავუწევთ ხალხს, ანუ ჩვენს პროფესიულ საქმიანობას შიმშილობის დროსაც განვახორციელებთ.
- პატიმრებიც გიერთდებიან შიმშილობის აქციაში?
- რამდენიმე პატიმარმა გამოთქვა სურვილი, რომ მხარს დაუჭერენ შიმშილობის აქციას ციხეებიდან. ჩვენ თავს ვიკავებთ და მოწოდებას არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ციხის ბუნტის შემდეგ ხელები შეაწმინდეს ტარიელ ფოცხვერიასა და ვიღაცებს, ვითომ გარედან იქნა ეს ბუნტი ორგანიზებული. ეს ხალხი ისედაც შიმშილობს. ჩვენ ვიბრძვით ამ ხალხის უფლებების დასაცავად. თუმცა, არა მარტო პატიმრების უფლებების დასაცავად. თუ რომელიმე მოქალაქე ან პატიმარი გადაწყვეტს, ადვოკატების მხარდასაჭერად დაიწყოს შიმშილობა, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა და შეუძლია გააკეთოს. მაგრამ ჩვენ მოწოდებას არ ვაკეთებთ პატიმრების გასაგონად, რომ შემოგვიერთდნენ. როგორც ჩანს, პატიმრებში ინტერესი არის. ციხეში რომ შევედი, დაახლოებით 100-მდე პატიმარი იყო გამოყვანილი. დერეფანი რომ გავიარე, პატიმრები წამოდგნენ და მითხრეს, ჩვენც თქვენ გვერდით ვართ, ჩვენც შიმშილობას ვიწყებთო. რა თქმა უნდა, პატიმრებზე იქნება ზეწოლა, რომ შიმშილობა არ დაიწყონ და ამან ფართო მასშტაბი არ მიიღოს. ვიმეორებ: არანაირ მოწოდებას არ ვაკეთებთ, რომ პატიმრებმა შიმშილობა დაიწყონ, მაგრამ, თუ ვინმე მაინც დაიწყებს, მისი ნებაა.
- გარკვეული ნაბიჯები ხომ არ გადადგა მინისტრმა კალმახელიძემ პატიმრების წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაციები ხომ არ გაქვთ?
- ჯერჯერობით ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება ადვოკატებს, მათ უკვე დაურეკეს პროკურატურიდან და უთხრეს, თუ ამ აქციაზე წახვალთ, ჩვენ საპროცესოებს არ გაგიკეთებთო. მოკლედ, ადვოკატებზე ზეწოლები წავიდა. ბევრმა თქვა, ჩვენ აღარ შევუშინდებით და თქვენ გვერდით დავდგებითო. ვისაც ვაჟკაცობა ეყოფა, გამოვიდეს, ვისაც არა და, იმ ადვოკატებს შევახსენებ: ამერიკულმა გემმა 2008 წელს ძალიან ბევრი პამპერსი ჩამოიტანა. ამ პამპერსებს ამ ადვოკატებს საადვოკატო ბიუროებში დავუგზავნით და მივაყოლებთ კიდევ წყალს, იქნებ დასჭირდეთ. ყველა ადვოკატმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ, ადვოკატების ნაწილი, ვიწყებთ შიმშილობის აქციას საქართველოს ინტერესების დასაცავად. ოღონდ ეს არ არის პოლიტიკური აქცია, ეს არის სამართლებრივი აქცია მოთხოვნით - მოგვეცით კანონი და სამართლიანობა!
- კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხსაც დააყენებთ? მაგალითად, კალმახელიძის, ადეიშვილის და ა.შ.
- ამაზე უკვე აქციის მიმდინარეობის დროს იმსჯელებს საგაფიცვო კომიტეტი და საინიციატივო ჯგუფი. ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. წერილებს ვუგზავნით დიდი რვიანის ხელმძღვანელებს, ამერიკის პრეზიდენტს, კონგრესს, სენატსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, აგრეთვე საელჩოებს იმის შესახებ, რომ, არ არის გამორიცხული, ამათ ადვოკატების აქცია დაარბიონ. იმ მოტივით, რომ 26-ში აღლუმი აქვთ ჩასატარებელი, შეიძლება, აქციის ნება არ დაგვრთონ. არ დაგვრთავენ და ქვაშვეთის ეკლესიის ეზოში დავსხდებით. მით უკეთესი, ჩვენ ვიქნებით ეკლესიის წიაღში. მსოფლიო ამ აქციას უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევს. ამიტომ ხელისუფლებას აქ დიდი შანსები არ აქვს. თუ ვინმეს დააშინებს, დააშინოს.
- თქვენთვის მნიშვნელოვანია აქციის მასშტაბი ანუ რამდენი ადამიანი გამოვა ადვოკატების აქციაზე?
- არა. ჩვენ არ ვაპირებთ იქ მიტინგების ჩატარებას. ეს არის საპროტესტო აქცია. ამით გვინდა, მსოფლიოს კიდევ ერთხელ დავანახვოთ, ქვეყანაში რა მდგომარეობაა და ხელისუფლებას ვუთხრათ, გონს მოეგოს. მამაოებს უნდა ვთხოვოთ, რომ საღამოობით ჯანმრთელობის პარაკლისი გადაიხადონ. რამდენიმე დედაომ გამოთქვა სურვილი, რომ ჩვენ გვერდით იქნებიან და მოშიმშილეებს მოუვლიან. სამედიცინოს სტუდენტებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ჩვენთან ერთად იქნებიან. ეს არის ხუთდღიანი გამაფრთხილებელი აქცია. 5 დღის შემდეგ 21 მაისია და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. თუ ხელისუფლებამ ამ 5 დღის განმავლობაში ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანა, მაშინ ადვოკატები ჩართული ვიქნებით შესაბამის პროცესებში.
- ბატონო შალვა, ხელისუფლება ამბობს, რომ პროცესი, რომელიც 21 მაისს დაიწყება, რუსული სცენარის განხორციელებაა.
- თვითონ ეს ხელისუფლებაა რუსული სცენარი. სააკაშვილი არის რუსეთის უშიშროების აგენტი, ნომრიანი აგენტი. მითხარით, ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი რუსებს რატომ მიჰყიდეს? რატომ დგას რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე. ბილაინში რატომ ჰყავს ჩამოყვანილი რუსები და "რუსთავის 2"-ის მთავარი მრჩევლები რატომ არიან რუსეთის წამყვანი ტელევიზიების მრჩევლები?! აქ ყველაფერი რუსულია. ეს ხელისუფლება არის რუსეთის ძალა. ხელისუფლებას ერთი რამის ეშინია: ხომ არ მოხდა რუსეთში ისეთი რამ, რომ სააკაშვილი გაწირეს და ხომ არ ხდება ახლა სააკაშვილის ვინმეთი ჩანაცვლება.
- როგორ წარმოგიდგენით 21 მაისიდან პოლიტიკური პროცესის განვითარება?
- ხალხი უნდა გახდეს ამ პროცესის გამაერთიანებელი და წინამძღოლი, ანუ ინიციატივა ხალხმა თავის თავზე უნდა აიღოს. რაც შეეხება იმ რვა პარტიას, ჩვენ რა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება არ გვინდა? განსხვავება არის გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებში, რომელიც ეჭვს ბადებს, რომ იმ მოლაპარაკების მაგიდასთან მსხდომი გარკვეული პარტიები ხელისუფლების თამაშს თამაშობენ. ალბათ, ფიქრობენ, რომ თუ 21-ში დაწყებული პროცესი წარუმატებლად დამთავრდა, ის ხალხი, რომელიც აქციებს მხარს უჭერს, მათი მხარდამჭერი გახდება. მაგრამ ამაში ძალიან ცდებიან. ცოტა პოლიტიკურად იაზროვნეთ, ვინც ამას ამბობთ. ეს ხალხი თქვენკენ კი არა, საერთოდ არავისკენ აღარ გადმოვა. თუ ხელისუფლებას ამხელა მასის არ ეშინია და ანგარიშს არ უწევს, იმ პარტიებს რატომ უნდა გაუწიოს ანგარიში, რა, რაიმე ძალას წარმოადგენენ?! ერთადერთი, ეროვნულ ფორუმს შეუძლია 5 000 კაცის გამოყვანა. სხვა პარტიას 500 კაცის გამოყვანა მაინც შეუძლია? მოლაპარაკებებში ისეთი პარტიები მონაწილეობენ იმ 8 პარტიის გარდა, რომელთა სახელიც არ იცის ხალხმა და სააკაშვილი მათ გაუწევს ანგარიშს?! ილოცონ იმ პარტიებმა და დროულად დადგნენ იმ ხალხის გვერდში, რომელიც საპროტესტო აქციებს იწყებს, რათა დროულად მოხდეს ამ რეჟიმის დემონტაჟი.
- რვიანის მტკიცებით, რევოლუცია დღეს სააკაშვილს აწყობს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს და სასურველ პარლამენტს მოიყვანსო.
- მერე, ვინ ეუბნება მაგათ, რომ ვინც საპროტესტო აქციების ჩატარებას აპირებს, ვადამდელ არჩევნებს ითხოვს!
- სააკაშვილმა რომ დანიშნოს?
- მერე რა. რომ დანიშნოს, ვინ თქვა, რომ ჩვენ ვჩერდებით და მივდივართ არჩევნებზე? ნურას უკაცრავად!








ავტორი:  შორენა კოწოწაშვილი


კალენდარი
ოქტომბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი