მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-05-21
"ბათუმის ზოგიერთ ქუჩაზე თურქები მღვდლებს არ ატარებენ": ლალი მოროშკინა გამოძიების ჩატარებას ითხოვს

აჭარის გარშემო არცთუ სახარბიელო ვითარებაა. ოპოზიცია და საზოგადოება ბათუმის გათურქებაზე ჩივის. ხელისუფლება კი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. თუ აკეთებენ, ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მონაჭორია.
ყოფილი დეპუტატი ელიზბარ ჯაველიძე კი ამტკიცებს, რომ ბათუმის გამალებულ თურქიზაციას აქვს ადგილი. ის იხსენებს ასლან აბაშიძის დროსაც. მისი თქმით, აბაშიძე ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ აჭარაში თურქებს ფეხი არ შემოედგათ.
"აქ თუ თურქებმა ფეხი მოიკიდეს, ჩათვალე, რომ მათ აქედან ვერავინ გაყრის, - ამბობდა თურმე აბაშიძე.
მოძრაობა "თეთრების" ლიდერის თემუ შაშიაშვილის მტკიცებით კი ბათუმში 20 ათასზე მეტი თურქი ჩაეწერა. ხელისუფლება ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა იმას ვერ უარყოფს, რომ ქალაქი თურქებით არის სავსე. ბათუმში ხშირად გვხვდება თურქეთის სახელმწიფო დროშები, რომლებიც სხვადასხვა დაწესებულებაზეა გადმოკიდებული.
ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ კი კიდევ უფრო შემაშფოთებელი ინფორმაცია გაავრცელა. მისი მტკიცებით, ბათუმის ზოგიერთ ქუჩაზე თურქები ქართველ მღვდლებს არ ატარებენ.
ჩვენში რელიგიურ თემას დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. აქამდე შეფარვით მიდიოდა იმაზე საუბარი, რომ აჭარაში ისლამური სასწავლებლები ერთმანეთის მიყოლებით იხსნებოდა. ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი აზიზიეს მეჩეთის წყალობით დაიწყო.
მოგეხსენებათ, რომ ხელისუფლება თანახმაა, ბათუმში ეს მეჩეთი აღმართოს. ამას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ამასობაში ცნობილი გახდა, რომ ბათუმის შემოგარენში 10 რელიგიური პანსიონი მოქმედებს, სადაც, სხვა საგნებთან ერთად, ყურანსაც ასწავლიან.
ამ პანსიონებიდან 7 ვაჟთაა, ხოლო 3 - ქალთა. ერთ-ერთი პანსიონი ადლიაშია განთავსებული, სადაც 35, სხვადასხვა ასაკის მოსწავლე სწავლობს და ცხოვრობს. პანსიონის სასწავლო პროგრამაში, ჩვეულებრივ საგნებთან ერთად, რელიგიური, მუსლიმანური თემატიკაც არის. პანსიონში მოქმედებს ჰაფიზობის კურსიც, სადაც მოსწავლეები ყურანს ზეპირად სწავლობენ.
პანსიონი 2006 წელს, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია "მიზანმა"დააფუძნა. სასწავლებელში, ძირითადად, მაღალმთიანი რეგიონებიდან ჩამოსული მოსწავლეები სწავლობენ. პანსიონი უზრუნველყოფს მათ კვებას და ცხოვრების ხარჯებს. როგორც სასწავლებლის ხელმძღვანელები აცხადებენ, პანსიონში სწავლის სურვილი ბევრს აქვს, თუმცა უადგილობის გამო მოსწავლეებს ვერ იღებენ; "მიზანს", ძირითადად, თურქეთის მორწმუნე მუსლიმანები აფინანსებენ.
მუსლიმანურ სასწავლებელში ცხოვრება უფასოა, უფასოა კვებაც. როგორც ამბობენ, შემოწირულობის სახით ფულზე მეტი საკვები პროდუქტი შემოდის, ძირითადად, ხორცი.
ამ ტიპის სასწავლებლების ზედამხედველები, ძირითადად, თურქები არიან, ბათუმში კი ხელმძღვანელებად ქართველი მუსლიმანები მუშაობენ. აქ მოსახვედრად რამდენიმე პირობა არსებობს: შემსვლელი უნდა იყოს მორწმუნე და ისლამის კანონებით უნდა ცხოვრობდეს.
ახლა რაც შეეხება ბათუმში შექმნილ ვითარებას. ლალი მოროშკინა ამტკიცებს, რომ ზოგიერთ უბანში ქართველ მღვდლებს გავლის უფლებას არ აძლევენ. ამაში ჟურნალისტი თურქებზე მეტად საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს. ვითარებაში გარკვევის მიზნით კი მონიტორინგის ჯგუფის შექმნას ითხოვს.
ბათუმში თურქული ექსპანსია გაცხოველებით მიმდინარეობს. არის უბნები, სადაც თურქები მართლმადიდებლებს არ უშვებენ და ჯვრის ტარების უფლებას არ აძლევენ. ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ერთ-ერთ ასეთ ფაქტს ახმაურებს, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ უბანში მოხდა. ამ უბანში ქართველი სასულიერო პირი შესვლას აპირებდა, როცა თურქებმა შეამჩნიეს, არ შეუშვეს და ჯვრის დამალვა მოსთხოვეს.
ლალი მოროშკინა, რომელიც ლექციებს ბათუმის უნივერსიტეტში კითხულობს, თურქული ექსპანსიის შესახებ "პრესაგე.ტვ-სთან" ღიად საუბრობს. მისთვის გასაკვირი არ იქნებოდა, თურქები ტურისტული მიზნით რომ ჩამოსულიყვნენ აჭარაში, მაგრამ ბათუმის თურქიზაცია ჟურნალისტისთვის დაუშვებელია. მისი თქმით, ბათუმში უკვე აღარ ისმის ქართული სიმღერები. სანაცვლოდ კი თურქულ სიმღერებს ხშირად გაიგონებთ. ასეთივე ვითარებაა ბათუმის ყინულის სასახლეში, რომელსაც ქართულის ნაცვლად, თურქული ჰანგები მოეფინება. არადა, ეს ის ყინულის სასახლეა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მიერ ზარ-ზეიმით გაიხსნა და, როგორც სახელმწიფო მეურვეობის ქვეშ არსებულ დაწესებულებაში, იმ ენაზე უნდა ისმოდეს სიმღერები, რომელი ენაც საქართველოში ოფიციალურად ითვლება.
უკვე აღარავის უკვირს, რომ ბათუმის ქუჩებს "ამშვენებს" თურქული, არაბული, ირანული არაფრისმთქმელი სახელები, რაც ადგილობრივებში გაუგებრობას იწვევს. იქაურებმა არ იციან, საიდან მოდის ვინმე ნაჰაინ მუბარაქ ალ ნაჰაიანის, ნურონის, ლაო ჯინ ჯაოს ქუჩების დასახელება. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ჭავჭავაძის ქუჩისთვის სახელის გადაკეთების შემდეგ იქცა ჩინელი აგრონომის სახელის უკვდავსაყოფ ქუჩად. ასევე, ხშირია აჭარაში უცნობი შეიხების სახელების ქუჩის ტოპონიმებად გამოყენება, რომლებმაც თურმე ვარდების რევოლუციის შემდეგ ინვესტიცია ჩადეს საქართველოში.
ლალი მოროშკინას თქმით, ამ დღეებში აჭარიდან თბილისში სპეციალური დელეგაცია ჩამოვიდა. ეს ადამიანები გამწარებულნი არიან, რადგან ბათუმი კარგავს თავის სახეს. იმის მიუხედავად, რომ ლამაზი სახლები დაიდგა და გარემონტდა, რეალურად ეს არის მუსლიმანური ქალაქი. თუმცა აჭარლები ამ ყველაფერზე ღიად არ საუბრობენ, რადგან პატარ-პატარა ბიზნესები აქვთ, რითიც ისინი სეზონურად თავს ირჩენენ და, რა თქმა უნდა, გარკვეულ მიზეზთა გამო ხმას არ იღებენ.
- ჩვენ ვიცით, ეს რა მიზეზებიცაა, მომენტალურად იქ ან სასტუმროს დაუწვავენ, ან რესტორანს აუფეთქებენ, ან არაფრის გულისთვის დაიჭერენ და ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდა საქართველოში; პირადად მე რეალობის შეულამაზებელ გადმოცემას შევეცადე, რითიც გამოვხატე ძალიან ბევრი ბათუმელის და არა მარტო ბათუმელის სატკივარი; ეს ყველაფერი მთლიანად აჭარას ეხება, - აცხადებს მოროშკინა.
მისი აზრით, ბათუმის გათურქება მარტივად შეიძლება დადასტურდეს. ამისთვის ჟურნალისტებისგან მონიტორინგის ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს, რომლებიც ჩავლენ და ნახავენ, რა ხდება დღეს ბათუმში, რა ხდება სანაპირო ზოლზე.
- ჩვენ უნდა განვასხვავოთ ტურიზმი და ის ფაქტი, რომ მოქალაქეობას პანტა-პუნტით ვაძლევთ თურქებს, რომლებმაც სრულიად წალეკეს იქაურობა. აი, ეს არის საშიში პროცესი. თორემ, თურქი რომ ჩამოდიოდეს როგორც ტურისტი, ამაში საშიში არაფერი იქნებოდა. აჭარა დაიყო ზონებად, ბათუმი არის თურქების ხელში, ქობულეთი არის სომხების ხელში. ძალიან ბევრმა სომეხმა იყიდა უკვე მიწა და მოქალაქეობას იღებენ ძალიან მარტივად. ასევე, ძალიან ბევრმა თურქმა იყიდა ტერიტორიები, ქუჩები აქვთ ნაყიდი. ალბათ იცით, რომ თურქი სადაც შემოდის, თავისი ინფრასტრუქტურით მოდის. ეს არის თავისი მაღაზიები, სალონები და, როგორც წესი და აუცილებლობა, - საროსკიპოები. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საროსკიპო გონიოს ციხესთან არის გახსნილი და ამის შესახებ ყველამ იცის. საღამოობით ვინც გაივლის, ნახავს, იქ რაც ხდება. ეს არის მთელი ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა. ქართველი ასე არასდროს იქცევა არც ერთ ქვეყანაში და ამის უფლებას არავინ მოგცემს. ეს თურქების მიერ გახსნილი საროსკიპოებია და მომუშავე პერსონალად ჩვენებიც ურევიან. თურქების მხრიდან ბათუმის გამიზნული ექსპანსია მიმდინარეობს, - აცხადებს ლალი მოროშკინა.
როგორც უკვე ვთქვით, მოროშკინა მიიჩნევს, რომ თურქები აქ არაფერ შუაში არიან და ეს სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის შედეგია. თურქები კი ცდილობენ, მიიღონ ის, რაც ძალიან ადვილად ხელმისაწვდომია მათთვის. მაროშკინასთვის გასაგებია, რომ თურქები ვერ იტყვიან უარს ისეთ მშვენიერ მხარეზე, როგორიც აჭარაა.
- რეალურად დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ყოველკვირეული შეხება მაქვს იქაურ სტუდენტებთან და ძალიან გამწარებულები არიან. გარკვეულ ჯგუფს პრეზიდენტთან შეხვედრაც უნდოდა, რომელიც ხშირად ჩადის ბათუმში, მაგრამ ამის საშუალება არ ეძლევათ. ეს არის ტყუილი, რომ პრეზიდენტი სტუდენტებს ხვდება. მას მუდმივად ის ადამიანები ხვდებიან, რომლებიც სპეციალურად არიან შერჩეულები, რომ ვინმეს რამე არ წამოსცდეს... რაზეა საუბარი, როცა მღვდელიც არ გაატარეს ქუჩაზე. რა თქმა უნდა, ანაფორით იყო მღვდელი და ჯვრით, თურქებმა კი მიუთითეს და უთხრეს, რომ, თუ ამ ქუჩაზე გავლა მოუნდება, ყველა ამ ატრიბუტიკის გარეშე შევიდეს. ერთ-ერთი ასეთი ექსტრემისტული ქუჩა გახდა ქუთაისის ქუჩა ძველ ბათუმში და ეს ქუჩა ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია, - მიიჩნევს მოროშკინა.
სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თურქები ჯვართან დაკავშირებით პრეტენზიებს გამოთქვამენ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ხშირად გადაადგილდებიან თურქი მძღოლები. მათ გზის მონაკვეთის გავლა უწევთ, სადაც ჯვრებია აღმართული. ჰოდა, ერთხელაც თურქმა მძღოლებმა მოითხოვეს ეს ჯვრები იქნებ აიღოთო. ხელისუფლებამ გადაწყვიტა მძღოლების მოთხოვნა შეესრულებინა. შეუდგნენ კიდევაც მოვალეობის შესრულებას. და ალბათ, აიღებდნენ კიდევაც ჯვრებს, საქმეში რუის-ურბნისის ეპარქიის წარმომადგენლები რომ არ ჩარეულიყვნენ.
ტურისტიც ძალიან კარგია და ინვესტორიც, თუმცა არ შეიძლება მას ყველაფრის უფლება მისცე. იმედი ვიქონიოთ, რომ ხელისუფლება აჭარაში შექმნილ ვითარებას რეალურად შეაფასებს. გააკეთებს განცხადებებს, თუ რა ხდება სინამდვილეში. რაც მალე იზამენ ამას, მით უკეთესი იქნება.
ამასთან, კარგი იქნება, თუ აგვიხსნიან, რატომ მუშაობს ბათუმის აეროპორტი თურქეთის დროით. კარგი იქნება, თუ გაარკვევენ, რატომ ითვლება თურქული ავიაკომპანიისთვის საქართველოში შესრულებული ავიარეისები შიდარეისებად.
მოკლედ, ბევრი რამ არის გასარკვევი. ხელისუფლება ვალდებულია, ყველაფარზე პასუხი გაგვცეს.








fs22

ავტორი: fs22 თეა მარხვაიძე


კალენდარი
ოქტომბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი