მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-12
ალეკო შალამბერიძე: "დიდგორი სააკაშვილს არ მოუგია, იქ მისვლას რომ გვიკრძალავს!"

fs22 12 აგვისტოს საქართველო დიდგორობას აღნიშნავს. დიდგორი ქართველი კაცისთვის ბევრს ნიშნავს. პოლიტიკოსებს კი ეს დღე ძირითადად არჩევნების წინ ახსენდებათ ხოლმე. არჩევნები წელსაც ტარდება. თანაც ეს არჩევნები გადამწყვეტია. ასე რომ, ახლა პოლიტიკოსებს მართებთ, რაც შეიძლება პატრიოტულები გამოჩნდნენ. ამიტომაც არის, რომ დიდგორი და კრწანისი არჩევნების წინ არავის ავიწყდება.
წლეულს დიდგორი მმართველმა გუნდმაც გაიხსენა. დიდგორობის დღესასწაულს საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო. დიდგორის ველზე მისვლა ოპოზიციამაც მოინდომა. მეოცნებეები და "თავისუფალი საქართველოს" წევრები პარტიული დროშებით აღიჭურვნენ და დიდგორისკენ გაემართნენ. იმ დროს იქ საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა. ასეთ ვითარებაში კი იქ ოპოზიციის შეშვება მიზანშეწონილი არ იყო.
რა პრობლემები შეექმნა ოპოზიციას დიდგორის ველზე, რატომ არ ჰქონდა პოლიციას მათი გაჩერების უფლება და რატომ ეპატრონება სააკაშვილი სახალხო დღესასწაულებს, ამის შესახებ "ახალ თაობას" პარტია "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო შალამბერიძე ესაუბრება.

ალეკო შალამბერიძე:
- დიდგორი საქართველოს მიერ მოპოვებული უდიდესი მნიშვნელობის მქონე გამარჯვებაა, დიდგორობა კი საყოველთაო სახალხო დღესასწაულია. ამ დღეს ყველა აღნიშნავს. ამ ყველაში შევდივართ პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრებიც. ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და ვამაყობთ იმ გამარჯვებებით, რომლებიც საქართველომ მოიპოვა თავისი ისტორიის მანძილზე. დიდგორობაზე დასწრება პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ და თეთრიწყაროს ორგანიზაციამ გადაწყვიტეს. ჩვენც დავეთანხმეთ. ასე წავიდნენ დიდგორობაზე დასასწრებად.
- არ გიფიქრიათ, რომ ამას შეიძლებოდა, გართულებები მოჰყოლოდა?
- რა გართულებები? პარტიამ, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან, გადაწყვიტა, სახალხო დღესასწაული ეზეიმა. ხაზს ვუსვამ - სახალხო დღესასწაული. ეს ნაციონალების დღესასწაული რომ ყოფილიყო, ნამდვილად არ წავიდოდით. რამდენადაც ვიცით, დიდგორი დავით აღმაშენებელმა მოიგო და არა სააკაშვილმა. სააკაშვილის მოგებულის აღსანიშნავად შეუძლიათ, არ დაგვიშვან. ამათ კი დიდგორის მითვისებაც მოუნდათ. ჩვენებს გზა ნაცების პოლიციამ გადაუღობა. ისინი ჩვენს მომხრეებს დიდგორის ველზე არ უშვებდნენ. ესეც არ იკმარეს და ჩვენი მომხრეები მიკროავტობუსებიდან ჩამოსხეს, მიკროავტობუსები კი წაიყვანეს.
- რის საფუძველზე წაიყვანეს?
- ამათ საფუძველი და კანონი რაში აინტერესებთ. იქცევიან, როგორც ყაჩაღები. ეს იყო ტერორის მორიგი გამოხატულება. სააკაშვილს უნდა, რომ ყველაფერი ის იყოს, უნდა, რომ მიითვისოს დიდგორი. კი ვიცოდი, რომ თავს დავით აღმაშენებელს ადარებდა, მაგრამ დიდგორიც თავისი მოგებული თუ ეგონა, არ ვიცოდი. არა უშავს, ამ ილუზიებისგან მალე გავათავისუფლებთ. მალე ყველა დაინახავს, სინამდვილეში რა წარმატებებსაც მიაღწია სააკაშვილმა. მაინტერესებს, მისი წასვლის შემდეგ მისი მომხრეები რას აღნიშნავენ.
- რა ბედი ეწიათ თქვენს მომხრეებს, მიაღწიეს თუ არა დიდგორამდე?
- მათ მაინც მოახერხეს შესვლა, მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს. 12 აგვისტოს ინციდენტზე ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მართავს დიქტატორი. სააკაშვილს უნდა, ყველაფერი მას ეკუთვნოდეს. ამაში მას ხელს უწყობენ ამერიკელი სენატორებიც. მხედველობაში სენატორების ნაწილი მყავს. ერთ-ერთი მათაგანი გუშინ საქართველოშიც იმყოფებოდა.
- რიჩარდ ლუგარზე საუბრობთ?
- მაგაზე მოგახსენებთ. სააკაშვილი რომ თავს ევლება, გასაგებია, მაგრამ ოპოზიციას რაღა რჯის, რომ ამ აფერისტ ლუგარს ურბენს გარშემო.
- რატომ არის აფერისტი ლუგარი?
- იმიტომ, რომ აფერისტია. მაგის აფერისტობა ვერაფერს დაგვაკლებდა, ოპოზიციის საქციელი რომ არა. დღეს ძალიან ცუდად იქცევა ოპოზიციაც.
- რატომ იქცევა ოპოზიცია ცუდად? ლუგართან შეხვედრა, თქვენი აზრით, ცუდი საქციელია?
- ცუდი საქციელი ისაა, რომ მათ სააკაშვილის შეცვლა და ჩანაცვლება ამერიკის დახმარებით სურთ. ეს აფერისტი ლუგარიც აქ თავისი მარიონეტების დასახედად ჩამოვიდა. მას მარიონეტები ჰყავს როგორც ოპოზიციაში, ასევე ხელისუფლებაში. ახლა ჩამოსულია საქმის გასარჩევად, მოისმენს ყველას პოზიციას და გაარკვევს, რომელი ძალაა ამერიკისთვის მისაღები. ვაშინგტონს ნაკლებად აინტერესებს, იქნება თუ არა აქ დემოკრატია. მათთვის მთავარია, ხელისუფლების სათავეში ამერიკელისთვის მისაღები ძალა იყოს.
- რა არის იმაში ცუდი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს ძალა, რომელიც ამერიკისთვის იქნება მისაღები?
- ცუდი ის არის, რომ ამერიკა საქართველოს თავისი მიზნებისთვის იყენებს. ჩვენ ისეთი ხელისუფლება უნდა ავირჩიოთ, რომელიც, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობისთვის იქნება მისაღები. პროამერიკული ხელისუფლება პროქართულს არ ნიშნავს. მინდა, ყველამ გაიგოს, რომ ვაშინგტონს სურს, საქართველოზე განახორციელოს თავისი ბოროტი გავლენა, რაც ჩვენს ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს.
- გინდათ თქვათ, რომ ამერიკას საქართველოსთვის ცუდი უნდა?
- ამერიკა, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ფიქრობს. მას საქართველო თავისი ინტერესებისთვის სჭირდება. საქართველო მარტო ამერიკის იმედზე ვერ იქნება. ჩვენ ყველა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, რომ მარტო ამერიკა არაფერს მოგვიტანს. ეს აგვისტოს ომის დროსაც კარგად გამოჩნდა. დროა, ყველა მხარესთან დავიწყოთ მოლაპარაკებები. გვინდა თუ არა, რუსეთთანაც საჭიროა საერთო ენის გამონახვა. ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია.
- მოდით, ისევ დიდგორის ინციდენტს დავუბრუნდეთ. პოლიტიკურ პარტიებს მაინცდამაინც არჩევნების წინ მოგინდათ დიდგორობის აღნიშვნა?
- დიდგორობა სახალხო დღესასწაულია. მას ქართველი ხალხი დიდი ხანია, რაც აღნიშნავს. მე იმაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, რომ ჩვენმა პარტიამ წელს მოინდომა ამ დღის აღნიშვნა. სააკაშვილის მტარვალი გადაწყვეტილება რომ არა, ეს დღე ხმაურის გარეშე ჩაივლიდა, მაგრამ მან მოინდომა ამ დღის დასაკუთრება. ვერ ეღირსება! დიდგორი მაგის მოგებული არ არის. ნაციონალების ჯინაზე იქ მაინც ავედით როგორც ჩვენ, ასევე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები.
- პარტიზანულად შეიპარეთ?
- როცა სააკაშვილი წავიდა, გზა გახსნეს და შევედით. ჩვენ დიდგორზე მისვლა გვინდოდა და არა სააკაშვილის ნახვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნაციონალებს სრული უფლება აქვთ, პარტიულ ფართიზე არ შეგვიშვან, მაგრამ დიდგორობას ვერავინ მიისაკუთრებს. სააკაშვილს ეს ქვეყანა თავისი ჰგონია. მალე ეს ილუზიები გაქრება. არაფერი გამოუვა. ხალხი აუცილებლად გააკეთებს არჩევანს. ქონების დაყადაღებითა და სხვა ხერხებით ხალხს ვეღარ გააჩერებს.
- რადგან დაყადაღებაზე ჩამოვარდა საუბარი, რა ხდება თქვენთან დაკავშირებით? თქვენც დაგაჯარიმეს. ჯარიმის გადაუხდელობის გამო თქვენი ქონების ნაწილი აუქციონზე გაიტანეს გასაყიდად. გაყიდეს თქვენი ქონება? რა ბედი ეწიათ თქვენთან ერთად დაჯარიმებულ პირებს?
- სულ 17 პირი დაგვაჯარიმეს. არც ერთი ჩვენგანი ამ ჯარიმის გადახდას არ ვაპირებთ. ამის შესახებ ღიად გავაკეთეთ განცხადება. მოხდა ჩვენი ქონების დაყადაღება. ქონების ნაწილი გაგვიყიდეს. ზოგს ბინაც გაუყიდეს. მეც წამართვეს ქონების ნაწილი, მაგრამ წუწუნს არ დავიწყებ. სხვებიც ასე იქცევიან. საქართველოში ამ წლებში ქონება ბევრს წაართვეს. ამით ვერავის გააკვირვებ. ამასთან, ამ თემაზე საუბარი მეორე მიზეზითაც არ მსურს - არ მინდა, სააკაშვილს მიზნის მიღწევაში დავეხმარო.
- რა მიზანს გულისხმობთ?
- სააკაშვილს სურს, ხალხმა ყურადღება არჩევნებიდან ასეთ საკითხებზე გადაიტანოს. ახლა ეს გაუმართლებელია. წინ არჩევნებია. ახლა ყველამ არჩევნებზე უნდა ვიფიქროთ. არჩევნების შემდეგ კი წართმეული ქონება ყველას დაუბრუნდება.
- ვინ დააბრუნებს ამ ქონებას?
- ახალი ხელისუფლება. სააკაშვილი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ის თუ დარჩა, ყველას დაგვნაყავს. ჯარიმები და ყადაღა მერე ნახეთ.
- ამბობენ, არჩევნებამდე ბევრს დაუყადაღებენ ქონებასო.
- რა თქმა უნდა, ასე იზამენ. ესენი რომ მიუშვა, ქვეყანას დაადებენ ყადაღას. თუ გვინდა, რომ საქართველო საყადაღო არ გახდეს, არჩევნების გზით ხელისუფლება უნდა შევცვალოთ.
- პარტიის ანგარიშზე ფიზიკურ პირებს რამდენი ათასის შეტანა შეუძლიათ?
- წელიწადში 60 ათასის შეტანა შეუძლიათ.
- პარტიას რამდენის დახარჯვა შეუძლია?
- ეს განსაზღვრული არ არის. განსაზღვრულია მხოლოდ ის თანხა, რისი შეტანაც შეუძლია. იურიდიულ პირებს ამის გაკეთების უფლება არა აქვთ. მე, პირადად, 8 ათასი შევიტანე, მაგრამ ამის გამოც დამაჯარიმეს. სხვებსაც 60 ათას ლარზე ნაკლები ჰქონდათ შეტანილი. თანხის წარმომავლობის დამამტკიცებელი დოკუმენტები ყველამ წარმოვადგინეთ. სასამართლომ ეს მხედველობაში არც კი მიიღო. არჩევნებამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. სააკაშვილი საერთაშორისო დონის აფერისტია. ის ყველა ხერხს გამოიყენებს. მას ხელთ დიდი ძალაუფლება აქვს. მასთან დაპირისპირება მხოლოდ ერთობლივი ძალებით არის შესაძლებელი. ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს. ერთიანი ბლოკი და აგური არაფერში მჭირდება. მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ.








fs22

ავტორი: fs22 თეა მარხვაიძე


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი