ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პოლიტიკური მდივნის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, პარლამენტში შესვლის შემდეგ, რესპუბლიკელები ბიძინა ივანიშვილს ისევე შერაცხავენ გიჟად და მიატოვებენ, როგორც მიხეილ სააკაშვილი მიატოვეს.
როგორც გუშინ პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში პრესკონფერენციაზე ვეფხვაძემ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილის კოალიცია დაიშლება და პირველები მას რესპუბლიკელები გაემიჯნებიან.
"ივანიშვილის ფსიქოტიპაჟიდან გამომდინარე მას ახასიათებს იმ ადამიანების მოშორება, ვისაც ფულს უხდის, რადგან მათგან იმედგაცრუებული რჩება. პარლამენტში შესვლის შემდეგ, კოალიციაში შემავალი პარტიები მოსწრებაზე იქნებიან, რომ ჩამოშორების ინიციატორებად თვითონ გამოჩდნენ. ახლა მათ ივანიშვილი პარლამენტში შესასვლელად სჭირდება, რადგან მათი უმტესობის რეიტინგი ცალკე ნულის ტოლფასია და დამოუკიდებლად იქ ვერ შევლენ",-განაცხადა პრესკონფერენციაზე ლევან ვეფხვაძემ
მისივე თქმით, სწორედ ამ მიზეზით არ შექმნეს პრობლემები კოალიციაში ნინო ბურჯანაძესთან ხელის ჩამორთმევის გამო, განსხვავებით ნოღაიდელის შემთხვევისგან, როდესაც ალიანსში ყოფნისას, ნოღაიდელთან ხელის ჩამორთმევის კატეგორიული წინაღმდეგები იყვნენ და ალიანსში ამის გამო სერიოზული პრობლემები შექმნეს.
"მათთვის, როგორც მკვეთრი პროდასავლური ძალისთვის, ყოველთვის მიუღებელი იყო პრორუსულად მოაზროვნე ფიგურები. სწორედ ამის გამო შექმნეს პრობლემები მაშინ ალიანსში, ახლა კი ივანიშვილისა და ბურჯანაძის ხელის ჩამორთმევაზე რატომღაც სდუმან. არადა, ივანიშვილისა და ბურჯანაძის შეხვედრა აშკარა ხაზგასმა იყო იმისა, რომ ივანიშვილი რუსეთისადმი ლოიალურია.
რუსეთი პოლიტიკოსებს არ ენდობა, ამიტომ ის პრორუსულობის ღიად დაფიქსირებას სთხოვს. სწორედ ამიტომ ჩაიყვანა მაშინ კრემლში ნინო ბურჯანაძე და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ასმენინა. ახლა სხვა სიტუაციაა. ივანიშვილი იქ ვერ ჩავა, სამაგიეროდ ბურჯანაძესთან თანამშრომლობით თავისი პრორუსულობა დაამტკიცა",-განაცხადა ლევან ვეფხვაძემ
მედიანიუსი















































































