კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლის თინა ხიდაშელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელება არ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებით სარგებლობას აპირებს.
ასე უპასუხა ხიდაშელმა "მედიანიუსთან" საუბრისას ქრისტიან-დემოკრატების პოლიტიკური მდივნის ლევან ვეფხვაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელება ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებით სარგებლობას დათანხმდა.
"არ ვიცი, ვეფხვაძემ საიდან გამოიტანა ეს დასკვნა. ფაქტი ერთია: ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე დაიაკვებს და არავითარ შემთხვევაში არ ისარგებლებს იმ საკონსტიტუციო ცვლილებით, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობისა და მაღალი რანგის თანამდებობის დაკავების უფლებას აძლევს. ეს კანონო ანტისახელმწიფოებრივი და არაკონსტიტუციურია. არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას ერთი სასამართლო პროცესი დასჭირდება, მეტი არაფერი. ასე რომ, სამართლებრივი პრობლემა ამაში არაფერია",-განუცხადა "მედიანიუსს" თინა ხიდაშელმა.
მედიანიუსი















































































