მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-23
ირინა სარიშვილი: "სამეგრელოში სააკაშვილი საჩვენებელ რეპეტიციას აუცილებლად ჩაატარებს"

- სააკაშვილი რომ არსად წასვლას არ აპირებს, ამის მისახვედრად მისი გამონათქვამები ნამდვილად არ იყო საჭირო. განსაკუთრებით ეს არ უნდა აღმოჩენილიყო სიურპრიზი პოლიტიკოსებისთვის. რასაც სააკაშვილი აპირებს, იმის დემონსტრაციული განცხადება გაკეთდა ახალაიას დანიშვნით ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელად. რაც ხდება ამ სტრუქტურებში, მგონი, დღეს არავისთვის უცნობი არ არის. ბუნებრივია, სააკაშვილი ყველა შემთხვევაში ემზადება მძლავრი პროვოკაციისა და ძალიან სერიოზული წინააღმდეგობისთვის, - აცხადებს "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში ირინა სარიშვილი.
- თქვენ ფიქრობთ, რომ პროვოკაცია გარდაუვალია?
- თუ სააკაშვილმა მოახერხა და ოპოზიციის ძირითად ნაწილთან გარიგდა, რაც პრობლემა არ არის, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც კი იმდენად, რამდენადაც ხელისუფლებამ შესანიშნავად იცის მოსახლეობის განწყობა და აგრესია მის მიმართ, სააკაშვილი თავის დამზღვევ მექანიზმად მაინც დაიტოვებს პროვოკაციას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების მხრიდან რეპრესიებითა და ძალისმიერი მოქმედებებით უნდა გაგრძელდეს. ერთადერთი, შეიძლება კითხვა გაჩნდეს იმის თაობაზე, თუ როდის გეგმავს ის ამის გაკეთებას, არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ. მე არ გამოვრიცხავ, რომ თუ მძლავრი არა, რაღაცა ფორმის გენერალური რეპეტიცია მაინც შეიძლება სააკაშვილმა არჩევნებამდეც ჩაატაროს და შეიძლება ეს შეეხოს სამეგრელოში ბიძინა ივანიშვილის ვოიაჟებს.
- როგორც ცნობილია, სამეგრელოს აქცია სექტემბერშია დაგეგმილი...
- დიახ, სექტემბერშია და, მე ვფიქრობ, რომ ერთ საჩვენებელ რეპეტიციას აუცილებლად ჩაატარებს სააკაშვილი და ყველაზე ცუდი და სავალალო ამაში არის ის, რომ არ ჩანს არანაირი მზადყოფნა ოპოზიციის მხრიდან, ამ შემთხვევაში ივანიშვილის ოპოზიციაზე მაქვს ლაპარაკი, არჩევნების გარდა, რაიმე სხვა ქმედებებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ამის არანაირი მზადყოფნა არ ჩანს. მე ვთვლი, საფრთხე იმდენად დიდია სამეგრელოში აქციების ჩატარების შემთხვევაში, რომ აუცილებლად ეს უნდა გახდეს მთელი ოპოზიციის მსჯელობის საგანი, რადგან ამ შემთხვევამ შეიძლება ყველაფერი სულ სხვა მიმართულებით წაიყვანოს. მე ვუჭერ თუ არა მხარს ივანიშვილის კოალიციას, ამას მნიშვნელობა არა აქვს, ფაქტია, რომ სააკაშვილის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება მთელი თავისი არსით და არა მხოლოდ სახელებითა და გვარებით დაემშვიდობოს ხელისუფლებას. სამწუხაროდ, ჩემს ამ განწყობას ნამდვილად არ ემთხვევა ის გეგმები, რომელიც აქვს ოპოზიციას. არა მგონია, ვინმე რეალურად იბრძოდეს პირველი ადგილისთვის. ამას რომ თავი დავანებოთ, კარს არის მომდგარი სექტემბრის აქციები. მე ვფიქრობ, ერთადერთი საშუალება, რომლითაც პარალელურ პოლიტიკურ საფრთხეს შევუქმნით ხელისუფლებას, მდგომარეობს შემდგომში - არა აქციების მოხსნა, არამედ იმის გაკეთება, რისი ადამიანური და ფინანსური რესურსებიც ბატონ ბიძინა ივანიშვილს უხვად აქვს.
- რას გულისხმობთ ამაში?
- არავითარ შემთხვევაში სამეგრელოში აქციის ჩატარება და ხალხის გამოყვანა არ შეიძლება, თუ პარალელურად ძალიან მრავალრიცხოვანი და ძალიან კარგად მომზადებული პოლიტიკური აქცია ზუსტად იმავე საათებში არ ჩატარდება თბილისშიც. აუცილებლად უნდა ჩატარდეს სამეგრელოს პარალელური აქცია თბილისშიც. მგონი, არ არის ძნელი მისახვედრი, რატომაც ვამბობ ამას. პერიფერიაში ხელისუფლებას შეიძლება ჰქონდეს იმის იმედი, რომ იქ მოსახლეობაზე სასტიკი ანგარიშსწორება შერჩება და ეს მშვიდად ჩაივლის, ამიტომ მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს წინასწარ იმის საფრთხე, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაარბევენ ან რაიმე ძალისმიერ მეთოდს გამოიყენებენ სამეგრელოში მომიტინგეების მიმართ, თბილისის აქცია მძლავრ საპროტესტო სახეს მიიღებს. ერთადერთი, ამის გაკეთება იმ შემთხვევაში გაუჭირდება ოპოზიციას, თუ აქ იქნებოდა ფინანსური ან ადამიანური რესურსების პრობლემა, რადგან ერთდროულად ორი მრავალრიცხოვანი აქციის ჩატარება არც ისე იოლია. არც ერთი და არც მეორე ბიძინა ივანიშვილისთვის პრობლემა არ არის. ფინანსები მას ზომაზე მეტი აქვს ასეთი პარალელური აქციების ჩასატარებლად. რაც შეეხება ადამიანურ რესურსებს, არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, თუ უდიდესი არა, მისი მხარდამჭერია და აგრესიულად და უარყოფითად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ.
- ფინანსები მისთვის პრობლემა არ არისო, თუმცა ყველაფერი დაყადაღებულია და, როგორც ვიცით, ფინანსური პრობლემებიც აქვს "ოცნებას"...
- ეს ის პრობლემაა, რომლის მოხსნა სხვადასხვა ფორმით ივანიშვილს შეუძლია. ფაქტია, რომ ფული მაინც იხარჯება. რაც შეეხება დაყადაღებას, ჯერ ერთი, მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ აქციაზე ხალხი ფულის გამო მიდის. რა თქმა უნდა, ასე არ არის. აქ საუბარია აქციის ორგანიზების დაფინანსებაზე. არა ერთი აქციის, არამედ ორი პარალელურის და ეს უნდა გაკეთდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც იქნება საფრთხე ხელისუფლების მხრიდან აქციის დარბევისა. თუ ამას ვერ ახერხებენ, მაშინ გაუგებარია, რატომ და რისთვის უნდა გაირისკოს ამდენი ადამიანის კეთილდღეობა და ფიზიკური მდგომარეობაც კი.
- რა ხდება, სააკაშვილმა ციფრებთან ბრძოლაც დაიწყო თუ რატომ შეუცვალა "ოცნებას" საარჩევნო ნომერი?
- ეს ცოტა სასაცილოა. მდგომარეობა იმდენად არის დაძაბული და პოლარიზებული ორ ნაწილად, არა მგონია, იმის გამო, რომ არ იქნება ივანიშვილი 7 ნომერი და იქნება 41, ამას ხალხი ვერ გაარკვევს. ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც ნომრის ეფექტიანობა, პირველი, მეშვიდე, მეცხრე და რაღაცა ასეთი ციფრები განაპირობებდეს მიცემული ხმების რაოდენობას. არ ვიცი, ეს რასთან არის დაკავშირებული, ვერ გეტყვით, შეიძლება მომავალში უფრო გამოჩნდეს.
- თქვენ საუბრებში სულ გამოთქვამდით ეჭვს, რომ ნინო ბურჯანაძე არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყოდა და ასეც მოხდა. ვერ მოხერხდა ივანიშვილთან მოლაპარაკება და მის კოალიციაში გაერთიანება, თუმცა, ამის მიუხედავად, ბურჯანაძე მაინც ხვდება ბიძინა ივანიშვილს და ცდილობს, კარგი განწყობა შეინარჩუნოს მასთან.
- მე, საერთოდ, ბევრჯერ გამიკეთებია კომენტარი ბურჯანაძის მოქმედებებზე. ვფიქრობ, ასეთი გონივრული გადაწყვეტილება მას კარგა ხანია არ მიუღია. მან მიიღო ამ შემთხვევაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ერთი მხრივ, არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას და, მეორე მხრივ, არ ფიქსირდება ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგედ. ახლა ივანიშვილის მოწინააღმდეგედ დაფიქსირება ნამდვილად არავის არაფერს მისცემს და ძალიან გაუგებარი იქნება მოსახლეობისთვის. მან ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. რამდენად წაადგება ეს თვითონ ბურჯანაძის პოლიტიკურ კარიერას, სხვა საქმეა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეცდომაა მანამდე დაშვებული, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მისი მხრიდან. მე არა მგონია, მათ შორის სხვა რაიმე სახის მოლაპარაკებას ჰქონდეს ადგილი, იმიტომ რომ ნიშანწყალიც კი არ ჩანს იმის, რომ არჩევნების გარდა ივანიშვილის კოალიცია რაიმე სხვას გეგმავდეს, თუნდაც მძლავრი მშვიდობიანი პოლიტიკური პროტესტის გამოხატვას.
- აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ კოალიციის შიგნით პარტიებს შორის სერიოზული დაპირისპირებაა. ივანიშვილმა გაკვრით აღნიშნა, რომ ეს პარტიების თვითდამკვიდრებასთან დაკავშირებული პატარა პრობლემებია, რომლებიც მოგვარდება. როგორ ფიქრობთ, რეალურად რა ხდება შიგნით?
- ივანიშვილმა, ეტყობა, არ იცის ან არ უმხელენ მას. საერთოდ ეს არის ტრაგედია, არჩევნების წინ ყოველთვის ძალიან დრამატული ხდება მდგომარეობა იქ სადაც არის არაერთი პარტია და ეს ყველაფერი უკავშირდება საარჩევნო სიას, გამსვლელ ადგილებს და ასე შემდეგ. ეს არ არის ის, რაც ჰგონია ივანიშვილს. ეს არ არის პარტიების თავის დამკვიდრებისთვის ბრძოლა. ეს ამისთვის არ ხდება. ეს ხდება იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი გამსვლელი ადგილი მიიღოს პარტიამ არჩევნებში. რა თქმა უნდა, აქ უპირატესობა ექნება თვითონ "ოცნებას", იმიტომ რომ ის უკავშირდება პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის სახელს. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, ძალიან კატეგორიულ პოზიციას დაიჭერენ რესპუბლიკელები, რომ შვიდნი თუ არიან, შვიდივე შევიდეს და ასე შემდეგ. ამის მოვლას როგორ აპირებს ივანიშვილი, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ თვითონ მას ამის გამოცდილება არა აქვს. როგორც არ უნდა ჰგავდეს ბიზნესი და პოლიტიკა ერთმანეთს, ამ შემთხვევაში პოლიტიკასთან არც ერთი სხვა პროფესიის მიმსგავსება არ შეიძლება. ეს არის ყველაზე მძიმე პერიოდი არჩევნების წინ. უფრო მეტიც, ერთი პარტიის შემთხვევაშიც ძალიან ხშირად თვითონ პარტიაში ხდება ხოლმე საარჩევნო სიის შედგენა უსიამოვნებისა და კონფლიქტის მიზეზი და, რა თქმა უნდა, ეს არის ყოვლად გარდაუვალი, როცა ლაპარაკია ბლოკზე.
- საუბრობენ იმაზეც, რომ ირაკლი ალასანია ივანიშვილის ფავორიტია, მას პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებს და ეს ფაქტი რესპუბლიკელების გაღიზიანებას იწვევს.
- ამ ინფორმაციას გამოჟონვაც არ სჭირდება, იმიტომ რომ თავიდანვე ასე ჩანდა. რამდენად კარგია ეს კანდიდატურა, სხვა საუბრის თემაა. თავიდან ერთპიროვნულ ლიდერებზე როცა იყო საუბარი, ივანიშვილს სწორედ ალასანიასთან ჰქონდა ასეთი ურთიერთობა. ვფიქრობ, არავის ეგონა, რომ უსუფაშვილი შეიძლება იყოს ან თინა ხიდაშელი ბიძინა ივანიშვილისთვის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატი, მაგრამ ეს კიდევ უფრო სხვა თემაა. რამდენად მართალია, ვერ გეტყვით, მაგრამ ლოგიკურია. მე საერთოდ ეჭვი მეპარება, რომ კოალიციას ან თვითონ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს იმის განცდა, რომ აუცილებელია ამ ეტაპზევე საპრეზიდენტო კანდიდატურის შეთანხმება. მე ძალიან არ მომეწონა მისი ერთი განცხადება.
- რომელ განცხადებაზე გაქვთ საუბარი?
- ამ ბოლო პერიოდში ისედაც გავრცელდა ხმები, რომ რაღაც გაუგებარ 40%-ზეა საუბარი. ერთ-ერთ თავის განცხადებაში ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა ეს ეჭვები, ანუ მან გააკეთა განცხადება, ამ ხელისუფლებას 40-42%-ც რომ გამოვგლიჯოთ ხელიდან, ესეც დიდი გამარჯვება იქნებაო. მგონი, ყველაზე გაუგებარი ბევრისთვის და გასაგები ცოტა დაეჭვებულებისთვის იყო ეს განცხადება. რას ნიშნავს 40 და 42%-სთვის ბრძოლა? 40 და 42 კი არა, 49%-ის შემთხვევაშიც კი ეს არ არის უკვე საკონტროლო პაკეტი, ბიზნესის ენით რომ ვილაპარაკოთ და ეს შეუძლებელია არ იცოდეს ივანიშვილმა. 49%-ის შემთხვევაშიც კი ნაციონალების გეგმა, რომ ისინი შენარჩუნდნენ ხელისუფლებაში და შესაძლებლობის მიცემის შემთხვევაში დააბრუნონ სააკაშვილი რუსული მოდელით ან სახეცვლილი რუსული მოდელით, ვფიქრობ, ყველასთვის ცხადია. ამიტომ ეს სრულიად გამაოგნებელი განცხადებაა.
- ივანიშვილმა თავად თქვა, ყველაზე ცუდ შედეგს 40%-ს ველიო.
- ამის მოლოდინიც კი არ უნდა ჰქონდეთ და ამ თემაზე არც კი უნდა ფიქრობდნენ. ეს აბსოლუტურად გაუგებარია. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი იმისა, რომ ივანიშვილმა უბრალოდ წინასწარ გარკვეული ინფორმაცია გასცა. ისეთი ინფორმაცია, რომელსაც ნაკლებად მიექცა ყურადღება, სამწუხაროდ, აჟიტირებული ხალხის მხრიდან და შემდეგ, როცა შეიძლება საყვედურის დრო დადგეს, ივანიშვილს, უხეშად რომ ვთქვათ, ხელში აქვს საბუთი, რომლითაც ის ადასტურებს, რომ არაფერი დაუმალავს მოსახლეობისთვის და ეს 40-42% თავისი პირით თქვა.
- სავარაუდოდ, ასეთ შედეგს უნდა ველოდეთ?
- არა. მე ვფიქრობ, რომ ნაციონალები ამ 40%-საც არ გაიმეტებენ, 30-35%-ში ჩაატევენ "ქართულ ოცნებას" და აუცილებლად "ქრისტიან-დემოკრატებს". სხვა ძალის პროცენტულ გადალახვაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
- კუკავას გაერთიანებას აქვს შანსებიო და...
- ეჭვი მეპარება. თვლა ხომ ვიცით. თუ ათი მილიარდი ვართ და არ ვიცით, ეს სხვა საქმეა და ამ შემთხვევაში კუკავა კი არა, შეიძლება სხვაც შევიდეს. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად გულუბრყვილობაა ამის იმედზე ყოფნა და ამაზე უფრო მეტი გულუბრყვილობაა, როცა მაჟორიტარებზე მიდის დაკა-დაკა და ომი. რეალურად ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს, რომ არც ერთ მაჟორიტარულ ოლქში, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ მაჟორიტარულ არჩევნებს ბევრად იოლად აყალბებენ ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელისუფლებას შეთანხმებული კანდიდატი არ ჰყავს. ამიტომ, მაჟორიტარულ არჩევნებს რაც შეეხება, თუ იქ ვინმეს იმის იმედი აქვს, რომ თავისით, ხელისუფლებასთან გარიგების გარეშე ერთ კაცს მაინც გააძვრენს, ძალიან გულუბრყვილო ყოფილა.
- ასე ვთქვათ, დამაიმედებელი პროგნოზები არ გაქვთ.
- დამაიმედებელი პროგნოზი როგორ უნდა გავაკეთო? შეიძლება, სადღაც არსებობს ისეთი ძლიერი ძალა, რომელიც ამ ღალატსა და გაყალბებას რომ დაინახავს, გამოვა ქუჩაში და აქციების გზით დაუწყებს ბრძოლას ამ ხელისუფლებას. მე, სამწუხაროდ, ვერანაირ მზადყოფნას ვერ ვხედავ ვინმესგან, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში რამის გაკეთებას აპირებდეს. ვუბრუნდები ძველ განცხადებას, რომ თურმე, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, შეიძლება 40% მივიღოთო და ესეც დიდი წარმატება ყოფილა, უკვე აპრიორი ნიშნავს იმას, რომ არანაირად გაპროტესტებას ოპოზიცია არ აპირებს იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებს ვერ მოიგებს და მოგებას ჰქვია 50-ს+1. ეს ბიზნესმენმაც უნდა იცოდეს და ნებისმიერი პროფესიის ადამიანმაც. წაგების შემთხვევაში მე საპროტესტოდ განწყობილ გუნდს ვერ ვხედავ და, აქედან გამომდინარე, ვერც დამაიმედებელ პროგნოზს გავაკეთებ.










ავტორი:  ნონა ცაბაძე


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი