"ქართული ოცნების" წარმომადგენელს, ცნობილ ფეხბურთელს კახა კალაძეს სასმართლოს მიერ დაკისრებული 17 მილიონი ლარი ჯარიმის გადახდის ვადა დღეს ამოეწურა.
როგორც "მედიანიუსს" აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, კახი კალაძის ქონება უკვე დაყადაღებულია და რადგან მან სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში დაკისრებული ჯარიმა არ გადაიხადა, აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება ენიჭება, იძულებითი სააღსრულებო პროცესი განახორციელოს.
მათივე ცნობით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის იძულებითი სააღსრულებო პროცესი რა ფორმით განხორციელდება, კალაძის ქონების აუქციონზე გატანით თუ სხვა გზით.
ცნობისთვის: კახი კალაძის დაჯარიმების მიზეზი მის მიერ საკუთარი ანგარიშიდან გამოტანილი რამდენიმე მილიონი გახდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კალაძეს აღნიშნული თანხის ხარჯვის მიზნობრიობის დასაბუთება მოსთხოვა, შემდეგ კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა, რის საფუძველზეც სასამართლომ კახი კალაძე 17 მილიონი ლარით დააჯარიმა
იგივე მოტივით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნით, "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს კიდევ 21 მილიონი ლარის გადახდა დააკისრეს.
ივანიშვილს ჯარიმის გადახდის ვადა დღეს 24:00 საათზე ეწურება.
მედიანიუსი















































































