მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-20
ეკა ბესელია: "გაიგეთ, რომ ამერიკა საქართველოს ეხმარება და არა სააკაშვილს!"

კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი ეკა ბესელია ფიქრობს, რომ სააკაშვილს უფლება აღარ აქვს, იყოს ქვეყნის პირველი პირი იმის გამო, რომ ის ქვეყნის მოსახლეობას ძალაუფლების შესანარჩუნებლად ასე აპირისპირებს.
ბესელია ფოთში კუდის გააქტიურებაზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია სასურველ შედეგს ვერ გაიფორმებს. ივანიშვილის თანაგუნდელი ფოთში სერიოზული ბრძოლისთვის ემზადება.
- მე მაქვს ზუსტი ინფორმაცია იმ ადამიანებისა, რომლებიც იმყოფებოდნენ ნაციონალების სათავო ოფისში და პეტრე ცისკარიშვილი და ზურაბ მელიქიშვილი ელაპარაკებიან, ვინ რამდენი თანხა შეიძლება შესწიროს ნაციონალურ მოძრაობას. ამ ბიზნესმენების სიებს ადგენენ და ამ სიებით ადამიანებს აიძულებენ, თანხა გადარიცხონ ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე, - აცხადებს ეკა ბესელია. მისი თქმით, ქართველ ხალხს ახლა შანსი აქვს, შეცვალოს ხელისუფლება და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.
გთავაზობთ ინტერვიუს კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერ ეკა ბესელიასთან.

- ქალბატონო ეკა, სამეგრელოს რეგიონი ყველაზე მძიმე პოლიტიკური ბრძოლის არენად ითვლება ოპოზიციისთვის. მოხდა თუ არა ამ დროისთვის გარდატეხა ამ რეგიონში და რას ელით ამ არჩევნებზე ახალაიების სამფლობელოში?
- სამეგრელო, რა თქმა უნდა, რჩება ერთ-ერთ ძალიან რთულ და მნიშვნელოვან რეგიონად. ბუნებრივია, ხელისუფლება გაათმაგებულად ეცდება, სამეგრელოში მაქსიმალური მობილიზება გაუკეთოს საკუთარ შესაძლებლობებს და მიიღოს იმაზე მეტი ხმა, ვიდრე მხარდამჭერი ჰყავს. სამეგრელოში იმიტომ კი არ არის რთული ვითარება, რომ აქ მოსახლეობა მხარს სააკაშვილს უჭერს, უბრალოდ, სამეგრელოში გაცილებით დიდია ზეწოლა, შანტაჟისა და მუქარის შესაძლებლობები, იმიტომ რომ დაუცველია, ცენტრისგან მოშორებულია, ყურადღებას უფრო მეტად მოკლებულია, ინფორმაციის მეტი ნაკლებობაა, კონფლიქტურ ზონასთან ახლოს არის, აფხაზეთს ვგულისხმობ, გაცილებით მძლავრია აქ რეპრესიული მანქანა და ახალაიების ოჯახის გაძლიერებამ იმ სახელისუფლებო თანამდებობრივი ბერკეტების მიცემით მიხეილ სააკაშვილისგან მათი ზეწოლა გააძლიერა მთლიანად რეგიონზე. ორ კვირაზე მეტია, ფოთში ვიმყოფები, აქ ცოტა განსხვავებული ვითარებაა.
- ახალაიების გავლენა ფოთშიც აშკარად იგრძნობა?
- ის, რომ როლანდ ახალაიას გარეშე ფოთში ვერავინ ინიშნება ნებისმიერ თანამდებობაზე, ეს ნიშნავს, რომ ახალაიების გავლენა დიდია. მაგრამ ფოთი ქალაქია და მოსახლეობა უფრო მეტად ახერხებს წინააღმდეგობის გაწევას, უფრო გამოხატავს თავის მოსაზრებას ღიად, ვიდრე ეს ხდება ზუგდიდში ან სენაკში. ამიტომ ფოთი უფრო განსხვავებულია სამეგრელოში. კოალიციისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რომ არის სამეგრელო, ამიტომ მიიღო ბატონმა ბიძინამ ეს გადაწყვეტილება, რომ მე ამ რეგიონს მივეხმარო. ამიტომ არის ირაკლი ალასანია ზუგდიდში, რომელიც რამდენიმე თვეა უკვე ადგილზე მუშაობს. როდესაც პრობლემებს ადგილზე ეცნობი, კარგად ჩანს, რა მდგომარეობაშია საზოგადოება და რამდენად შეზღუდულია ყველა კონსტიტუციური უფლება. ადამიანს ვერ ნახავთ, ვისაც რეპრესია არ შეეხო. საერთოდ, დღეს ყველა რეგიონს უჭირს, მაგრამ განსაკუთრებით სწორება სწორედ სამეგრელოზეა.
- ხელისუფლებას გაუჭირდება საპარლამენტო არჩევნებზე სასურველი შედეგის გაფორმება?
- ვფიქრობ, ასეთი ინტენსიური და ახლო ურთიერთობა მოსახლეობასთან შესაძლებელს გახდის, რომ ადამიანებმა დაძლიონ შიში და თავი უფრო დაცულად იგრძნონ. მედიასივრცე ძალიან შეზღუდულია. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი იქნება, დარჩენილ დროში რაც შეიძლება ბევრ ადამიანთან გვქონდეს ახლო კონტაქტი, რაც საშუალებას მოგვცემს, მათ საკუთარ თავში ეს ძალები იპოვონ. რასაც ირაკლი ალასანია აცხადებდა სამეგრელოსთან მიმართებით, რომ მობილიზებული იყო უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, რასაკვირველია, ეს ასე იყო. ეს ყველამ ვიცით. სირაქლემას როლში დგანან. სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებები, სხვადასხვა ჯგუფები, სპეცჯგუფები, ზონდერები ჰყავთ ამ ადამიანებს და ჰყავთ არა მარტო სამეგრელოში. უბრალოდ, სამეგრელოში კიდევ უფრო ხილულად ჩანს. რეგიონში ვითარებას რომ უყურებ, ხვდები, რომ სააკაშვილმა ფეოდალურ ხანაში დააბრუნა საქართველო, ყოველ შემთხვევაში, ცდილობს და ამის ნიშნები ჩანს.
- როგორ შეფასებას მისცემდით პრეზიდენტის მიერ დიდგორობის დღესასწაულზე გაკეთებულ "ქართული ოცნების" ლიდერის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს, რასაც სააკაშვილი რუსულ ოცნებად ნათლავს? რამდენი ლიპარიტიც გამოჩნდება, იმდენი დავითი დაიბადება. ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე ყველაფრის და ნებისმიერი გზით მოიპოვონ გამარჯვება...
- მე არ ვიცი, რა არის რუსული ოცნება. რუსებს რა ოცნებაც ჰქონდათ საქართველოსთან მიმართებით, ეს ოცნება სააკაშვილმა აუსრულა, დაწყებული ტერიტორიების დათმობით, დამთავრებული იმ მთავარი სტრატეგიული ობიექტების გადაცემით, ყველა იმ ენერგორესურსით და ა.შ., რომელიც აქვს რუსეთს ხელში. ვინ აკონტროლებს დღეს საქართველოს ეკონომიკას? - რუსეთი. სააკაშვილი თავისი მოღვაწეობით რუსულ ინტერესებს ემსახურება და მხოლოდ დასავლური ფასეულობების შენიღბვით უნდა, გაასაღოს თავი, როგორც დემოკრატმა ლიდერმა. რაც შეეხება ლიპარიტებს, ლიპარიტები თვითონ ჰყავს. ფაქტებით ვილაპარაკოთ. როცა სააკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი რუსული პროექტია, დადონ ფაქტი. სააკაშვილს ერთადერთი მითი დარჩა ივანიშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად - ილაპარაკოს იმაზე, რომ ეს არის რუსული პროექტი. ამით უნდა ხალხი დააფრთხოს, მაგრამ ამის აღარავის სჯერა.
- ამ დიდგორობის პიარით და ხალხის არშეშვებით დიდგორის ბრძოლა მოუგო ოპოზიციას?
- ეს არის სამარცხვინო პოზიცია პრეზიდენტის და თუნდაც მეორე დიდგორის სამარცხვინო წაგება მხედართმთავრის მხრიდან. ვინც ასეთ იაფფასიან და უთავმოყვარეო მეთოდებს იყენებს, ის უკვე დამარცხებულია.
- ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ივანიშვილის ფლანგი კანონდარღვევით მოქმედებს და ამომრჩევლის მოსყიდვაზეა ორიენტირებული. ეს გათვლა ნაცელისტისთვის შედეგიანია?
- ეს არის სააკაშვილის უკანასკნელი გაბრძოლება. ფაქტია, აღარც საერთაშორისო საზოგადოების მეთვალყურეობა ადარდებს და არც მათ რეკომენდაციებს ითვალისწინებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილს არ აქვს სხვა რესურსი. ის ვერ აჩერებს ტალღას, რომელიც აზვირთებულია და მოჰყვება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესს. დამერწმუნეთ, ეს ტალღა წალეკავს მოწინააღმდეგეს. რა მეთოდებსაც სააკაშვილი იყენებს ივანიშვილის მიმართ, ეს მეთოდები მის წასვლას უფრო აჩქარებს. სხვაგვარად, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, უკანონობამ გადაგარჩინოს.
- ივანიშვილისთვის წართმეული მილიონებით ხელისუფლება თავის საარჩევნო კამპანიას აფინანსებს?
- ერთია, რომ იმ 80 მლნ-ს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კახეთის დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გადარიცხა, ხელისუფლება დაზარალებულებს არ მოახმარს. რა თქმა უნდა, სააკაშვილი ამას საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ ვითარებას, როცა ჩვენ კამპანიას პრაქტიკულად ვერ ვატარებთ. ერთადერთი საშუალება, რაც დაგვრჩა, ეს არის მოსახლეობასთან პირადად მისვლა. ყველანაირად ხელი გვეშლება საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად. ვხედავთ, როგორი თავაშვებულია ხელისუფლება. სათავო ოფისთან, აეროპორტის გზაზე, დგას რიგები, სადაც ბიზნესმენები დაბარებული არიან, რომ პარტიას სოლიდური თანხები შესწირონ. მე მაქვს ზუსტი ინფორმაცია იმ ადამიანებისა, რომლებიც იმყოფებოდნენ ნაციონალების სათავო ოფისში და პეტრე ცისკარიშვილი და ზურაბ მელიქიშვილი ელაპარაკებიან, ვინ რამდენი თანხა შეიძლება შესწიროს ნაციონალურ მოძრაობას. ამ ბიზნესმენების სიებს ადგენენ და ამ სიებით ადამიანებს აიძულებენ, თანხა გადარიცხონ ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე. ამავე დროს, თვითონაც აძლევენ რამდენიმე ასეთ ადამიანს თანხას, რომ ამ გზით საკუთარი ფული შეიტანონ პარტიის ანგარიშზე. მაშინ როდესაც დააჯარიმეს "ქართული ოცნების" ყველა ის შემომწირველი, რომლებსაც რეალურად ჰქონდა შემოსავალი, მაგალითად, "ქართუ ბანკის" თანამშრომლებს, რომლებიც მხარს უჭერენ "ქართულ ოცნებას" და აქვთ მაღალი ანაზღაურება, რატომ არ აქვთ უფლება, კოალიციას თანხა შემოსწირონ. ამისთვის ბანკის თანამშრომლები დააჯარიმეს.
- ამერიკის მხრიდან დემოკრატიის განვითარებისთვის საქართველოსთვის 240 მლნ-ის გამოყოფა ბევრმა ხელისუფლების მხარდაჭერად ჩათვალა. ზოგიერთი იმაზეც მიანიშნებს, რომ ივანიშვილი მეორე ადგილისთვის იბრძვის.
- არა. ეს გრანტი სააკაშვილის მხარდაჭერას ნამდვილად არ ნიშნავს. ამერიკა საქართველოს ეხმარება და არა მიხეილ სააკაშვილს, რომელზეც დეპარტამენტმა თავის ანგარიშში შარშან დაწერა, რომ ქვეყანაში ელიტური კორუფციაა; მოუწოდა ხელისუფლებას, ეს ფაქტები გამოიძიოს და მიხედოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. შეიძლება, სააკაშვილს ძლიერი ლობისტური კომპანიები ჰყავს ამერიკაში, რაშიც ჩვენი ხალხის ფული იხარჯება, მაგრამ, გარწმუნებთ, სააკაშვილს პერსონალურად 2008 წლის ომის შემდეგ აღარ აქვს.
- ახალაიების გააქტიურებას თუ გრძნობთ ადგილზე თქვენ წინააღმდეგ, კოალიციისა და მისი მომხრეების მიმართ?
- ახალაიების გავლენა ძალიან დიდი რეგიონზეა, მაგრამ ვგრძნობ ამ ოჯახისადმი ხალხის აგრესიასაც. შიშის ფაქტორი ხალხში ნამდვილად არის. ბევრი შეხვედრაზე ჩამოსვლას ვერ ბედავს და ფანჯრებიდან იყურება. ზეწოლა ნამდვილად დიდია და ამას აუცილებლად აღმოვფხვრით. ჩვენ კვლევებს ვატარებთ და ვეცნობით მოსახლეობის განწყობას, რაც ძალიან დამაიმედებელია.
- დაბოლოს, როგორც ვიცი, პოლიციის თანამშრომელი ცდილობდა თქვენთვის წითელი 5-ნომრიანი ქუდის დაფარებას. შეგნებულ პროვოკაციაზე მოდიოდა პოლიცია?
- რა თქმა უნდა. ეს იყო შეგნებულად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც "ალისტრახოების" თანხებით უნდა მომხდარიყო. ეს გათვლილი იყო, რომ იქნებ ჩვენი მხრიდან ვინმეს გაეცა პასუხი ამ მამაკაცისთვის. ძალიან მაღალი რისკფაქტორი იყო, მით უფრო, როცა იქ ჩემი ძმა და შვილი იმყოფებოდნენ. პროვოკაცია დროულად ავიცილეთ და ვერც ეს ხუთნომრიანი ქუდი დამახურა.












ავტორი:  შორენა კოწოწაშვილი


კალენდარი
ოქტომბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი