მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-22
სანდრო ბრეგაძე: "ყველამ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფალს, არ გამოიყენოს ძალა!"

ინტერვიუ ეროვნულების ერთ-ერთ ლიდერ სანდრო ბრეგაძესთან

- ბატონო სანდრო, ოპოზიციაზე ანგარიშსწორება და ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა ხელისუფლების მხრიდან არ არის ახალი თემა, მაგრამ მაინც სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი?
- იცით, მე ძალიან შემაშფოთა ფრაზამ, რომელიც ბატონმა სააკაშვილმა ბრძანა, როდესაც მან თქვა, რომ ჩემ აშენებულ ქვეყანას თქვენ ვერ დაგიტოვებთო. ეს იყო საკმაოდ მძიმე ფრაზა ჩემთვის. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელმაც მართლაც და ააყვავა თავის ქვეყანა, მაგრამ ამ ადამიანებსაც კი არ მოსვლიათ თავში მსგავსი ფრაზა, რომ ისინი თუ წავიდოდნენ, მათ აშენებულ ქვეყანაში სხვები არ უნდა მოსულიყვნენ. ჩვენთან, სამწუხაროდ, ქვეყანა კი არ აშენდა, არამედ დაინგრა. ჩვენთან შუასაუკუნეობრივი ურთიერთობებია. ჩვენთან არ არსებობს სასამართლო, რაც დემოკრატიულობის მთავარი ნიშანია და კიდევ ათასი სისაძაგლე და სიბინძურე ხდება. მიუხედავად ამისა, ჩვენი ხელისუფალი საუბრობს იმაზე, რომ ის არ აპირებს წასვლას. როდესაც ხელისუფალი ასეთი პრინციპებით ცდილობს, რომ განავითაროს თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა, მაშინ ასეთ ქვეყანაში საკმაოდ ძნელია დამაიმედებელი პროგნოზი გააკეთო. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია სიტუაციის ესკალაცია. მე, როგორც ვხედავ, ხელისუფლება არ აპირებს დემოკრატიულად წასვლას სახლში, ხოლო ოპოზიცია და ხალხი არ აპირებს გამარჯვების დათმობას. როდესაც ასეთი რთული სიტუაცია იქმნება, რა თქმა უნდა, გვაქვს იმის საფრთხე და შესაძლებლობა, რომ იყოს სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირება. რაც არც მე, არც თქვენ და არც ერთ ნორმალურ ქართველს არ უნდა. ჩემი პროგნოზი არის ამ კუთხით საკმაოდ პესიმისტური, მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებაში ძალიან ნაკლებად არიან ადამიანები, რომლებიც ადეკვატურად აფასებენ სიტუაციას. მე მინდა ვთხოვო, მოვუწოდო საქართველოს ხელისუფალს, რომ ისინი მშვიდობიანად წავიდნენ სახლში და ქვეყანას მისცენ დემოკრატიულად განვითარების საშუალება. თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ჩემი ეს თხოვნა ვინმემ გაიზიაროს. საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა აუცილებლად უნდა მოსთხოვონ ხელისუფლებას, რომ მათ არ გამოიყენონ ძალა და ხელისუფლებიდან წავიდნენ ისე, როგორც ეს ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში.
- თქვენ ხედავთ იმის საფრთხეს, რომ ხელისუფლება ძალას გამოიყენებს?
- რა თქმა უნდა, ვხედავ. სიტუაცია იმდენად იძაბება, რომ საკმაოდ ძნელი იქნება ამ ვითარების შეცვლა სასიკეთოდ. მე დიდი იმედი მაქვს სასულიერო პირების, საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლების და ასევე საერთაშორისო საზოგადოების. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აღიმაღლოს ხმა იმ უკეთურობის წინააღმდეგ, რაც ხდება. ჩვენ ვხედავთ ცემა-ტყეპას, გინებას, დაჭერას, რომელიც, რა თქმა უნდა, მანიშნებელია იმისა, რომ ქვეყანაში პროცესები მიდის საოცარი ესკალაციისკენ და მე ნამდვილად არ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში ჩავარდეს, როგორ მდგომარეობაშიც წლების წინ იყო. ამიტომაც ყველამ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფალს, რომ არ გამოიყენოს ძალა, არ მიმართოს ძალადობას, იყოს ადეკვატური. მე არც ერთი ქართველი არ მემეტება ცუდი ბედისთვის. არც ამ ხელისუფლებისთვის მინდა ცუდი და ნამდვილად არა ვარ შურისძიების სურვილით გამსჭვალული. მათმა შვილებმაც და შვილიშვილებმაც უნდა იცხოვრონ მომავალ საქართველოში და მე ნამდვილად არ მინდა აქ ისეთი სიტუაცია მივიღოთ, როგორიც ლიბიაში ან ეგვიპტეში იყო. ყველანაირი ძალა უნდა იქნეს იმისთვის გამოყენებული, რომ მოხდეს ხელისუფლების არაძალადობრივი, დემოკრატიული გზით ცვლილება.
- ვინც სააკაშვილის გამოსვლებს უსმენს, ის აღარ ფიქრობს იმაზე, რომ ეს კაცი ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს...
- სწორედ ეს არის ძალიან ცუდი, რომ ის ვერ იქნება ადეკვატური. როდესაც ადამიანი არაადეკვატური ხდება, ამისათვის არსებობენ პოლიტიკური გუნდის წევრები, არსებობენ მრჩევლები, არსებობენ მეგობრები, რომლებმაც უნდა ურჩიონ კაცს, რომ სწორ გზაზე დადგეს და სწორად მოიქცეს. თუ არც მეგობრები არსებობენ, არც პოლიტიკური გუნდია ადეკვატური და არც მეგობრები, ამ შემთხვევაში არსებობს საერთაშორისო საზოგადოება, არსებობენ ადეკვატური ადამიანები, თუნდაც იგივე სასულიერო პირები, საპატრიარქო, სინოდი, ისეთი ინსტიტუტები, რომლებმაც უნდა თქვან თავიანთი გადამწყვეტი სიტყვა. ცოტა უხერხულია ჩემი მხრიდან, მაგრამ მოვუწოდებდი საპატრიარქოს, რომ ბევრად უფრო აქტიური გახდეს იმ კუთხით, რომ პრევენცია მოახდინოს იმ შესაძლო სერიოზული ძალადობების, რომელიც ქვეყანაში შეიძლება მოხდეს. მე ვაკვირდებოდი სამტრედიაში კახი კალაძის შეხვედრებს და ჩემი თვალით ვნახე ის ჩხუბი და დავიდარაბა. ეს საშინელებაა და მანიშნებელია იმისა, რომ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ელემენტარულად ტვინი არა აქვთ თავში და რომლებისთვისაც სულ ერთია ყველაფერი, ოღონდაც დღეს ორი კაპიკი იშოვონ, თანამდებობა ჰქონდეთ და ამისთვის მიდიან ყველანაირ პროვოკაციებზე, აბსოლუტურად ყველანაირ საშინელებაზე. დღეს ასეთი ადამიანების შეჩერებაა საჭირო და იმ ადამიანების, რომლებიც მათ ასეთ ბრძანებას აძლევენ. ეს თუ არ მოხდა, ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. ასევე უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდება თავად ხელისუფლებაც და აღარ მინდა ახლა იმ პროგნოზზე საუბარი, რომელსაც მე ამ შემთხვევაში ვუწინასწარმეტყველებ. მათი საშინელება და მათი ცუდად ყოფნა მე არ გამახარებს, მე გამახარებს ხელისუფლების დემოკრატიულად ცვლილება.
- რაც შეეხება კოალიცია ქართულ ოცნებას, საუბარია, რომ შიგნით სერიოზული დაპირისპირება მიდის პარტიებს შორის, თქვენ რა ინფორმაციებს ფლობთ?
- მე არა მაქვს ის ინფორმაცია, რომ შიგნით სერიოზული დაპირისპირებაა. რა თქმა უნდა, როდესაც ექვსი, შვიდი და ცხრა პარტია იკრიბება ერთად, რასაკვირველია, იქ აზრთა სხვადასხვაობა უნდა იყოს, მით უმეტეს, ამ პარტიებს სხვადასხვა წარსული აქვთ. ჩემი ინფორმაციებით იქ სერიოზული დაპირისპირებები არ არსებობს. ჩემი აზრით, უფრო ხელისუფლებას აწყობს ამაზე საუბარი, რომ იქ სერიოზული დაპირისპირებაა, ვიდრე ეს რეალობაშია. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ადამიანები არ არიან მომართულები იმისთვის, რომ ვინ საპარლამენტო სიაში მოხვდება და ვინ არ მოხვდება, ვინ წინ იქნება და ვინ უკან. ისინი არიან მომართულები იქითკენ, რომ ქვეყანაში მოხდეს დემოკრატიული ცვლილება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ უნდა დავამკვიდროთ სლოგანი, რომ ეს ბრძოლა მიდის არა რომელიმე გუნდის, პარტიის თუ კოალიციის გასამარჯვებლად, არამედ ეს ბრძოლა მიდის საქართველოში დემოკრატიის დასამყარებლად. საქართველოს ესაჭიროება დემოკრატია. დემოკრატიის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება, ვერც ტურიზმით და ვერც სხვა კუთხით, ამიტომ ეს არის აუცილებელი. ერთი რამ მინდა ვთქვა, ტურიზმი არ არის გარყვნილება, თუმცა ჩვენმა ხელისუფლებამ ტურიზმი გარყვნილებად აქცია. იცით თქვენ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში გაცემულია სპეციალური შიდა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ოფიცერი და პოლიციის თანამდებობის პირი, რომელიც არის ბათუმში და საერთოდ აჭარაში ნამყოფი დასასვენებლად, მათ უშვებენ სამსახურებიდან იმიტომ, რომ თურქეთის ხელისუფლება ფიქრობს, რომ გარყვნილების ბუდეში ნამყოფი პოლიციელი არ შეიძლება იყოს თანამდებობაზე. ანუ ჩვენ მივედით იმ დონეზე, რომ საქართველოს ეს უმშვენიერესი ქალაქი ბათუმი, თურქეთისთვის და სხვა უცხოელებისთვის გახდა გარყვნილების ბუდე, სადაც ჩასვლა ნორმალური, ჩამოყალიბებული ადამიანისთვის სირცხვილად ითვლება. როდესაც ჩვენ ამ დონემდე დავდივართ, როდესაც ვხედავთ ამდენ სიბინძურეს, როდესაც სურთ მთლიანად საქართველო გარყვნილების ბუდედ გადააქციონ, როდესაც ხელისუფლება ცდილობს საქართველოში ქართველობა მოსპოს, მოსპოს სულიერება, მოსპოს კულტურა და ერი აქციოს მომსახურე პერსონალად, რა თქმა უნდა, ამ პირობებში მე ვერ გავჩერდები, თქვენ ვერ გაჩერდებით, იმიტომ, რომ ჩვენს უკან შვილები დგანან, მომავალი თაობები დგას და ნამდვილად არ მინდა მომავალმა თაობებმა ჩვენ გვიწოდონ უნიათოები ან სამშობლოს მოღალატეები.
- ისევ მინდა, რომ კოალიციაზე გკითხოთ, გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას პრეზიდენტობის კანდიდატად ამზადებს და ამას რესპუბლიკელები უშლიან ხელსო. თქვენ თუ ფლობთ ინფორმაციას ამის თაობაზე?
- ამ ეტაპზე საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბარი ნაადრევია. ხოლო რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, ჩვენ გვაქვს საკმაოდ ახლო და მეგობრული ურთიერთობა და შეიძლება მე გარკვეულწილად სუბიექტურიც ვიყო მის შეფასებაში, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, რომ ირაკლი ალასანია ახალგაზრდულ ქართველ პოლიტიკოსებში, ერთ-ერთი სერიოზული და გამორჩეული ფიგურაა და მე დავეთანხმებოდი ბატონი ივანიშვილის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას შეიძლება ქვეყნის მართვის სადავეები მიანდოს ადამიანმა. თუმცა დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია და ეს ყველაფერი მოხდება მაშინ, რაც საპარლამენტო არჩევნები მომთავრდება.
საუბრის ბოლოს გეტყვით, რომ საერთოდ ქართული საზოგადოება ერთ რამეზე უნდა დაფიქრდეს, უნდა დაფიქრდეს ყველაზე მთავარზე, რომ კოალიციის გამარჯვება არ არის რომელიმე კონკრეტული პიროვნების გამარჯვება. ქართველმა საზოგადოებამ და ქართველმა ერმა უნდა გაითავისოს ის, რომ კოალიციის გამარჯვება, ეს იქნება დემოკრატიის გამარჯვება ქვეყანაში. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, მთელი ერი, მთელი საზოგადოება უნდა დადგეს ერთ მხარეს, რასაც დემოკრატიის დაცვა ჰქვია. თუ ჩვენ დღეს დემოკრატიას დავიცავთ, მაშინ საქართველოს მომავალი ნათელი იქნება და საქართველო გაიმარჯვებს.





fs22

ავტორი: fs22 ნონა ცაბაძე


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი