მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-22
ქეთი დოლიძე: "სააკაშვილი ბეშუმიდან გამოაპარეს": სად გინახავთ ეკლესიის გუმბათზე შემომჯდარი პრეზიდენტი?!

19 აგვისტოს ბახმაროში, ტრადიციულად, დოღი გაიმართა. ბახმაროს შესასვლელში ნაცმოძრაობის წარმომადგენლები დიდი სიით ხელში იდგნენ და მხოლოდ სასურველ სტუმრებს ატარებდნენ. მათი მომხრეების გარდა, დოღზე დასწრების უფლება არავის მისცეს.
- ნაციონალურმა მოძრაობამ ყველა საერო თუ საეკლესიო დღესასწაული მიისაკუთრა, - აცხადებს ქეთი დოლიძე ამ ფაქტის კომენტირებისას "ახალ თაობასთან" ინტერვიუში.
მე პირადად ვარ შემსწრე იმ ინციდენტისა, რომელიც ბეშუმში მოხდა. იმ დროს ბატონ ბიძინას მე ვახლდი იქ. თავიდანვე გაგვაფრთხილეს, ქალები ნუ ამოხვალთო. ეტყობა, ელოდებოდნენ ასეთ რამეს. ძალიან შევწუხდი, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩააყენეს ბატონი ბიძინა. არ იყო უსაფრთხო, მაგრამ იმას ხომ არაფრის ეშინია. გადმოვიდა მანქანიდან და ამ უზნეო ადამიანის ჩახერგილი გზა ფეხით იარა. ნახევარიც არავინ იცის, რა მოხდა ბეშუმში.
- რა მოხდა, ქალბატონო ქეთი?
- წინა ღამეს იქ გადატყორცნეს ოთხი თუ ხუთი უზარმაზარი ზონდერ-ბრიგადა. გამგებლები დარბოდნენ და ეუბნებოდნენ ხალხს, აბა, გაბედეთ და აივანზეც კი გამოყავით ცხვირი. საშინელი შესახედავი იყო ეს ყველაფერი. მარჯვნივ ამათი ჩაყვანილი ავტობუსებით, მთაში შეფენილი წითელმაისურებიანი ბავშვები და იმათი თანმხლები მასწავლებლები. სოფლებში დარეკეს სკოლის მასწავლებლებთან და ასე შეაგროვეს ეს ბავშვები. ეს იყო, რა თქმა უნდა, სრულიად ადმინისტრაციული რესურსი. იქ არავითარ ბეშუმობაზე ლაპარაკი არ იყო. ჯერ ერთი, ბეშუმში არავინ ცხოვრობს, იქ მარტო ზაფხულობით ადიან. იქ მცხოვრები ძირძველი ადამიანები, რომლებსაც იქ ჯერ კიდევ სახლები აქვთ, ის მოხუცები ამბობდნენ, როგორ, კაცო, სად გაგონილა შუამთობა და ავტომატი, შუამთობა და იარაღი, შუამთობა და ჯარისკაცი. აი, ასე დადის ყველგან. აივნიდან რომ გადმოვიხედე, მთლიანად მთელი დასახლება იყო ცარიელი, გარეთაც კი არავინ ჩანდა. ისიც მიკვირს, შუა ბეშუმში, ბაზართან როგორ გამოვიდა იმდენი ხალხი ბატონი ბიძინას დასახვედრად. როდესაც ნაწილი გაიყო და გამოემართა მისკენ, ეტყობა, უკვე მზად იყვნენ პროვოკაციისთვის, სააკაშვილი მაინც არ ელოდა, მას ეგონა, რომ ვერავინ გაბედავდა იქ ბიძინას ამოყვანას, მაგრამ ბიძინა ამოვიდა, გადმოვიდა მანქანიდან, ორი კილომეტრი იარა ფეხით, არაფრის შეშინებია, ან ამის როგორ უნდა შეეშინდეს, ამ კურდღლის, რომელსაც ასი ათასი კაცი იცავს და კიდევ კურდღელივით გარბის. როგორც კი ბიძინა ივანიშვილმა მთისკენ შედგა ფეხი და ასი მეტრი გაიარა, სააკაშვილი გააპარეს. მე მანქანასთან ვიდექი, როდესაც გამოვარდა რაციიანი კაცი და ყვიროდა, ოცნება მოვიდა, მოვიდა ოცნება, გაიყვანეთ პირველი. რისი ეშინოდა, რისი?! მისი ყველა ქმედება ხომ შიშიდან გამომდინარეობს. ეს დაჭერები, ჟურნალისტებზე ზეწოლა, ანგარიშების დაყადაღება, ამ ყველაფერს შიშის გამო აკეთებს. ერთი ეგ არის, რომ სროლა არ დაგვიწყო, თუმცა ამ სროლას არც 7 ნოემბერს მორიდებია და არც 26 მაისს.
როგორ ბედავს და სააკაშვილი როგორ ლაპარაკობს ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესებზე?! მთელი ქვეყანა რუსეთს მიჰყიდეს. ვინ ატარებს დღეს მათ ინტერესებს ჩვენს ქვეყანაში. ამათი მსტოვრები მოსკოვში ცხოვრობენ, იქ მოღვაწეობენ, ამათ ინტერესებს ატარებენ. უბრალოდ, დღეს მათ სახელებსა და გვარებს არ ვიტყვით, თორემ, ყველამ ყველა ვიცით, ვინ აკეთებს ამათ საქმეს რუსეთში. თქვენ რა გგონიათ, ეს რატომ იკლავდა თავს, ნიკიტა მიხალკოვი ჩამოსულიყო ამასთან, რატომ მივარდა ქორწილში, მისი ბიძაშვილია თუ დეიდაშვილი?! არაჩვეულებრივი ოჯახი შეიქმნა. თქვენ რა გგონიათ, რატომ მივარდა? რა საქმე აქვს ნიკიტა მიხალკოვთან. საერთაშორისო ქორწილი იყო, მისი შვილი ქორწინდებოდა თუ მისი ნათესავი?! მაგრამ ყველა მხრიდან ცდილობს, რუსეთს შემოუაროს. გაყიდეს მთელი საქართველო, გადასცეს რუსეთს და გამოდიან და ურცხვად ლაპარაკობენ, კომერცია კომერციააო. ყველა კომერციაში ესენი როგორ ურევენ ხელს? მაგათ როგორ ეკუთვნით ყველანაირი კომერციული კავშირები რუსეთთან? როგორ ხდება, რომ სტრატეგიულ ობიექტებს ყიდიან?! 12 აგვისტოს რას მოაწერეს ხელი? ეს უზნეო კაცი, ჩოლოყაშვილი რომ არის, გამოდის და მეუბნება, თქვენ ვერ კითხულობთო. უკაცრავად ნინო ჟიჟილაშვილთან, მაგრამ, მე რომ მცოდნოდა, ეგ მეყოლებოდა პირდაპირ ეთერში, არც მივიდოდი მის გადაცემაში. მე უკვე დიდი ხანია, მაგათ აღარ ვთვლი ღირსად, რომ დავუჯდე და მათთან ვიდებატო. რატომ უნდა დავუჯდე დებატებში, მე არც მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ და არც პარლამენტში შევდივარ. ის ბედავს, ჯერ შეურაცხყოფას გაყენებს და გეუბნება, თქვენ ვერ კითხულობთ ტალიავინის დასკვნასო... შავით თეთრზე წერია ყველაფერი. რა, 2006 წლიდან ამან არ იცოდა, რას აპირებდა პუტინი?! 2004 წელს მე შევვარდი ცხინვალში? ჩვენი ბიჭები რომ წაიყვანეს და ცხინვალის ცენტრში დააჩოქეს, ამ პროვოკაციაზე ეგ არ წავიდა? ცხინვალში შერეული ოჯახები ცხოვრობდნენ და სიტუაცია ნელ-ნელა გვარდებოდა, ამან კი აამტუტა და დაამტუტა ყველაფერი რუსეთთან ერთად. წაიკითხოს საზოგადოებამ, რა დასკვნები იწერება, როგორი ტიპის საშიშროება გველოდება.
- საშიშროებაში რას გულისხმობთ?
- თურქეთიდან მოსალოდნელ საშიშროებას ვგულისხმობ. რა მნიშვნელობა აქვს, ის შენთან თოფით შემოვა თუ რითი შემოვა. ყველა კაზინო, ყველა ბორდელი და ყველა სასტუმრო მაგათია ბათუმში. ძალიან გული შემტკივა ბათუმზე. ბათუმი ჩემი ქალაქია. ჩემი ბებია და ბაბუა, ყველა ჩემი ნათესავი იქ ცხოვრობდა. ქუჩაში ვერ გაივლი, ყველგან თურქები, ყველგან თურქული საუბარი. არ დადის ამ ქუჩებზე სააკაშვილი? ვერ ხედავს, რა ხდება?! ადგა და აჩუქა თურქებს ბათუმი. ეშმაკის ბორბალი რომ ააშენა ბათუმში, ვინ არის იქ ჩამჯდომი. ეს კაცი ადეკვატური არ არის, ხალხო. დეკორაციებს აშენებს, რომელშიც მთავარი გმირი თვითონ არის და მისი უზნეო გუნდი, მკვლელების გუნდი. ირბინონ ახლა იმ რაბათის ციხეში. ვის სჭირდება ახლად აშენებული ციხე და ახლად აშენებული დეკორაცია?! რას მიედ-მოედება ეგა?! რომელი ტურისტი ჩავა მაგ ციხის სანახავად, რის სანახავად ჩავა, როგორ დაგვიპყრეს თურქებმა? მშენებლობის წინააღმდეგი არავინ არის, მაგრამ, გააჩნია, სად და როგორ გიშენებენ. აღარც მარცხენა სანაპირო ჩანს თბილისში და აღარც მარჯვენა. იუსტიციის სახლის აშენება სხვაგან არ შეიძლებოდა?1 ან ძველ თბილისს რა გაუკეთა, რა დამართა, გამაგებინეთ. მე ეს დადუმებული არქიტექტორები მაგიჟებენ.
- სამაგიეროდ, ბუდა ბარი ხომ გვაქვს სიონის წინ...
- საქმეც ესაა. იმ ადგილას ვინმე ამას გაბედავდა?! ან გააკეთებდა?! გამაგებინეთ, ხალხო, სადა აქვს ამდენი ფული! 30 წელი აგროვებდა იტალია ფულს, რომ სიქსტის კაპელა აღედგინა, რესტავრაცია გაეკეთებინა. მე პირველად 1991 წელს მოვხვდი ფლორენციაში უფიცის გალერეაში და ლაოკოონის ქანდაკება რომ ვნახე, გაშტერებული ვუყურებდი, ობობის ქსელში იყო გახვეული. როდესაც გიდს ვკითხე, რა ხდება-მეთქი, ფული არა აქვს გალერეას, რომ საკმარისი დამლაგებლები იქირაოსო. აბა, დღეს ნახეთ, როგორია უფიცის გალერეა, მაგრამ, რამდენი წელი გავიდა, დაითვალეთ? მთელი ერი არჩევს, როდის რაზე უნდა დაიხარჯოს ფული ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის იტალია, ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საფრანგეთი. თქვენ რა გგონიათ, საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა პროცენტ-ნახევრით მოიგო არჩევნები, მაგრამ მოიგო. ამის გამო სარკოზის ჯარი არ გამოუყვანია. ეს რა არის, გამაგებინეთ, ვინ არის, ხალხო, ეს, ამდენს რომ ბედავს. ყველა საერო დღესასწაული ხომ მიითვისა და ნაციონალური მოძრაობის საბურთაო მოედნად გახადა, აღარავის აღარსად უშვებს. ერთი ბეშუმელიც კი არ იყო იმ დღესასწაულზე, იმ უზნეო გამგებლების გარდა. ახლა ეკლესიურ და რელიგიურ დღესასწაულებსაც თავიანთ პარტიულ დღესასწაულებად აცხადებენ. ქუთაისობა გამოაცხადა დასვენების დღედ. ხალხო, გამაგებინეთ, სად გინახავთ ეკლესიის გუმბათზე შემომჯდარი პრეზიდენტი?! რა უფლებით ბედავს ამას, მითხარით. მწვანე სახურავი მოგწონთ, ხალხო? მითხარით! ეს არის ჩვენი ბაგრატი?! ამას არ ჯობდა, ამდგარიყო და მთლიანად შუშებში ჩაესვა? თავიდან ხომ იყო ასეთი პროექტი. მარტო რუსეთზე რომ ლაპარაკობს, რა, თურქებმა არ ჩამოანგრიეს გუმბათი? ამაზე რატომ არაფერს ამბობს? მაგრამ ეს ხომ თურქებთან გარიგებაშია შესული. არანაკლებ გარიგებაშია თურქებთან დედამისი, გიული ალასანიამაგას ხომ არ ჰგონია, რომ მართლა ყველანი ყრუები და ბრმები ვართ. მე არაფრის მეშინია, ყველაფერს ვიტყვი და ყველაფერში ვამხელ.
- ყოველთვის გსაყვედურობენ, ამ მთავრობას გვერდში ედექითო...
- ეს ყბადაღებული თემაა. დიახ, ვედექი, ყოველთვის ვედექი რაღაცა ცვლილებას. ყოველთვის რაღაცა შანსს ვაძლევდი ამ ხალხს. ეს ხომ ჩვენი მთავრობაა, მე ვუხდი ჩემი ჯიბიდან თქვენთან ერთად ფულს. რა, არ არის ეგრე?! და თუ ეგრეა, რა უფლება აქვს, არ მომემსახუროს. ვინ არის, რას წარმოადგენს? ჩემზე არც განათლებულია. პოეზია როგორც იცის, ეტყობა, გავარდა, მუხრან მაჭავარიანთან შეეშალა მისი ლექსი, ანა კალანდაძე გარდაიცვალა, ანას მაგივრად გალაქტიონის ლექსი წაიკითხა. ვინ ეხვეწება, არ იცი და გაჩერდი, რა, შენს ადგილას. მრავალი წელი უნდა გიშენოთ კიდევ ეს ქვეყანაო, ეგღა მაკლია, მაგას ვუყურო მრავალი წელი!
- რუსთავის აქციაზე რას იტყვით?
- არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა ბატონ ბიძინას. ეს კაცი დღითიდღე, აქციიდან აქციამდე იზრდება, როგორც პოლიტიკოსი, როგორც ორატორი. ეს ვის დასცინის, წყევლის მეტს არაფერს აკეთებს შეხვედრებზე. კივის და წივის. ეს პრეზიდენტია, ბიძინა ივანიშვილი არც პრეზიდენტია და არც პრემიერ-მინისტრი. ნახეთ ერთი, თუ გამოიყვანთ წონასწორობიდან. ეს რომ მარტო ლანძღვა-გინებაზეა გადასული. შევარდნაძეზეც ამბობდნენ 98-ში, 99-ში, 2001-ში, რომ არა, შევარდნაძე არ წავაო. არ ვიცი, ასე რატომ მოიქცა ეს კაცი. ისე კარგად მახსოვს, ვაკეში, "ბატას" მაღაზია რომ არის, იმის გვერდით იყო სააკაშვილის შტაბი, მაჟორიტარად რომ გაჰყავდათ ვაკეში. მაშინ შევარდნაძე შეგვხვდა ქუჩაში სააკაშვილთან ერთად და ჩვენ გვეუბნება, დაიმახსოვრეთ, ეს არის თქვენი მომავალი პრეზიდენტიო. რა უნდოდათ, რატომ დაგვღუპეს ასე?!
- ფიქრობთ, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი?
- აბა, ხუმრობდა? ამდენი მაჟორიტარიდან მარტო ამას დაჰყვებოდა კარდაკარ და რაღა ამაზე თქვა, ეს არის თქვენი მომავალი პრეზიდენტიო. ჩვენ იმას ვერ მივხვდით, რომ თუ რაღაცის შეცვლა გვჭირდება, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. იმას მოაწერს ამერიკა და ყველა დამკვირვებელი ხელს, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, რაც იქნება ჩვენი არჩევანი. გვეტყვიან, გინდოდათ? მიხვედით არჩევნებზე? ეგ არის თქვენი არჩევანი. თუ ადამიანი არ მოვიდა, ყოველი არმოსული ადამიანი სააკაშვილის ხმაა. ეს არის ნაციონალური მოძრაობისთვის მიცემული ხმა. გიგა ბოკერიამ ჩემს ახლობელთან თქვა პირდაპირ ასე, თქვენ რა გგონიათ, ჩვენ რომ რეპრესიები არ გაგვეტარებინა, ხელისუფლების შენარჩუნებას შევძლებდითო? დღისით და მზისით ქურდობენ, აი, ასეთი მთავრობა გვყავს, ხალხო. როგორ შეიძლება, მუდმივად ერთი და იგივე სახეები ტივტივებდნენ. როგორ არის, რომ მთელი ცხოვრება ზემოთ ტივტივებენ?! ეს ჩაუძირავები. იმხელა ფულითა და კრიმინალით არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, ამას დათმობა არ უნდა? მაგრამ მოუწევთ. ნახევრად დაცარიელებულმა რუსთავმაც კი დაამტკიცა ეს.





fs22

ავტორი: fs22 ნონა ცაბაძე


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი