fs22 კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველო-რუსეთის საზღვართან მიმდინარე სპეცოპერაციისაც დაღუპული სამი ქართველიდან ორი მათი მხარდამჭერი იყო.
როგორც პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა განაცხადა, სპეცოპერაციის დროს დაღუპული სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი მისი დაცვის ბიჭებთან მეგობრობდნენ. ივანიშვილმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულების გამო.
"გარდაცვლილი ახალგაზრდები ჩემი დაცვის ბიჭებთან მეგობრობდნენ. ესენი იყვნენ წიკლაური მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ჭიდაობაში და ჩოხელი. იმედი მაქვს ეს სპეცოპერაცია მალე დასრულდება", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლება არ იმსახურებს ნდობას, რადგან მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს შეიძლება იყოს ავანტიურა.
"ტერორისტებს რა უნდოდათ, რატომ არ წამოაყენეს აქამდე რაიმე სახის მოთხოვნები. ეს ეჭვს იწვევს. ბოკერიას განცხადებების თანახმად, მათ ჯერ ბავშვები აიყვანეს, შემდეგ პატრულის თანამშრომლები, შემდეგ კი სპეცრაზმელები. ეს აჩვენებს, რომ ისინი არ იყვნენ აგრესიულები. აქედან გამომდინარე, რა აუცილებელი იყო პირველ დღესვე ცეცხლის გახსნა. რატომ არ გაგრძელდა მოლაპარაკებები?", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მედიანიუსი
fs22















































































