მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-30
პაატა ზაქარეიშვილი: "ლაფანყურის სპეცოპერაცია სააკაშვილის დაგეგმილი სამხედრო პროვოკაციაა"

ლოპოტას ხეობაში განხორციელებულ დევნის ოპერაციას ექსპერტ-კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი სააკაშვილის მიერ დაგეგმილ სამხედრო პროვოკაციას უწოდებს. ექსპერტი აცხადებს, რომ არჩევნების წინ მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, რომ ის ყველანაირ პროვოკაციაზეა წამსვლელი.
- სააკაშვილისგან არაფერს არ გამოვრიცხავ საერთოდ. მისგან აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ, ეს კაცი არის წერას აყოლილი, ყველაფერზე წამსვლელი, რაც კი შეიძლება უკუღმართი და ბოროტება ადამიანის თავში დაიბადოს, ყველაფერი შეიძლება დაიბადოს სააკაშვილის თავში. არჩევნებამდე ერთი თვე დარჩა და ის ყველაფერს გააკეთებს სიტუაციის ასარევად. მთავარია, რომ არც ჩვენ და არც მეზობელი ქვეყნები არ აყვნენ სააკაშვილის პროვოკაციას, - აცხადებს ექსპერტი და იქვე იმასაც დაურთავს, რომ ყველამ კარგად აწონ-დაწონოს თავისი ნაბიჯები. სააკაშვილს იარაღის გამოყენების ლეგიტიმური უფლება არავინ უნდა მისცეს. მას არ უნდა ჰქონდეს თავის მართლების საშუალება, თორემ ის რომ წამსვლელია ამაზე, ეს ყველამ იცის. სააკაშვილი ძალიან ბინძურად ეთამაშება თემას, რასაც ჰქვია პრობლემები ჩრდილო კავკასიაში. საქართველოს ეს ბუმერანგივით მოუბრუნდება, მაგრამ სააკაშვილს ფეხებზე ჰკიდია. ის აშკარად ხელებს აფათურებს ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე, რაც აწყობს ჩრდილო კავკასიაში არსებულ ძალებს, მაგრამ პრობლემა ისაა, აწყობს თუ არა ეს საქართველოს. საქართველოს ეს არ აწყობს, ხოლო სააკაშვილს ეს აწყობს.
რუსეთი მუდმივად ლაპარაკობს, რომ საქართველო ეხმარება ჩეჩენ ტერორისტებს და არაა გამორიცხული, რომ ახლა, ამ ფონზე რუსეთმა ეს დაამტკიცოს. აქამდე ამას ვერ ამტკიცებდა. რასაკვირველია, ეს იქნება საკმაოდ სერიოზული სკანდალი, საქართველოს ისედაც გატეხილი აქვს სახელი საერთაშორისო დონეზე, ჩვენ მიმართ აქვთ ბევრი პრეტენზია საერთაშორისო ორგანიზაციებს და ამან შეიძლება კიდევ უფრო შელახოს საქართველოს ავტორიტეტი მსოფლიოში, - აცხადებს ზაქარეიშვილი
"ახალი თაობა" პაატა ზაქარეიშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ.
- ბატონო პაატა, რა შეფასებას მისცემდით საქართველო-დაღესტნის საზღვარზე განხორციელებულ ე.წ. დევნის ოპერაციას?
- ეს არ არის ახალი სახის პროვოკაცია. სამწუხაროდ, ეს სააკაშვილის ძველი სახის პროვოკაციაა, იგივე რაც გააკეთა მან 2008 წლის 21 მაისს, არჩევნების დღეს. გალის რაიონში, სოფელ ხურჩაში მაშინ ორი ავტობუსი დაიწვა და მთელი დღე ლაპარაკობდნენ ამაზე. ამ ტიპის პროვოკაცია მოსალოდნელი იყო. ჯერჯერობით ფაქტები ძალიან მწირია და ძნელი სათქმელია, ვინ არიან ის ახალგაზრდები, ვინც იქიდან არიან გატაცებულები, ისინი ნამდვილად გატაცებულნი იყვნენ, შეკრულები არიან, დამუშავებულები არიან ხელისუფლებისგან თუ უნებლიე მონაწილეები არიან ამ სპექტაკლისა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ხელისუფლება გარკვეულწილად შეკრულია ჩეჩნური მოძრაობის ლიდერებთან და მე მგონი, ერთად დადგეს ეს ახალი სპექტაკლი. დრო გავა და ჩვენ დავამტკიცებთ ამას. იმდენად ცნობილია ჩემთვის სააკაშვილის სტილი, რომ არ გამოვრიცხავ ჩემს ჰიპოთეზას ჰქონდეს საფუძველი, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი. ხელისუფლება რომ შეიცვლება, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან ბევრ პროვოკაციას ფარდას ავხდით და ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ ეს ყველაფერი იყო დადგმული სპექტაკლი.
- რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ ფაქტს? ისიც ითქვა, რომ ოპოზიციას დაადანაშაულებენო...
- რა თქმა უნდა, დაადანაშაულებენ, შეიძლება ვიღაც მოისყიდონ ოპოზიციიდან, ან ჰყავდეთ კიდეც აგენტი, თუმცა მე მაინც ეჭვი მეპარება, რომ ოპოზიცია სერიოზულად ჩაითრიონ ამ პროცესებში, იმიტომ, რომ ოპოზიცია ჯერ პროცესებს ვერ მართავს. პროცესებს მართავს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება. პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას. ისევე როგორც პასუხისმგებლობა ეკისრება 2008 წლის 21 მაისისა, ისევე როგორც 3 ივლისს, როდესაც სანაკოევზე მოხდა თავდასხმა და ამან გამოიწვია 8 აგვისტოს ომი და დღემდე გამოძიებული არ არის, რა ვითარებაში მოხდა სანაკოევზე თავდასხმა. უამრავ ასეთ პროვოკაციაზე გვაქვს ჩვენ ინფორმაცია და საჭირო იქნება ამათი სერიოზული გამოძიება. ყველაფერი მოსალოდნელია ამათი მხრიდან. სააკაშვილი ძალიან ბინძურად ეთამაშება თემას, რასაც ჰქვია პრობლემები ჩრდილო კავკასიაში. საქართველოს ეს ბუმერანგივით მოუბრუნდება, მაგრამ სააკაშვილს ფეხებზე კიდია. ის აშკარად ხელებს აფათურებს ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე, რაც აწყობს ჩრდილო კავკასიაში არსებულ ძალებს, მაგრამ პრობლემა ისაა, აწყობს თუ არა ეს საქართველოს. საქართველოს ეს არ აწყობს, ხოლო სააკაშვილს ეს აწყობს.
- რა შედეგი შეიძლება მივიღოთ ამ ყველაფრიდან გამომდინარე?
- შედეგი რა შეიძლება იყოს, რუსეთმა თავის აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, მან მოაგვარა სიტუაცია კავკასიაში თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. ახლა სოჭის ოლიმპიადა აქვს წინ და უნდა, რომ მშვიდობიან გარემოსი ჩაატაროს ეს ყველაფერი. ასევე ამ ფონზე გამორიცხული არ არის, რომ დაიძაბოს ვითარება, რადგან ჩრდილო კავკასიაში არიან ძალები, რომლებიც ებრძვიან რუსეთს, ეს ნორმალურია და ეს მათი საქმეა, მაგრამ როცა ამაში მხარს უჭერს მეზობელი სახელმწიფო და ამ შემთხვევაში საქართველო, თუ ეს გაიხსნა, რასაკვირველია, იქნება ძალიან სერიოზული საერთაშორისო სკანდალი. რუსეთი მუდმივად ლაპარაკობს, რომ საქართველო ეხმარება ჩეჩენ ტერორისტებს და არაა გამორიცხული, რომ ახლა, ამ ფონზე რუსეთმა ეს დაამტკიცოს. აქამდე ამას ვერ ამტკიცებდა. რასაკვირველია, ეს იქნება საკმაოდ სერიოზული სკანდალი, საქართველოს ისედაც გატეხილი აქვს სახელი საერთაშორისო დონეზე, ჩვენს მიმართ აქვთ ბევრი პრეტენზია საერთაშორისო ორგანიზაციებს და ამან შეიძლება კიდევ უფრო შელახოს საქართველოს ავტორიტეტი მსოფლიოში.
- დასავლეთმა უკვე აქტიურად დაიწყო სააკაშვილის კრიტიკა. სააკაშვილის აღარ აქვს მათი მხარდაჭერის იმედი და ის უკვე ყველაფერზეა წამსვლელიო...
- გეთანხმებით, სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია. იმდენად თეთრი ძაფითაა ნაკერი გუშინდელი პროვოკაცია, რომ მთავარია ახლა რუსეთი არ აყვეს ამ პროვოკაციას და რუსეთმა არ გამოიყენოს თავისი აგრესიული ძალა საქართველოს წინააღმდეგ. მთავარია არ გადაიზარდოს ეს იმ მასშტაბიან დაპირისპირებაში, რაც სჭირდება და აწყობს სააკაშვილს, რათა გადადოს არჩევნები. ტრაგედია ის არის, რომ სააკაშვილზე უკეთესი რუსეთს არავინ არა ჰყავს საქართველოში. ვიდრე სააკაშვილი ხელისუფლებაშია, რუსეთს როგორც უნდა, ისე მართავს თავის ინტერესებს კავკასიაში. სააკაშვილი მისი ყველაზე ერთგული მოკავშირეა. ჩვენი ეკონომიკის 80% რუსეთის ხელშია. რუსეთმა აისრულა ოცნება, მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და განაგებს ამ ტერიტორიებს. სააკაშვილმა რუსეთის ყველა ოცნება შეასრულა. ამიტომ პუტინი შეიძლება აყვეს თავის მოკავშირეს, გაუგოროს კოჭები და შექმნას დაძაბულობის კერა და პუტინს მიეცეს გარანტია, რომ სააკაშვილი შეინარჩუნებს ხელისუფლებას. პუტინს სააკაშვილი სჭირდება ხელისუფლებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვალდებული იქნება, დაელაპარაკოს ნებისმიერ ხელისუფალს, გარდა სააკაშვილისა. საჯაროდ გაცხადებულია, რომ სააკაშვილი პუტინს არ ელაპარაკება, ეს ფარისევლობაა, სინამდვილეში კი სააკაშვილი მას უთმობს ყველაფერს. ეკონომიკა ამის ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითია, მთელი სტრატეგიული ობიექტები დღეს რუსეთის ხელშია გადასული. ერთია ლაპარაკი და მეორეა საქმე, რასაც სააკაშვილი უკეთებს რუსეთს. ამიტომ როგორც ჩანს, პუტინს სჭირდება ასეთი სააკაშვილი და შეიძლება ეს პროვოკაცია კარგად დაგეგმილი ორმხრივი, რუსულ-ქართული პროვოკაცია იყოს.
- ითქვა ისიც, რომ სააკაშვილი დარწმუნდა დასავლეთი მას გაყალბებულ არჩევნებს აღარ "გაუპრავებს" და ახლა ის ცდილობს რომ რამენაირად მოახერხოს არჩევნების გადადებაო...
- კი მაგრამ რამდენ ხანს გაწელავს ამას? როცა იქნება ხომ ჩატარდება არჩევნები? სააკაშვილი აგონიაშია. ეს არის განწირული ადამიანის ისტერიული ქცევა. სააკაშვილის ყველა ნაბიჯი არის წამგებიანი. უბრალოდ საზოგადოება წვალობს ამის გამო და იწელება საქართველოს კრიზისიდან გამოყვანის პერიოდი.
- ბატონო პაატა ერთ-ერთმა ამერიკელმა ექსპერტმა ასეთი შეფასება გააკეთა, დროზე თუ არ გიშველეთ საქართველოსი ეგვიპტე და სირია განმეორდებაო, რამდენად არის ასე?
- არა, საქართველოსი არ არის შეიარაღებული ოპოზიცია, ამიტომ ეგვიპტე და სირია ვერ განმეორდება. შესაბამისად ორი რამე არ არის საქართველოში, არ არის თავზეხელაღებული და შეიარაღებული, როგორიც არის მასადი, სააკაშვილი არის მშიშარა, პრიმიტიული მმართველი, კომიკური მმართველია. მას არა ჰყავს ძლიერი ჯარი, რომელიც ქართველ ხალხს იარაღს ესვრის. ქართულ ჯარში ქართველები არიან, ქართულ პოლიციაში ქართველები არიან, საქართველო პატარა ტერიტორიაა და ყოველ ჯარისკაცს ან პოლიციას ნათესავი ჰყავს საზოგადოებაში, ჰყავს ახლობელი, მეგობარი, მეზობელი, ამიტომ ვერ მოხდება შესაძლო ანგარიშსწორება საკუთარი ხალხის მიმართ, რასაც ახორციელებდა ან კადაფი, ან მუბარაკი, ან ახლა ახორციელებს ასადი. ვერც ხელისუფლებიდან ვერ იქნება ის აღვირახსნილი ანგარიშსწორება საზოგადოების მიმართ, რაც ამ ქვეყნებში მოხდა. შესაბამისად პასუხიც არ იქნება ასეთი. ჩვენთან ყველაფერი უმტკივნეულოდ ჩაივლის და უპრობლემოდ. მთავარია, რომ სააკაშვილს არ მივცეთ ხალხისთვის სროლის ლეგიტიმური უფლება. ოპოზიციამ თავიდან უნდა აიცილოს ყველა პროვოკაცია, ამას უნდა ეცადოს და უნდა იცოდეს ისიც, რომ სააკაშვილს უნდა სისხლის ღვრა, რათა შემდეგ ეს ყველაფერი დააბრალოს ხალხს და დააბრალოს ოპოზიციას. როგორც რუსეთი მოიქცა, ისე წამოიწყო ომი, რომ მერე ყველაფერი დაბრალებოდა სააკაშვილს. სააკაშვილი, ხომ პუტინის მეორე ნაწილია. როგორც პუტინი შეეცადა, რომ საქართველოში დაწყებული ომი გადაებრალებინა სააკაშვილისთვის, ისე სააკაშვილი შეეცდება, რომ მის მიერ დაღვრილი სისხლი ოპოზიციას გადააბრალოს. ამიტომ ყველამ კარგად უნდა აწონ-დაწონოს თავისი ნაბიჯები და ლეგიტიმური უფლება არ მისცეს სააკაშვილს იარაღის გამოყენების.
- გაჩნდა ვარაუდი, რომ არ არის გამორიცხული გამოაცხონ ფარული ვიდეო ჩანაწერები და თუნდაც იგივე ბიძინა ივანიშვილს სერიოზული ბრალდებები წაუყენონო. თქვენ რამდენად ხედავთ ამის საფრთხეს?
- სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია და აქედან გამომდინარე, ყველაფრის საფრთხე არსებობს. მე ეჭვი მეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რამე მოაგროვონ, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ვინმე თავისი აგენტი დაესვათ რომელიმე ოპოზიციის ლიდერთან. ივანიშვილი ამ მხრივ საკმაოდ დაცულია, მასთან ასე იოლად შესვლა და გამოსვლა შესაძლებელი არაა, იქ ყველაფერი მოწმდება და ისინჯება, ასე რომ მასთან ფარული ჩანაწერის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაძლოა სხვა რომელიმე ოპოზიციურ ლიდერთან, რომელიც უფრო ხელმისაწვდომია, სადმე კაფეში, ან ოფისში დაედგათ ფარული გადამღები და პროვოკაციული კითხვები დაესვათ მისთვის და შემდეგ ეს გამოაქვეყნონ.
- ესე იგი არ გამორიცხავთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ჰქონდეს რაიმე ფარული ჩანაწერები, რომელსაც უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს?
- სააკაშვილისგან არაფერს არ გამოვრიცხავ საერთოდ. მისგან აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ, ეს კაცი არის წერას აყოლილი, ყველაფერზე წამსვლელი, რაც კი შეიძლება უკუღმართი და ბოროტება ადამიანის თავში დაიბადოს, ყველაფერი შეიძლება დაიბადოს სააკაშვილის თავში. არჩევნებამდე ერთი თვე დარჩა და ის ყველაფერს გააკეთებს სიტუაციის ასარევად. მთავარია, რომ არც ჩვენ და არც მეზობელი ქვეყნები არ აყვნენ სააკაშვილის პროვოკაციას.









fs22

ავტორი: fs22 ნონა ცაბაძე


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი