მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-28
ნანა კაკაბაძე: "ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სისხლი არ დაიღვაროს"

ინტერვიუ ნანა კაკაბაძესთან

- ქალბატონო ნანა, ამერიკელი ექსპერტები საქართველოში ხედავენ იმის საფრთხეს, რომ ლიბიის და სირიის მსგავსი პროცესები განვითარდეს და სისხლი დაიღვაროს. თქვენი აზრით, რამდენად არის ამის საფრთხე?
- საფრთხე მართლაც რომ სერიოზულია. მით უმეტეს, ტელევიზიები აშუქებენ იმ დაპირისპირებას, რომელიც განსაკუთრებით რეგიონებში შეინიშნება. ჩვენ ვხედავთ აშკარა ტერორს, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან. ვხედავთ იმას, რომ საქმე ქვების დაშენამდე მივიდა, ჯერ არჩევნების დღე არ არის ისე ძალიან ახლოს და უკვე გამოჩნდნენ ქვების მსროლელები, უკვე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად იწევენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ და უკვე ფიზიკური დაპირისპირება სახეზეა. ასევე სახეზეა ქვების სროლა და ამ ქვებით დაზიანებული ადამიანები და ვიმეორებ, ჯერ არ დამდგარა არჩევნების დღე და არ არის გამორიცხული, რომ თუ მართლაც არ შეიქმნა საარჩევნო გარემო, თუ დღეს ადამიანებს არ მიეცათ არჩევნის გაკეთების საშუალება, შესაძლებელია, ეს აგრესია კიდევ უფრო მძიმე გახდეს, როგორც არჩევნების, ისე არჩევნების მეორე დღეს. ეს საფრთხე ნამდვილად არსებობს. ამ საფრთხეს ალბათ ხედავენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. განსაკუთრებით, ალბათ, ქართული ოცნებისთვის უნდა იყოს ეს სერიოზული პრობლემა, რომ საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის უკვე გაჩნდა ძალიან სერიოზული დაძაბულობა და არის საშიშროება, რომ ამან შეიძლება სისხლის ღვრამდეც კი მიგვიყვანოს. ამიტომ უნდა გაკეთდეს მართლაც ყველაფერი იმისათვის, რომ რაღაცნაირად თავიდან იქნეს აცილებული სისხლის ღვრა და დაპირისპირება და ამაში ყველაზე დიდი როლის შესრულება შეუძლიათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, სადამკვირვებლო მისიებს, ერთის მხრივ, ის, რომ ჯერ კიდევ არჩევნებამდე მოახდინონ ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ შექმნას საარჩევნო გარემო, შექმნას მინიმალური პირობები იმისათვის, რომ ადამიანებს მიეცეთ საშუალება, გააკეთონ თავიანთი არჩევანი. ასევე არჩევნების დასრულების შემდგომ, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ობიექტური დასკვნა, რომ ამან არ გამოიწვიოს კიდევ უფრო გაღიზიანებული საზოგადოების დაძაბულობა და გაღიზიანება. ამაზე ჩვენც ვფიქრობთ, ჩვენ ვემზადებით კონფერენციისთვის. გვინდა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ასეთი რეზოლუცია გავაკეთოთ, სადაც დღეს შექმნილი ვითარება იქნება აღწერილი, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა წინა საარჩევნო პერიოდში და მოწოდება ხელისუფლებისთვის, რომ შექმნას საარჩევნო გარემო. ასევე მოწოდება საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ ჩაერიონ სერიოზულად და აიძულონ ხელისუფლება, მოექცეს კანონის ჩარჩოებში, თორემ თქვენ იცით, რომ ამერიკის დეკლარაციაც კი ამბობს იმას, თუ ადამიანებს არ მიეცათ თავისუფალი არჩევნის საშუალება, ერთადერთი, რაც საზოგადოებას შემდგომ რჩება, ეს არის ამბოხი, რაც, რა თქმა უნდა, ასეთი პატარა ქვეყნისთვის იქნება დამანგრეველი და დამღუპველი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნ და გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნების დღეს მართლაც იქნეს შექმნილი საარჩევნო გარემო. თუმცა ამას წინ უნდა უძღვოდეს სხვადასხვა პროცესები, თუნდაც ის, რომ მედია გახდეს თავისუფალი...
- ამისათვის, ალბათ, ხელისუფლების კეთილი ნებაა საჭირო...
- რა თქმა უნდა. ეს მოგელაძის აბსოლუტურად უსამართლო და უკანონო სადამსჯელო ინსტიტუტი, რომელიც შეიქმნა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ, კიდევ დამატებით მექანიზმად. სასამართლოს გარდა, კიდევ ახალი სადამსჯელო მექანიზმი შემოვიდა, რომლის აღკვეცა აუცილებლად უნდა მოხდეს. ცალსახაა, რომ ის ამ ძალას იყენებს მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ, ხოლო დაუსჯელი რჩება ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულები. იგივე სახელისუფლო რესურსები და ბიუჯეტის გამოყენება, ჩვენ ვხედავთ ავტობუსებს, რომლებიც კოორდინატორებს დაატარებენ რეგიონებში უფასოდ, თავისი სადილებით და ასე შემდეგ და ეს რჩება დაუსჯელი, მაშინ, როდესაც ელემენტარული ქმედება ოპოზიციის, მაშინაც კი როდესაც იქ არანაირი კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ ხდება და ყველაფერი კანონის ჩარჩოებშია, სწორედ მოგელაძის სამსახურით და სხვა მექანიზმებით ცდილობენ, რომ ეს გამოაცხადონ კანონის დარღვევად და ასეთი ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენონ უმკაცრესი სანქციები. ბოლოს და ბოლოს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთიანად გროვდება და შემდგომ ამოხეთქავს ეს არჩევნების დღეს. ამიტომ ყველას ინტერესებში უნდა იყოს ეს, იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დამკვირვებლებისა, რომლებიც აქ ჩამოსულები არიან და მე მჯერა, რომ სწორედ მათთვის არის მნიშვნელოვანი დღეს საქართველოში ჩატარდეს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები და აუცილებლად სამოქალაქო საზოგადოებამ თავისი ხმა უნდა მიაწვდინოს, როგორც ხელისუფლებას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს.
- ქალბატონო ნანა, მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გამოდის და აცხადებს, რომ ჩვენ არ ვემზადებით არჩევნებისთვის, ჩვენ ვემზადებით შემდეგი დღეებისთვისო. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, ხოლო ქუჩაში გამოსულ საზოგადოებას ძალისმიერი მეთოდებით გაუსწორდება?

- ის რომ ყველაფერზე წამსვლელია, ამას თვითონვე იძახის და სწორედ ეს არის საფრთხე. დღეს ქვეყნისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რომ ხელისუფლება მიდის ყველანაირ უკანონო ქმედებაზე იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. მისი მთავარი არგუმენტი, რისთვისაც ასე იქცევა, არის ის, რომ ინარჩუნებს ძალაუფლებას. პირდაპირ გეუბნება, რომ ნებისმიერი ფორმებით, კანონით იქნება გათვალისწინებული თუ კანონის გარეშე, მე ამ ძალაუფლებას ვინარჩუნებ. ჩვენმა პრეზიდენტმა განაცხადა კიდეც, რომ როგორ, ჩემ აშენებულ ქვეყანას იმათ დავუტოვებ და დავანგრევინებო?! ანუ ის თავის საკუთრებად მიიჩნევს ამ ქვეყანას, ხელისუფალის როლში კი არ არის, რომელიც გარკვეული ვადით აირჩია საზოგადოებამ და დღეს მისი გადარჩევა უნდა. არა, მან ჩათვალა, რომ ეს ქვეყანა მისი საკუთრებაა, უდევს ჯიბეში და არავის მისცემს საშუალებას, ჯიბიდან ამოაცალონ. აი, ეს არის ტრაგედია, სწორედ ასეთი აზროვნება და მენტალიტეტია ტრაგიკული ქვეყნისთვის და ბუნებრივია, ასე მოაზროვნე ხელისუფლებისგან უნდა ელოდო ყველანაირ ცუდს, მაგრამ საზოგადოება იმისთვისაც უნდა იყოს მოწოდებული, რომ რაღაცნაირად თავი დაიცვას თუნდაც ამ სიტუაციაში და თავდაცვის ერთ-ერთი მექანიზმი არის საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო ექსპერტების ძალისხმევა, მათი ყურადღების მიპყრობა და თვითონ საზოგადოების აქტიურობა, იმისათვის, რომ უნდა დაინახოს ხელისუფლებამ, რომ არანაირ ძალის გამოყენებას არ ექნება აზრი, იმიტომ, რომ ხალხის ძალა გაცილებით მეტია, ვიდრე იმ ძალისმიერი უწყებების, რომლებსაც დღეს აქვს თუნდაც იარაღი, ჯარი, პოლიცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უნდა დაინახოს, რომ ასეთი ძალის მასშტაბური გამოყენება, ამ ხელისუფლების კიდევ უფრო მეტი კრახი იქნება, ვიდრე არჩევნების გზით წასვლა ამ ხელისუფლებიდან. ძალიან მოკლე დროა დარჩენილი იმისათვის, რომ ხელისუფლებამ ეს კარგად გაიაზროს. ის არის აბსოლუტურ აგონიაში. მაშინ, როდესაც მან ქვების სროლა დაიწყო, ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ ის იყო უკვე აგონიაში. შემდგომ უკვე ყველა ის გამონათქვამი, რომელსაც დღეს პირველი პირი აკეთებს, ეს არის სრული აგონია ხელისუფალის. ღრუბელ-ღრუბელ მალვას და მიუნჰაუზენობას რომ თავი დავანებოთ, რასაც ის იმუქრება, რომ პირველი ოქტომბერი არის განადგურების დღე კლანების, ამის და იმის, როცა ის ასეთ მოწოდებებს აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხის შემცველი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხელისუფლებისაგან მომავალი დიდი საფრთხე, როგორმე ავაცილოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.
- ქალბატონო ნანა, როდესაც თქვენ საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლაზე და ზეგავლენაზე საუბრობთ, გასულ კვირას ჩვენ მოვისმინეთ ეუთოს დასკვნა, რასაც ხელისუფლების მხრიდან ცინიკური განცხადებები მოჰყვა. იგივე ნიკა რურუამ სისულელე უწოდა ამ ყველაფერს...
- ჩვენ ხომ გვესმის, ვისთანაც გვაქვს საქმე და რაზეც ვსაუბრობთ. მართალია ეუთოს დასკვნაზე ნიკა რურუამ გააკეთა ასეთი განცხადება, მაგრამ მას მოუწია ცოტა ხნის შემდეგ ამ სიტყვების უკან წაღება, შეარბილა თავისი გამონათქვამი და ჟურნალისტებს გადააბრალა მისი საკმაოდ არაკორექტული გამონათქვამი. ეს იყო მისი პოზიცია და უბრალოდ მას მოუწია უკან დახევა. ამიტომაც თუკი მხოლოდ და მხოლოდ ეუთო კი არა, მთელი სადამკვირვებლო მისიები ამას იტყვიან ყველანი ერთ ხმაში, იმას, რაც არის რეალურად, ამ შემთხვევაში ისინი უკვე ამ რიტორიკას ვეღარ მიმართავენ და იძულებული გახდებიან აღიარონ შეცდომები. რაც მთავარია, დასავლეთმა არ უნდა აღიაროს არალეგიტიმური არჩევნები. ხელისუფლებამ წინასწარ უნდა იცოდეს, რომ გაყალბებულ არჩევნებს არავინ არ "გაუპრავებს". ეს თუ მას ეცოდინება, მაშინ ისინი ამაზე აღარ წავლენ. მთავარია, რომ ეს დაანახვონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომ ეს არ არის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც ნაგვის ყუთიდან ამოღებული ბიულეტენების მიუხედავად, მას ამერიკის იმდროინდელმა პრეზიდენტმა მიულოცა გამარჯვება, მაშინ, სანამ ჯერ კიდევ ცესკო შეაჯამებდა შედეგებს. ეს ის დრო აღარ არის, რაღაც შეიცვალა, მიდგომები შეიცვალა დასავლეთის, ინფორმირება შეიცვალა და ისინი უფრო მეტად არიან დღეს ინფორმირებულები, თუ რა ხდება საქართველოში და ილუზია იმის შესახებ, რომ ეს არის დემოკრატიის შუქურა, უკვე დაიმსხვრა. აი, ეს უნდა დაანახონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა. მართლაც ძალიან დიდი მადლობა ეუთოს და ოდირის წარმომადგენლებს, რომლებმაც ასეთი ობიექტური დასკვნა დადეს და გაბედეს და თქვეს ის, რასაც აქამდე სხვები ვერ იძახდნენ, თუმცა ეს დიდი ხნის წინ იყო სათქმელი. ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ ეტაპზე მაინც ითქვა ეს. მე მიმაჩნია, რომ დღეს ასეთი სწორი შეფასებები, ადეკვატური შეფასებები ხელისუფლების, მხოლოდ და მხოლოდ წაადგება როგორც ჩვენს ქვეყანას, ისევე ჩვენ მოკავშირეებს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და არა თვალის დახუჭვა ყველა იმ სისაძაგლეზე, რომელსაც დღეს ხელისუფლება აჩადის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
- უნდა ვიმედოვნოთ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ასე თუ ისე ობიექტური იქნება...
- აუცილებლად! მათი ობიექტურობა დღეს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის გარანტიაა. დღეს მათი ობიექტურობა გადაწყვეტს საქართველოში იმას, მოხდება თუ არა სერიოზული ფიზიკური დაპირისპირება ხელისუფლებასა და ხალხს შორის. მხოლოდ და მხოლოდ მათი ობიექტურობა შეძლებს დღეს ამის შეჩერებას.
- და იმ სისხლის ღვრასაც, რომელზეც ამერიკელი ექსპერტი საუბრობს, ამ შემთხვევაში თავიდან ავიცილებთ?
- რა თქმა უნდა, ეს საფრთხეები, მხოლოდ ასეთი ძალისხმევით შეიძლება ავიცილოთ თავიდან თუ არა და მართლაც ჩვენ დღეს ვდგავართ სერიოზული კატასტროფის წინაშე და ხანდახან ვფიქრობ, რა არის გამოსავალი? ან საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა გამოაცხადონ და თქვან ის, რაც არის, ან ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გამოუცხადონ ასეთ არჩევნებს ბოიკოტი. სხვა მექანიზმი ამისი არ ჩანს, რომ დღეს ამ ქვეყანაში არ დაიღვაროს სისხლი და არ მივიდეთ კატასტროფამდე. საერთაშორისო ორგანიზაციების ვალდებულებაცაა და მათი ღირსების საკითხიც დღეს, რომ სწორი პოზიცია დააფიქსირონ. მე ვერ ვიხსენებ, ამაზე კრიტიკული პერიოდი საქართველოს თუ ჰქონია, როგორიც დღეს აქვს. დღეს სიმართლის და თვალის დახუჭვა იმ ყველაფერზე არაფრით არ შეიძლება. იმდენად ზედაპირზე დევს ეს ძალადობა ხელისუფლებისა, არანაირი ჩაღრმავება და კვალის ძიება არ არის საჭირო, ყველაფერი ზედაპირზეა და როდესაც ასე თვალსაჩინოა ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, ამ დროს ყველა ექსპერტისთვის, ყველა დამკვირვებლისთვის, ძალიან მარტივი უნდა იყოს ადეკვატური და სწორი შეფასება. სწორედ ეს ადეკვატური და სწორი შეფასება იქნება ამ ქვეყნისთვის ის გადამრჩენელი ფაქტორი, რომელიც შეაჩერებს ხელისუფლების აგრესიას და საზოგადოებისა და ხელისუფლების დაპირისპირებას.
დღეს ყველამ თავის მოვალეობად უნდა ჩათვალოს, რომ დავანახოთ დასავლეთის ის რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენ 9 წლის განმავლობაში ამ ხელისუფლების ხელში ვიცხოვრეთ. დავანახვოთ ყველა ის უსამართლობა და უკანონობა, რომელიც ამ ქვეყანაში დაკანონდა და რომლის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ ის რეჟიმი, რომელი რეჟიმიც დღეს ბატონობს და საშუალებას არ აძლევს ადამიანს, გააკეთოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევანი. ეს ყველაფერი უნდა დავანახვოთ. დღეს თუ ჩვენ რაიმეში დახმარება გვჭირდება დასავლეთის მხრიდან, ეს არ არის არც წყალი და არც სხვა სახის ჰუმანიტარული დახმარება. დღეს ჩვენ გვჭირდება სამართალი. გვჭირდება სამართლიანი ქვეყანა, სამართლიანი სასამართლო და ამაში უნდა დაგვეხმაროს დღეს დასავლეთი. ეუთომ ამისკენ ნაბიჯი უკვე გადადგა და მე იმედი მაქვს, რომ დანარჩენი სადამკვირვებლო მისიებიც გაბედავენ და იტყვიან იმ სიმართლეს, რომელსაც აქამდე მეტ-ნაკლები სიმწვავით გამოხატავდნენ.








fs22

ავტორი: fs22 ნონა ცაბაძე


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი