მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2013-08-02
ნანა დევდარიანი: "ივანიშვილს ინფორმაციას არ აწვდიან"; მე-9 არხის დახურვა დემოკრატიაზე არ მეტყველებს

ინტერვიუ გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელ ნანა დევდარიანთან

- ქალბატონო ნანა, რა შეფასებას მისცემდით იმ პროცესებს, რომელიც მეცხრე არხის გარშემო ვითარდება. თქვენი აზრით, რატომ მიიღო პრემიერმა ასეთი გადაწყვეტილება? უამრავი ვერსია მოვისმინეთ, თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?
- ეს საერთოდ აუხსნელია საპრეზიდენტო არჩევნების წინ. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ნაციონალების გავლენიდან არ არიან ის მაუწყებლები განთავისუფლებული, ვისაც მთელი საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ მაუწყებლობა. ამავე დროს, ამ პროცესების პარალელურად ტაბულა ქმნის ჰოლდინგს, კახა ბენდუქიძის და თამარ ჩერგოლეიშვილის ხელმძღვანელობით და ისინი საინფორმაციო ველის გაფართოებას გეგმავენ და კიდევაც დგამენ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. ახლა, ამ პირობებში, როდესაც მეცხრე არხმა დაიკავა თავისი სეგმენტი და იმ პირობებში, როდესაც მაესტროს ასე გაუჭირდა, ახლა მეცხრე არხის დახურვა, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ უარს ამბობ საინფორმაციო ველის სეგმენტზე. იმის მაგივრად, რომ განგაშის ზარი შემოეკრათ, რომ მაესტროდან მთელი რიგი სახეები მიდიან და ეს პირდაპირ სეზონის დაწყების წინ ხდება, ანუ დრო აღარ რჩება რაღაცა გადაჯგუფებების, ამ დროს არა მარტო ტელეკომპანია, არამედ სააგენტო ინფო 9-ც არის გაჩერებული და ლაპარაკია იმაზე, რომ უნდა გაიყიდოს. ჯერ ერთი, სარწმუნოდ არ გამოიყურება პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ თურმე დიდი ხანია ტელევიზიის გაყიდვას აპირებენ და მყიდველი არ მოიძებნა. როდესაც გაყიდვა უნდათ, ყველას აგებინებენ.
- გეთანხმებით, მსგავს ინფორმაციას არ გამოუჟონავს არასოდეს...
- დიახ, არასოდეს ამაზე არ თქმულა არაფერი. ამჯერად გაურკვეველია ჩემთვის, ახლა ეს ყველაფერი რას ემსახურება, იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ საინფორმაციო ველი ამით აშკარად ზარალდება და სიმართლე რომ ვთქვათ, არავითარ დემოკრატიაზე ეს არ მეტყველებს. თუ ამდენი ხანი აპირებდნენ გაყიდვას, ეს ადრე უნდა გაკეთებულიყო, ან არჩევნების შემდეგ, ანდა საერთოდ არ უნდა გაკეთებულიყო. ათი თვე და ერთი წელიწადი, სრულიად არასაკმარისი ვადაა იმისთვის, რომ ტელევიზია და საინფორმაციო სააგენტო ფეხზე დააყენო. ამას წლები სჭირდება. ეს არ არის ჩვეულებრივი ბიზნესი, ეს არ არის საწარმო, ეს ძალიან სპეციფიკური საქმიანობაა. იმ პირობებში, როდესაც რევოლუციის შემდეგ ყველაფერი ნებაყოფლობით ჩაბარდა იმდროინდელ ხელისუფლებას, მაშინ ყველაფერი დაურიგა ბიძინა ივანიშვილმა ნაციონალების მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს და ახლაც ასეთი პროცესის წინაშე ვართ. ამას ახსნა არა აქვს. მე მესმის, ბიძინა ივანიშვილი ბიზნესიდან არის მოსული და ყველაფერს უყურებს ბიზნესმენის თვალით, მაგრამ მოგება მარტო შემოსავლით არ განისაზღვრება და არც იმით, რამდენად სერიოზულ მოგებაზე გავა ფინანსურად ესა თუ ის კომპანია ან სააგენტო. ეს სხვა სახის საქმიანობაა, ამას არ უნდა შეხედო მხოლოდ მოგების და რაღაცა შემოსავლის მიღების თვალსაზრისით. აღარაფერს ვამბობ საკითხის მორალურ მხარეზე, იმიტომ, რომ მთელი ჟურნალისტთა კორპუსი, რომელიც მეცხრე არხში და ინფო ცხრაში იყო დასაქმებული, უზარმაზარი დარტყმები მიიღეს მათ წინასაარჩევნო პერიოდში და უამრავი ბრძოლა გადაიტანეს იმისთვის, რომ ქართულ ოცნებას მოეპოვებინა გამარჯვება. ამიტომ, არც მორალური, არც წმინდა პრაგმატული და პოლიტიკური თვალსაზრისით, ამას გამართლება არ აქვს.
- ზეწოლა იყო პრემიერზეო, ზოგიერთი ამაზეც საუბრობს და რომელ ზეწოლაზე შეიძლება იყოს საუბარი? ვისგან უნდა იყოს ზეწოლა?
- ვისგან უნდა იყოს აქ ზეწოლა, მე არ მესმის ნამდვილად. ზეწოლა შეიძლება გამარჯვებული კოალიციის პრემიერ-მინისტრზე, რომ მან თავის ტელევიზია დახუროს?! მან ეს ტელევიზია აამუშავა, როცა მართლაც ზეწოლა იყო და მართლაც ტერორი იყო გამოცხადებული 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე. ახლა რა ზეწოლა უნდა ყოფილიყო?! შეიძლება ის ვიღაცამ დაარწმუნა, რომ რაკი მისი ცოლის კუთვნილი ტელევიზიაა, მერე იტყვიან, რომ არათანაბარი პირობებია საპრეზიდენტო არჩევნებზე და ასე შემდეგ. თუმცა ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილად ნათქვამი, თუ იყო ასეთი რამ ნათქვამი მის მიმართ. იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, არაფერში არ ეტყობოდა მეცხრე არხს, რომ ვინმე რაღაც ზეწოლას ახორციელებდა და ტყუილებს ლაპარაკობდნენ და იგონებდნენ რამეს, და მეორეც, რომ თანაბარი პირობები ისედაც არ არის და მეცხრე არხის და ინფო ცხრის დახურვით კიდევ უფრო არათანაბარი გახდება. იმიტომ, რომ რუსთავი ორი მაუწყებლობს მთელ საქართველოზე, კარგად ვიცით, რა შეხედულებების არის ეს ტელეკომპანია და ვინ მართავს მას. ყოფილი პროკურორი ხომ? რომელიც ახლა უცებ გახდა მედიასაშუალების ხელმძღვანელი. აი, ამ პირობებში, როდესაც მათ სრული თავისუფალი დაფარვა აქვთ საერთო ეროვნული მასშტაბით, ამ დროს შენ მეცხრე არხს და ინფო ცხრას რომ გააჩერებ, ამით თანაბარი ნამდვილად არ გახდება საარჩევნო გარემო.
- სწორედ ამ გაურკვევლობის ფონზე ჩნდება ეს კითხვის ნიშნები, იმედგაცრუება საზოგადოებაში, რომ რა ხდება? ვის თამაშს თამაშობს ეს კაცი, რა პროცესებთან გვაქვს საქმე?
- მე არ ვიცი, თუ ის თამაშობს, ეს ძალიან ცუდია. იმიტომ, რომ ეს არ არის სათამაშო საკითხები. ნამდვილად არ არის სათამაშო და აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ პრემიერ-მინისტრზე ან პრეზიდენტობის კანდიდატზე, ან რომელიმე მმართველ პოლიტიკურ ძალაზე. ეს არის სერიოზული დარტყმა სიტყვის თავისუფლებისთვის საქართველოში. აი, როცა შენ არ შეგიძლია სააკაშვილივით და არც აკეთებ ამას და სწორია ეს, სააკაშვილივით რომელიღაც ტელეკომპანიას არ არბევ, სპეცნაზით არ შეუვარდები და არ დახურავ და ასე შემდეგ, ამის ფონზე საკუთარი ხომ არ უნდა დახურო, არა?!
- გაკეთდა ასეთი შეფასებებიც, რომ ამით დადასტურდა, რომ ის ნამდვილად მიდის პოლიტიკიდან და შესაძლოა ქვეყნიდანაც წავიდეს და აღარ სჭირდება ტელევიზია საქართველოშიო... ამ ვერსიას რამდენად იზიარებთ?
- მოდით დავყოთ ახლა ეს ვერსია. ერთი ფაქტორი არის ის, რომ იგი მიდის პოლიტიკიდან. პოლიტიკიდან წასვლის გამო, ტელევიზიის და სააგენტოს დახურვის ლოგიკა არ არსებობს. შენ შეიძლება პოლიტიკიდან წახვიდე, მაგრამ, პირიქით, უკეთესიც არის, რომ პოლიტიკაში აღარა ხარ და გაქვს ტელევიზია და საინფორმაციო სააგენტო. ამ სეგმენტში გამოვრიცხოთ ეს, იმიტომ დახურა, რომ პოლიტიკიდან მიდის. მიდის საზოგადოებრივ სექტორში ხომ? საზოგადოებრივ სექტორში ძალიან კარგი ინსტრუმენტებია საზოგადოების განათლების, მისი გათვითცნობიერების, გარკვეული იდეების აღძვრის და პოპულარიზაციის, სწორედ საინფორმაციო საშუალებაა. მაშინ რატომ ამბობს ამას, რომ საზოგადოებრივ სექტორში მიდის. თუ საერთოდ ქვეყნიდან აპირებს წასვლას, ესეც არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ, რომ მსოფლიო პრაქტიკაში უამრავი მედია მაგნატია, რომელიც ცხოვრობს სულ სხვა ქვეყანაში და საინფორმაციო საშუალებები აქვს სულ სხვა ქვეყანაში. ამიტომ არც ერთი კომპონენტით ამას ახსნა არა აქვს.
- მაშინ რა ხდება, ქალბატონო ნანა?
- მე უფრო დავიჯერებ, რომ მან უკვე გადაწყვიტა, რომ ამოცანა შეასრულა, ნაციონალური მოძრაობა უმრავლესობიდან განდევნა პარლამენტში, მისი მთავრობა მოვიდა და აღარ სჭირდება საინფორმაციო საშუალება.
- მისთვის ზედმეტი ხარჯია?
- ხომ შეიძლება ასეც ჩათვალა, თუმცა ამხელა კაპიტალის პატრონისთვის ეს რა ხარჯი უნდა იყოს, ჩემთვის ცოტა რთული წარმოსადგენია. არც ისეთი ძვირია ყველაფერი სინამდვილეში, რომ 7 მილიარდის პატრონს, ამის რჩენა და შენახვა გაუჭირდეს. ან საზოგადოებრივ სექტორში რომ გადავა, მისი საზოგადოებრივი საქმიანობა როგორ უნდა მივიდეს ხალხამდე? მაინც უნდა დახარჯოს გარკვეული თანხები, რომ ეს ყველაფერი ადამიანებამდე მიიტანოს ხომ?!
- ახალი გადაჯგუფებები მიდის მედია ბაზარზე და მეცხრე არხმა ვიღაცას შეუშალა ხელიო.
- ცოტა ძნელი სავარაუდოა. როცა ქვეყანაში გამოცხადებულია კოჰაბიტაცია, აი, ამ კოჰაბიტაციის დროს საინფორმაციო საშუალებების დახურვა, უკვე ნიშნავს დანებებას, კაპიტულაციას. ეს უკვე კოჰაბიტაცია კი არა, კაპიტულაციაა. ახლა ეს კოჰაბიტაცია როგორ მოსწონს ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენ ყველანი ვხედავთ. იმდენად არ მოსწონს, რომ მარგველაშვილი იძულებული გახდა, რომ თვითონ ეთქვა 27 ოქტომბერსვე დამთავრდება კოჰაბიტაციაო. მაშინ კოჰაბიტაციის დამთავრებამდე მაინც მოეცადათ და მერე დაეხურათ. თუმცა, არ ვიცით ჩვენ, შეიძლება არის ვინმე მყიდველი და პირველ სექტემბრამდე ჩვენ გავიგოთ, რომ არხი გაიყიდა. ივანიშვილმა თქვა რომ ჩვენ ღირსეულად და ლამაზად უნდა გავყიდოთ არხიო. კიდევ ვიმეორებ, თუ გაყიდვის განზრახვა არსებობდა, ეს ყველასთვის უნდა ყოფილიყო ცნობილი. თუ გავიხსენებთ ჩვენ, რომ არაერთი ბიზნეს სტრუქტურა ივანიშვილს გაუყიდია მისი ბიზნესში ყოფნის განმავლობაში, ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, რომ რაიმეს ყიდის? პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ყოველთვის ძალიან მომგებიან მომენტში ყიდიდა ხოლმე. ანუ თავისუფლდებოდა ბიზნეს სტრუქტურებისგან. მაგრამ მე ისევ ვიმეორებ, ამ შემთხვევაში ეს არც რომელიმე საბადოა, არც რომელიღაცა ბანკის აქციები და არც, დავუშვათ, გაზის ან ნავთობის კომპანიის წილები. ეს არის საინფორმაციო საშუალებები და ეს სრულიად სხვა რამ არის. აქ მიდგომა, როგორც ბიზნეს სტრუქტურისადმი, როცა ადრე ყიდიდა თავის აქტივებს, ასეთი მიდგომა აქ არ გამოდგება.
- გამოვიდა ინფორმაციები, რომ 14 აგვისტოს შეხვედრაზე, სერიოზული კონფლიქტი მომხდარა, მწვავე დაპირისპირება, ივანიშვილმა მიწასთან გაასწორა კოალიციის ლიდერებიო. თქვენ მე მატყუებთ, ეს ყოფილა ამ შეხვედრის მთავარი ფრაზა. ამ ამბის შემდეგ კი ტელევიზიის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ცხელ გულზე ხომ არ გააკეთა, რაიმე კავშირს თუ ხედავთ ამ ფაქტებს შორის?
- მე ვფიქრობ, რომ ის იმდენად გაბრაზდა რაღაცაზე, როდესაც აღმოაჩინა, რომ რაღაც ისე არ არის, რომ მას ატყუებენ, დიახ, შესაძლოა მან ეს ემოციური ნაბიჯი გადადგა. თუმცა, მოდით ასე შევხედოთ საკითხს, პრემიერ-მინისტრს ჰყავს უზარმაზარი აპარატი, ეს აპარატი უნდა იყოს მოწოდებული იმისთვის, რომ ის კი არა, რა ინფორმაციაც მედია საშუალებებში გადის, რაც ყველამ არ იცის, ისეთი ინფორმაციები უნდა მოიპოვოს და მიაწოდოს პრემიერ-მინისტრს. არადა, ყოველ ნაბიჯზე თითქმის ჩვენ ვრწმუნდებით, რომ პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია არა აქვს გარკვეულ საკითხებზე, თან საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე. მე ვფიქრობ, რომ მას ეს ნაბიჯი კი არ უნდა გადაედგა და ტელევიზია და სააგენტო კი არ უნდა დაეხურა, არამედ სერიოზულად უნდა გადაეხალისებინა თავისი გუნდი საკუთარ აპარატში. პრემიერ-მინისტრის და მთავრობის აპარატს ვგულისხმობ. აი, ეს იქნებოდა ლოგიკური. იმიტომ, რომ ათი თვის განმავლობაში ადამიანები ელოდებიან სერიოზულ ძვრებს, რაღაც უკეთესობას და ამ ფონზე გამოდის სააკაშვილი და ასეულობით ათასი ადამიანი, ვისაც პირობითი მსჯავრი ჰქონდა, ან ნასამართლევია, ვითომ მისი დაჭერილი არ ყოფილა, ახლა უქარწყლებს ნასამართლეობას და უხსნის პირობით მსჯავრს. აი, ამ პირობებში სააკაშვილმა მოახერხა ის, რომ მოიმადლიერა ის ხალხი, ვინც თვითონ დაიჭირა და გააუბედურა.
- ალბათ ეს გათვლილია არჩევნებზე და ხმების მოზიდვაზეც, როგორც სჩვევიათ ხოლმე...
- რა თქმა უნდა, ეს არჩევნებზეა გათვლილი, მან ხომ ყველაზე უკეთ იცის, რამდენი ადამიანი გაასამართლა მისმა რეჟიმმა და რამდენს პირობითი მსჯავრი აქვს. მაგრამ ტყუილად ჰგონია, რომ ეს ადამიანები ხმას მისცემენ. რაღაცა მცირე პროცენტმა შეიძლება მისცეს, ასეთები ყოველთვის არიან. ავიწყდებათ, გუშინ რა იყო და დღევანდელი დღით ცხოვრობენ მარტო, მაგრამ ძირითადი მასა მის კანდიდატს მხარს არ დაუჭერს.
- გამოდის და ცინიკურად აცხადებს, ჩემს დროს როგორ გაბედავდნენ ციხეში პატიმრის ცემას და მოკვლასო...
- არა, ჩვენ სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე... მას იმ წუთში სჯერა, რასაც ამბობს. საერთოდ, მე თუ მკითხავთ, დიდი არტისტი დაკარგა სცენამ და კინომატოგრაფიამ მისი სახით. იმ წუთში რასაც ამბობს, სჯერა და სტანისლავსკი გვასწავლიდა, რომ შენ თუ გინდა მაყურებელმა დაგიჯეროს, შენ თვითონ უნდა გჯეროდეს იმის, რასაც ამბობო.
- ამ ფონზე რას ელოდებით საპრეზიდენტო არჩევნებისგან?
- მე ვფიქრობ, ასე თუ გაგრძელდება, ყველამ ვიცით, რომ მარგველაშვილის რეიტინგი არ არის მაღალი, ბაქრაძის რაც არის, ის აღარ მოემატება არასოდეს და პარალელურად იზრდება ბურჯანაძის რეიტინგი... ამიტომ ყველაფერი თუ ნორმალურად ჩატარდა და სამართლიანად, პროგნოზი ასეთია, რომ თუ პირველივე ტურში არა, მეორე ტურის შემდეგ მაინც ბურჯანაძე გაიმარჯვებს.
- ამას რამდენად დაუშვებენ ოცნება და ნაციონალები? ბურჯანაძე ორივე ძალისთვის მიუღებელია...
- კი, მაგრამ ნაციონალებიც ერთი წამითაც არ უშვებდნენ, რომ პირველ ოქტომბერს დამარცხდებოდნენ არჩევნებში, მაგრამ საბოლოოდ ეს ასე მოხდა. საბოლოო არჩევანს აკეთებს ხალხი და არა ეგ ორი პარტია.
- საუბარია, რომ ირაკლი ალასანიას პარტიაც ნინო ბურჯანაძეს უჭერს მხარსო და თქვენ თუ გსმენიათ რამე ამის შესახებ?
- პარტიები რომ უჭერდნენ მე ასე არ მსმენია, მაგრამ სხვადასხვა პარტიის აქტივისტები, მათ შორის კოალიციაში შემავალი პარტიის აქტივისტები მასობრივად გადადიან ბურჯანაძის მხარეს. იმიტომ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები, ეს არის ძალიან პერსონალური არჩევნები, მე შეიძლება შარშან ოქტომბერში შენ დაგიჭირე იმიტომ მხარი, რომ სააკაშვილის გასტუმრების იმედი მქონდა, მაგრამ ახლა, ამ მოცემული კანდიდატებიდან, მე არჩევანს ვაკეთებ ბურჯანაძის სასარგებლოდ იმიტომ, რომ ის არის შეურიგებელი და ამბობს, რომ ეს მახინჯი კოჰაბიტაცია არ უნდა გაგრძელდეს, რომ სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის წევრები უნდა გასამართლდნენ. ეს არის დღეს ამომრჩევლის მოთხოვნა. იმის კიდევ, რომ 27 ოქტომბერს მარგველაშვილი დაამთავრებს კოჰაბიტაციას, ამას პატარა ბავშვი თუ დაიჯერებს. ძალიან რთულია ამის დაჯერება, ჯერ ერთი, 27-ში ვერ დაამთავრებს, ხმები არ იქნება დათვლილი, თუმცა ვერც 28-ში და 29-ში შეცვლის რამეს, რადგან პარლამენტში ნაციონალების 40% ისევ ისხდებიან. არადა, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდესო. რაც მთავარია, ადგილობრივ დონეებზე ნაციონალებმა, რომლებმაც ფერი შეიცვალეს და გახდნენ მეოცნებეები, თუ ვინმეს სჯერა, რომ ხვალ ისინი არ შეიცვლიან ფერს, ძალიან მიამიტი ადამიანია. ამიტომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, რეალური კანდიდატი არის ნინო ბურჯანაძე.
- 27-ში დავასრულებთ კოჰაბიტაციასო და ალბათ ჯობდა, რომ არც დაეწყოთ...
- მათაც კარგად იციან, რომ აქედან კარგი არაფერი გამოვა და ეს არის მათი ყველაზე მთავარი ნაკლი ამომრჩევლის თვალში, იმიტომ, რომ მათ ამით ხაზი გადაუსვეს თავიანთ დაპირებებს. ხალხმა ხომ უსამართლობის და ტერორის გამო მისცა ხმა, თორემ ბიძინა ივანიშვილს ფული კი არ სთხოვა ვინმემ. პენსიონერები დადგნენ რიგში და ლარობით შეიტანეს ფული ქართუ ბანკის გადასარჩენად ხომ?! ხომ უნდა მიხვდე, რა მენტალიტეტის ხალხთანა გაქვს საქმე. სხვათა შორის, ნაციონალებმაც იმიტომაც წააგეს არჩევნები, რომ იძახოდნენ, მეტი სარგებელიო. ქართველი ხალხი არ არის სარგებლის მაძიებელი და ყველაფერს არ გაცვლის მატერიალურ მოგებაზე! ძირითად დაპირებას როდესაც არ ასრულებ, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ წააგებ არჩევნებს.











fs22

ავტორი: fs22 ნონა ცაბაძე


კალენდარი
სექტემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი