მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2013-08-23
ბატონის ციხის რეაბილიტაცია დაწყებულია

ბატონის ციხის რეაბილიტაცია დაწყებულია. ამის შესახებ განცხადება თელავში ჩასულმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარმა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მერაბ ბოჭოიძემ გააკეთეს.
უნიკალური ძეგლის კონსერვაციის გეგმაზე მიმდინარე სამუშაოების პირველი ეტაპის შედეგების წარდგენა-დისკუსია თელაველებთან გაიმართა. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, თელავის ბატონის ციხის კომპლექსის რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის კანონის დაცვითა და მასში გათვალისწინებული ყველა წესის თანახმად ხორციელდება.
თელავში ადგილობრივ მოსახლეობას ბატონის ციხის კომპლექსზე განსახორციელებელი სამუშაოების პროექტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრისა და თელავის ბატონის ციხის კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტის დირექტორი მაკა დვალიშვილი, პროექტის კონსერვაციის კონცეფციის ავტორი ნატო ცინცაბაძე და კონსერვაციის გეგმაზე მომუშავე სპეციალისტები შეხვდნენ. სწორედ მათ წარუდგინეს თელაველებს ყველა იმ სამუშაოს მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ძეგლისთვის არის საჭირო. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებიც.
დელეგაცია, თელავის გამგებელ გივი მეტრეველთან, საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძესთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, თელავის ბატონის ციხესაც ესტუმრა და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.
- ბატონის ციხე თელავში წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის კომპლექსურ ძეგლს. 2010-2012 წლებში თელავის ბატონის ციხეზე ჩატარებულმა სამუშაოებმა ხუროთმოძღვრული კომპლექსი მნიშვნელოვნად დააზიანა, რადგან ძეგლის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობა მიმდინარეობდა. კომპლექსური ძეგლის ქსოვილში შეტანილი უხეში ცვლილებების გამოსწორებისა და შექმნილი მდგომარეობის ძეგლთა დაცვით პრინციპებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, აუცილებელია, დამუშავდეს თელავის ბატონის ციხის კომპლექსის კონსერვაციის გეგმა, - განაცხადა მერაბ ბოჭოიძემ.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, თელავის ბატონის ციხის კომპლექსის კონსერვაციის გეგმის შექმნაზე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი მუშაობს. პროექტს აფინანსებს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. დოკუმენტი წლის ბოლომდე მომზადდება, რის შემდეგაც, ისტორიული მნიშვნელობის არეალში ბატონის ციხის კომპლექსის განვითარება კანონის დაცვით განახლდება. ასევე, სპეციალისტების მიერ შემუშავებული იქნება დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად იქნება წარმოდგენილი: სახელოვნებათმცოდნეო კვლევის, გრაფიკული და ფოტოფიქსაციის, არქეოლოგიური და საინჟინრო დასკვნების, ძეგლის კონსერვაციის და სოციოლოგიური კვლევის მასალები, ინტერდისციპლინარული კვლევის ანალიზი და ძეგლის სარეაბილიტაციო სახელმძღვანელო პრინციპები.
- თელავის ბატონის ციხის კომპლექსი მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ, სხვადასხვა პერიოდისა და ფუნქციის ნაგებობებს. მათ შორის, XVII-XVIII საუკუნეების გალავანს, XVII-XVIII საუკუნეების კარის მცირე ეკლესიას, XVII-XVIII საუკუნეების სობოროს, XVII-XVIII საუკუნეების საზარბაზნე კოშკს, XIX საუკუნის შუა წლების "სახაზინო სახლს", რომელსაც სტატუსი მოეხსნა 2012 წელს და ამჟამად დანგრეულია, XVII-XVIII საუკუნეების წმიდა ნინოს ყოფილ სასწავლებელს, ისიც ამჟამად დანგრეულია, XVIII-XIX საუკუნეების სკოლას, XVIII საუკუნის აბანოს და XIX საუკუნის სამხატვრო გალერეას, რომელიც ასევე ამჟამად დანგრეულია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მსგავსი ფაქტები აღარ გამეორდეს და ბატონის ციხემ თავისი პირვანდელი სახე მაქსიმალურად შეინარჩუნოს, - აღნიშნა კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარმა.
ცნობილია, რომ კულტურის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს, გააკონტროლოს ძეგლების მდგომარეობა და არ დაუშვას ისეთი შეცდომები, რაც წინა ხელისუფლებამ დაუშვა. მარინე მიზანდარი არ მალავს, რომ წინა ხელისუფლებამ დაანგრია ის, რაც ისტორიულად გვქონდა და ახლებური რეაბილიტაციები ხშირ შემთხვევაში არ არის მოსაწონი. ამის მაგალითად მას ბაგრატის ტაძარი მოჰყავს, რომელიც იუნესკომ თავისი სიიდან ამოიღო.
თელავის საზოგადოებას, თელავის ისტორიული მუზეუმის ახალი კონცეფცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 26 აპრილს წარედგინა. ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა მსჯელობა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბატონის ციხის კომპლექსის კრიზისული ვითარებიდან გამოყვანის მიზნით, განხილულ იქნა მუზეუმის კონცეფცია, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ტექნიკური დავალება არსებული მშენებარე ნაგებობის ადაპტაციისათვის.
- ბატონის ციხე, გვიანდელი ფეოდალური ხანის საქართველოს საერო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია თელავში. ეს იყო კახეთის მეფეთა რეზიდენცია XVII-XVIII საუკუნეებში. კომპლექსში შედის ციხის ზღუდე ორი ალაყაფის კარით, მეფეთა სასახლე, აგებული XVII საუკუნის 60-იან წლებში, კარის ორი ეკლესია, აბანო, გვირაბი. ზღუდის შიგნით მოთავსებული იყო სახელმწიფო დაწესებულებათა შენობები, უფლისწულთა სასახლე და სემინარია, ამჟამად შემორჩენილია მისი ნაშთი. XIX საუკუნის II ნახევარში დაზიანებული კომპლექსი შეაკეთეს და ახალი შენობებიც დაუმატეს, მათ შორის სასულიერო სასწავლებელი, ე.წ. "ხაზინა", სატუსაღო, სამრეკლო და სხვა მნიშვნელოვანი ნაგებობები, - ამბობს მერაბ ბოჭოიძე.
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლის მაკა შავგულიძის თქმით:
- "ბატონის ციხის" არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში. ქალაქ თელავში მდებარე კომპლექსი, თავისი არქიტექტურულ-ისტორიული მახასიათებლებით კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ ძეგლს წარმოადგენს. ხუროთმოძღვრული კომპლექსის შემადგენლობაში შედის: კახთ მეფეთა სასახლე, ერეკლე მეორის კარის ეკლესია, არჩილის კარის ეკლესია, ციხის გალავანი, აბანო და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი. "ბატონის ციხის" არქიტექტურული კომპლექსის მშენებლობა, პირობითად, ორ ეტაპად იყოფა. მშენებლობის პირველ ეტაპზე ერეკლე მეორის მემორიალური სასახლე (კახთ მეფეთა სასახლე), აღმოსავლეთის კარიბჭე და აბანოა აგებული. მშენებლობის მეორე ეტაპზე, რომელიც XVIII საუკუნის მეორე ნახევარს მოიცავს, ერეკლე მეორის კარის ეკლესია, გალავანი კუთხის მრგვალი ბურჯებით და დასავლეთის კარიბჭეა აგებული. "ბატონის ციხის" კომპლექსი გეგმაში წაგრძელებულ, არათანაბარ მართკუთხა ფორმას წარმოადგენს. იგი გვიან შუა საუკუნეებში კახეთის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი რიყის ქვით ნაგები მაღალი გალავნითაა გარშემორტყმული, რომელიც 3 ჰექტარამდე სივრცეს ფარგლავს. ისტორიული წყაროების მიხედვით, "ბატონის ციხის" არქიტექტურული კომპლექსი არა მხოლოდ მეფეთა საცხოვრებელი ანსამბლი იყო, არამედ მას დიდი სამხედრო დანიშნულებაც ჰქონდა - აღნიშნული ისტორიული გალავანი მეფე ერეკლეს დროს ქალაქს შემოსევებისაგან იცავდა და მოსახლეობისათვის მტკიცე თავდაცვით საშუალებას წარმოადგენდა. კომპლექსის ტერიტორია ორ - დასავლეთის და აღმოსავლეთის ნაწილებად იყო დაყოფილი, რაც დღემდე შენარჩუნებულია. დასავლეთის ვრცელი მონაკვეთი, საფიქრებელია, რომ ციხე-გალავნის როლს ასრულებდა. მისი ფართობი 1,5 ჰექტარზე მეტია, რაც სამეფო ანსამბლის არსებობაზე მიუთითებს. ხოლო აღმოსავლეთის მონაკვეთი შიდა ციხეს წარმოადგენს, რომლის ფართობი ერთ ჰექტარს აღემატება. "ბატონის ციხის" კომპლექსის გალავანი ჩრდილოეთის მხარეს ფერდობს მიუყვება და შედარებით დაბალია. დანარჩენი სამი მხარე ვაკეზეა გაშენებული, ამიტომ, აქ გალავნის სიმაღლე ზოგიერთ ადგილას 10-12 მეტრს აღწევს. გალავანი რიყის ქვითა და კირის დუღაბით აგებულ მაღალ, მრგვალქონგურებიან კედელს წარმოადგენს, რომელშიც სათოფურებია დატანებული. შიდა კედლებით იგი ორ არათანაბარ მონაკვეთადაა დაყოფილი - კედლის შიდა პირზე საბრძოლო ბილიკია მოწყობილი, ამავე ხაზზეა განლაგებული სათოფეები და სალოდეები. გალავნის კუთხეებში ოთხი ცილინდრული ორ-სამ სართულიანი მრგვალი ბურჯებია განლაგებული. გალავნის კედლები სწორი კუთხეებით ფარგლავს სივრცეს. სამხრეთის კედლის შუაში კედლის საერთო ფრონტიდან წინ გამოტანილია გალავნის ნაწილი მრგვალი ბურჯებით, საზარბაზნე ბაქნითა და სასროლი ხვრელებით. "ბატონის ციხის" ჭიშკრის კოშკი XVII საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული, ხოლო გალავნის კოშკი XVIII საუკუნეში. "ბატონის ციხის" გალავნის მშენებლობაში ერეკლესეულ წვლილზე საუბრობს ომან მდივანი, რომლის მიხედვითაც "თვით "მეფემ ირაკლიმ" განაახლა გალავანი თელავისა". იგივე აზრია გამეორებული პაპუნა ორბელიანთან, რომელიც მშენებლობას 1753 წლით ათარიღებს. "ბატონის ციხეში" შესასვლელი კარიბჭეები გალავნის აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარესაა განთავსებული, რომლებიც, ამასთანავე, თავდაცვით ნაგებობებსაც წარმოადგენს. დასავლეთის კარიბჭე დასავლეთის კედლის ცენტრშია აგებული, კედლის საერთო სიბრტყიდან წინ არის გამოტანილი და ციხის კედლების მიმართ საგრძნობლად ამაღლებულია. იგი ორსართულიანი ნაგებობაა - ქვედა სართულზე ფართო გასასვლელი კარია კამაროვანი გადახურვით (ძველად აქ რკინის კარი ყოფილა შებმული), ხოლო ჩრდილოეთსა და სამხრეთ მხარეს მეორე სართულზე ასასვლელი კიბეებია განთავსებული. მეორე სართული მაღალი კედლებით შემოზღუდულ გადაუხურავ საბრძოლო ბაქანს წარმოადგენს, რომელიც სამი - სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან მაღალი მრავალქონგურებიანი კედლებით არის შემოსაზღვრული. აქ მრავლადაა დატანებული სათოფურები და სალოდეები. დასავლეთი ჭიშკრის გარე ფასადი მდიდრულადაა დეკორირებული. ისრისებური, ტრიუმფალური თაღის ორივე მხარეს ორ იარუსად კედლის ნიშები და აგურის სწორკუთხა ჩარჩოებში ჩაწერილი სახოვანი წყობაა მოთავსებული, რაც ზღუდის ყველაზე ძლიერი მხატვრულ-დეკორაციული აქცენტია. ჭიშკარი, რომელიც ზღუდის საერთო ფრონტიდან ძლიერად არის წინ გამოწეული, ორსართულიანი ჭიშკრის ერთგვაროვან გადაწყვეტას იძლევა.
ჭიშკრის აგების პერიოდად XVIII საუკუნეა ნავარაუდევი. 1982 წელს დასავლეთის კარიბჭეში გაკეთდა წყლისგან დამცავი სისტემა, რისი საშუალებითაც მასში წყალი აღარ გროვდებოდა. ბატონის ციხის აღმოსავლეთის კარიბჭე ორსართულიანი ნაგებობაა და გალავნის აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ კოშკთან ახლოს მდებარეობს. ქვედა სართული წარმოადგენს თაღოვანი გადახურვის კარის ხვრელს, რომელიც ორ ბურჯს ეყრდნობა. მეორე სართული კვადრატული ოთახია, რომელიც ოთხივე მხარეს ღიადებითაა გახსნილი. ოთახი გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც გაბჯენილია ურთიერთპერპენდიკულარულად მიმავალი თაღებით. ოთახის ოთხივე მხარეს არსებული სარკმლები, სამხრეთის კედელში მოწყობილი ბუხარი და აღმოსავლეთით მოწყობილი აივანი, რომელიც დაგვირგვინებული იყო თაღოვანი მაშიკულების რიგით (მისი ნაშთი იკითხებოდა კარნიზში), გვაფიქრებინებს, რომ იგი საცხოვრებელი სადგომი იყო. ლ. რჩეულიშვილის მოსაზრებით, სწორედ მას უნდა უწოდებდეს "სალხინოს" ალექსანდრე ორბელიანი. აღმოსავლეთ კარიბჭის არქიტექტურა და გადამხურავი კონსტრუქციის სისტემა XVII საუკუნის ხუროთმოძღვრებისთვისაა დამახასიათებელი. იგი არჩილის მოღვაწეობის პერიოდშია აგებული. აღმოსავლეთის კარიბჭე არაერთხელ ყოფილა აღდგენილი და შეკეთებული (XIX საუკუნის შეკეთება კარგად ჩანს ეზოდან, სადაც ქვედა სართულის თაღი რუსული აგურით არის გამოყვანილი). 1979-83 წლებში შესწავლილ იქნა არჩილისეული კოშკი. შესწავლის საფუძველზე, 1989 წელს გაკეთდა გეგმა, რომელიც 2001-2002 წლებში განხორციელდა. პირვანდელი სახე დაუბრუნდა არჩილისეულ კოშკს, რომელსაც აღუდგა პირველი სართული, ჩრდილოეთით მოეწყო აივანი, შეკეთდა სახურავი, შესასვლელში გაკეთდა ახალი კარი და კიბეები. აღდგენილ იქნა სასახლემდე მისასვლელი გზა და სამეფო ეზო. "ბატონის ციხის" ხუროთმოძღვრული კომპლექსის აღმოსავლეთ მონაკვეთის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია კახთ მეფეთა ერთსართულიანი სასახლე, რომელიც კომპლექსში დამოუკიდებლად მდგარ ნაგებობას წარმოადგენს. სასახლე გეგმაში კვადრატს მიახლოებულია. მასში განთავსებულია სწორკუთხა მისაღები დარბაზი და ხუთი მცირე ზომის ოთახი დერეფნებითურთ. სასახლის არქიტექტურული გაფორმება შეისრული თაღოვანი ღიადებით არის განხორციელებული. სასახლის უნიკალობა, გარდა მისი ხუროთმოძღვრული იერისა, უპირველესად, მისი აგების ისტორიაშიცაა. მეფეთა სასახლის აგების ისტორიასა და დათარიღების საკითხს იკვლევდნენ სხვადასხვა მკვლევარები. ერთ-ერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ სასახლე კახეთის მუსულმანი მმართველის მიერ არის აშენებული და ასეთად იგი დავით იმამყულიხანს მიიჩნევს, რომელიც კახეთის გამგებლობას 1703 წლიდან შეუდგა. ამ მოსაზრების გათვალისწინებით საფიქრებელია, რომ დავით იმამყულიხანი ადგილობრივ ხუროთმოძღვრულ თავისებურებებზეც ამახვილებდა სათანადო ყურადღებას. სხვა მკვლევარი მიიჩნევს, რომ ქართული ხუროთმოძღვრული აზროვნებისათვის სრულიად უჩვეულო და არადამახასიათებელია უცხოურის კალკირება. ქრისტიანობის გავრცელების ადრინდელ ეტაპზე, თუ XIX9 საუკუნის საერო არქიტექტურაში ქართველი ოსტატები გარდაქმნიდნენ უცხოეთიდან შემოჭრილ სტილს და "აქართულებდნენ" მას, რაც სადგომების კვადრატულ გადაწყვეტასა და გვირგვინისებურად ამაღლებული კამარით გადახურვაში აისახებოდა. აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი გვიანფეოდალურ ხანაში ციხეთა ვაკეზე შენებას და მათ ოთხკუთხა ფორმას კახეთისათვის, კერძოდ კი, ალაზნისპირისათვის დამახასიათებლად მიიჩნევს. სასახლესთან, გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში არჩილის კარის ეკლესია მდებარეობს. არჩილის ეკლესიად წოდებული მცირე ეკლესია წმიდა ნინოს სახელობისაა, რომელიც აშენებულია, როგორც სასახლესთან არსებული მცირე სამლოცველო. ეკლესიამ ჩვენამდე შეკეთებული სახით მოაღწია. იგი მცირე ზომის, ქვიტკირის ერთნავიანი აფსიდიანი შენობაა. ერეკლე მეორის კარის ეკლესია გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან მდებარეობს. ექვთიმე თაყაიშვილის გამოკვლევით, ერეკლე მეორის კარის ეკლესია აშენებულია ერეკლეს მიერ 1753 წელს. დღესდღეობით, ეკლესია საგრძნობლად შეცვლილია. გადაკეთებულია დასავლეთის ნაწილი, სადაც მიდგმული აქვს დამატებით ახალი მასივი, რომელიც უფრო ვიწროა და დაბალი, ვიდრე პირველადი ნაგებობა. პირვანდელი ძველი ერეკლესეული ეკლესია აგურით არის ნაგები და იგი ჩვეულებრივ დარბაზულ, ერთნავიან შენობათა ტიპს მიეკუთვნება. ეკლესიის მახლობლად გალავნის კუთხის ბურჯზე შემდგარი სამრეკლო XIX საუკუნის პირველ ნახევარს მიეკუთვნება. იგი არატრადიციული არქიტექტურული ფორმით იქცევს ყურადღებას - წარმოადგენს არა ცალკე მდგომ ნაგებობას, არამედ მის ფუძედ გამოყენებულია ჩრდილო-დასავლეთ გალავნის კუთხის მომრგვალებული ნაწილი. ეს, ერთი შეხედვით, უჩვეულოა და არქიტექტურული თვალსაზრისით არღვევს კიდეც გალავნის ჰორიზონტალურად გაშლილ სტრუქტურას. მაგრამ საგანგებოდ შერჩეული მომრგვალებული კუთხის ფორმა ამოზრდილი სამრეკლოთი მთლიანობაში არ ქმნის ეკლექტურობის განცდას, პირიქით, თავისებურებას სძენს ხუროთმოძღვრულ იერს. აბანო "ბატონის ციხის" ტერიტორიის ორად გამყოფ კედელზე, სამხრეთის გალავნის შეერთების კუთხეშია აშენებული. ერთსრთულიანი აბანო გვიანფეოდალური პერიოდის, ძველი ქართული სტილის აბანოების სისტემაზეა მოწყობილი, იმ განსხვავებით, რომ მისი კედლები მოხატული ყოფილა. იგი ჩვენამდე სრულად არ არის მოღწეული - შემორჩენილია მხოლოდ საბანაო ოთახი აუზით და ცხელი წყლისათვის მოწყობილი წყლის ავზი, რომლის იატაკის ქვეშ მოწყობილი იყო ღუმელი და რამდენიმე სათავსო. აბანო რამდენიმე სადგომისაგან შედგებოდა. ერთ-ერთი ასეთი სადგომი უშუალოდ საბანაო ოთახთანაა დაკავშირებული. იგი საგანგებოდ ყოფილა გაფორმებული მოხატულობით. აბანო ბუხრით თბებოდა, რომელიც აბანოს ქვეშ, მიწის ზედაპირიდან ორი მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა.
კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი გვირაბი "ბატონის ციხის" ჩრდილო-დასავლეთ სექტორშია აგებული, რომელიც საიდუმლო გასასვლელის და ნაგებობებთან დამაკავშირებელი გზის ფუნქციას ასრულებდა. ქვიტკირით აგებული დერეფან-გვირაბიდან წყაროსთან ჩასასვლელი კიბე იყო მოწყობილი. კომპლექსის ნაწილია, აგრეთვე, ბატონის ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით რამდენიმე მეტრის დაშორებით აღმართული დიდი მრგვალი საზარბაზნე ბურჯი, რომელიც XVIII საუკუნის 70-იან წლებშია აგებული. ისტორიული წყაროების მიხედვით, "ბატონის ციხის" კომპლექსში, XVII-XVIII საუკუნეებში კახთ მეფეთა რეზიდენცია იყო განთავსებული. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში აქ მეფე ერეკლე მეორის რეზიდენცია იყო მოთავსებული და თელავის მეფეთა სახლი ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური ცენტრი გახლდათ. ამასთანავე, მას დიდი სამხედრო მნიშვნელობაც ჰქონდა, რაზეც, ასევე, ძეგლის ხუროთმოძღვრული სახე მიგვანიშნებს. კახთ მეფეთა სასახლე თავისი ცხოვრების პირველი ოთხი ათეული წლის მანძილზე ვეღარ ასრულებდა თავის პირვანდელ ფუნქციას. იგი, ხშირად, უპატრონოდ იყო მიტოვებული და, საფიქრებელია, რომ ზიანდებოდა კიდეც. ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ XVIII საუკუნის ნახევრიდან თელავის სასახლეში უკვე აღდგა ცხოვრება და მეფეთა სახლმა საუკუნის დასასრულამდე ინტენსიური ცხოვრებით იცხოვრა. ქართლ-კახეთის მეფეთა რეზიდენციის პატივი ქალაქ თელავმა XIX საუკუნეში დაკარგა. საქართველოში დამოუკიდებელი სამეფოს გაუქმებისთანავე ბატონის ციხის არქიტექტურულ კომპლექსსაც შეუწყდა კახეთის მეფეთა რეზიდენციის ფუნქცია. მან ვერ შეინარჩუნა ის მეორადი მხატვრული სახეც, რომელიც ერეკლე მეორის მიერ XVIII საუკუნეში ჰქონდა მინიჭებული. მის მეფობაში თელავის მეფეთა სახლი არათუ უცხოელ ელჩთა მისაღები და ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური ცენტრი იყო, არამედ იგი მხარის ყველაზე მძლავრ ბასტიონად და შიშიანობის პერიოდის საიმედო თავშესაფრად იქცა. გადმოცემით, ერეკლე მეორე გაზრდილი საჭიროების დასაკმაყოფილებელად დამატებით სადგომებს აგებდა. მისი მოღვაწეობა შექმნილ ისტორიულ სიტუაციაში ზოგადი ქალაქმშენებლობითი პრობლემის გადაწყვეტას ემსახურებოდა. ბატონის ციხე ნაწილი გახდა იმ სტრატეგიული მშენებლობისა, რომლის მიზანი ხალხის დაცვა იყო. გიულდენშტედტის მითითებით, ერეკლე მეორის წვლილი მხოლოდ სასახლის ირგვლივ კედლების შემორტყმით არ განისაზღვრა და მას თვით სასახლეშიც გარკვეული ცვლილებები შეუტანია: "სასახლე ნაწილობრივ ძველი და ნაწილობრივ ახალი ნაწილებისაგან შედგება". ერეკლე მეფეს ამოუვსია XVII საუკუნის შენობის აივნები და ოთახებად უქცევია ისინი. ამ სადგომების გადახურვა ბრტყელია, სარკმლები - არქიტრავული, მაშინ, როდესაც ძირითადი კომპოზიციის ნაწილებში კამარები გვაქვს და ყველა ღიობი თაღოვანია. სავარაუდოდ, 1801 წელსამ სასახლემ თავისი ფუნქცია დაკარგა და დაიწყო მისი ახალი ცხოვრება, ადაპტაცია ახალ ვითარებასთან. 1802 წელს მასში ყაბარდოს პოლკის შეფი და მეთაური გენერალ-მაიორი გულიაკოვი დასახლდა. 1805 წელს იგი რუსეთის მთავრობის სახაზინო უწყებას გადაეცა. 1811 წელს შედგა დაძველებული სასახლის გადაკეთების პროექტი, მასში ყაზარმებისა და სახაზინო დაწესებულებების მოსათავსებლად, ხოლო 1822 წელს რ. ლაილს მის "დაბალ ოთახებში" მაიორი ილინსკი დახვდა დაბინავებული, სააუდიენციო დარბაზი კი თავლად ყოფილა გამოყენებული. ისტორიული წყაროების მიხედვით, 1845 წელს მეფისნაცვალმა ვორონცოვმა სასახლე მოინახულა, რომელიც მას დანგრეული დახვდა. მისი ბრძანებით დაწყებული აღდგენითი სამუშაოები 1850 წელს დასრულდა. შედეგად აღდგენილ იქნა აღმოსავლეთის ნაწილის ნახევარი. 1860-იანი წლებიდან თელავის სასახლეს ახალი ფუნქცია მიენიჭა. მთლიანი შენობა წმიდა ნინოს ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებას გადაეცა, სადაც 1865 წელს წმიდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელი დაარსდა. სასწავლებლის მოთხოვნილებების გათვალისწინებით, არქიტექტორ ზალცმანის პროექტით ძველი შენობის გადაკეთება და ახალი სართულის დაშენება განხორციელდა. 1912 წელს სასახლე და წმიდა ნინოს სასწავლებლის შენობები ერთმანეთთს დაუკავშირდა.
XX საუკუნის 30-იანი წლებიდან "ბატონის ციხის" არქიტექტურულ კომპლექსში თელავის ისტორიული მუზეუმია განთავსებული. კახთ მეფეთა სასახლეში ერეკლე II-ის მემორიალური მუზეუმი განთავსდა. "ბატონის ციხის" არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე, გარდა ისტორიული ნაგებობებისა, სამუზეუმო კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობა, ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეის შენობა და ადმინისტრაციული ნაგებობებია განთავსებული. "ბატონის ციხის" არქიტექტურული კომპლექსი დროთა განმავლობაში სხვადასხვა სახის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს დაექვემდებარა. ამის მიუხედავად, ძეგლი, მცირედი სახესხვაობით, მის პირვანდელ სახეს ინარჩუნებს. ძეგლის ისტორიული წყაროებით გამყარებული დეტალური არქიტექტურული ანალიზის, მათი გეგმარებითი სტრუქტურის, მხატვრულ-კომპოზიციური ღირსებების, დროისა და მოთხოვნების შესაბამისი ნიშან-თვისებების, ნაგებობათა მშენებლობის ისტორიის მიმოხილვა გვარწმუნებს, რომ იგი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უაღრესად მნიშვნელოვან კულტურულ კერას წარმოადგენს.














fs22cf3

ავტორი: fs22 ეკა ირემაშვილი


კალენდარი
ნოემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი