ქართული ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" ქორეოგრაფი და ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი მოტოფესტივალში ჩაერთო, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. თუკი აქამდე ქორეოგრაფი ქართველ საზოგადოებას თავისი ახალი პროექტებითა და ცეკვებით აკვირვებდა, ამჯერად მან გადაწყვიტა, ახალი ცეკვების ნაცვლად რუსთავში შეკრებილებს თავისი გატაცება წარუდგინოს.
სამი დღის განმავლობაში 23, 24 და 25 აგვისტოს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი მასშტაბურ მოტოფესტივალს უმასპინძლებს. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ირწმუნებიან, საქართველოში დაგეგმილ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად 1000-ზე მეტი ბაიკერი მსოფლიოს 38 ქვეყნიდან ჩამოვა.
ცნობილ ქართველ ბაიკერთა შორის, ილიკო სუხიშვილის გარდა, ასევე ცნობილი ბაიკერი გია სამყურაშვილი და იუმორისტი ნიკა გრიგოლიაც არიან. ის ილიკო სუხიშვილთან ერთად ამ ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორია. სამივე ბაიკერმა წარმატებით აწარმოა მოლაპარაკებები ევროპულ მოტოკლუბებთან და, საბოლოო ჯამში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ასობით ბაიკერი შეიკრიბება.
როგორც მოტოფესტივალის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ამ ფესტივალით დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ, სამდღიან ღონისძიებებს პირადად დაესწრონ, მაგრამ, თუკი ისინი საქართველოში ჩამოსვლას ვერ შეძლებენ, მათ აქვთ საშუალება, ფესტივალის მიმდინარეობას საიტზე განთავსებული პირდაპირი მაუწყებლობით ადევნონ თვალყური.
ილიკო სუხიშვილი ამ ფესტივალისთვის განსაკუთრებულად ემზადება. გარდა იმისა, რომ ფესტივალის უშუალო მონაწილეა, ის ამ ღონისძიებებში თავისი ანსამბლის ჩართვასაც აპირებს. ილიკო სუხიშვილი, მოცეკვავეების გარდა, სამდღიან ღონისძიებებში მოტოციკლეტებსაც ააცეკვებს.
ცნობილი ხდება, რომ ქორეოგრაფმა სპეციალურად ახალი ცეკვაც დადგა, რომლის პრემიერაც სწორედ მოტოფესტივალზე შედგება. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გამართულ ღონისძიებებში სუხიშვილების მოცეკვავეებიც ჩაერთვებიან და მოტოფესტივალი ქართული ცეკვის გარეშე არ ჩაივლის. არ არის გამორიცხული, მოცეკვავეებმა უშუალოდ მოტოციკლის ბღუილის რიტმებზე იცეკვონ.
მოტოფესტივალში მონაწილე დელეგაცია ფესტივალის დაწყებამდე ესკორტით თბილისიდან დაიძვრება და რუსთავში ჩავა. მსოფლიოს 38 ქვეყნიდან ჩამოსული ბაიკერები ფესტივალშიც ჩაერთვებიან და ქართულ კულტურასაც გაეცნობიან.
კიდევ რა სიახლეებს შესთავაზებს ილიკო სუხიშვილი მისი შემოქმედებით დაინტერესებულ პირებს, ეს უკვე მომავალში გახდება ცნობილი. რაც შეეხება მოტოფესტივალს, ის რუსთაველის საერთაშორისო ავტოდრომზე ჩატარების შემდეგ უკვე ბათუმში გადაინაცვლებს, სადაც ასევე სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ბაიკერები მაყურებელს დაუვიწყარ სანახაობას შესთავაზებენ.
fs22cf3















































































