მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-03
"რუსეთის ნომერ პირველი მტერი - ამერიკა, მეორე - საქართველო"

პოსტშევარდნაძისეული პერიოდისთვის მიმდინარე ბრძოლის პირველი ეტაპი ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება და დაპირისპირების სტატუს-კვო შენარჩუნებულია. პოლიტიკურმა და სახელისუფლებო ძალებმა 2 ივნისის არჩევნებში "მოთელვა" გაიარეს (ზოგმა ავტომატით და ზოგმაც მუშტით) და მზერა 2003 და 2005 წლის არჩევნებს მიაპყრეს. იმ "ნანატრ დრომდე" კი პოლიტიკოსებს წინასაარჩევნო კამპანიისას გამჟღავნებული წრეგადასული ურთიერთსიძულვილი ექნებათ დასაძლევი და არჩევნების შედეგები გადასახარში, ხელისუფლებას კი თავისივე წიაღში გამოზრდილ მაფიოზთა დაუყოვნებლივ მხილება-დასჯა, იმ მაფიოზთა, რომელთა შეკვეთითაც არჩევნებზე შეიარაღებული ბანდები დათარეშობენ, იარაღის მუქარით ბიულეტენებს იტაცებენ, ადამიანებს სცემენ და ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიჰყავთ. გუშინდელ არჩევნებზე მომხდარ ფაქტებს და სირცხვილს თუ არ ჩამოიწმენდს ხელისუფლება, შეიძლება ძალიან ცუდად შეუბრუნდეს... საერთოდ, ერის ცხოვრებაში დგება "ჟამი შეკრებად ქვათა" და თუ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, საზოგადოებამ დღეიდანვე არ დაიწყო ამაზე ზრუნვა, შავ-ბნელი პერსპექტივა გარანტირებული გვექნება. მსოფლიოში კი, პროცესები თვისებრივად ახალ სტადიაში შედის (თუ არ ჩავთვლით პაკისტან-ინდოეთს შორის ბირთვულ დაპირისპირებამდე მისულ კონფლიქტს, რომლის მიზეზიც სეპარატიზმი და რელიგიური შეუწყნარებლობაა) და ექსპერტებიც გავლენის სფეროების ხელახალ გადანაწილებაზე უკვე მერამდენედ ალაპარაკდნენ. ბუში-პუტინის მოსკოვის სამიტის შემდეგ არანაკლებ მნიშვნელოვანი და ჩვენთვის საყურადღებო განცხადებები გაკეთდა 28 ივნისს რომში ნატოს სამიტზე, სადაც პრეზიდენტმა პუტინმა, კერძოდ, ბრძანა: "დანარჩენ მსოფლიოსთან დაპირისპირებამ რუსეთს სასიკეთო არაფერი მოუტანა, რაც კარგად ესმის ჩემი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას. დღეს რუსეთი უბრუნდება ცივილიზებულ ერთა ოჯახს და მას არაფერი სჭირდება გარდა იმისა, რომ რუსეთის პოზიცია შეისმინონ, მას ანგარიში გაუწიონ და რუსეთის ნაციონალური ინტერესებიც გაითვალისწინონ..." მოსკოვშიც და რომშიც პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებებში თითქმის ყველაფერი მისაღებია ერთის გარდა - რუსეთის ნაციონალური ინტერესებით აპელირება, რასაც პუტინი ყველგან ხაზგასმით და ზოგჯერ მუქარის ტონითაც აფიქსირებს. ხოლო ამ ნაციონალურ ინტერესთა სფეროს რომ საქართველოც წარმოადგენს, ამას დიდი ხანია საკუთარ თავზე ვცდით და ალბათ მომავალშიც გამოვცდით. ამიტომ, მიუხედავად მოსკოვის და რომის სამიტების ისტორიული მნიშვნელობისა, მთელ ქართულ საზოგადოებას მართებს ყურადღების და ძალისხმევის გაათმაგება, მით უმეტეს, რომ არც ქვეყნის სტაბილურობაა ჯერჯერობით გარანტირებული და აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საქმეც არათუ ადგილიდან არ იძვრის, არამედ ფრიად საგანგაშო პროგნოზებიც გაისმის... ვესაუბრები აშშ-ის ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორსა და პოლიტოლოგს, ქალბატონ დოდონა კიზირიას:

- უნდა ითქვას, რომ ამერიკელები, საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისას, ძალიან მოიკოჭლებენ ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიულ-კულტურული ტრადიციების ცოდნაში. მათთვის მთავარია ამჟამინდელი პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება. ხოლო ის, რომ ბევრ ქვეყანაში პოლიტიკა და ეკონომიკა ისტორიულ მახსოვრობასთან და კულტურასთან მჭიდრო კავშირშია, თითქმის არ აქცევენ ყურადღებას.

რუსეთს კი არ შეუწყვეტია და არც შეწყვეტს მცდელობას, შეინარჩუნოს გავლენა საქართველოზე. იგი არ შეურიგდება ამერიკის სამხედროთა ყოფნას აქ. ამერიკელებმა ეს იციან და ამიტომ ცდილობენ რუსებთან მოლაპარაკებას საქართველოს პრობლემატიკაზე, რაც საჯაროდ განაცხადეს და დააფიქსირეს ბუშმა და პუტინმა. მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რაზე ილაპარაკეს კულისებს მიღმა თუნდაც იმავე აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით. მართალია, ვაშინგტონი ცალსახად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ამერიკელები დათმობაზე წავიდნენ, დათანხმდნენ აფხაზეთსა და საქართველოს შორის კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნის შესახებ წინადადებას, რასაც ითხოვენ კიდეც აფხაზები. კონფლიქტების მთავარი მომწყობი არის რუსეთი და შეიძლება ამერიკელებმა ამ ნაბიჯით დააშოშმინონ რუსები და თვითონაც მშვიდად იგრძნონ აქ თავი. შეიძლება ჩემი მოსაზრება ბევრს მიუღებლად მოეჩვენოს, მაგრამ ვიმეორებ - ამის საფრთხე არსებობს. ამიტომ მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში მთავარი იქნება საქართველოს ხელისუფლების პოზიცია - რა ხარისხის პოლიტიკურ სტატუსს მისცემს აფხაზეთს. რაც შეეხება ბუში-პუტინის განცხადებას საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ, უნდა ითქვას, რომ დიპლომატიური ენა მოქნილი და მრავლისშემცველია. ადვილი შესაძლებელია, რომ სწორედ კონფედერაცია იქნეს აღებული როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ერთ-ერთ ფორმად შესაბამისი საერთაშორისო გარანტიებით. ამერიკის პოლიტოლოგიურ წრეებშიც აფხაზეთის პრობლემების მოგვარების პერსპექტივასთან დაკავშირებით არსებობს კონფედერაციის შექმნის შესახებ მოსაზრებაც. ასე რომ, ქართულ დიპლომატიას ურთულესი სამუშაო ელის წინ, აქვე ვიტყვი, რომ ამერიკა არ მიმაჩნია საქართველოს პრობლემების მოგვარების პანაცეად, რაც მიამიტური აზროვნება იქნებოდა და იმედი მაქვს, ქართველებიც აღარ აზროვნებენ ასე, მაგრამ ორ ბოროტებას, აშშ-სა და რუსეთს შორის, ამერიკა ნამდვილად არის ნაკლები ბოროტება საქართველოსთვის, შესაბამისად, მასთან და დასავლეთთან კავშირიც უფრო საჭიროა საქართველოსთვის, ვიდრე რუსეთთან. მივესალმებოდი საქართველო-რუსეთის ნებისმიერ თანამშრომლობას, მაგრამ საუბედუროდ, რუსეთის ნდობა არ შეიძლება და კიდევ დიდხანს ამ ნდობის ხარისხი ნულის ტოლი იქნება.

- და ამასვე ფიქრობენ ამერიკის პოლიტოლოგიურ წრეებში.

- დიახ, მნიშვნელოვანი ნაწილი დარწმუნებულია და არცთუ უსაფუძვლოდ, საქართველოში ჩამოსვლის წინ ამერიკის პოლიტოლოგიურ და აკადემიურ წრეებში განხილვის საგნად იქცა რუსეთში ჩატარებული სოციოლოგიური და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები თემაზე - ვინ არის რუსეთისთვის ყველაზე საშიში ძალა! - პასუხთა აბსოლუტური უმრავლესობა ასე განაწილდა: პირველი ყველაზე საშიში ძალა არის ამერიკა, მეორე - საქართველო! აი, ასეთი ფსიქოლოგიური ატმოსფეროა რუსეთის მოსახლეობასა და საზოგადოებაში შექმნილი და ამაში ლომის წილი სწორედ რუსეთის ხელისუფლებას და მისგან მართულ მასმედიას მიუძღვის. ეს კარგად უნდა გააცნობიერონ საქართველოში, მით უმეტეს, რომ ამერიკელ პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილი გაგებით ეკიდება რუსეთში არსებულ ასეთ პოზიციას და აცხადებენ, რომ ერთ დროს უმძლავრესი და დღეს დაკნინებულ-დამცირებული რუსეთისგან ეს არ უნდა გვეწყინოს და უნდა თანავუგრძნოთ კიდეცო! საერთაშორისო ორგანიზაციებმა და აშშ-ის აკადემიურმა და პოლიტიკურმა წრეებმა რამდენჯერ სასტიკად დაგმეს რუსეთის მიერ ჩეჩნეთში გაჩაღებული ხოცვა-ჟლეტა და ამ პატარა ერის გენოციდი, მაგრამ განცხადებების იქით საქმე არ წასულა და არანაირი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ არ მიუღიათ. ანტიტერორისტულ კამპანიაში რუსეთის ჩართვის შემდეგ კი, ჩეჩნეთზე საერთოდ ხმას აღარ იღებენ. მეტიც, დაბეჯითებით აღნიშნავენ, თუ რა მძიმე დარტყმებს განიცდის რუსეთი ტერორისტებისგან. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კავკასია-რუსეთის პრობლემატიკით დაინტერესებულნი არიან და მსჯელობენ ამერიკის პოლიტოლოგიური და აკადემიური (საუნივერსიტეტო) წრეები, თორემ მოსახლეობის 90-95%-ს წარმოდგენაც არა აქვს არც ჩეჩნეთზე, არც საქართველოზე და არც აინტერესებთ.

- ბოლო დროს, რუსი და დასავლელი პოლიტოლოგები, პოლიტიკოსებიც პრეზიდენტ პუტინს უწოდებენ "მსოფლიო ჩემპიონს საგარეო პოლიტიკაში", ქართული ისტებლიშმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი კი პრეზიდენტ შევარდნაძეს მოიხსენიებს, როგორც "საქართველოს საერთაშორისო სირცხვილს", მიუხედავად იმისა, რომ საგარეო პოლიტიკაში უდავოდ აქვს მნიშვნელოვანი წარმატებები. საკუთრივ ამერიკის ისტებლიშმენტში როგორი დამოკიდებულებაა დღეს პრეზიდენტ შევარდნაძის მიმართ.

- მარტში, ვაშინგტონში საგანგებო საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა კავკასიის პრობლემატიკაზე, რომელსაც ბევრი ავტორიტეტული პოლიტოლოგი, ისტორიკოსი და ეკონომისტი ესწრებოდა. აქ ხაზგასმით ილაპარაკეს იმის შესახებ, რომ საქართველოში კორუფციის მასშტაბმა ბევრად გადააჭარბა პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული ყველანაირი კორუფციის დონეს და რომ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მილიარდობით დოლარი წყალშია გადაყრილიო, რომ სხვადასხვა სფეროს და დარგის განვითარებისთვის საქართველოსთვის გამოყოფილი ამ ფულით არათუ რაიმე არ გაკეთებულა, არამედ ახლოსაც არ გაჰკარებია ეს დახმარებები ამა თუ იმ საქმეს, რისთვისაც იყო გამიზნული. შევარდნაძის მთავრობა აღიარეს ყველაზე კორუმპირებულად და თავად შევარდნაძის იმიჯიც გვარიანადაა შელახული. რაც შეეხება პუტინის გამოცხადებას "მსოფლიო ჩემპიონად", პოლიტიკურ და სახელისუფლებო წრეებში ასეთი შეფასების მიცემა სახელმწიფოს ლიდერისათვის, როგორც წესი, უნდა შევადაროთ ქართულ სადღეგრძელოებს, რიტუალს, როცა ადამიანს ისეთ ხოტბა-დიდებას უძღვნიან, რაც არ დაუმსახურებია. პუტინის ქებაც გახლავთ პოლიტიკური რიტუალის ნაწილი, რომლის მიზანიცაა რუსეთთან მშვიდობიანი, ნორმალური ურთიერთობის დამყარება. ამასთან, დასავლეთი ცდილობს პუტინი და მისი გარემოცვა დაუპირისპიროს ელცინის ოჯახს, ანუ ოლიგარქებს, რომლებიც დღემდე მძლავრობენ რუსეთში. პუტინის და მისი უახლოესი გარემოცვის კორუმპირებულობაზე კი, საერთოდ არ არის საუბარი. პუტინს აღიქვამენ როგორც რუსეთის სახელმწიფოსა და სამხედრო პოტენციალის წარმომადგენელ ფიგურას, რასაც ვერ ვიტყვით შევარდნაძეზე. არადა, ფაქტია, რომ პუტინზე დასაწყისში არავითარ იმედებს არ ამყარებდნენ ამერიკაში და ეშინოდათ კიდეც მისი. შევარდნაძის კი იმთავითვე დიდი იმედი ჰქონდათ, რაც უკუღმა შეუტრიალდათ. ამერიკაში დარწმუნებულნი არიან, რომ შევარდნაძე საქართველოში ვეღარაფერს გააკეთებს, მისი შესაძლებლობები ამოწურულია და ა.შ. იმავე აფხაზეთის დაბრუნებაც თუ მოხერხდა, ეს იქნება არა შევარდნაძის ნიჭის და უნარის წყალობით, არამედ გლობალური პოლიტიკური პროცესების შედეგად... სამწუხაროდ, ქართველებს არ უყვართ საკუთარი პასუხისმგებლობის აღიარება არადა, ფაქტია, რომ საქართველოში ასეთი საშინელი ვითარება გამოწვეულია ქართველების მიერვე საკუთარი ქვეყნის დაუნდობელი განადგურება-გაძარცვით. უკვე მეშინია ჩემს თბილისელ ნაცნობ-მეგობრებთან საუბრისა, რომელთა უმრავლესობა, მთხოვს, როგორმე ვიზა გამოვუგზავნო რათა როგორმე მოხვდეს ამერიკაში სამუშაოდ. იცლება საქართველო ახალგაზრდობისგან, რადგან აქ ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავენ. ეს გაცილებით დამანგრეველია ქვეყნისთვის, ვიდრე რუსული ტანკები. თავიდათავი ამ უბედურებისა არის კორუფცია. ვაშინგტონში საქართველოში სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელ პირობად კორუფციის ალაგმვას მიიჩნევენ, რადგან ამერიკელები მყარად აპირებენ აქ ფეხის მოკიდებას და ჩემი ინფორმაციით, უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში საქართველოს გარანტირებული აქვს, რომ ამერიკას სერიოზული ინტერესები ექნება აქ. ამიტომ მათთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოში ისეთი მთავრობის მოსვლა, რომელიც უწინარესად მოსახლეობაში შექმნის რწმენას და ნდობას, განამტკიცებს სტაბილურობას და სამართლებრივ სტრუქტურებს.

- თავის დროზე ჯორჯ ბუში-უფროსი "დინების წინააღმდეგ სვლად" აფასებდა ზვიად გამსახურდიას პოლიტიკას. დღევანდელი გადასახედიდან ამერიკის პოლიტიკური და პოლიტოლოგიური წრეები როგორ აფასებენ 10 წლის წინ საქართველოში მომხდარ ამბებს. თუ, რა თქმა უნდა, საერთოდ აქვს ადგილი ასეთ შეფასებებს...

- ამერიკელებს წარსულზე ლაპარაკი არ ახასიათებთ. როგორც პრაგმატიკოსები, ისინი მსჯელობენ დღევანდელობაზე და პერსპექტივაზე. მაგრამ, საერთო ანალიზისას აღიარებენ, რომ გამსახურდიას ჩამოგდება იყო შეცდომა, რომ სამხედრო გადატრიალების შემდგომი პერიოდი გაცილებით მძიმე და საზიანო აღმოჩნდა საქართველოსთვის, ვიდრე სასიკეთო. ამას ამბობენ არა იმიტომ, რომ თვითონ ზვიად გამსახურდიას პიროვნება მიაჩნიათ შევარდანაძეზე უკეთესად და მისაღებად, არამედ იმიტომ, რომ სამხედრო გადატრიალება და აქ რუსეთის გავლენის გაძლიერება იყო ის დამანგრეველი ფაქტორი, რამაც არ შექმნა საჭირო საფუძვლები უფრო დემოკრატიული, სამართლებრივი და მშვიდობიანი პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. ამის შედეგებსაც იმკის დღეს საქართველო. არც იმას მალავენ, რომ თავის დროზე საქართველოს მიმართ ვაშინგტონის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას დღემდე თვითონვე ცდილობენ ამერიკელები და ვერ გამოუსწორებიათ. რა თქმა უნდა, ამ პროცესში უწინარესად ქართველებმა უნდა იმარჯვონ და საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებს უანგაროდ ემსახურონ, რაც, სამწუხაროდ, დღემდე დიდი დეფიციტია ქართულ საზოგადოებაში. მშურს ისრაელისა და მისი ხალხისა, რომელიც სახელმწიფოებრიობის შექმნიდან დღემდე უანგაროდ იღვწის და იბრძვის. მთელ მსოფლიოში გაფანტული ებრაელი მილიონერები და მილიარდერები უზარმაზარ თანხებს იღებდნენ და იღებენ უანგაროდ სამშობლოს გასაძლიერებლად, ქართველი მილიონერები კი იმაზე ფიქრობენ, რამდენი გადარიცხონ შვეიცარიის ბანკებში და სად დახარჯონ უაზროდ და უზნეოდ ფული. მეცინება, როცა ვხედავ, როგორ ხმაურს ატეხენ ხოლმე, როცა ერთ-ორ კაპიკს რაღაც ქველმოქმედებას ახმარენ... ამერიკაში ვითომ სასწავლებლად მყოფი ქართველი მილიონერების შვილებიც მინახავს და ბევრიც მსმენია, რომ 18-19 წლის გოგო-ბიჭებს შეუძლიათ თვეში... 50 ათასი დოლარი დახარჯონ შაბათ-კვირას ამერიკიდან ევროპაში გადაფრენა-გადმოფრენისთვის, რა თქმა უნდა, დროის სატარებლად, ძვირფასი ტანსაცმლის შეძენასა და ძვირ სასტუმროებსა და რესტორნებში ყოფნით...

- ამერიკაში მყოფი ქართველების შესახებ როგორი აზრია შექმნილი?

- ქართველების უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ოჯახების გადასარჩენად არის ჩასული და ყველანაირ ადგილზე მუშაობით წელს იწყვეტს, მაგრამ, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი ნაწილი ისე იქცევა, მრცხვენია ვთქვა, რომ ესენი ქართველები არიან-მეთქი! ამის მიზეზი კი, ჩემი აზრით, არის ის, რომ თვითონ საქართველოში ისე წარიმართა სიტუაცია, ისეთი ატმოსფერო შექმნა მთავრობამ, რომ ზნეობა დააკარგვინა ადამიანებს, გააბოროტა და ეს გაბოროტებული ხალხი ამერიკაშიც სჩადის ყოველგვარ უსინდისობას. ქურდობა, ნარკომანია, მრუშობა, ტყუილი - იქ მცხოვრები ქართველების ნაწილის ჩვეულებრივი დღის წესრიგია... ვიცი სამი ქართველი, რომლებიც იმათ სიაში ჩაეწერნენ, ვისაც ახლობელ-ნათესავები დაეღუპა 11 სექტემბერს ცათამბჯენების ნანგრევებში, რათა მიეღოთ ფულადი კომპენსაცია. საერთოდ, სხვა ბევრმა თაღლითმაც გააკეთა იგივე და დაახლოებით 500 ათასამდე დოლარი გაიცა მათზე მოტყუების გზით. არ ვიცი, ამ ქართველებმა მოასწრეს თუ არა "კომპენსაციის" მიღება, მაგრამ ძალიან მალე გაარკვიეს სიმართლე და ახლა მიმდინარეობს უმკაცრესი შემოწმება, რის შემდეგაც ყველა ამ თაღლითს ფულს მოატანინებენ და ციხეშიც უკრავენ თავს. მე არ მინდა მათ შორის ქართული გვარებიც გამოჩნდეს, რაც მართლაც თავლაფის დამსხმელი იქნება. ამერიკაში არიან ე.წ. "მოდას აყოლილი" ქართველებიც, რომლებიც იქ არიან იმიტომ, რომ იტრაბახონ - ამერიკაში ვართო და თითსაც არ ანძრევენ. სამწუხაროდ, თავად ქართველებს შორის გაბატონებულია შეხედულება - ქართველს არ ენდო, უსათუოდ მოგატყუებსო.

- თქვენ წელიწადზე მეტია, საქართველოში არ ყოფილხართ. როგორი იყო და არის გარედან დანახული და შეფასებული საქართველოში და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესები უწინარესად ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და შიდაპოლიტიკური სტაბილურობის თუ მოსალოდნელი საშიშროების თვალსაზრისით.

- უამრავ პრობლემათაგან, ვფიქრობ, საშიში ვითარება იქმნება სამეგრელოში. სამეგრელოს განცალკევების მცდელობა უკვე იმით ხდება, რომ ფუნქციონირებს საზოგადოება "სამეგრელო". აქ უკვე ჩადებულია ნაღმი. ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმაც არის თამაში ძალიან მწვავე ჭრილობაზე, რასაც ბევრი გულწრფელი ადამიანი შეიძლება წამოეგოს. მაგრამ მთელი ამ თამაშის მიზანია სამეგრელოს ჩამოშორება საქართველოსგან. საერთოდ, ამ საფრთხის შესახებ ჯერ კიდევ 11 წლის წინ ვლაპარაკობდი და ეს პირდაპირ ვუთხარი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა სპეციალური კომისიის წევრს და ამის მოწმეა პროფესორი გიორგი გაჩეჩილაძე, მაგრამ, საუბედუროდ, სენატში წარმოდგენაც არ ჰქონდათ ამ პრობლემებზე, ამიტომ სათანადო ყურადღება არ მიექცა საქართველოს.

- სხვათა შორის, ბოლო დროს ქართველ პარტიზანებშიც მოხდა დაპირისპირება და ფრიად საშიში ურთიერთმუქარაც გაისმა მათ შორის. ზუგდიდში კი არჩევნებიც ჩაიშალა.

- დარწმუნებული ვარ, რომ ესეც რუსეთის პროვოკაციის მცდელობის ნაყოფია და სამწუხაროდ, ხშირად რუსების მიერ ოსტატურად გამოყენებულ ადამიანებს არც კი ესმით, რომ რუსეთის ინტერესების წისქვილზე ასხამენ წყალს. იმედი მაქვს, რომ თუნდაც თავიდან ბოლომდე შერცხვენილი, დისკრედიტებული და კორუმპირებული საქართველოს ხელისუფლება რაღაც ზომებს იღებს, რათა სამეგრელოში უბედურება არ დატრიალდეს... ძალიან ყურადღებით წავიკითხე ჭაჭიას რამდენიმე გამოსვლა და ყველგან მკაფიოდაა გატარებული აზრი, რომ დასავლეთთან კავშირი საქართველოსთვის არის დამღუპველი. ხოლო რაც შეეხება რუსეთს, ჭაჭია ჭკვიანურად მოქმედებს, პირდაპირ არ ამბობს, რომ რუსეთს უნდა შევუერთდეთო, მაგრამ ქვეტექსტებში ადვილად იკითხება, თუ რა კარგი იქნება საქართველოსთვის რუსეთთან დაბრუნება. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ, ყოფილებმაც და მოქმედებმაც, მათმა მხარდამჭერმა საზოგადოების წევრებმაც, რომლებიც ტაშს უკრავდნენ მთავრობის მიერ ჩატარებულ სადამსჯელო აქციებს, საჯაროდ უნდა გამოთქვან სინანული სამეგრელოს მოსახლეობის წინაშე, თორემ ჭაჭიები და მისთანები ადვილად შეიქმნიან იქ ბაზას, რათა ყველანაირი უბედურების აზვირთებას შეუწყონ ხელი.

- დაბოლოს, არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ ბატალიებზე გთხოვთ კომენტარს და იმაზეც, თუ სავარაუდოდ რომელ პოლიტიკურ ძალაზე, ლიდერზე გააკეთებს ვაშინგტონი აქცენტს შევარდნაძის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისას...

- საქართველოში გამართულ წინა არჩევნებზე, რომლებიც ტოტალურად გაყალბდა, ამერიკელებმა დახუჭეს თვალი იმიტომ, რომ 1999-2000 წლებში ვაშინგტონი შევარდნაძის ალტერნატივას საქართველოში ვერ ხედავდა. დღეს კი, რაც უფრო მძაფრად შეიგრძნო ქართულმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა, რომ იძირება შევარდნაძე, მით უფრო აყაყანდა და მით უფრო მეტი კანდიდატურა გამოყარა ასპარეზზე. ეშინიათ - რა მოუვათ, როცა შევარდნაძის გემი საბოლოოდ წავა ფსკერისკენ. რასაკვირველია, ვერ დავასახელებ იმ სავარაუდო პოლიტიკოსებს, რომლებზეც ამერიკის პოლიტიკურ და სპეციალურ წრეებში ამყარებენ იმედს და პოსტშევარდნიძისეული პერიოდისთვის მოიაზრებენ საქართველოს ხელისუფლების სათავეში. ვაშინგტონი დაინტერესებულია, თუ ვისთან ექნება საქმე საქართველოში და ჯერჯერობით, რამდენადაც ვიცი, აქცენტს აკეთებენ ერთ-ორ პიროვნებაზე, რომელსაც და რომლის ხელისუფლებასაც დაეყრდნობიან. ეს არჩევნებიც ალბათ განსაზღვრავს მომავალი საპარლამენტო არჩევნების ფავორიტ პარტიებს და ლიდერებს, რაც კარგად იციან შევარდნაძის კორუმპირებულ მთავრობაში და ამიტომ იყო ასეთი წრეგადასული და ყოვლად უზნეო წინასაარჩევნო ბრძოლა და თავად არჩევნებიც, უფრო სწორად, ლანძღვა-გინება და არჩევნების შედეგების გაყალბებაზე წინასწარ ამდენი ლაპარაკი. ეს ეჭვს იძლევა, რომ ხელისუფლებას ნამდვილად არ აძლევს ხელს არჩევნები და მისთვის მიუღებელი ლიდერების პარტიათა გამარჯვება.

ავტორი: ზურაბ მჭედლიშვილი


კალენდარი
აგვისტო  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი