მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-03
სამხედროებს ტოტალური აღწერა სურთ, ჯარში კი მხოლოდ ის მოხვდება, ვინც 200 ლარსაც ვერ მოუყრის თავს

საქართველოს კანონში "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" მალე შეიძლება ცვლილებები შევიდეს. ამის თაობაზე კანონპროექტი თავდაცვის სამინისტრომ დიდი ხანია წარუდგინა პარლამენტს და მალე მოსალოდნელია, პარლამენტის სხდომაზეც უყარონ კენჭი, თუმცა მანამდე მას ალბათ აუცილებლად განიხილავენ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტში და იმედია, მნიშვნელოვან კორექტივებსაც შეიტანენ.

თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი უეჭველად აღაშფოთებს საზოგადოების დიდ ნაწილს, რადგან მთავარ სამხედრო უწყებაში სურთ სამხედრო სამსახურში გაიწვიონ დედისერთებიც კი!

"კვირის პალიტრა" კომენტარისთვის დაუკავშირდა ასოციაცია "სამართალი და თავისუფლების" დირექტორს ბ-ნ ირაკლი სესიაშვილს:

- თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ დიდ პაკეტს, რომელიც არსებულ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, გააჩნია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. მისაღები ის არის, რომ ამ კანონპროექტის მიხედვით ჯარში გაწვევის ორგანიზება სამხედრო კომისარიატებიდან გადადის "ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს სამხედრო განყოფილების" ხელში ანუ ახალგაზრდას სამხედროების ნაცვლად სამოქალაქოები გაიწვევენ. თუკი კომისარიატებზე, როგორც ცალკეულ სამხედრო ნაწილებზე არ ვრცელდებოდა ადმინისტრაციული კოდექსი, ამჯერად სამოქალაქო სტრუქტურაში უფრო გამჭვირვალე და საჯარო გახდება საყოველთაო გაწვევის პროცესი, საზოგადოებას საშუალება ექნება დაესწროს გამწვევი კომისიის სხდომას და საჭიროების შემთხვევაში, იჩივლოს კიდეც. ამასთან საზოგადოებას შეუძლია მოითხოვოს გასაწვევ პირთა სიების წინასწარ გამოქვეყნება, ხოლო წვევამდელებს გააცნობენ მათ უფლება-მოვალეობებს. გამოირიცხება დანაშაულებრივი ქმედება - როდესაც სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლები პოლიციელებთან ერთად ქუჩაში იჭერდნენ ახალგაზრდებს და ისე ასრულებდნენ გაწვევის გეგმას.

- გამოდის, რომ თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ პროგრესული ცვლილებების შეტანას აპირებს კანონში "სამხედრო სამსახურში გაწვევის" შესახებ.

- სამწუხაროდ, არა. ახალი კანონპროექტი აუქმებს შეღავათებს იმ ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც არსებული კანონით ეკუთვნით ჯარში გაწვევისგან გადავადება-განთავისუფლება. ამასთან აწესებს სავალდებულო გადასახადს იმ პირთათვის, რომლებსაც არ სურთ ჯარში სამსახური.

- კონკრეტულად, რა კატეგორიის მოქალაქეებს შეიძლება გაუუქმდეთ შეღავათები?

- უმაღლესი სასწავლებლის იმ სტუდენტებს, რომლებიც არ გადიან სამხედრო მომზადებას სამხედრო კათედრაზე და არსებული კანონით 24 წლის ასაკამდე ეკუთვნით გადავადება. აგრეთვე მათ, ვისაც ჰყავს 20 და მეტი კვირის ორსული ცოლი. ეს კი არა და, თუკი წვევამდელს დღევანდელი კანონი ერთი შვილის ყოლაზე უკვე ავტომატურად გადაუვადებდა ჯარში გაწვევას, თავდაცვის სამინისტროს მიერ შემოტანილი ცვლილების შესაბამისად, გადავადება მხოლოდ ორშვილიანებს შეეხებათ; მაგრამ, რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, ახალი ცვლილებებით გაწვევას უკვე დედისერთებიც დაექვემდებარებიან.

- საკვირველია, მაშინ როდესაც თავდაცვის სამინისტრო ყოველწლიურად მცირდება, რა აუცილებელია პოტენციურ წვევამდელთა რიცხვის გაზრდა?

- საქართველოში ყოველწლიურად 170-180 ათასი წვევამდელი შეიძლება გამოიძებნოს. აქედან უმრავლესობას, არანაკლებ 130 ათას კაცს კანონით ეკუთვნის გადავადება. დარჩენილი 40-50 ათასიდან ყოველწლიურად სამხედრო ძალების რიგების შესავსებად 12-13 ათასი კაციც სამყოფია. მიუხედავად ამხელა არჩევანისა, თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო სამმართველო გეგმას მაინც ვერ ასრულებს.

- რა გადასახადია გათვალისწინებული მათთვის, ვისაც ჯარში სამსახური არ სურს?

- კანონპროექტის თანახმად, პირი, ვისაც არ სურს გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამსახური, ყოველწლიურად 200 ლარს გადაუხდის სახელმწიფოს, გათვალისწინებულია ერთდროულად 2000 ლარის გადახდაც, რათა მთლიანად განთავისუფლდეს გაწვევისაგან. ეს, ჩემი აზრით, არის კორუფციის დაკანონება. თავდაცვის სამინისტროს მესვეურები ფიქრობენ, რომ ამ სახით წელიწადში სახელმწიფოს 16-18 მლნ ლარს მოუტანენ, საიდანაც, სხვათა შორის, 80% თავდაცვის სამინისტროს სპეცანგარიშზე უნდა დაირიცხოს, დანარჩენი კი სახელმწიფო ბიუჯეტში შევა. ისმის კითხვა, ყოველივე ეს ნუთუ არ გამოიწვევს ჯარში სოციალურ უსამართლობას?! ჩვენ ხომ მხოლოდ იმ "ღარიბების ჯარი" შეგვრჩება, რომლებმაც 200-ოდე ლარის თავმოყრაც ვერ მოახერხეს.

- ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა მოსაზრებით სარგებლობს თავდაცვის სამინისტრო?

- მათ გააჩნიათ ამგვარი არგუმენტი: დღევანდელ ჯარში ისედაც მხოლოდ ღარიბი ოჯახების შვილები მსახურობენ, შეძლებულები უფრო მეტ თანხას კომისარიატებს უდებდნენ ჯიბეში. რაღა მათ ისარგებლონ, არ სჯობს, ეს ფული ოფიციალურად შეიტანონ სამხედრო ბიუჯეტშიო. საინტერესოა, განა კომისარიატები იმავე თავდაცვის სამინისტროს არ ეკუთვნის? თუკი თავდაცვის სამინისტრო თავის რიგებში ვერ ამყარებს წესრიგს, რატომ უნდა გადაიხადოს ჩვეულებრივმა მოქალაქემ დამატებითი თანხა, განა საშემოსავლო გადასახადებით არ ვიხდით ჩვენ წილს ქართული არმიის შესანახად? ასეთი გადასახადების შემოღებას იმიტომაც არ ვეთანხმები, რომ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 101-ე პუნქტი, რომელშიც გარკვევით წერია, რომ ყველა მოქალაქე ვალდებულია, გაიაროს სამხედრო სამსახური.

საქართველოში, როგორც წესი, კანონებში ცვლილებების შეტანა ხშირად გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისა თუ ვიწრო უწყებრივი ინტერესების გათვალისწინებით ხდება. სტატიის ავტორს ძალიან ეეჭვება, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულმა ცვლილებებმა კანონში "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" რაიმე კარდინალური, წარმატებული შედეგი მოიტანოს. ჯარში ძალით წაყვანილი ახალგაზრდა არც მებრძოლად გამოდგება და პოტენციურ დამნაშავედ გახდომის პერსპექტივაც აქვს, თუკი სიცივითა და შიმშილით შეწუხებული ყაზარმაში ყოფნას შინ თვითნებურად დაბრუნებას არჩევს. საყოველთაო სავალდებულო სამსახურმა საქართველოში თავისი დრო მოჭამა - მწარე რეალობა თავად გვიჩვენებს, თუ რა გზით უნდა წავიდეს ქართული არმიის მშენებლობა. ჯარში მხოლოდ მსურველმა უნდა იმსახუროს და ისიც გულმოდგინე შერჩევის შემდეგ, რადგან არმიას თავისი საქმის ისეთივე პროფესიონალი სჭირდება, როგორიც საავადმყოფოს - ექიმი. საზოგადოების დაშინება, პროფესიონალურ არმიას საქართველო ვერ გასწვდებაო, დღევანდელი ზოგიერთი პოლიტიკოსის და მაღალჩინოსანი სამხედროს ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია. ისინი შიშობენ და ასეც იქნება, პროფესიონალურ არმიაში აღარ იქნება საჭირო თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის გაბერილი შტატები და შესაბამისად, გენერლების და პოლკოვნიკების რიცხვიც მკვეთრად შემცირდება.

პროფესიონალური არმიის ჩამოყალიბების შემთხვევაში, ჩვენი აზრით, მისაღები გახდება საყოველთაო "საარმიო გადასახადის" შემოღება, როდესაც ჩვეულებრივ მოქალაქეს ეცოდინება, რომ მის მიერ ჯარისთვის გაღებული პროცენტები ნამდვილად თავისი საქმის პროფესიონალების მომზადებასა და აღჭურვას მოხმარდება. ამის კვალდაკვალ, აუცილებელი იქნება წელიწადში არანაკლებ ორჯერ მასობრივი, ელემენტარული საცეცხლე და ტაქტიკური მომზადება, რომელსაც რეზერვისტები გაივლიან. ათასობით ადამიანი ორი-სამი დღით დიდი სიამოვნებით გავა ბუნებაში, პოლიგონზე, რათა პირველყოფილი მამაკაცური ინსტინქტი გაიხსენოს და სამიზნეს ავტომატის ერთი მჭიდი მაინც "ჩააჭედოს".

მანამდე კი, კვლავ უსასრულოდ გაგრძელდება კუკუდამალობანას თამაში სამხედრო ნაწილიდან გაქცეული დეზერტირების დასაჭერად, რომლებსაც გაწვევის სისტემა და ყაზარმებში არსებული აუტანელი პირობები დანაშაულის ჩასადენად უბიძგებს.

ავტორი: ირაკლი ალადაშვილი


კალენდარი
აგვისტო  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი